"თავი უნდა გადავირჩინოთ მოქნილი პოლიტიკით"
14-08-2009

"ჩვენი მხარის დიდ შეცდომად მიმაჩნია ცხინვალში შესვლა"

საქართველოს უპრეცედენტო ოკუპაციამ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს ალბათ ბევრი ძველი ამბავიც გაახსენა, მის ოჯახში რომ ჰყვებოდნენ რუსის ჯარზე. აგვისტოს ომმა კი ყველა ტკივილი გააცოცხლა.

- აგვისტოში ჩეხეთში ვიყავი. ფილმზე ვმუშაობდით. ეს ამბავი რომ მითხრეს, დაჯერება გამიჭირდა... დარწმუნებული ვიყავი, რომ XXI საუკუნეში საქართველოში ასე ვერ შემოიჭრებოდნენ. მაგრამ რუსეთისთვის თურმე ყველაფერი დასაშვებია. რუსეთის ტელევიზიას ვუყურებ და ვხვდები, რა ქვეყანასთან გვაქვს საქმე. ახლა ვფიქრობ: მას შემდეგ, რაც აფხაზეთსა და
ცხინვალში თავიანთი პასპორტების დარიგება დაიწყეს, რატომ არ დავუშვით, რომ ომსაც დაიწყებდნენ?! მას შემდეგ, რაც კანონი მიიღეს, - ჩვენი მოქალაქეების უფლებებს ჯარის გამოყენებით დავიცავთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეო, რაღაა დაუჯერებელი! პოლიტიკოსებს ცოტა შორს უნდა გაეხედათ. იქნებ შესაძლებელი იყო ამ უბედურების თავიდან აცილება?! კოსოვოს პრეცედენტის შემდეგ, რუსეთმაც მიზნისკენ
სვლა განაახლა და XXI საუკუნეში სრულიად გაუგონარი ომი დაიწყო. ჩვენი მხარის დიდ შეცდომად მიმაჩნია ცხინვალში შესვლა. ეს რომ არა, იქნებ ისე არც განვითარებულიყო მოვლენები. თავდაცვაზე, ბუნებრივია, უნდა გვეზრუნა!

შარშან ზაფხულს ჩემი ოჯახის ყველა წევრი ერთად შევიკრიბეთ, მე რომ ჩეხეთში წავედი, სოფელში დავტოვე მეუღლე, ქალიშვილები, სიძე, ყველა შვილიშვილი. ყოველ წუთს მირეკავდნენ, რა ვქნათო. თბილისში ვერ მოდიოდნენ, ხიდები დანაღმული იყო. ცაში შვეულმფრენები დაფრინავდნენ. ცხადია, საშინლად ეშინოდათ. სიძე ბელგიელი მყავს. ურეკავდნენ - მანდ არ გაჩერდე, დაუყოვნებლივ წამოდიო. ჩემი ქალიშვილი ამბობდა, - ასეთ დროს სად უნდა წავიდე. რომ გავიქცე, მოღალატე ვიქნებიო. მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, - რა ვქნათო. სარდაფში ჩადით-მეთქი... სხვა რა გამოსავალი იყო. ვიდრე აეროდრომები დაიბომბებოდა, ნაწილი შვეულმფრენებისა ჩვენი სოფლის მახლობლად ტყეში დასვეს ჩვენმა სამხედროებმა. ეს რომ რუსებს აღმოეჩინათ, იმ სოფლის ბურდღა არ დარჩებოდა. საბედნიეროდ, გადარჩნენ. საღამოს, სოფელმა დიდი სუფრა გაშალა და მფრინავებთან ერთად ივახშმეს. 12 აგვისტოს ჩემს ქალიშვილსა და სიძეს კატეგორიულად მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება და საფრანგეთის თვითმფრინავით პარიზში გადააფრინეს.

მე რა შემეძლო? ყველა ქართველი, ვინც მაშინ ჩეხეთში ვიყავით, გავდიოდით რუსეთის საელჩოსთან და პროტესტს გამოვთქვამდით. უამრავ ჩეხს ეცვა თეთრი მაისური ქართული დროშის გამოსახულებით. ვაცლავის მოედანზე, სადაც თავის დროზე რუსები შევიდნენ და ჩეხეთის ოკუპაცია მოახდინეს, გაჩნდა წარწერები: «სტოპ რუსსია». ამაღელვა ვაცლავ ჰაველის გამოსვლამ, რომელმაც თქვა: - რუსეთი, როგორც ყოველთვის, ვითომ სასიყვარულო კლანჭებში მოქცეულ ქვეყანას მოხრჩობას უპირებსო. იქნებ ჩვენ რუსეთის უკანასკნელი მსხვერპლი ვიყოთ...

ეს აღარ უნდა განმეორდეს. თავი უნდა გადავირჩინოთ იმ მოქნილი პოლიტიკით, რომელსაც ჩვენი დიდი პოლიტიკოსები - მხედართმთავრები საუკუნეთა მანძილზე მიმართავდნენ. ჩვენ ხომ მუდამ გვიხდებოდა ორ-სამ დიდ ქვეყანას შორის ლავირება და გონიერი გადაწყვეტილებებით არსებობის შენარჩუნება...





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?