რა ისწავლა ხელისუფლებამ - კვირის პალიტრა

რა ისწავლა ხელისუფლებამ

ვინ რა ისწავლა 7 ნოემბრის მოვლენებიდან? წლევანდელ გაზაფხულზე გამოჩნდა, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა - ვერაფერი! ასევე წლევანდელ გაზაფხულზე გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ისწავლა მოთმინება. თუმცა გაირკვა, რომ ხელისუფლებამ 7 ნოემბერს კიდევ რამდენიმე გაკვეთილი მიიღო. სააკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში გამოსვლისას პირდაპირ თქვა: - იმას, რომ ხალხი დავარბიე, არ ვნანობო (სხვა სიტყვებით თქვა, მაგრამ აზრი ეს იყო). ასე აღადგენდა წესრიგს ყველა ცივილიზებული ხელისუფლებაო. თუმცა იქვე დასძინა, რაღაც-რაღაცებს მაინც ვნანობო. ვიფიქრე, იტყვის ტელევიზიის დარბევას-მეთქი, მაგრამ შევცდი. სააკაშვილმა ბრძანა: "ოპოზიციის დიდი ნაწილი და მთავრობა აღმოჩნდნენ რადიკალურად დაპირისპირებული ყველა საკითხზე. ეს იყო დიდი გაკვეთილი ყველა ჩვენგანისთვის... ექსტრემიზმი არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის... თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის უმეტესი და წამყვანი ნაწილი მთლიანად ჩამოშორდა ამ ლოზუნგებს და გადმოვიდა (აქ პრეზიდენტმა პაუზა გააკეთა)... დიალოგის და მოლაპარაკების მხარეს". აი, თურმე ხელისუფლებამ რა ისწავლა! აქამდე თუ არანაირ დათმობაზე არ მიდიოდა და ოპოზიციაც "გაექსტრემისტებული" ჰყავდა, ახლა ახერხებს ოპოზიციის "წამყვანი ნაწილი" დიალოგსა და ცივილიზებულ ურთიერთობებზე დაითანხმოს ისე, რომ ისევ არაფერი დათმოს. ღმერთმანი, კარგად უსწავლია!

საქართველო - მსოფლიოს ჭიპი

ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ტრადიციულად კიდევ ბევრი რამ თქვა. მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო ის მონაკვეთი, საიდანაც გაირკვა, რომ საქართველო მსოფლიოს ჭიპია. უფრო სწორად, ჭიპი კი არა - ტვინი! პრეზიდენტმა ასეთი რამ ბრძანა (შევეცდები სტილი დავიცვა): "როგორც ამას წინათ ერთი მეგობარი მეუბნებოდა, თუკი რუმინეთს, ბულგარეთს დასავლეთი აღიქვამს პროვინციად და პროვინციის პროვინციად (ბატონო პრეზიდენტო, ის თქვენი მეგობარი, ალბათ ქვეყნის მეთაური არ არის და ეს სიტყვები არც მთელი მსოფლიოს გასაგონად უთქვამს. - ავტ.), ჩვენ ვართ ამ რეგიონის ცენტრი. ბათუმი არის თურქეთის შავიზღვისპირეთის(?) კავკასიის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. თბილისი არის უმნიშვნელოვანესი ცენტრი და მათ შორის, ჩრდილო კავკასიის და მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი შუა აზიისთვის. ჩვენი კულტურა, ჩვენი ხელოვნება, ჩვენი ბევრი ღირსება, რომელიც გაგვაჩნია, ძალიან კარგად არის  ნაცნობი და გაბატონებული ამ სფეროებში და სივრცეზე(!). ჩვენ ვართ ცენტრალური ფუნქციის და არა პერიფერიული ფუნქციის ქვეყანა... ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ერთი ციცქნა, მაგრამ ნერვული დაბოლოებები ყველა მხრიდან მოდის. ამ ნერვულ დაბოლოებებს როგორც კი შეეხები, მაშინ ავტომატურად გადაეცემა ყველას ყველა მიმართულებით ეს... ეს ვიბრაციები და ეს მათ შორის დიდი ტკივილი... ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნერვული დაბოლოებების ცენტრი მთელი მსოფლიოსთვის და მინიმუმ ამ რეგიონისთვის". ბატონო პრეზიდენტო, თქვენს გამოსვლებს დამატებითი კომენტარები არ სჭირდება ხოლმე (ისედაც ყველაფერი ნათელია), მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი: ჩემი მოკლე ჭკუით, ყველაზე დიდი პროვინცია ის ქვეყანაა, რომელსაც თავი სამყაროს ჭიპი ჰგონია".

ესღა გვაკლდა!

სკოლებში ამიერიდან მეგრულად თუ არ დაიწყება სწავლება და ზუგდიდში მეგრული ტელერადიომაუწყებლობა არ დაფუძნდება, შესაძლოა, სამეგრელო საქართველოს გამოეყოს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიწყოს არსებობა.”- აი, ასეთ ფრაზას წავაწყდი გუშინ ინტერნეტში, საინფორმაციო სააგენტო FაცტNეწს-ის ვებგვერდზე. დავაკვირდი და მისი ავტორი ვინმე იურა ღვინჯილია აღმოჩნდა. ვინ არის ეს ღვინჯილია? ვინ და განათლების ცენტრ "კოლხიდის" ხელმძღვანელი. ასეთი განათლების ცენტრიც არსებულა! ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, რა კუთხით ანათლებს ბატონი იურა სამეგრელოს. მას გაზეთიც გამოუცია სახელწოდებით "შორობუმუ". იგი სწორედ ამ გაზეთის მეშვეობით ითხოვს მეგრულ და სვანურ ენებს რეგიონული ენის სტატუსი მიენიჭოს.(!) "ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მეგრული და სვანური ენებისთვის შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, ანუ ენებს უნდა მიენიჭოს რეგიონული ენის სტატუსი და მასზე გავრცელდეს ევროპის ქარტიით გათვალისწინებული ნორმები, მაგალითად, როგორიცაა ტელერადიომაუწყებლობის არსებობა მეგრულ ენაზე. "ამ ეტაპზე ენის შენარჩუნება-გადარჩენისთვის ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი გზა, - აცხადებს ღვინჯილია და იქვე დასძენს, - მე მაქვს უფლება, მივიღო ინფორმაცია და განათლება მეგრულ ენაზე... ჩვენმა შვილებმა სკოლაში განათლება მეგრულ ენაზე უნდა მიიღონ, ამას არ ვამბობ მხოლოდ მე. ბევრი თანამოაზრე მყავს და თუ საჭირო იქნება, შესაძლოა, ხელმოწერების შეგროვებაც დავიწყოთ".

ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის! ვინც აქ რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ვერ იცნო, "იმას გაუმარჯოს!"

გინდა გახდე თბილისის მერი? მიჰბაძე  ვასილი გუმენიუკს

იმ დღეს უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბევრი კი იცინეს, მაგრამ კანდიდატად მისი დარეგისტრირება მაინც მოუხდათ. სხვა რა უნდა ექნათ, საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ითხოვდა, რომ დაერეგისტრირებინათ გვარით - ყველას წინააღმდეგ, ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა.  გადაკეთებული პასპორტიც კი წარადგინა, სადაც გვარის გრაფაში უკრაინულ ენაზე გარკვევით ეწერა: ყველას წინააღმდეგ. ჰოდა, ახლა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს ინტრიგა კიდევ მოემატა. სამ უმთავრეს კანდიდატს იუშჩენკო-ტიმოშენკო-იანუკოვიჩს მეოთხე, უსერიოზულესი კანდიდატი დაემატა. არადა, ამ კანდიდატს მანამდე, ვიდრე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდებოდა, უკრაინის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ალბათ არც იცნობდა. "წინა ცხოვრებაში" იგი ქალაქ იარემჩას მერი იყო და ვასილი გუმენიუკი ერქვა. როგორც ყველას წინააღმდეგ აცხადებს, მას იმ უკრაინელი ამომრჩევლის ხმების იმედი აქვს, ვისაც ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ იმედი გაუცრუა. გამოკითხვების მიხედვით, იმ პირთა რიცხვი, ვისაც არც ერთი კანდიდატი არ მოსწონს და აპირებს ხმა ყველას წინააღმდეგ მისცეს, რეკორდულად დიდია.

ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენს აღწევს ასეთ პირთა რიცხვი საქართველოში. ადამიანებისა, რომელთაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთნაირად ყელში ამოუვიდათ! დარწმუნებული ვარ, კანდიდატს ყველას წინააღმდეგ საქართველოში გამარჯვების უფრო მეტი შანსი ექნება, ვიდრე უკრაინაში. ჩვენი კანონმდებლობაც ამ კუთხით სუპერლიბერალურია; შეგიძლია მიხვიდე სამოქალაქო რეესტრში და რა გვარიც გინდა, ის აირჩიო. ჰოდა, მიჰბაძეთ ვინმემ უკრაინელ კანდიდატს. მთელი ფოკუსი აქ იმაშია, რომ ხალხი მივა, ხმას ყველას წინააღმდეგ მისცემს, შენ კი, თბილისის მერი გახდები.