"პოლიტიკაში ჭკუა ამარცხებს ნიჭს!" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკაში ჭკუა ამარცხებს ნიჭს!"

"ეროვნული დაუმორჩილებლობა აიძულებს მიშას, დანიშნოს არჩევნები"

"ეროვნულმა ფორუმმა" 7 ნოემბერსაც კოლეგა ოპოზიციონერებისაგან განსხვავებული ტაქტიკა აირჩია, - ტელევიზიის ნაცვლად ქაშუეთის წინ დათქვა შეხვედრა. ალბათ, იმის კიდევ ერთხელ საჩვენებლად, რამდენი კაცის გამოყვანა შეუძლია. გუბაზ სანიკიძის თქმით, ოპოზიცია და ქართველი საზოგადოება ბრძოლის მესამე და საბოლოო ტალღას იწყებს. რა მიაჩნია ოპოზიციისა და ქართველი საზოგადოების მთავარ შეცდომად და როგორ ხედავს მისი გამოსწორების გზებს, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ტელევიზიის შენობა 2007 წლის 7 ნოემბერს არაფრით უკავშირდება. 7 ნოემბერი რუსთაველის პროსპექტსა და რიყესთან არის დაკავშირებული. რადგან რიყე აყრილია, რუსთაველის პროსპექტზე ვარჩიეთ შეკრება. ტელევიზიასთან აქციების გამართვა არც საგაზაფხულო აქციების დროს მიმაჩნდა სწორად. გაზაფხულზე ტელევიზიასთან დგომა და ქუჩის გადაკეტვა ყოველდღიური მარცხის დაფიქსირება იყო. ჩვენი კოლეგებისაგან მაშინ ტელევიზიასთან გზის გახსნას ვითხოვდით და ფორუმი საკუთარ თავზე იღებდა მერიის ბლოკირებას, რომელიც იმ დროს ცუდად იქცეოდა, - ქუჩებს არ ასუფთავებდა. ფორუმს არც ტელევიზიასთან მოწყობილ სირცხვილის დერეფნებში მიუღია მონაწილეობა. ეს უშედეგო აქცია იყო.

თავს იმით არ ვიქებ, რომ სააკაშვილთან არასოდეს ვყოფილვარ, თუმც მქონია მასთან პიროვნული ურთიერთობა, როდესაც დეპუტატები ვიყავით პარლამენტში. ძალიან ენერგიული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სააკაშვილი ნიჭიერი კაცია, ამას ვერ წავართმევ, ამიტომ რაღაც უფრო გლობალურის და შედეგზე ორიენტირებული აქციის დაგეგმვაა საჭირო.

- თუკი სააკაშვილის ნიჭს აღიარებთ, რატომღა ამბობთ, ქვეყანას რიგიანად ვერ მართავსო?

- სააკაშვილის მთავარი პრობლემა უზნეობაა და საშიში სწორედ მისნაირი ნიჭიერი და უზნეო ადამიანები არიან. არსებობენ უნიჭო, მაგრამ ჭკვიანი ადამიანები, რომლის მაგალითი ვანო მერაბიშვილია. სააკაშვილი კი ნიჭიერია, მაგრამ სულელი. პოლიტიკაში ჭკუა ამარცხებს ნიჭს. თუმც არიან ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანებიც. დავით აღმაშენებელში იყო ჭკუისა და ნიჭის ბრწყინვალე კომბინაცია. ასევე ნაპოლეონსა და ჩერჩილში. ქართველებიც ძალზე ნიჭიერი და უჭკუო ხალხი ვართ.

- რადგან ჭკვიანი სჯობს ნიჭიერს, ამიტომ თქვით, სააკაშვილისთვის ყველაზე საშიში მერაბიშვილიაო?

- ჭკვიანთან ერთად მერაბიშვილი ცბიერიცაა... მერაბიშვილის სიძლიერე ცოტა გაბერილიცაა და ხელისუფლებაც ხელს უწყობს, რომ ეს კაცი მიუღწეველი, საიდუმლოებით მოცული დარჩეს. სინამდვილეში მერაბიშვილი არაფერიც არ არის. ის გააზატებულ მონასავითაა. რომის იმპერია გარეშე ძალამ კი არა, გააზატებულმა მონებმა დააქციეს მას შემდეგ, რაც რომი დაიცალა თავისუფალი გლეხებისაგან, პატრიოტებისაგან და მათ გააზატებული მონები ჩაენაცვლნენ. გააზატებული მონა საშიშია, რადგან დაბალი წარმომავლობისაა, არ გააჩნია ღირსება, სიბნელიდან გამოსულია. კარგს ასეთი ადამიანისაგან არ უნდა ველოდოთ.

სააკაშვილი ისეთი რესურსით მოვიდა, ისეთი მხარდაჭერა ჰქონდა ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, შეეძლო აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი, ვაცლავ ჰაველის საქმის გამგრძელებელი ყოფილიყო და ხელისუფლებაში სულ მცირე 20 წელი დარჩენილიყო, მაგრამ უჭკუობის, უღირსობისა და უზნეობის გამო 5 წელიწადში მოიტეხა კისერი.

პიროვნების დაფასების უნარი ღირსეულ ადამიანებს აქვთ. ესენი კი ადამიანებს ისე უყურებენ, როგორც საარჩევნო პროცენტს, მასას. ფიქრობენ, რეიტინგზე პროცენტი დამაკლდა, გამოვალ, ახალ ტყუილს გამოვაცხობ და ერთ თვეს მოვიგებო. არ წუხან იმაზე, რომ ქუჩაში ბავშვები მათხოვრობენ. 5 წუთიც არ უფიქრია და არ შეწუხებულა სააკაშვილი იმით, რომ 500 ბიჭი შარშან აგვისტოში მიწაში ჩადო. შეწუხების ნაცვლად სულ გახარებულია და ვერ გავიგე, რა უხარია. Mესენი ჩამოყალიბებული ათეისტები არიან.

- მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს პატრიარქისა და ეკლესიის მხარდაჭერა აშკარად გამოხატეს?

- ესენი პირწავარდნილი მარქსისტები არიან. მხოლოდ ეკლესიაში სირბილი ჰგონიათ საკმარისი. ხედავენ, რომ ერთადერთი შეუვალი ავტორიტეტი დღეს ქართული ეკლესიაა. ესენი კი, რასაც ვერ ერევიან, იმას უწვებიან და ქვემოდან ცდილობენ ძირის გამოთხრას. მივა სააკაშვილი ტაძარში, პატრიარქს ხელზე ემთხვევა, ნიანგის ცრემლებს გადმოყრის, მაგრამ ამავდროულად "შაჰიდკა" თეა თუთბერიძეს მიუქსევს ეკლესიას. ქართულ ეკლესიას თუთბერიძემ კი არა, ეშმაკმა და ჯალალედინმა ვერ დააკლო ვერაფერი. ამიტომაც ამ ქალზე გაგულისება გადაჭარბებული მეჩვენა. ეს ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის. ამას ცივი გონებით უნდა შეხვდე და არა მოწოდებებით, თეა თუთბერიძე ჩავქოლოთო. თუკი მართლმადიდებელი ხარ, არ უნდა ჩაქოლო, რადგან ის გზააბნეულია. "ნაცმოძრაობას" თეა თუთბერიძის სახით ახალი ე. წ. "წმინდანები" არ სჭირდება.

- რა არის მიზეზი, რომ სააკაშვილისადმი ნდობა ასე შეიცვალა?

- ჯერ აღფრთოვანებული იყვნენ, გვეშველა, ქვეყნის სათავეში დავით აღმაშენებელი მოვიდაო. მერე იყო ეჭვის ეტაპი. სააკაშვილი მთლად დავით აღმაშენებელი არ უნდა იყოს, მაგრამ გიორგი ბრწყინვალე ხომ მაინც იქნებაო. მესამე ეტაპი იყო შეშფოთების, - ეს კაცი არც დავით აღმაშენებელი ყოფილა და არც გიორგი ბრწყინვალეო. ახლა მეოთხე, აღშფოთების სტადიაზე ვართ. დავანებოთ ამ აღშფოთებას თავი, მოქმედებასა და გამოსავლის ძიებაზე გადავიდეთ. პოლიტიკოსებსა და ოპოზიციას კი არა, საზოგადოებამ დაუსვას ერთმანეთს კითხვები. მე რომ მეკითხებიან, გუბაზ, რას შვრებიო, საკუთარ თავსაც ჰკითხონ... როცა გამოსასვლელია, ქუჩაში უნდა გამოვიდეს და მე კი არ მკითხოს, აქციაზე რომ მოვიდე, რას იზამ, გაუშვებ მიშასო?

სააკაშვილი აღმაშენებელს ედრება და დიდგორი როგორ მოიგო დავითმა, გააზრებული არც კი აქვს. დიდგორამდე 12 წელი ხარკი უხადა მტერს, მაგრამ მის განსადევნად ემზადებოდა. რატომ გამართა ბრძოლა მაინცდამაინც დიდგორზე? გაშლილ ველზე თურქები ისე დაგვნაყავდნენ, ჩვენს ძვლებს ვერ აკრეფდნენ. რატომ მოუშვა მტერი თბილისამდე? სააკაშვილი დავით აღმაშენებლის ადგილზე რომ ყოფილიყო, პირველად თბილისს მიახტებოდა, გავათავისუფლოო, ტყვედ ჩავარდებოდა და მიიღებდა ისლამს. სააკაშვილი თბილისით დაიწყებდა საქართველოს გამთლიანებას, დავით აღმაშენებელმა კი თბილისის აღებით დაასრულა. ქვეყნის მართვას ფიქრი სჭირდება, ესენი კი ყველაფერს დაუფიქრებლად და ზერელედ აკეთებენ.

ახლა ჩვენ ხელისუფლებასთან დაპირისპირების მესამე რაუნდისთვის ვემზადებით. ამ შეტევას სააკაშვილი ვეღარ გაუძლებს. "ფორუმი" გაზაფხულის აქციების თავიდანვე წინააღმდეგი იყო. როგორც წესი, საქართველოში პოლიტიკური აქტიურობა, რომელიც სახელისუფლებო ცვლილებებით მთავრდება, შემოდგომაზე იწყება. ზამთრის მოლოდინი, სიცივე, უფულობა ადამიანს პროტესტს უღვივებს. ვისაც წამლის ფული არა აქვს და კიდევ მიშას ხედავს ტელევიზორში, უფრო მოტივირებული არ იქნება? საპროტესტო მუხტი გაზაფხულიდან შემოდგომაზე უნდა გადმოგვეტანა.

ეროვნული დაუმორჩილებლობა აიძულებს სააკაშვილს, დანიშნოს არჩევნები. არჩევნებით უნდა შევცვალოთ ვითარება.