"მიშასთვის მთავარი ვირტუალური წარმოდგენებია" - კვირის პალიტრა

"მიშასთვის მთავარი ვირტუალური წარმოდგენებია"

(დასასრული. დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა" #32-33)

"ბიძინა ბევრჯერ ღირსეულად გამოსულა რთული ვითარებიდან"

"როდესაც მიშა დევნილებთან ან მოხუცებთან შეხვედრისას ტირის, იმ მომენტში გულწრფელია. თუმცა, შეუძლია, ხუთი წუთის მერე მოაწეროს ხელი ბრძანებას, რომ ამ მოხუცების სახლი აიღონ და დახმარება შეუწყვიტონ"

"სააკაშვილის მხარდამჭერების გადადინება ივანიშვილისკენ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება"

"მართალია, ჩვენთან დახვრეტა არ არის, მაგრამ უვადო პატიმრობა ხომ არც ერთს არ ასცდება"

პეტრე მამრაძე: - სააკაშვილთან ერთად ვმუშაობდი და კარგად ვიცნობ. ვიცი, როგორ მოიქცევა კრიტიკულ ვითარებაში. მისი ფსიქიკის ადამიანისთვის მთავარი ვირტუალური წარმოდგენებია, ანუ ის, თუ რა ელანდება. ხშირად სისულელეს ამბობს, მაგრამ სჯერა თავისი ნათქვამის. 2 წლის წინ ქუთაისში გაჰყვიროდა, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია აქ გადმოვიტანეთ და ამით 1000-ზე მეტი ქუთაისელი დასაქმდაო. გადავამოწმე და 6 კაცი დაუსაქმებიათ, მაგრამ სააკაშვილს სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა. ყველა დემაგოგ პოპულისტ ლიდერს, ჰიტლერი იქნებოდა თუ მუსოლინი, ვისაც ბრბოდ ქცეულ ხალხთან წარმატებისთვის მიუღწევია, ის ახასიათებს, რომ არ თამაშობენ. ხომ გახსოვთ სტანისლავსკის თეორია: მსახიობი თამაშობს, დიდი მსახიობი კი გარდაიქმნება იმ ადამიანად, ვისაც თამაშობსო. მიშაც ავტომატურად გარდაისახება ხოლმე და იჯერებს იმას, რასაც ამბობს. როდესაც დევნილებთან ან მოხუცებთან შეხვედრისას ტირის, იმ მომენტში გულწრფელია. თუმცა, შეუძლია, ხუთი წუთის მერე გამოვიდეს და მოაწეროს ხელი ბრძანებას, რომ ამ მოხუცების სახლი აიღონ და დახმარება შეუწყვიტონ.

ამერიკელებმა, რომლებიც 2008 წელს მიშას თან დაჰყვებოდნენ, მითხრეს, არც მსხვერპლი აინტერესებს და არც ნგრევა. მისთვის მთავარია, CNN-ზე გამოვა თუ არაო. ეს არის უკიდურესი ეგოცენტრიზმი, განდიდების მანია, რომელიც ყოველთვის არასრულფასოვნების კომპლექსს ემყარება.

2007 წლის ნოემბერში 7-8 კაცი, რომლებიც პარლამენტის წინ შიმშილობდნენ, პოლიტიკურად და ფიზიკურად "ლპებოდა", მაგრამ სააკაშვილს ფსიქოპათიური შეტევა მოუვიდა, ალაგმეთ აქცია, ეგენი თბილისს კარვების ქალაქად გადააქცევენო. ამას რაც მოჰყვა, ვიცით, - გადადგა და წააგო არჩევნები. "გრეჩიხაზე" მეტი კი დააგროვა, მაგრამ კარგად იცოდა, რომ წააგო თბილისი, ქუთაისი, ფოთი, თელავი და ყვარელიც, მაგრამ თავი მაინც გამარჯვებულად გამოაცხადა და ამის მერე მიიღო უმორჩილესი პარლამენტი, რომელმაც ქვეყნის ბედი გადაწყვიტა. პარლამენტი დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო, სააკაშვილი ომში ჩაბმას ვერ გაბედავდა.

7 ივნისს, როდესაც პარლამენტი დამტკიცდა, სააკაშვილს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ახლა კი ავიღებ ცხინვალსო. მისთვის 08.08.2008 საკრალური ციფრი იყო. ციფრების აკვიატება უბედურებაა. ერთმა ახლობელმა მითხრა ერთხელ, მაპ-ს არ მოგვცემენო. ეს ვუთხარი მიშას და მითხრა, პეტრე, ხვალ რა რიცხვია, 04.04 არ არის? ე. ი. მივიღებთო. მიშას ცხინვალისა და სოხუმის დაკავება უნდოდა. გუდაუთაზე ვერ იქაჩებოდა, მაგრამ ფიქრობდა, რაც მინდა, იმას რომ მივაღწიო, ამის მერე პირველი პირი უვადოდ ვიქნებიო, მაგრამ ნაცვლად ამისა, ტერიტორიები დაკარგა.

სააკაშვილს იდე ფიქსი ჰქონდა, დავით აღმაშენებლის დონის მმართველი ყოფილიყო. მის გარშემოც იყო ჯგუფი, რომელსაც ზუსტად იგივე იდე ფიქსი ჰქონდა. სადაც უნდა შეხვედროდი მათ, მაშინვე იწყებოდა ისრების ხაზვა, თუ როგორ შევიდოდნენ ცხინვალსა და აფხაზეთში.

- ომიდან მეოთხე წლისთავზე, ისევე როგორც 2008 წელს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალიდან მოსახლეობა გაიყვანეს.

- ეს სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ გავრცელებული ხმაა, რადგან სურთ არჩევნები დაძაბულ გარემოში ჩატარდეს. გეხსომებათ ჰილარი კლინტონის პასუხი სააკაშვილის ამ არგუმენტებზე, საქართველოს საზღვართან შემოდგომაზე მანევრები იქნება, მაგრამ თქვენი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებიო. ეს იყო საჯაროდ გაწნული სილა, რაც ნიშნავდა, სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებე და შეცდომები გამოასწორეო. რუსეთის აგრესიაზე ლაპარაკი სულ იქნება, მაშინ როდესაც რუსები უცხოელ დიპლომატებს ეუბნებიან, სააკაშვილი მართულია ჩვენგან და მის გარემოცვასთან პრობლემები არა გვაქვსო. ეს 2009 წლის გაზაფხულზე მითხრეს პირველად და ვფიქრობ, დღესაც იგივე ვითარება იქნება.

რაც არის პუტინის ჩეკისტური რეჟიმი, მსოფლიოში ყველამ დაინახა, მაგრამ სახელმწიფოთა ლიდერები ცდილობენ, კორექტული ურთიერთობა ჰქონდეთ ქვეყანასთან, რომელსაც შეუძლია ნახევარ საათში სიცოცხლე მოსპოს დედამიწაზე. ყველამ იცის, ამ რეჟიმს რა აქვს ჩადენილი თუნდაც თავის ტერიტორიაზე. განა არ იციან, რომ მილიონიდან 200 ათასი ჩეჩენი მოკლეს და აქედან 50 ათასი ბავშვია? როდესაც "ნორდოსტში" ოპერაცია ჩაატარეს, შუაგულ მოსკოვში უფრო მეტი თავიანთი ხალხი დახოცეს, ვიდრე 2008 წელს ომში დაეხოცათ. "ნორდოსტში" ხალხი რომ დააძინეს, ექიმებს ანტიდოტი არ მისცეს. ფილმებია გადაღებული, რომ მოსკოვში საცხოვრებელი სახლები მათ ააფეთქეს. ეს ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელმა პატრუშევმა აიღო თავის თავზე.

- გასაგებია, რუსეთი ასეთია, მაგრამ ჩვენ როგორ ვმოქმედებთ?

- ჩვენთან ცდილობენ, შექმნან ილუზია: "კრემლის აგენტი, პუტინის მარჯვენა ხელი და საქართველოში რუსული ფულის ჩამომტანი ბიძინა ივანიშვილი რაღაცას აპირებს". წლების განმავლობაში ის რომ ხელისუფლებას ეხმარებოდა, დაივიწყეს;

ის, რომ ივანიშვილმა სანდრა რულოვსის რადიო "მუზას" ჩაურიცხა მლნ 400 ათასი ლარი და ეს ასახული არ არის დეკლარაციაში, საკმარისია პრეზიდენტის იმპიჩმენტისათვის.

სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ თუ დაინახეს, აგებენ არჩევნებს, არ გამოვრიცხავ, ივანიშვილი და მისი მომხრეები კრემლის აგენტობის ბრალდებით დააპატიმრონ. ჩხრეკისას ამოიღებენ იმას, რასაც თვითონვე ჩადებენ: რუსული წარმოების "სტრელებს" ან "სტინგერებს". მოძებნიან ისეთებსაც, ვინც დანაშაულს აღიარებს. ხომ გახსოვთ, გენერალ უჩავას აღიარება, "რაგატკები" გავაკეთეთ და ფოლადის ბურთულები უნდა გვესროლა ხელისუფლების ჩამოსაგდებადო. XXI საუკუნეში ეს თქვა გენერალმა, მაგრამ ხალხმა გადაყლაპა.

რატომ დაინიშნა არჩევნები 1-ელ ოქტომბერს? იმიტომ, რომ ხედავენ, სისხლისაგან იცლებიან. ხედავენ, რომ ელექტორატი მზარდი სიჩქარით გადაედინება ივანიშვილის მხარეს. სააკაშვილის მხარდამჭერების გადადინება ივანიშვილისკენ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. სააკაშვილის ბანაკში ბოლოს 32 კაცი ხომ არ დარჩება, ვინც საკუთარ თავს მისცემს ხმას? ამიტომაც დანიშნეს არჩევნები 1-ელ ოქტომბერს.

სააკაშვილს, ადეიშვილს, უგულავას, ბოკერიას, მერაბიშვილს ხელისუფლებიდან ცოცხალი თავით წასვლა არ შეუძლიათ. 2 თვის წინ უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც მათ ხუთი თითივით იცნობენ, მითხრეს, ეს ყმაწვილები საკუთარი სიცოცხლისათვის იბრძვიან, მათ ხელისუფლებაში დარჩენა სჭირდებათო. მართალია, ჩვენთან დახვრეტა არ არის, მაგრამ უვადო პატიმრობა ხომ არც ერთს არ ასცდება. მაგალითად, გივი თარგამაძის კავშირი შავ სამყაროსთან ჩვენი კანონმდებლობით 25-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯარი, პოლიცია და სასამართლო ხომ მათ ხელშია? ამათი გეგმა ასეთია: როგორმე გადავაგოროთ ოქტომბერი, დავრჩეთ ხელისუფლებაში და მერე ყველასთან დავალაგებთ ურთიერთობას. აგერ უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა დაალაგა დასავლეთთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები დახვრიტა. ახლა ხელისუფლებიდან თუ წავედით, ეს ნიშნავს, რომ ციხეში წავალთო. პარლამენტში ხმების ნახევარი რომ აიღონ, ხელს არ აძლევთ, რადგან შიგნით რღვევა დაეწყებათ. 2/3-ით რომ წააგონ, მით უმეტეს, არ უნდათ, რადგან სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგება. არა მგონია, ესენი უსისხლოდ წავიდნენ. წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი: ვთქვათ, არჩევნების შემდგომ გახსნეს ყუთები, დაითვალეს ხმები და ოპოზიციამ პროტესტი გამოთქვა. გგონიათ, თავიდან დაიწყებენ ხმების გადათვლას?

თუ აღმოჩნდა, რომ ხმების 60% აქვს ივანიშვილს, მაშინვე იტყვიან, რომ ეს არის პუტჩი, მოსყიდვის შედეგი. ოპოზიციამ შეასრულა კრემლის გეგმაო და დაიწყება დაჭერები, აღიარებები, რადგან ვიღაცებს ცოლ-შვილით დაემუქრებიან. ფოტორეპორტიორებს ხომ აღიარებინეს, ასევე აღიარებინებენ სხვებსაც. იცით, გიორგი აბდალაძემ როგორი ინტერვიუ მისცა "ნიუ-იორკ თაიმსს"? ჟურნალისტი წერს, ფოტორეპორტიორები არ ამბობენ, რაც მოხდა. ციხიდან გამოვიდნენ, აკრედიტაცია მიიღეს და მუშაობა განაგრძეს, მაგრამ გიორგი აბდალაძეს რომ ვკითხე, რა მოხდა რეალურად-მეთქი, მითხრა, - მე ციხეში ვნახე ის, რაც ცხოვრებაში არ მენახა; ვნახე ის, რაზეც წარმოდგენაც არ მქონდა, რომ არსებობს. როცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ფრონტის ხაზზე დავდიოდი, იქიდან განრისხებული ვბრუნდებოდი, მაგრამ რაც ციხეში ვნახე, მას მერე განრისხებაც აღარ შემიძლიაო(!).

მოვლენების განვითარების სამ ვარიანტს განვიხილავ. პირველი: შესაძლოა ოქტომბრამდე ხელისუფლება პანიკაში ჩავარდეს, წავაგეთო (მათ ჰყავთ ამერიკელებისა და ქართველების ჯგუფები, რომლებიც ორი თვის წინ ორ კვირაში ერთხელ ამოწმებდნენ ხალხის განწყობას. მათ დიდ ფულს უხდიდნენ. ხელისუფლების პირობა ასეთი იყო: არ გვინდა შელამაზება, ყველაზე პესიმისტური პროგნოზი მოგვეცითო) და მაშინ ბიძინა ივანიშვილს ოქტომბრამდე დაადანაშაულებენ კრემლის ფულით მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლოა არჩევნებიც გადაიდოს. ამისთვის პროპაგანდისტული ფონი უკვე გამზადებულია. ხომ ნახეთ, წიკლაურმა რა თქვა, - ივანიშვილი რეციდივისტია, კანონს რეგულარულად არღვევსო.

მეორე ვარიანტი: თუ ხელისუფლებამ მხოლოდ 50% აიღო, არჩევნების მეორე დღესვე დაადებენ ივანიშვილს ხელბორკილს და როგორც რუსეთის აგენტს, თვითმფრინავით გადასვამენ მოსკოვში (ან საფრანგეთში) და იტყვიან, "რუსული ოცნება" თავის ბოსებს დაუბრუნდაო.

მესამე ვარიანტი: თუ გამოაცხადებენ, რომ 30% აქვს "ქართულ ოცნებას", დანარჩენი ხელისუფლებასა და ქდმ-ს და ხალხი გამოვიდა ქუჩაში, იტყვიან, კრემლის გეგმა ამუშავდა. აი, NDI-სა და IRI-ს კვლევები, აგერ ეგზიტპოლები. ჩვენ რომ მოვიგებდით, ეს თავიდანვე ნათელი იყო ყველა კვლევით. ესენი კი კრემლის გეგმას ასრულებენ ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოდ. არ უნდათ არჩევნების შედეგებთან შეგუება და სახელმწიფო გადატრიალება სურთო. ამ შემთხვევაში ხალხს გაუფრთხილდებიან, შეეცდებიან, ისევე ხავერდოვნად გადააგორონ პროცესები, როგორც 2009 წელს, როდესაც ეს იდიოტი ოპოზიცია თამაშგარეთ დატოვეს. მიშას კი მწვანე შარვალი ჩააცვეს და სულ საზღვარგარეთ ჰყავდათ, რომ ხალხისთვის ნერვები არ მოეშალა. თუ ამან არ გაამართლა, მერე დაიწყებენ რეპრესიებს, ოღონდ 1-ლი ოქტომბრის მერე.

- გამოდის, ივანიშვილიც მძიმე დღეშია?

- ივანიშვილმა მხოლოდ კანონიერების ჩარჩოში უნდა იმოქმედოს. თუ დეპორტაცია გაუკეთეს, ვერაფერს იზამს, მაგრამ არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც გამოუვალ სიტუაციებს უფრთხის. 1998 წლის დეფოლტის დროს "როსიისკი კრედიტსაც" მძიმე დღეები დაუდგა. ივანიშვილმა შეკრიბა მთელი კოლექტივი, ერთად გადავწყვიტოთ, რა ვქნათო. 900-მა თანამშრომელმა თქვა, თქვენგან ბევრი სიკეთე გვახსოვს, დანაზოგი გვაქვს და უხელფასოდ იმდენ ხანს ვიმუშავებთ, რამდენიც საჭირო იქნებაო. მაშინდელმა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა თქვა, "როსიისკი კრედიტი" არის ბანკი, რომელიც მოგებაზე კი არა, ქვეყნის ფინანსური ჩავარდნიდან გამოყვანაზე ფიქრობსო. ასე რომ, ბიძინა სხვანაირი კაცია, ბევრჯერ ღირსეულად გამოსულა რთული ვითარებიდან.

ლიდერს, რომელიც ძალაუფლების მონოპოლიზებას ახდენს, სწამს მხოლოდ ძალადობისა და სძულს კომპრომისები

ფერდინანდ არონი

მარი ზანდუკელი