"ლაზიკა უდღეური, პოპულისტური პროექტია" - კვირის პალიტრა

"ლაზიკა უდღეური, პოპულისტური პროექტია"

"წყალტუბოში ერთადერთი პრომეთეს მღვიმე გაკეთდა და ისიც ივანიშვილის ფულით გააკეთეს"

"უსაფუძვლოდ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ შეიძლება ზაქარეიშვილი შეიცვალოს წყალტუბოს რაიონში. ეს "ნაციონალური მოძრაობის" წიაღიდან წამოსული მონაჩმახია. ხმას საგანგებოდ ავრცელებენ, რადგან კარგად იციან, რომ ზაქარეიშვილს უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე აკაკი ბობოხიძეს. თამამად შემიძლია ვუთხრა ყველას, - წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატობიდან ჩემი მოხსნა არათუ არ განიხილება, შენიშვნაც კი არ არსებობს "ქართულ ოცნებაში", - გვითხრა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა, რესპუბლიკელმა პაატა ზაქარეიშვილმა:

- ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ შეიძლება რამდენიმე კანდიდატი შეიცვალოს, მე არ მეხება. წყალტუბოში იმიტომ ვიყრი კენჭს, რომ აქ წლების განმავლობაში ყოველთვე ჩამოვდიოდი დევნილებთან, ვიცავდი მათ უფლებებს. ბრმა და ყრუ უნდა ვყოფილიყავი, რომ არ დამენახა, როგორ ცხოვრობდა წყალტუბო. ძალიან ცოტა ხანში მოვსპობ აქ ელიტურ კორუფციას, რომელიც კლანებზეა დაფუძნებული. ჩინოვნიკმა უნდა ისწავლოს ხელფასით ცხოვრება. თუ არ შეუძლია, კეთილი ინებოს და პოლიტიკიდან წავიდეს. მე 20 წელი ვემსახურე ქართველ საზოგადოებას. ყველამ იცის, სადაც შეიძლებოდა ქრთამის აღება (ომის დროს ტყვეთა გაცვლისას და ციხეებში), ერთი თეთრიც არ ამიღია. სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრობისას ციხეებში იმიტომ შემიშვა, კარგად იცოდა, რომ არა ვარ კორუმპირებული. მე ვიყავი დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის კონცეფციის ჩამომყალიბებელი, რომელსაც სააკაშვილმა შეასხა ხორცი, მაგრამ დღეს დანაშაული ელიტაშია გადასული. მიშა გახდა საქართველოს "კანონიერი ქურდი" და ამას ბოლო მოეღება.

გებელსს მიაწერენ ფრაზას: როცა მესმის სიტყვა "კულტურა", ხელი რევოლვერისკენ გამირბისო. ბობოხიძემ კი შეიძლება თქვას, როგორც კი მესმის განსხვავებული აზრი, ჩემი ხელი მუშტად იკვრებაო. ეს კაცი ვერ იტანს განსხვავებულ აზრს და ამის გამო პარლამენტის წევრებს სცემს. კაცს, რომელიც ორჯერ იყო ხონის რაიონის მაჟორიტარი, ხონში ვერ იტანენ. მაჟორიტარობის დროს თავისი კრიმინალური დაჯგუფებით ატერორებდა ქუთაისისა და ხონის მოსახლეობას. ამიტომ წყალტუბოელები კარგად უნდა დაფიქრდნენ.

- 2011 წელი  მიხეილ სააკაშვილმა წყალტუბოს აღორძინების წლად გამოაცხადა. რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში?

- წყალტუბო არის რაიონი, სადაც ნიჩაბი არ დარტყმულა და ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა იმ საჩვენებელი პროექტების განსახორციელებლად, რომელთაც სააკაშვილი სხვა რაიონებში აკეთებს. ერთადერთი პრომეთეს მღვიმე გაკეთდა და ისიც ივანიშვილის ფულით გაკეთებულია.

სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ იყო წყალტუბოში. აქტივისტები ორი ავტობუსით კახეთიდან ჩამოიყვანეს, ადგილზე კი მასწავლებლები შეკრიბეს. რამდენიმე მათგანს ვესაუბრე და დარცხვენილებმა მითხრეს, რომ არ წავსულიყავით, პრობლემები შეგვექმნებოდაო. ახალგაზრდები მერე რესტორანში აქეიფეს. როგორც ამბობენ, მათ ფულიც გადაუხადეს, მაგრამ ვერავინ ვნახეთ, ვინც ამას დაადასტურებდა, თუმცა რესტორანში რომ აქეიფეს, ამას ყველა ადასტურებს. ეს კი მოსყიდვის ერთ-ერთი ფორმაა.

სააკაშვილი აქტივს დახურულ წრეში შეხვდა. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხმა დაირხა, წყალტუბოში სააკაშვილი იყოო, ვიდრე ხალხს შეხვდეს და ვიღაცამ რაღაც არასასიამოვნო უთხრას.

- სააკაშვილმა თქვა, ჩვენ ვაპირებთ მრავალი წლის განმავლობაში ვაშენოთ საქართველოო. ეს ნიშნავს, ჩვენ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვიქნებით ხელისუფლებაშიო?

- დიახ, მაგრამ ეს რეალურად მეტყველებს იმაზე, რომ ეშინიათ, ხელისუფლებაში ვერ დავრჩებითო. ამიტომაც ისე იქცევიან, თითქოს მაღალი კარტები აქვთ და სინამდვილეში არაფერი აქვთ. სააკაშვილი ბლეფზე მიდის. ფული არა აქვთ და სახელმწიფო ვალებით ცხოვრობს. საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან და უნდათ, დააჯერონ, ვითომ კიდევ დარჩებიან ხელისუფლებაში.

- ამის მიუხედავად, რამდენიმე დღეში ქალაქ ლაზიკის მშენებლობა დაიწყება.

- ეს წმინდა წლის წინასაარჩევნო პოპულისტური ნაბიჯია. არჩევნების გამოცხადების მერე ქალაქის აშენების დაწყება ნიშნავს, რომ ლაზიკა უდღეური, პოპულისტური პროექტია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ქვეყანასთან, რომელიც გაძვალტყავებულია. სააკაშვილი, ნაცვლად იმისა, ხალხისკენ მიმართოს რესურსები, ახალ ქალაქს აშენებს.

როდესაც 7 მლრდ დოლარი ვალი გვაქვს, ახალი ქალაქის აშენება თვითმკვლელობაა. ეს სააკაშვილს არ გაუვა და ლაზიკა მუდმივად დარჩება მის პოპულისტურ პროექტად.

თუ ხალხი დიდი რაოდენობით არ წავა არჩევნებზე, სააკაშვილს მიეცემა გაყალბების შანსი. თუ ეს მოახერხა, მაინც წააგებს, მაგრამ რჩება შანსი, შეინარჩუნოს პოზიცია შანტაჟის გზით. ის საზოგადოებას რევოლუციით დააშანტაჟებს, რაც გააკეთეს შევარდნაძემ და აბაშიძემ.  რევოლუციის დროს იდება გარიგება,  - ოღონდ სისხლი არ დაღვარო და აჰა, შენ კურორტი სადღაცო. სააკაშვილს ამის იმედი აქვს, თორემ იცის, ნებისმიერ ვარიანტში მიდის. მთავარია, როგორ წავა, რევოლუციით თუ არჩევნებით.

ყველას გვინდა, არჩევნებით წავიდეს. ამის მერე ლეგიტიმური უფლება გვექნება, გავასამართლოთ და მიიღოს ის, რაც ეკუთვნის თვითონ და მის გარემოცვას, რომელთაც ამდენი უბედურება დაატეხეს ქვეყანას.

- სააკაშვილმა თქვა, თუ რუსეთის კაცი მოვა ხელისუფლებაში, კიდევ რამდენიმე რეგიონს დავკარგავთო.

- სირცხვილია, სხვაზე რომ ლაპარაკობს, როდესაც თავად უკვე განახორციელა რუსული პროექტი.

სააკაშვილი დაემორჩილა რუსეთის აგენტ კვიციანს, კოდორში ჯერ ჯარები შეიყვანა, მერე კი რუსებს ჩააბარა.

რუსეთის ეფ-ეს-ბემ ვლადიმერ სანაკოევის დახმარებით ჯერ სამხრეთ ოსეთი აღადგენინა სააკაშვილს და მერე დაიპყრო. რუსეთი არწმუნებდა სააკაშვილს, ცხინვალი არ მაინტერესებსო. 2007 წლის მაისში, როდესაც ტეფტი ჩამოვიდა სოხუმიდან და თქვა, შეიძლება ომი დაიწყოსო, მერაბიშვილმა უთხრა, ომი არ იქნება, რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ აინტერესებსო. 2007 წლის 12 დეკემბერს სააკაშვილმა უნივერსიტეტში გამოსვლისას თქვა, რუსებს ჩემთან წამოსცდათ, რომ ცხინვალი არ აინტერესებთო. ყველამ კარგად ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, როგორ არ აინტერესებდა რუსეთს ცხინვალი.

როცა ომის შემდგომ სარკოზი ჩამოვიდა და მოსკოვიდან მედვედევის ხელმოწერილი 6-პუნქტიანი შეთანხმება ჩამოიტანა, მის მეექვსე პუნქტში ეწერა, საერთაშორისო შეთანხმებით განისაზღვროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსიო. ამ საკითხზე გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი მუშაობდა, მაგრამ სააკაშვილმა შეთანხმებიდან ამოიღო მეექვსე პუნქტი, ამ შემთხვევაში სააკაშვილი უფრო რუსი გამოვიდა, ვიდრე მედვედევი. ეს იყო რუსული პროექტების მთელი კასკადი, რომელთაც სააკაშვილმა მშვენივრად შეასხა ხორცი.