"მთელ მსოფლიოს ანახეთ ჩვენი ბავშვების ფოტოები" - კვირის პალიტრა

"მთელ მსოფლიოს ანახეთ ჩვენი ბავშვების ფოტოები"

"როცა ოსმა მილიციელებმა მოაცილეს, მაშინ არ იყო ჩემი შვილი ტერორისტი?!"

ქართველი ბავშვები კვლავაც ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ტყვეობაში არიან. ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეები: გიორგი რომელაშვილი (დაბ. 1995 წ.), ალეკო ცაბაძე (დაბ. 1995 წ.), ვიქტორ ბუჩუკური (დაბ. 1993 წ.) და ლევან ხმიადაშვილი (დაბ. 1992 წ.) 4 ნოემბერს გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგნენ. მალე ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, ოთხი ქართველი მოზარდის საზღვრის უკანონოდ დარღვევის ფაქტზე დაკავების თაობაზე. ბავშვებს მხოლოდ "საზღვრის დარღვევის" ბრალდება არ აკმარეს. სეპარატისტების მტკიცებით, მოზარდებს ოსების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამალავი ჰქონიათ, სადაც ტერაქტების მოსაწყობად ტომრებით ხელყუმბარები და ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდათ(?!).

გორის რაიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის მეგობრობის ხიდი "ქართლოსის" ხელმძღვანელი მეგი ბიბილური: "რუსებს  სურთ, ჩეჩნებივით ჩვენც ტერორისტებად გამოგვაცხადოს და მსოფლიოს დაანახვოს, რა საშინელი ხალხი ვართ ქართველები. ვითომ ქართველი მოზარდებიც კი აწყობენ ტერაქტებს. ბავშვების გატაცებას წინ უძღოდა დეზინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ აქვს საქართველოს კავშირი ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ქაიდასთან". 20 წლის განმავლობაში, კონფლიქტის პერიოდში, ვერ დავასახელებთ ქართველ და ოს ბავშვებს შორის კონფლიქტის ერთ ფაქტსაც კი. ცხინვალში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც იზიარებენ ჩვენს აზრს, რომ ბავშვები არ უნდა გავრიოთ ბინძურ პროვოკაციებში. საბედნიეროდ, ცხინვალში ჯერ კიდევ არიან ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ დიალოგის აღდგენას ჩვენს ხალხებს შორის. ბავშვებზეც სწორედ მათგან ვიღებთ ინფორმაციას. ჯერჯერობით დაკავებულებთან არავის უშვებენ, არც ოსურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც "წითელ ჯვარს". ცხინვალელმა კოლეგებმა მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ ბავშვები ჩვეულებრივ ციხეში არ ჰყავთ, გვაიმედებენ, რომ ბავშვებს არ სცემენ და არ აწამებენ, მათ მხოლოდ პროვოკაციისთვის გამოიყენებენო"(!).

მეგი ბიბილურის თქმით, ცხინვალის ექსტრემისტულმა დაჯგუფებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 25-მდე კაცი გაიტაცეს. ასე ცდილობენ, აიძულონ, ოფიციალური თბილისი ქართველებისა და ოსების კონტროლირებადი ტერიტორიების გამმიჯვნელი საზღვარი დადგინდეს. ქართველების დაკავებისას ამიტომაც ამახვილებენ ყურადღებას "საზღვრის დარღვევაზე". კარგად იციან, რომ ამ კონფლიქტმა და შემდეგ ომმა უამრავი შერეული ოჯახი გახლიჩა. წარმოსახვაში არსებული საზღვრის ორივე მხარეს მყოფ ხალხს ერთმანეთი ენატრება, ბევრი ცდილობს ნათესავთან გადასვლასა და მონახულებას.

"დაკავებული მოზარდებიდან ერთ-ერთი, გიორგი რომელაშვილიც შერეული ოჯახის შვილია. გიორგი ხეითელია. ახლა მის სოფელს ოსები აკონტროლებენ, თვითონ კი დევნილია და დედასა და და-ძმასთან ერთად ტირძნისში ცხოვრობს. მას ცხინვალშიც ჰყავს ნათესავები, რომლებიც ერთხელ უკვე მოინახულა და მაშინ ცხინვალელი სამართალდამცველების ავტომობილით მშვიდობიანად გადმოიყვანეს უკან. ცხინვალის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ და რუსმა ოკუპანტებმა იციან, რომ ქართველები ოს ნათესავებთან ურთიერთობას აგრძელებენ, ამიტომაც მსხვერპლის შერჩევა არ გაუჭირდებოდათ," - ამბობს მეგი ბიბილური.

ქართველი ბავშვების ტერორისტებად გამოცხადება რომ წინასწარ დაგეგმილი იყო, ამაზე მეტყველებს ოსური ტელევიზიით ეთერში გასული სიუჟეტიც, სადაც ისე ჩანს, თითქოს ცხინვალს ბავშვების "მისიაზე" ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა. ამიტომაც პატარა "ტერორისტებს" ვიდეოკამერებით შეიარაღებული დახვედრიან მძაფრი სიუჟეტის გადასაღებად. ბავშვებიც მორჩილად უწვდიან სეპარატისტ ბიძიებს ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და ხელყუმბარებით სავსე ტომრებს და "აღიარებენ", რომ მათ ცხინვალში აფეთქებების სერიალი უნდა მოეწყოთ. ბავშვების "აღიარებით ჩვენებებს" იოლად ხსნის ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი რომელაშვილის დედა ლელა მდინარაძე: "ჩემი შვილი ძალიან  მიამიტია. ასაფეთქებელი ნივთიერება კი არა, დანა არასდროს უტარებია. ასეთია ალეკო ცაბაძეც. ისინი კლასელები არიან, მეგობრობენ და ორივეს ხასიათი კარგად ვიცი. როცა სიუჟეტი ვნახე, ჯერ გული კინაღამ გამისკდა, მერე კი გავაანალიზე და მივხვდი, რომ ბავშვები აიძულეს მათ საზიზღარ სცენარში მიეღოთ მონაწილეობა, - წაიყვანეს სადღაც და ტერორისტობანა ათამაშეს. გული გამისკდა. ჩემმა შვილმა ოსურიც კი არ იცის, რომ დაელაპარაკოს. ის კი მოუხერხებია და უთქვამს, ცხინვალში ნათესავები მყავსო. ჩემი დედამთილი ოსია, შესანიშნავი ბებიაა. ძალიან უყვართ ბავშვებს, განსაკუთრებით გიორგის. მოხუცი დიდხანს დარჩა ხეითში, მოგვიანებით გამოიყვანა "წითელმა ჯვარმა". გამოყვანამდე კი, გასულ ზამთარს, ავად გახდა. გიორგიმ ეს შეიტყო თუ არა, ხეითში გაიპარა ბებიას სანახავად. ის კიდევ დისშვილებს ცხინვალში გადაეყვანათ. ამიტომაც გიორგი მანქანით ჩაიყვანეს ცხინვალში ბებიის სანახავად და უკან ოსმა მილიციელებმა მოაცილეს ჩვენს სოფლამდე. მაშინ არ იყო ჩემი შვილი ტერორისტი? ოსი ხალხის სიყვარულისთვის სჯიან? ახლა ბებია გორში, მეთორმეტე საბავშვო ბაღის შენობაშია შეკედლებული. ჩვენს სახლს ჩემი დედამთილის ნათესავები უვლიან ხეითში, რომ არავინ დაეპატრონოს. მე ჩემი მშობლების სახლში ვცხოვრობ, ტირძნისში, შვილებთან ერთად. საბავშვო ბაღში შეკედლებულ ჩემს მეუღლეს გამოვეცალეთ. ფსიქიკურად შეირყა და მასთან ბავშვებს ვერ ვტოვებ. იმ დღეს, როდესაც დაიკარგა, გიორგი გორში იყო წასული, ერთ-ერთ ორგანიზაციას ბავშვებისთვის ქურთუკები უნდა დაერიგებინა. გიორგის უნდა წამოეღო მისი და და-ძმის ნივთები. წავიდა და დაიკარგა. საიდან მოუგონეს ტერორისტობა ბავშვს? მთელ მსოფლიოს ანახეთ ჩვენი ბავშვების ფოტოები, შეხედონ მათ თვალებს, ნუთუ ჰგვანან ტერორისტებს?"

ტირძნისის საშუალო სკოლის დირექტორი კახა კახიაშვილი: "ბავშვებს თავიანთი სახლ-კარი ენატრებათ. ენატრებათ ოსი თანატოლები, ტერორისტობა ფიქრადაც არ გაუვლია არც ერთ მათგანს. მათ აქ არავინ ზრდის ტერორისტული იდეოლოგიით, შვილებს არ შთავაგონებთ, რომ ოსი ხალხი მათი მტერია".

სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ ვერსიებია იმის თაობაზე, თუ რა უნდა მომხდარიყო სინამდვილეში. ამ ამბავს ნათელი მხოლოდ ბავშვების დაბრუნების შემდეგ მოეფინება. მათი ახლობლები ვარაუდობენ, რომ თუ ტირძნისიდან არა, სავარაუდოდ, ხეითში მიმავალი აიყვანეს სეპარატისტებმა. ალბათ, გიორგი რომელაშვილი მეგობრებთან ერთად მონატრებული სახლის თვალის შესავლებად წავიდა, და ეს ძალზე ძვირად დაუჯდათ.