მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ხომ ხედავთ, გწყენთ!

"ერთი კაცი იყო და მას ერქვა ვინმე მესხი მელექსე. მაგარი კაცი იყო და მაგარი ლექსი დაწერა, მაგარი პოემა დაწერა. სადღაც აქ, ახლომახლო ცხოვრობდა." - სწორედ ამ სიტყვებით გაიხსენა მიხეილ სააკაშვილმა რაბათის ციხის გახსნაზე რუსთაველი და მისი "ვეფხისტყაოსანი". ამ ყველაფერს ორიგინალურობაში ჩავუთვლიდი, რომ არა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და დავიწყებული ციტატები. ჯერ შეცდომით დავიწყოთ: იყო თუ არა "ვინმე მესხი მელექსე" რუსთაველი - ეს არავინ იცის. პირიქით, დღეს უკვე რუსთველოლოგები თანხმდებიან, რომ ეპილოგის პირველი სტროფი, სადაც ეს სიტყვები გვხვდება: "ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა" რუსთაველს არ ეკუთვნის და შემდეგაა ჩამატებული. ანუ ვიღაც რუსთაველის მიმბაძველია და გვეუბნება, ვინმე მესხი მელექსე ვარ და რუსთაველის მსგავსად ("რუსთველისად ამისა") ვწერო. შესაბამისად, ის ვერც სადმე აქვე, ანუ ვერც რაბათის მიდამოებში იცხოვრებდა.

რა თქმა უნდა, სავალდებულო არაა, ასეთი დეტალები პრეზიდენტმა იცოდეს, მაგრამ მას ჰყავს მრჩევლები, მათ შორის დიპლომირებული ფილოლოგიც (მაგალითად, ნოდარ გრიგალაშვილი), ვისაც ხელფასის სახით, თვეში რამდენიმე ათასს უხდის და ჰკითხოს, ვიდრე ზღაპრების მოყოლას დაიწყებს, ისეთი ზღაპრების, როგორიცაა: "შეიძლება, ეს ციხე იყო ის ციხე, სადაც მეფე როსტევანი იჯდა..."

რაც შეეხება ციტატებს: ჯერ ერთი, ციტატა სწორად წაიკითხა: "ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა". მაგრამ მერე რატომღაც შეცვალა (ალბათ დარწმუნებული არ იყო და იფიქრა, რომ შეეშალა) და თავიდან თქვა, ოღონდ უკვე არასწორად: "ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა". შემდეგ კი უკვე რუსთაველის ის სტროფი წაიკითხა, რომელსაც ალბათ, ყველაზე ხშირად ციტირებენ და ყველამ იცის. "თქვენ გახსოვთ - ზეპირად დაიწყო პრეზიდენტმა: იყო არაბეთს როსტევან..." აქ როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ზეპირად ვეღარ აგრძელებდა და მცირე პაუზის შემდეგ ნაწერში ჩაიხედა: "იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგან სვიანი; მაღალი, უხვი მდაბალი..." აქ გაიჭედა, პაუზა გაიწელა, ბოლოს წარმოთქვა: "ლაშქარიანი ყმიანი..." მიხვდა, რომ შეეშალა და შეეცადა გაესწორებინა: "უხვლაშქრიანი ყმიანი..." ეტყობა, ამ დროს ვიღაცამ ქვემოდან შეხსენება სცადა და პრეზიდენტი უხერხული სიტუაციიდან ასეთი ფრაზით გამოძვრა: "ხედავთ, ყველამ იცით ზეპირად."

კი, ეს სტროფი მართლაც ყველამ იცის, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათ შორის არაა ჩვენი პრეზიდენტი. შეიძლება ღელავდა და უბრალოდ დაიბნა? ასეც ხდება, ხოლმე, მაგრამ რაც ეს სიტყვით გამოდის, რაღა დროს ღელვაა? Kკაცო, არც ისაა დიდი პრობლემა, რომ ეშლება, პრობლემა უფრო ისაა, სულ რომ ეშლება და მაინც არ ეშვება ამ ციტატებს. ამ კუთხით მას არც მთავარი ოპონენტი, ბიძინა ივანიშვილი ჩამოუვარდება. ივანიშვილმაც ერთი ციტატა ვერ თქვა ისე, რომ არ შეშლოდა. პატივცემულო პოლიტიკოსებო, შეეშვით ამ ქართულ პოეზიას, ხომ ხედავთ, გწყენთ!

30 წელი

სააკაშვილმა მგონი, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა გაგვიმხილა, თუ რამდენ ხანს აპირებენ ის და "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნას. წინა კვირას მან ორჯერ ახსენა, დავით აღმაშენებელმა თბილისი გამეფებიდან 30 წლის შემდეგ დაიბრუნაო. განა ძნელი მისახვედრია, რისი თქმა უნდოდა ბატონ პრეზიდენტს, როდესაც აქცენტს ამაზე აკეთებდა? მარტივია: - რატომ ითხოვთ ჩემგან საქართველოს გაერთიანებას რვა წელიწადში, მაშინ როდესაც დიდ დავითსაც ქვეყნის ბოლომდე გასაერთიანებლად ამდენი ხანი დასჭირდაო. მოკლედ, გვაცალეთ, ბატონო ჩვენც 30 წელიო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ უკვე რვა წელია ხელისუფლებაშია, გამოდის, კიდევ 22 წელიწადს ითხოვს. ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დავითს თბილისის ასაღებად სინამდვილეში არა 30, არამედ 32 წელიწადი დასჭირდა, შეიძლება 24 წელსაც ითხოვდეს. Aასეა თუ ისე, ფაქტი ერთია, მისი ბოლოდროინდელი განცხადებები თითქმის ყველა იქითკენაა მიმართული, რომ კიდევ დრო სჭირდება. "ფეხებში ნუ გვებლანდებიან, საქმე გვაქვს საკეთებელი", ან "ჩვენ კიდევ მრავალი წელი ვაპირებთ ქვეყნის შენებას" - ეს და სხვა ამის მსგავსი განცხადებები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილს ამა თუ იმ ფორმით კიდევ დიდი ხნით უნდა ხელისუფლებაში დარჩენა.

არც კი ვიცი, ღირს კი, ბატონო პრეზიდენტო, თქვენთვის იმის შეხსენება, რომ ახლა სხვა დროა, რომ დავითი მეფე იყო, თქვენ კი არჩეული პრეზიდენტი ბრძანდებით, რომ მაშინ მონარქია გვქონდა, დღეს კი რესპუბლიკა გვაქვს და თან დემოკრატიულობაზე ვაცხადებთ პრეტენზიას, ხოლო დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფალთა ცვლა ბუნებრივი პროცესია, რომ დავითთან საკუთარი თავის შედარება ცოტა უხერხულია, ბოლოს და ბოლოს, დავითს თბილისის აღებამდე არც ერთი ომი არ წაუგია და ასე მეთოდურად მიიყვანა საქმე ბოლომდე. სწორედ ის ფაქტი, რომ დავითს თბილისის ასაღებად 32 წელი დასჭირდა, მეტყველებს იმაზე, რომ იგი თქვენსავით სულსწრაფი არ იყო და ვიდრე სიტუაცია ბოლომდე არ მომწიფდა, საქმეს ხელი არ მოჰკიდა. არ გინდათ, დავით აღმაშენებლობანას თამაშს თავი რომ დაანებოთ და იყოთ ის, რაც ხართ? თუ თქვენი თავი თქვენვე არ მოგწონთ?