ირაკლი ალასანია: "სააკაშვილმა გადააგდო შევარდნაძე, მაგრამ მან გადააგდო სამეგრელოც" - კვირის პალიტრა

ირაკლი ალასანია: "სააკაშვილმა გადააგდო შევარდნაძე, მაგრამ მან გადააგდო სამეგრელოც"

გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიამ მომავალ ხელისუფლებაში შესაძლოა უმაღლესი თანამდებობა დაიკავოს. ჩაიბარებს თუ არა ალასანია ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს, თუკი, რასაკვირველია, არჩევნები "ქართული ოცნებისთვის" სასურველი შედეგით დასრულდება? - ამ საკითხზე თავად ირაკლი ალასანიას ვესაუბრეთ:

- ხელისუფლება პასუხისმგებელი უნდა იყოს ხალხის წინაშე და მსახურობდეს მას. დღეს კი ყველაფერი პირიქითაა, ხალხი მსახურობს ხელისუფლებას. ამჯერად ჩვენ კონცენტრირებული ვართ არა იმაზე, თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, არამედ იმაზე, რომ ხალხის არჩეული უმრავლესობა მოვიდეს პარლამენტში. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ რა პოზიციიდან მოემსახურება თანამემამულეებს. ძალიან ვაფასებ ბატონი ბიძინას მაღალ შეფასებას, მაგრამ ამ საკითხზე საუბარი კოალიციაში ჯერ ნამდვილად არ არის.

- მაგრამ ნათქვამია, ისეთ ჯარისკაცს რა ვუთხარი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობსო.

- ჩემი "ქართული ოცნება" ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ ავტორიტარული რეჟიმისგან. მთელი სამეგრელო ელოდება ცვლილებას. ჩვენ ჩავდებთ მრავალმილიონიან ინვესტიციას სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ჯანდაცვაში, რაც ამ მართლაც ღირსეულ ადამიანებს შვებას მისცემს. ამიტომაც მგონია, რომ სამეგრელო სწორ არჩევანს გააკეთებს.

- სამეგრელოში თქვენს შეხვედრებს მოსახლეობასთან უინციდენტოდ არ ჩაუვლია. არიან პირები, რომლებიც უარყოფით დამოკიდებულებას თქვენ მიმართაც გამოხატავენ.

- მიუხედავად სააკაშვილის დიდი სურვილისა, არავითარ შემთხვევაში არ მივა ეს პოლიტიკური პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებამდე. მან იცის, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში დამარცხება გარანტირებული აქვს და უნდა, საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს. ამას კი ჩვენი კოალიცია არ დაუშვებს. ჩვენ მართლაც ვამკვიდრებთ ისეთ პოლიტიკურ კულტურას, როცა მოწინააღმდეგეს (რაც უნდა მიუღებელი იყოს ის) უნდა მოვუსმინოთ და პასუხი გავცეთ. თუმცა, შეხვედრებზე ზოგჯერ მოდის მოქალაქე და მეკითხება რაღაცას მხოლოდ იმიტომ, რომ დავალებული აქვს და პასუხს აღარ ელოდება. ბუნებრივია, ეჭვობ, რომ ეს ყველაფერი აჟიოტაჟისთვისაა დაგეგმილი, მაგრამ ჩვენ ასეთი მოქალაქეებისაც კარგად გვესმის, - ზოგი სკოლის დირექტორია, ზოგი პედაგოგი, ზოგიერთის ოჯახის წევრი სახელმწიფო სამსახურშია. ისე რომ არ მოიქცნენ, როგორც აქვთ დავალებული, სამსახურს დაკარგავენ. ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერებისთვის, არამედ მათთვისაც უკეთესი საქართველო უნდა შევქმნათ. მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, - რაც უნდა წინააღმდეგობა შეგვიქმნას, მაინც მივალთ არჩევნებამდე! მოსახლეობას საშუალებას მივცემთ უშიშრად გააკეთოს არჩევანი.

- ბევრს სამეგრელო პრეზიდენტის მხარდამჭერად მიაჩნია. შესაძლოა, ეს იმითაც არის განპირობებული, რომ თავის დროზე ამ რეგიონში ზვიად გამსახურდიას ჰყავდა მრავალრიცხოვანი მომხრე, რომლებსაც შევარდნაძე სძულდათ. მათ სააკაშვილი შევარდნაძის გადამგდებად აღიქვეს და აქედან გამომდინარე, მხარს უჭერენ.

- სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ სამეგრელოსა და ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ერთგულნი დარჩნენ, სწორედ ამის გამო დაისაჯნენ ისინი. სამეგრელომ, განსაკუთრებით კი ზუგდიდმა, ყველაზე მტკივნეულად გადაიტანა სამოქალაქო ომი. ეს არის ნამდვილად გმირი ქალაქი. სამეგრელომ პირველმა გაუღო კარი აფხაზეთიდან დევნილებს და შეიფარა. ერთგულება უდიდესი ღირსებაა, რაც მეგრელებს აქვთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, ზუგდიდელები საქართველოს ინტერესებს უერთგულებენ და არა რომელიმე რეჟიმს. ეს ის კუთხეა, საიდანაც დაიწყება ისტორიული მისიის შესრულება, - ქვეყნის გაერთიანება, აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის აღდგენა. საინვესტიციო გარემომ თითქოს სამეგრელოს გვერდი აუარა, უმუშევრობამ 60%-ს გადააჭარბა. აქ ცხოვრება საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით ძვირია.

თავად მოსახლეობის დაკვეთაა, რომ ვაჭრობას, ბიზნესს მეტი გასაქანი მიეცეს. ჩვენ მათ დაკვეთას აუცილებლად შევასრულებთ. როგორც თქვით, სააკაშვილმა გადააგდო შევარდნაძე, მაგრამ სააკაშვილმავე გადააგდო სამეგრელოს მოქალაქეებიც. მათ პრობლემებს უქმნით ისიც, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები არ არის პოლიტიკისგან თავისუფალი. ახლახან ანაკლიაში აბულაძეების ოჯახს ვესტუმრე, რომელმაც შვილი გალში უგზო-უკვლოდ დაკარგა. ოჯახი პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს, ეჭვი აქვს, რომ მათ შვილს დაკარგვამდე ურთიერთობა ჰქონდა ქართველ პოლიციელებთან. ნაცვლად იმისა, პრეზიდენტი ან მისი წარმომადგენლები დაეხმარონ ოჯახს სიმართლის პოვნაში, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა სცემა დაკარგული შვილის დედას. ის, ისევე როგორც სხვა მოძალადე პოლიციელები, აუცილებლად წარდგება სასამართლოს წინაშე მაშინ, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში. მართალია, სააკაშვილი ზონდერჯგუფებს ამზადებს და ცდილობს ისინი ხალხთან დააპირისპიროს, მაგრამ უმრავლესობა მაინც არ აღმართავს ხელს თანამოქალაქეებზე.

- მაგრამ პრეზიდენტსაც ჰყავს მხარდამჭერები, რომელთაც სჯერათ, რომ ქვეყნის აღმშენებლობა მიმდინარეობს.

- სულ სხვა რამეს გვაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში უმუშევრობა უკვე 60%-ს აღემატება, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროსაბჭოს 47 ქვეყნიდან პირველ ადგილზე ვართ, ხოლო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0,01%-ს არ აღემატება. ეს სტატისტიკა და "ოქროს ხანა" ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან და ადვილი მისახვედრია, სად არის სიმართლე.

- სააკაშვილი ფიქრობს, თუ "ქართულ ოცნებას" წაართმევს კონკურენციისა და გამარჯვების შანსს იმით, რომ არ მისცემს საშუალებას, დახარჯოს ლეგალური შემოსავალი, დაამარცხებს. მაგრამ პირიქით, ამით "ქართულ ოცნებას" უფრო მეტ მხარდამჭერს უჩენს. შეიძლება ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შემდეგ ჩვენს ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება არ ჰყოლია, ოქტომბრის არჩევნები კი სწორედ ეროვნული სახელმწიფოს შენების საშუალებას მოგვცემს, სადაც არავინ იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ წაართვას, დაჩაგროს, დააყადაღოს ან დაყოს და ერთმანეთთან დააპირისპიროს საზოგადოება.