"პარტიული მეომარი რა მეომარია?" - კვირის პალიტრა

"პარტიული მეომარი რა მეომარია?"

"იმაზე დიდი ზეწოლა რაღა გინდა, როდესაც პრეზიდენტი ღია ეთერში გილანძღავს მეგობარს და შენ თავჩაღუნული დგახარ"

"დღეს პარტიული ერთგულების ნიშნით გამორჩეულ სპორტსმენთა კასტა ჩამოყალიბდა"

საუკუნის მიწურულს სტამბოლში მყოფი  სამცხის ათაბაგი ყვარყვარე ჯაყელი სულთან მურადს, ოსმალთა იმპერიის უძლიერეს ფალავანს, დაჭიდებაზე დაუყოლიებია. შეტაკებისთანავე ყვარყვარეს შუაკაურით ბეჭზე დაუდვია მეტოქე. ბაში-აჩუკისა და აბდუშაჰილის არ იყოს, ოსმალთა მბრძანებელს მისალმებაც ვერ მოუსწრია, ვერც მაყურებელი მიმხვდარა, რა მოხდა და შერკინების გამეორება მოუთხოვიათ. ვაჟკაცი ყოფილა სულთანი, აყაყანებული ხალხი დაუწყნარებია და ყვარყვარეს გამარჯვება უღიარებია.

1048-50 წწ. სელჩუკებისგან ძლეული ბიზანტიელების მოკავშირე ლიპარიტ ბაღვაში სულთან თორღულ ბეგს ჰყოლია ტყვედ. სომეხი მემატიანის მათე ურჰაელის ცნობით, ლიპარიტს ტყვეობაში საგმირო საქმეებით თავი გამოუჩენია, რის გამოც, ორი წლის შემდეგ, სულთანს გაუთავისუფლებია და საჩუქრებიც უბოძებია. ერთ-ერთი ასეთი გმირობა ყოფილა დაჭიდება ზანგ ფალავანთან, რომელიც ლიპარიტს პაექრობისას მოუკლავს.

ჭიდაობა უძველესი ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით პოპულარული სახეობა ყოფილა. სპეციალისტების თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ქართველებმა ჭიდაობის ყველა საერთაშორისო სახეობა გაამდიდრეს თავიანთი ხელწერითა და ჭიდაობის განსხვავებული მანერით. შესაბამისად, არც ერთ სპორტულ სახეობაში იმდენი წარმატება არ მოუპოვებიათ ჩვენს სპორტსმენებს, რამდენიც ჭიდაობაში. თანამედროვე ოლიმპიური თამაშების დაწყებიდან დღემდე ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე 37 ოქროს მედალია, რომელთა უმრავლესობა სწორედ მოჭიდავეებმა მოიპოვეს.

კობა ჭუმბურიძე, ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების მკვლევარი: "ამ მიღწევათა საფუძველი უძველესი და უნიკალური ფენომენი - ქართული (ქართლ-კახური) ჭიდაობა და მისი ნაირსახეობანი გახლავთ. ჭიდაობა საბრძოლო მომზადების განუყოფელი ნაწილი იყო; უძველესი საბრძოლო ილეთების ცოდნა თითქოს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ქართველს. XX საუკუნის დამდეგსაც კი ჭიდაობა საბრძოლო შერკინება იყო, რაზეც მეტყველებს აკაკის სტრიქონები, ნესტორ ესებუასა და კულა გლდანელის ორთაბრძოლას რომ მიუძღვნა;: "მივარდა, გულში ხელი ჰკრა, ბურთივით გააგორაო."

აღსანიშნავია, რომ წვრთნის სისტემაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აღზრდის მეთოდებს. საუკეთესო მეომარი გამორჩეული პიროვნება უნდა ყოფილიყო, რაც მის ფსიქოლოგიურ წონასწორობას და შინაგანი სრულფასოვნების განცდას, სილაღეს  გულისხმობდა.

ნებისმიერი სპორტული ან საომარი შერკინების დროს ადამიანი შინაგანად თავისუფალი უნდა იყოს. სპორტსმენმა უნდა იბრძოლოს ღირსებისთვის, სამშობლოსთვის და არა ისეთი ყალბი ფასეულობისათვის, როგორიცაა რომელიმე პარტია თუ მისი ლიდერი.

მაგალითად მოვიხმოთ თუნდაც ბეთქილ შუკვანის გახმაურებული ისტორია. სპორტსმენებისადმი სპორტის მესვეურთა ამგვარი დამოკიდებულებით განსაკუთრებულ შედეგებს ვერ მივაღწევთ...

სპორტსმენს ცრემლი მაშინ ადგება თვალზე, როცა კვარცხლბეკზე ასული თავისი ქვეყნის დროშას შეჰყურებს და სწორედ სამშობლოს დროშა უნდა იყოს მისთვის უმთავრესი და არა - პარტია და მისი ლიდერი.

დავით აღმაშენებლის მიერ გელათის აკადემიაში საგანგებოდ მოწვეული, თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნისა და პედაგოგის, იოანე პეტრიწის აღმზრდელობითი სისტემა ოთხი ნაწილისაგან შედგებოდა: გონებრივი, ფიზიკური, ესთეტიკური და ზნეობრივი აღზრდა. ასეთი ტრადიციის არსებობას ადასტურებს გადმოცემა გრემის მონასტრის ორმოცი ბერის შესახებ, რომელთაც გზა გადაუჭრეს მოულოდნელად შემოსეულ მტერს და ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს, სანამ მეფე ერეკლე ლაშქრის შეკრებას მოასწრებდა. ეს ადასტურებს, რომ მუდმივად მეომარი ქვეყნის ყველა მცხოვრები - ერისკაცი თუ სასულიერო პირი, საბრძოლო წვრთნას გადიოდა და ყოველთვის მზად იყო, მტერს გამკლავებოდა.

დღეს სკოლებში მოსწავლეთა ფიზიკური დატვირთვა მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ნორმებს არ შეესაბამება, ბავშვების უმეტესობას ხერხემლის გამრუდება და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

როდესაც დაისვა საკითხი, გაგვეცოცხლებინა ათასწლოვანი ცოდნა, იდეის ავტორებს ყური არავინ ათხოვა. მეტიც, თავის დროზე, როდესაც ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების აღდგენას ვიწყებდით, სპორტკომიტეტი კარატეს ათეულობით სახეობას აფინანსებდა, ქართულს კი არა.

დღეს კიდევ უფრო ცუდად არის საქმე, რადგან არა მხოლოდ ფიზიკური აღზრდის უნიკალური გამოცდილებაა დავიწყებული, არამედ ინერგება ყოვლად მავნებლური პრაქტიკა პარტიული ერთგულების ნიშნით გამორჩეულ სპორტსმენთა კასტის ჩამოყალიბებისა, რაც სრულიად მიუღებელია. ფედერაციების ამ ნიშნით დაკომპლექტება ამცირებს წარმატების შანსს და მისგან სახარბიელო შედეგებს აღარც უნდა ველოდოთ.

პრობლემებს ისიც დაემატა, რომ საერთაშორისო ტურნირებზე თავში წამოსარტყმელ ქვეყნად ვიქეცით - ოლიმპიადაზე მსაჯების მიკერძოებული გადაწყვეტილებები სწორედ ამას ადასტურებს.

ჩვენს ქვეყანას შეუძლია, ჭიდაობის მექად იქცეს, რაც შემაკავებელი ფაქტორი იქნება მოწინააღმდეგისა და მსაჯისთვისაც. ასე თავხედურად გამარჯვებას ვეღარავინ წაგვართმევს.

P.S. ნიკო კეცხოველს  უთქვამს: "ქართული ჭიდაობა ისეთივე ეროვნული საუნჯეა, როგორიც ფოლკლორი, ქართული სიმღერა, ქართული ხუროთმოძღვრება."   ეროვნულ საუნჯეს კი მხოლოდ იმ ქვეყანაში არ უფრთხილდებიან, სადაც სხვადასხვა მიზეზით სურთ ერის ისტორიის წაშლა. ერთი საუკუნის წინ ასე მოექცნენ რუსები ძველ ქართულ საბრძოლო ხელოვნებასაც და ქართული ჭიდაობის დაკნინების მცდელობის ხარჯზე მისი უძველესი წესებისა და ილეთების გამოყენებით შექმნეს დღეს განსაკუთრებით პოპულარული შერკინების სახეობა - სამბო. თუმცა, ეს ცალკე საუბრის თემაა.

შოთა ხაბარელი, ოლიმპიური ჩემპიონი და ორი ოლიმპიური ჩემპიონის აღმზრდელი: ჩვენმა ოლიმპიურმა ნაკრებმა წინა ოლიმპიადასთან შედარებით 12 საფეხურით უკან გადაინაცვლა. თუმცა, ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, მიღებული შედეგი წინსვლააო. ეს წინსვლა არ არის - არა მხოლოდ ჭიდაობაში დავიხიეთ უკან, დაიკარგა ის მედლებიც, რომლებსაც წინა ოლიმპიადებზე სპორტის სხვა სახეობებში ვიღებდით. საგანგაშო სიტუაციაა - სპორტსმენები ოლიმპიადამდე წვრთნას ისეთ ბაზებზე კი არ გადიოდნენ, სადაც სათანადო პირობებია შექმნილი, არამედ ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში, ეს ობიექტი კი ჩინოსნების პირადი საკუთრებაა და მომხმარებლით მის შევსებაზე ზრუნავენ. ზეწოლაზე ითქვა ბევრი. იმაზე დიდი ზეწოლა რაღა გინდა, როდესაც პრეზიდენტი ღია ეთერში გილანძღავს მეგობარს და შენ თავჩაღუნული დგახარ, როდესაც სააკაშვილი "მეოცნებე" სპორტსმენებს გმობდა, ყველა, ვისაც თავისი პოლიტიკური აზრი ხმამაღლა არ გამოუთქვამს, თავჩაღუნული დუმდა. მათ შორის, ლაშა შავდათუაშვილიც, რომელმაც ერთხელაც რომ მოინდომოს თავისი პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვა, იგივე ბედი ელის, რაც ზურაბ ზვიადაურს.

როდესაც ზვიადაურმა ოლიმპიური ოქრო აიღო, მიხეილ სააკაშვილმა გვერდით ამოიყენა და ამაყობდა, ეს არის ქვეყნის გმირიო. ეს გმირი რამდენიმე დღის წინ თუშეთში სასტუმროში არ შეუშვეს განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო და მინდორში გაათენა ღამე.

საქართველოდან გადიან ბრწყინვალე სპეციალისტები; წვრთნის შესანიშნავი სკოლა გვაქვს და ვანგრევთ. მოჰყავთ უცხოელი, რომელმაც არ იცის ქართული, არ იცნობს ეროვნული ჭიდაობისა და საწვრთნელი სკოლის ტრადიციებს. ვინც დღეს სპორტს ხელმძღვანელობს, უნდა მიხვდეს, რომ უკანონოდ იკავებს ღირსეული პიროვნებებისთვის განკუთვნილ ადგილს. თუ ამას მივაღწევთ, შედეგიც ძველებურად შესანიშნავი გვექნება.