იუჯინ პურსო: "თუ არ გიშველეთ, აუცილებლად განმეორდება ეგვიპტე და სირია" - კვირის პალიტრა

იუჯინ პურსო: "თუ არ გიშველეთ, აუცილებლად განმეორდება ეგვიპტე და სირია"

"საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს სისხლის დასაღვრელად"

"ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ქვეყანა ბრძოლის ველია, ხოლო მთავრობა ისე იქცევა, თითქოს არჩევნებისთვის კი არა, ხალხთან ომისთვის ემზადება"

ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას ვერ მალავენ მაღალი რანგის დიპლომატები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. ეუთო ქვეყანაში ლენინიზმის ნიშნებს ხედავს, ხოლო საარჩევნო საკითხების ამერიკელი ექსპერტის, არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტის" მრჩეველ ტერი ბენჰემის აზრით, საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა. ბენჰემმა პარასკევს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდ პრობლემად მიაჩნია კანონის შერჩევითი გამოყენების შემთხვევები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, დანიელი დეპუტატი მიკაელ იენსენი და ლატივიელი ბორის ცილევიჩი კი შეშფოთებით ეხმაურებიან გავრცელებულ ცნობას კოალიცია "ქართული ოცნების" საბანკო ანგარიშების გაყინვის თაობაზე. განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებსაიტზე 21 აგვისტოს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების შეშფოთებას იწვევს "აუდიტის სამსახურის მიკერძოებულობა". საქართველოში არსებულ ვითარებაზე შეშფოთებას გამოთქვამენ ამერიკელი მაღალი რანგის დიპლომატებიც და საქართველოში ეგვიპტის სცენარის განვითარების საფრთხეზე ლაპარაკობენ.

ამერიკელ დიპლომატს, გაეროს წარმომადგენელს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იუჯინ პურსოს სკაიპით დავუკავშირდით: - "ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას საქართველოში და ვხედავთ, რა ხდება. ამერიკელი ხალხი მზად არის მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში. აშკარად ჩანს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. ხალხის გათავისუფლება სამსახურებიდან იმის გამო, რომ მათი შვილები ან თავად გამოხატავენ სიმპათიას სხვა პოლიტიკური ძალის მიმართ, მარწმუნებს, რომ მთავრობა პოლიტიკურად მოტივირებულ მოქალაქეებს დევნის.

ეს ძალიან მძიმე ფაქტია იმ ხელისუფლებისათვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების მიმდევრად აცხადებს თავს. ქვეყანაში მოხდა არაერთი მკვლელობა, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია.

- რომელ მკვლელობებს გულისხმობთ?

- თუნდაც სანდრო გირგვლიანის საქმეს, რომელზეც ევროსასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა და მიუთითა საქართველოს მთავრობას, თავიდან გამოეძიებინა საქმე, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არაფერია გაკეთებული. ცოტა ხნის წინ კი ქართველმა ემიგრანტებმა საშინელი ამბავი მაცნობეს.

დაახლოებით ერთი თვის წინ ერთ-ერთი პროვინციის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, 25 წლის ბიჭს, 50 წლის ცნობილი ექიმი ალექსანდრე ტატიშვილი უმოწყალოდ მხოლოდ იმიტომ უცემია, რომ ექიმი "ქართული ოცნების" მომხრე ყოფილა. ახალგაზრდა "პოლიტიკურმა მოღვაწემ" თურმე ლიანდაგებზე არტყმევინა თავი. ექიმი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ის ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ოჯახის მეგობარი ყოფილა. Mათგან შევიტყვე, რომ ეს ამბავი, რომელიც ჭიათურაში მოხდა, არ გაშუქებულა ქართულ მედიაში. გარდაცვლილის ოჯახი ისეა დაშინებული, ხმის ამოღებას ვერ ბედავს. დამნაშავე არ დასჯილა, კი დააკავეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს, დანაშაულის მოწმე არ არსებობსო...

იმ ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ, რასაც მე სხვადასხვა წყაროსგან ვიღებ, განმიმტკიცდა აზრი, რომ ხალხი უფლებაწართმეული და დაშინებულია.

- რატომ გადაწყვიტეთ აქტიურად ჩართულიყავით სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში?

- როცა არჩევნები თანდათან ბრძოლის ველს ემსგავსება, არა გვაქვს უფლება, შორიდან ვუყუროთ, როდის მივა საქმე კონფრონტაციამდე. როდესაც ვითარება იქამდე მიდის, რომ შეიძლება სისხლი დაიღვაროს, ჩვენი მოვალეობაა, ჩავერიოთ და გადავარჩინოთ ქვეყანა უბედურებას. ეგვიპტეში საქმე სისხლის ღვრამდე სწორედ იმის გამო მივიდა, რომ იქ არსებულ პრობლემებზე მსოფლიომ ვერ შეძლო დროულად რეაგირება. თავს მოვალედ ვთვლი, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ საქართველოში არ განმეორდეს ეგვიპტე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველმა ხალხმა თავიდან აიცილოს სისხლის ღვრა. ამიტომაც შევუერთდი საქართველოს მეგობართა ჯგუფს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა საქართველოში ეგვიპტის სცენარი განვითარდეს?

- უკვე მივიღე წერილი, სადაც ქართველი ხალხი ამერიკელ ხალხს დახმარებას სთხოვს. წერილს ამერიკაში მცხოვრები რამდენიმე ათასი ქართველი ემიგრანტიც აწერს ხელს. თუმცა, წერილი არც იყო საჭირო იმის დასანახავად, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, კონფრონტაციის დასაწყებად და სისხლის დასაღვრელად.

როდესაც ამოწურულია ყველა შესაძლებლობა საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტისა, მერე იწყება სისხლის ღვრა და ესკალაცია. უკვე აშკარაა, რომ საქართველოში საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის რესურსი არცთუ ისე დიდია, მაგრამ ვთვლი, რომ მისი გამოყენება ბოლომდეა საჭირო.

სირიასა და ეგვიპტეში ერთ დღეში არ დაწყებულა ხოცვა-ჟლეტა. ნაღმი, რომელიც ამ ქვეყნებში აფეთქდა, ერთ დღეში არ შეკოწიწებულა. არ ვიცი, ხვალ რა მოხდება საქართველოში, მაგრამ ის კი ვიცი, რომ თუ არ ვუშველეთ, აუცილებლად განმეორდება ეგვიპტე და სირია.

საქართველო წინასაარჩევნო სამზადისში ჩაფლულ ქვეყანას არაფრით ჰგავს, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ქვეყანა ბრძოლის ველია, ხოლო მთავრობა ისე იქცევა, თითქოს არჩევნებისთვის კი არა, ხალხთან ომისთვის ემზადება. როცა ერთი ქვეყნის ხალხი სხვა ქვეყნის მთავრობას შველას სთხოვს, ესე იგი, ამოწურულია ყველა რესურსი და ცივილიზებული გზა, რომ ხალხმა ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიღწიოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა მოსახლეობას არ უსმენს, მისი აზრი არ აინტერესებს. როცა ვხედავ, რომ ოპოზიციის აქციაზე ასიათასობით ქართველი დგას მიუხედავად ხელისუფლების ზეწოლისა, ჩემთვის და ბევრი ამერიკელისთვისაც ყველაფერი გასაგებია.

- იქნებ დააკონკრეტოთ, რატომ გაქვთ ასეთი პესიმისტური პროგნოზი?

- მე შეკითხვითვე გიპასუხებთ: მშვიდობიანი დემონსტრაცია ხომ სასტიკად დაარბია საქართველოს ხელისუფლებამ? 26 მაისს დაიღუპა თუ არა ხალხი? ეს ფაქტი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და მოხსენებებშია მოყვანილი. ის, რომ ქართველი ხალხი უუფლებოა, წართმეული აქვს ქონება, ესეც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში წერია. მე ციფრებსა და სტატისტიკას ვეყრდნობი. შემაშფოთებელია გამამართლებელი განაჩენების გამოტანის საოცრად დაბალი პროცენტი. ჩემთვის მრავლისმეტყველია ის, რომ

საქართველო სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების პროცენტული მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ევროპაში.

რას ნიშნავს ყოველივე ეს, თუ არა იმას, რომ ქართველი ხალხი საკუთარ ქვეყანაში სამართალს ვერ პოულობს და ის სრულიად უუფლებოა. თუ ხალხი იხოცება, იმდენი პრობლემაა ქვეყანაში და მისი განვითარების დინამიკა არადემოკრატიულ სურათს აჩვენებს, რაღას ველოდებით? მე ვნახე ქვების სროლისა და რაღაც გაუგებარი ფორმირებების მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების ცემის ვიდეოფირები და Aამან შემზარა. ბოლოს და ბოლოს, იფეთქებს უფლებაწართმეული და დაჩაგრული ადამიანების პროტესტი და სისხლი წალეკავს ქვეყანას.A ამას დაველოდოთ?

ამას ვერ ვუყურებ მშვიდად. როცა ვხედავ, რომ რომელიმე ქვეყანაში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, იხოცება ხალხი, არ მეშინია, რომ ამის წინააღმდეგ თამამად გავილაშქრო! აAმიტომაც გადავწყვიტე, შევერთებოდი საქართველოს მეგობართა ჯგუფს, სადაც ქართველ ემიგრანტებთან ერთად ბევრი გავლენიანი ამერიკელი, სხვადასხვა დონის საერთაშორისო მოღვაწეა გაწევრებული. ჩემ მიერ განცდილსა და გაგონილს აუცილებლად მივიტან საჭირო ადრესატამდე. აუცილებლად გავაგებინებთ ამერიკელ ხალხს, რომ ქართველი ხალხი მათგან დახმარებას ითხოვს. თავს მოვალედ ვთვლი დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში დავეხმარო ქართველ ხალხს.

იუჯინ პურსო - ამერიკელი დიპლომატი, გაეროს წარმომადგენელი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან

1990-1995 წლებში გაეროში დეკოლონიზაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ესპანეთის, ტრინიდადისა და ტობაგოს კურატორი; 1994 წელს გაეროში თავმჯდომარეობდა ბუნებრივი კატაკლიზმების თავიდან აცილების სამსახურის კომიტეტს; 1995 წლის მარტში თავმჯდომარეობდა გაეროს  სოციალური განვითარების პროგრამას; 1990-1992 წლებში იყო მცირე კუნძულების ალიანსის წარმომადგენელი; 1991-1993 წლებში - ორგანიზაცია Caricom Caucus -ის თავმჯდომარე; 1993 წელს - გაეროს გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი; 1990-1995 წლებში - გაეროში გრენადის სრულუფლებიანი ელჩი (მუდმივი წარმომადგენელი), ასევე გაეროში გიბრალტარისა და ტაივანის კონსულტანტი; ამჟამად მსოფლიოს შავკანიანთა უფლებების დამცველ ორგანიზაციათა წარმომადგენელი და IFG-ს (International Friends of Georgia) დამფუძნებელი. ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი.

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში