ვიდეომასალაში გარკვევით ჩანს მტყუან-მართალი" - კვირის პალიტრა

ვიდეომასალაში გარკვევით ჩანს მტყუან-მართალი"

რატომ სცემეს სტუდია GNS-ის ჟურნალისტებს

შსს-ს ცნობით, 22 აგვისტოს, 21:30 საათზე, ახმეტის პოლიციის რაიონულ სამმართველოში რაიონის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება სტუდია GNS-ის ჟურნალისტების - ბაჩანა ბულისკერიასა და ვასილ დაბრუნდაშვილის ფიზიკური დაზიანების შესახებ. ჟურნალისტებს თავს დაესხნენ ხეტყის გადამმუშავებელი საამქროების მეპატრონეები ზაურ ყარმაზანაშვილი და ოსიკო ჭიჭიაშვილი შვილთან ერთად. პოლიციას საჩივრით მიმართეს თავდამსხმელებმაც და ჟურნალისტები მათ ტერიტორიაზე უნებართვოდ შეჭრაში დაადანაშაულეს.

ვასილ დაბრუნდაშვილი, ჟურნალისტი: - გვქონდა ინფორმაცია, რომ ახმეტაში ხეტყის უკანონოდ გადამმუშავებელი სამი საამქრო ფუნქციონირებდა. საამქროები ძირითადად საცხოვრებელი სახლის ეზოებშია განთავსებული. გადასამოწმებლად ჯერ ერთ ობიექტზე მივედით. ეზოში  მორებით დატვირთული ავტომობილი იდგა, ირგვლივ მორები ეყარა, რომელთაც მოჭრის ნებართვის დამადასტურებელი სალიცენზიო ნიშანი არ ჰქონდათ. პასუხისმგებელ პირთან გასაუბრება ვითხოვე. ეზოში ხუთი კაცი იჯდა. ერთმა, რომ არ ამოგვეცნო, თავზე მაისური მოიხვია და კამერას დაარტყა, მერე იქაურობის  დატოვება მოგვთხოვა.

გადავედით მეორე ობიექტზე. კარზე რომ დავაკაკუნეთ, ქალმა გამოგვხედა, ვუთხარით, ოსიკო ჭიჭიაშვილთან გვინდა შეხვედრა-თქო, შინ არ არისო და მის ნაცვლად შვილი ნოდარ ჭიჭიაშვილი გამოვიდა. მშვიდად ავუხსენი, ვინც ვიყავი. ამ დროს ის კაციც გამოჩნდა, რომელიც თითქოს შინ არ იყო. მასაც ხელი ჩამოვართვით, ავუხსენი, რომ მაინტერესებდა,  ამუშავებდნენ თუ არა უკანონოდ მოჭრილ ხეტყეს. ჩემმა ნათქვამმა მამა-შვილი ძალიან გააღიზიანა. ჯერ შვილმა ჩაარტყა კამერას ხელი, შემდეგ მამამ.

ათი-თხუთმეტი წუთის განმავლობაში სცემდნენ ჩვენს ოპერატორს. უცებ კამერას ბატარეა მოსძვრა, რომელიც, როგორც ჩანს, კასეტა ეგონათ და ოპერატორს მოეშვნენ, მან კი დრო იხელთა და ავტომობილში ჩაჯდა.

ბაჩანა ბულისკერია, ოპერატორი: - გამეტებით მცემდნენ წიხლებით, თან ცდილობდნენ, კამერა წაერთმიათ, მე კი ორივე ხელი ჩავჭიდე და არ ვუშვებდი. კამერა რომ ვერ წამართვეს, გამწარდნენ და ხელებზე ფეხებით შემდგნენ. არ მახსოვს, როგორ მოვახერხე მანქანაში ჩაჯდომა... საავადმყოფოში რომ მივედით, თავზე უამრავი კოპი მქონდა, სხეულზე სისხლჩაქცევები მეტყობოდა, გადაგლეჯილი ხელებიდან და მუხლებიდან სისხლი მდიოდა."

საავადმყოფოსკენ მიმავალმა ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ მდევარი მოსდევდათ. უსაფრთხოების მიზნით საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

ვასილ დაბრუნდაშვილი: - საპატრულო პოლიციამ გვითხრა, რომ საავადმყოფოში მოგვაკითხავდნენ და დასაკითხად წაგვიყვანდნენ. არავინ მოსულა, ამიტომაც ღამის პირველ საათზე ჩვენი ფეხით მივედით პოლიციაში. ახლა აღელვებულები ხართო და დილით, ათი საათისთვის დაგვიბარეს. დაკითხვის დროს გამუდმებით გვიმეორებდნენ, საამქროს მეპატრონის ტერიტორიაზე შეხვედით თუ არაო? როგორც  შევიტყვე, თავდამსხმელები აქეთ გვდებდნენ ბრალს - თურმე, ეზოში შევჭრილვართ, გვიყვირია, გვიგინებია მამა-შვილი...  გამოძიება დაიწყო 120-ე მუხლით, რომელიც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ  საქმეში უნდა ფიგურირებდეს 154-ე მუხლიც, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ეხება, ამის გარდა, ვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას: დამტვრეულია ჩვენი კამერა და მიკროფონი. მათი ქმედება იწვევს ეჭვს, რომ პრობლემა, რომლის გამოც ვიყავით მისული, რეალურად არსებობს. ვნახოთ, გამოძიება როგორ წარიმართება. მთავარია, რომ შევძელით მასალის გადარჩენა, რომელშიც გარკვევით ჩანს მტყუან-მართალი.

"მათრახის პოლიტიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იძულებით გაჭამონ გამხმარი თაფლაკვერი"

მიხეილ გენინი

იხილეთ ვიდეო: სტუდია GNS-ის ჟურნალისტები სცემეს