ქალების ცემა ქართულ პოლიტიკაში - კვირის პალიტრა

ქალების ცემა ქართულ პოლიტიკაში

როგორც ჩანს, ქალების ცემა პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშის გასწორების თანამედროვე ქართული მეთოდია - პრეზიდენტთან შეხვედრის მოსურნე ქალები სულ უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.

24 ივლისს პრეზიდენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე იყო ამავე სოფლის მკვიდრი როზა წყაბელიაც, რომელმაც თავისი გასაჭირის პრეზიდენტამდე მიტანა დააპირა და ამის გამო დაუნდობელი დევნის მსხვერპლი გახდა. როზა წყაბელია მანამდე ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, მაგრამ უცნობმა პირებმა არ მისცეს ინტერვიუს დასრულების საშუალება და შემთხვევის ადგილიდან გაათრიეს. ამას თვალს მშვიდად ადევნებდა პოლიციელი, რომელიც დანაშაულზე რეაგირების ნაცვლად, ტელეოპერატორს ხელს უშლიდა გადაღებაში. მოგვიანებით წყაბელია ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობის სარდაფში შეაგდეს. როგორც თავად ამბობს, მალე მასთან მივიდა პოლიციის უფროსი ქირია, რომელმაც მოტყუებით გაიყვანა გარეთ, ხელ-ფეხი შეუკრეს და შინ წაიყვანეს...

2011 წლის 26 სექტემბერს მელაანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ყოფილი მასწავლებელი ლამზირა ყორჩიშვილი, რომელსაც სააკაშვილისთვის წერილის გადაცემა უნდოდა, გურჯაანის პოლიციის უფროსის, ლევან ბიწკინაშვილის მანქანით გაიტაცეს. როგორც გაირკვა, ვერცხლისფერი "მერსედესი", რომლითაც პედაგოგი გაიტაცეს, შს გურჯაანის სამმართველოს ბალანსზე ირიცხება. როგორც ლამზირა ყორჩიშვილი ამბობს, გამტაცებლებმა ისე სცემეს, რომ გონება დაკარგა. შემდეგ კაჭრეთის სამედიცინო დახმარების პუნქტში მიიყვანეს და ექიმებს უთხრეს, რომ გონებადაკარგული ქალი გზაზე იპოვეს.

16 ივნისს ანაკლიაში პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისულ 75 წლის ცინარა აბულაძეს პოლიციელებმა ჯოხით სცემეს, კბილები ჩაუმტვრიეს და უმოწყალოდ ურტყეს მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემა სურდა, სადაც მხოლოდ ერთი ფრაზა ეწერა: "დამეხმარეთ დაკარგული შვილის პოვნაში".

ცინარა აბულაძეს 1-ელ აგვიტოს ისევ სასტიკად გაუსწორდნენ პოლიციელები, ამჯერად იმიტომ, რომ აბულაძემ წინააღმდეგობის გაწევა სცადა და თავისი სახლის წინ სამეგრელოს პოლიციელების თავნებობის ამბავი ბანერზე წააწერა (იხ. "კვირის პალიტრის" #34). აბულაძეების ოჯახში დატრიალებულ ცემა-ტყეპას მათი მეზობლები ადასტურებენ.

ეს ჩამონათვალი სრულყოფილი არ არის და არავინ იცის, რამდენი ფაქტი დარჩა კადრს მიღმა.

თამარ ჩუგოშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე: - შემაშფოთებელია ის, რაც ქვეყანაში ხდება. როზა წყაბელიას დევნაში საჯარო მოსამსახურეები და თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. ქალბატონი წყაბელია ასახელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელ ალექსანდრე ქობალიას, ადგილობრივი პოლიციის უფროს ქირიასა და უბნის რწმუნებულს. მონათხრობიდან იკვეთება, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ დანაშაულში, სხვა პირებს მითითებებს აძლევდნენ. უცნობია, ჟურნალისტებთან მოლაპარაკე როზა წყაბელიაზე მოძალადე პირები იყვნენ თუ არა პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ შეხვედრაზე ხომ იყვნენ პოლიციელები? ეს კი ადასტურებს, რომ მოძალადეები, სულ მცირე, ადგილობრივი პოლიციის თანხმობით მოქმედებდნენ. საქართველოს შს სამინისტრო უკიდურესად ცენტრალიზებული სისტემაა, ამიტომაც ჩნდება ეჭვი ადგილობრივი პოლიციის ქმედებების პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეთანხმების თაობაზე. ეს საქმეები დროულ და მიუკერძოებელ  გამოძიებას საჭიროებს.

მართალია, სოფელ ცაიშში მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციამ 2 პირი დააკავა და 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსიც, რომელიც შეესწრო ამ ინციდენტს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ადეკვატური რეაქცია იმაზე, რაც ხდება. გარდა ამისა, გამოძიების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარმართვისთვის ეს საქმე უნდა გამოიძიოს არა შს სამინისტრომ, არამედ პროკურატურამ. ცნობილია, რომ შს მინისტრ ბაჩანა ახალაიას მამა როლანდ ახალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორია. ამიტომ საქმე უნდა გამოიძიოს ისეთმა მიუკერძოებელმა სტრუქტურამ, რომელსაც ამ საქმეში ინტერესთა კონფლიქტი არა აქვს".

მეგრელ და კახელ კოლეგებს ქალების ცემაში არც სამტრედიელმა პოლიციელებმა დაუდეს ტოლი.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ჩემპიონმა სერგო კიღურაძემ "ინფო-9"-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს "ნაცმოძრაობას", კიღურაძე დააპატიმრეს და ბრალად წვრილმანი ხულიგნობა წაუყენეს. კიღურაძე სამტრედიის რაიონში, დაბა კულაშში, ბიძის სახლში დააპატიმრეს. პოლიციელებმა დაარბიეს სახლი და სცემეს ოჯახის დიასახლისს, მაია ახობაძეს - კბილები ჩაუმტვრიეს და ყბის ძვალი გაუბზარეს. როგორც ქალბატონი მაია ამბობს, პოლიციელებმა თმით ათრიეს.

ოთარ ჩრდილელი, კახი კალაძის პრესსპიკერი: "ამ საშინელი დარბევის შემდეგ სერგოს ძმა თემურ კიღურაძე პოლიციაში მივიდა და ისიც დაიჭირეს წინააღმდეგობის გაწევისთვის(?!). სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რომელმაც სპორტდარბაზის გარემონტების პირობა დადო. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამგზის ჩემპიონმა სერგო კიღურაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ სამტრედიელი სპორტსმენები ვარძელაშვილსა და ხელისუფლებას გვერდით არ დაუდგებიან, რადგან ამდენი წლის განმავლობაში სამტრედიის ამ სპორტდარბაზში არაფერი გაკეთებულა. ამის გამო იძიეს მასზე შური. რა პოლიტიკურ კულტურაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ქალებს უმოწყალოდ სცემენ?!"

ელენე თევდორაძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე: "ამაზრზენია ქალზე ძალადობა. ჩვენმა კომისიამ რამდენიმე საქმე განიხილა, მათ შორის - ქმრების ძალადობა ცოლებზე. ეს ერთი შეხედვით არც ისე მძიმე დანაშაულია, მაგრამ არც ერთ მათგანს შეწყალების რეკომენდაცია არ მისცა ჩვენმა კომისიამ. ქალის ცემა ისედაც ამაზრზენია და მით უმეტეს, როცა ამას სამართალდამცველები სჩადიან. რაღაა საკომენტარო. გარდა იმისა, რომ ცემა დანაშაულია, არსებობს სხვა რამ, რასაც სირცხვილი ჰქვია. ქალის, მით უმეტეს, ხანდაზმულის, ცემაზე მეტი სირცხვილი რაღა  უნდა იყოს?

ამავე თემაზე | ვიდეორეპორტაჟები

- ცაიშში პრეზიდენტთან შეხვედრის მსურველი მოხუცი ქალი უცნობმა პირებმა იძულებით გაათრიეს

- პრეზიდენტთან შეხვედრის მსურველი 70 წლის ანაკლიელი ქალი პოლიციამ გადამალა