მაკედ არის მთელი ერი - კვირის პალიტრა

მაკედ არის მთელი ერი

"რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ თუ ხუთიანის გარდა სხვა ციფრს შემოხაზავს, დაიღუპება"

წალენჯიხაში ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო ხსნარით მოსახლეობის "შეწამვლამ" ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა. "ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო ხსნარის გამოყენება ოპონენტების წინააღმდეგ რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების აპრობირებული მეთოდია" - მეუბნება მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი, რომელსაც წინასაარჩევნოდ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ვესაუბრეთ:

- გურიაში ვიყავი მოსახლეობასთან შეხვედრაზე და მაშინაც მოგვასხურეს ეს საწამლავი. გიკვირთ ეს ამ ხელისუფლებისაგან? მიკვირს, ამის მერე მიშას კიდევ რომ აქებს ვიღაც. გაიძახიან, მაგას ვენაცვალეო. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იმისთვის მოვიდა, რომ სიკეთე გაუკეთოს ხალხს, არადა ყველანაირი უბედურება დააბრალეს! საზოგადოების ნაწილიც  აჰყვა ამ პროპაგანდას. რა არის ეს?! ხალხის უმეტესობამ სახე დაკარგა. ტყუილების მოსმენა ურჩევნიათ მწარე სიმართლეს. ზოგჯერ ისე ვბრაზდები, მინდა ვთქვა, ეს საზოგადოება კი არა, ნაგავია-მეთქი. ძალიან გაბრაზებული ვარ.   "მიშა! მიშას!" ყვირის დიდი და პატარა. ეს ის ხალხია, რომელიც ხან ერთი ხელისუფლების მხარესაა, ხან - მეორის. სააკაშვილს დღეს საზოგადოების გამყიდველი ნაწილი უდგას გვერდით, უზნეო ხალხი. სახელმწიფო, სადაც კანონი და სამართალი არ არსებობს, სახელმწიფო არ არის.

- საზოგადოების ნაწილს, ალბათ, ხელისუფლების განცხადებები აბნევს, ჩვენი მოწინააღმდეგე ავი ზრახვებით არის გამსჭვალული და უწმინდური ხელებით ამიტომ მოიწევს ხელისუფლებაშიო.

- სანამ ჩვენი ხალხი დაბნევას არ გადაეჩვევა, მანამდე ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს საშველი არ იქნება. ადამიანი მარტო კუჭზე არ უნდა ფიქრობდეს!  მთელი საქართველო მოვიარე, მოსახლეობას ვხვდებოდი, ვესაუბრებოდი.

ერთმა ქალმა მითხრა, ჩემი შვილი სახელმწიფო სამსახურშია და ხუთიანი რომ არ შემოვხაზო, დაითხოვენო. ვკითხე, რა მოხდება, რომ სხვა ნომერი შემოხაზოთ-მეთქი? სხვა ნომერი რომ შემოვხაზო, გაიგებენ, რადგან საარჩევნო უბანზე კამერები დგასო. რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ თუ ხუთიანის გარდა სხვა ციფრს შემოხაზავს, დაიღუპება. როდესაც სამშობლო იღუპება, შენ როგორ ფიქრობ სამსახურსა და საჭმელზე?

- დღეს მთელი მსოფლიო ლუპით აკვირდება საქართველოში დანიშნულ არჩევნებს. ხელისუფლებაც მეტად უსმენს უცხოელებს.

- სასაცილოა, რომ "ქართული ოცნების" ოფისის ეზოდან ნაგავი უცხოელების ჩარევის მერე გაიტანეს. პოლიკარპე კაკაბაძისთანა მწერალია საჭირო და დღევანდელობაზე ისეთი რამ დაიწერება, "ყვარყვარე თუთაბერი" მოგონილი იქნება. სიამოვნებით ვითამაშებ ამ სპექტაკლში ნებისმიერ პერსონაჟს, დაწყებული პირველი კაცით და გოროზიებითა და სხვა ღიპიანი ჩინოვნიკებით დამთავრებული. ამდენი მუცლიანი ხალხი სად მოაგროვა ამ შობელძაღლმა? ყველა მაღალჩინოსანი ორსულად და მეცხრე თვეში როგორ არის?

- ბატონო ნოდარ, ასეთი როლებისთვის ზედმეტად გამხდარი ბრძანდებით.

- ჩავიდგამ მუთაქას და ვითამაშებ... კულტურის მინისტრმა რა ილაპარაკა ამას წინათ? ვიღაცების თანამდებობიდან გადადგომაზე ლაპარაკს, ჯობს თავის წარსულს მიხედოს და თავისი ძმიანად წავიდეს აქედან. ყველას მოეკითხება, მარტო პირჯვრის წერა და სანთლების დანთება არ უშველით. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს კაცი, რომელმაც პირჯვრის გადაწერა არ იცის?! მთელი ამათი პიარკამპანია ხომ ტყუილზე აქვთ აგებული, დავით აღმაშენებლის მერე ამდენი არ აშენებულა, რასაც აღმაშენებელი 30 წელი მოუნდა, ის 8 წელიწადში გავაკეთეო, რომ გაიძახის ეს კაცი, ხალხი დაგვაბრმავა?!

მე გული ჩემს თანამედროვეობაზე მწყდება, თორემ ვიცი, ამ ქვეყანას ვერაფერი აღგვის პირისაგან მიწისა. არც ისე შეჭირვებულია ჩვენი საზოგადოება. გავსებულია თბილისი მანქანებით, სავსეა რესტორნები... ვინ არიან და საიდან მოვიდა ეს ხალხი?

მაკედ არის მთელი ერი. ქალიან-კაციანად გასივებულები არიან. ჭამაზე ფიქრობენ და არა სხეულისა და სულის ძლიერებზე. თუ არ დაეცემი, ისე ვერ ადგები. ფეხზე მდგომ კაცს კი არაფერი აინტერესებს იმის გარდა, რომ იაროს. ამიტომაც, ალბათ, უნდა წავიქცეთ, რომ წამოდგომა ვცადოთ.