"დაქადება, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი გახდებაო, რომ არ ასრულდება, თვითონაც უნდა იცოდნენ" - კვირის პალიტრა

"დაქადება, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი გახდებაო, რომ არ ასრულდება, თვითონაც უნდა იცოდნენ"

"პოლიტიკური ოპოზიცია რეპრესირებულია... თუ საპარლამენტო არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა, აშშ საქართველოსთან თანამშრომლობის ინტერესს დაკარგავს... რაც ახლა ხდება საქართველოში, დემოკრატიულ არჩევნებს საფრთხეს უქმნის", - ეს სიტყვები საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს უილიამ ქორთნის ეკუთვნის. როგორ მიიღო ხელისუფლებამ ამერიკელი დიპლომატის ეს განცხადება და ხომ არ გახდება ეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების უარყოფითად შეფასების საფუძველი? - ამ თემით დავიწყეთ საუბარი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილთან:

- რეალური ვითარების შესახებ ზოგიერთს არასწორი ინფორმაცია აქვს. მათ არ იციან კონტექსტი, არ იციან ის, რომ მმართველ პარტიასთან შედარებით "ქართულ ოცნებას" თავის ანგარიშზე უკვე სამჯერ მეტი ფული აქვს და ამ თანხის ნაწილი არალეგალური გზებით მოხვდა ამ პარტიის ანგარიშზე. როდესაც ასეთი დარღვევების გამო აჯარიმებენ, ამას მოსდევს "ქართული ოცნების" ლობისტების აქტიურობა, აბა, ჩქარა, საქართველოში რეპრესიებიაო. სამწუხაროდ, ზოგიერთი ამას აჰყვება ხოლმე, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა გაირკვევა და ყველა ბრალდებას პასუხი გაეცემა. თუ აუდიტის სამსახურს ან სხვა ინსტიტუტებს აქვთ გადაცდომები, საარჩევნო სამზადისში დარღვევებია, ეს ბუნებრივად ახლავს წინასაარჩევნო რთულ პროცესს. მთავარია, მათზე რეაგირება, ახსნა-განმარტების გაკეთება და დარღვევების აღმოფხვრა.

- განსჯისა და ინტერპრეტაციების საგანი გახდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკარდო მილიორის განცხადება, წინასაარჩევნო კამპანიაში ვხედავ  ლენინიზმის მცირე ნიშნებს, პარტიები საკუთარ პროგრამებს კი არ წარადგენენ, არამედ ცდილობენ, ერთმანეთი გაანადგურონო.

-  რაც მოვისმინე, იყო ჩვეულებრივი განცხადება. სიტყვა "ლენინიზმი" ამ ადამიანმა აშკარად სხვა მნიშვნელობით გამოიყენა. ალბათ, უმჯობესი იყო, ეთქვა (დარწმუნებული ვარ, ეს უნდოდა ეთქვა), საბჭოური მემკვიდრეობა თავს იჩენს იმაში, რომ პარტიები ძალიან რადიკალურად უპირისპირდებიან ერთმანეთს და ჯობს საპროგრამო საკითხებზე იკამათონო. რა მოხდა მერე, ასეთი რამ რომ ითქვა? იმ შეფასებაში უამრავი კარგიც იყო.

- რიკარდო მილიორიმ მიუთითა საზოგადოების პოლარიზებაზეც. ამაში ვინ არის დამნაშავე?

- "ქართული ოცნების" ზოგიერთ ნაბიჯს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანი მოაქვს. ამას მარტივად ვერ ავუხსნით უცხოელს, რომელმაც ეს კონტექსტი არ იცის. შესაბამისად, ყოველგვარი წარმოსადგენი და წარმოუდგენელი დანაშაული გვბრალდება.

- თქვენ ეროვნული უსაფრთხოება ახსენეთ, რამაც გასულ კვირას გამოქვეყნებული გელაპის კვლევა გამახსენა, სადაც საქართველო უსაფრთხოების მიხედვით პირველ ადგილზეა.

- ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ კეთდება საარჩევნო პროცესისთვისაც, - არაერთი ცვლილება შევიდა კანონმდებლობაში, რომლის მონაწილენი და მომხრენი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იყვნენ. თუმცა, მათი ყველა იდეა თუ არ გავიდა, ზოგჯერ რაც გავიდა, იმასაც ივიწყებენ და ეს არის პრობლემა.

დღეს კი ცხოვრება გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე 90-იან წლებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას არა აქვს პრობლემები.

- ნინო ბურჯანაძისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას როგორ შეაფასებთ?

- რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს საქართველოს ამა თუ იმ ფორმით სატელიტად დაბრუნებისთვის. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს იმ ილუზიას, რომ შესაძლოა საქართველო დაუბრუნდეს რუსეთის ორბიტას. როგორ უნდა დაათბონ ურთიერთობა პუტინის რუსეთთან, თუ არ დათმობენ ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ელემენტებს? ბურჯანაძესთან ასეთი თბილი შეხვედრა ამაზე კიდევ მეტად მაფიქრებს. ბურჯანაძე ის ადამიანია, რომელმაც 2008 წლიდან საკუთარი პიროვნული ინტერესებისათვის მიზანშეწონილად ჩათვალა პუტინის გვერდით ყოფილიყო. მათ შორის ყოფილიყო იმ აღლუმზე, სადაც ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლი ჯარები მიდი-მოდიოდნენ.

- პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენი ოპონენტები არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიანო. იმაზე მიანიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" რევოლუცია სურს?

- რევოლუცია ხმამაღლა ნათქვამია. შეეცდებიან, ეჭვქვეშ დააყენონ არჩევნების შედეგები, იმიტომ, რომ ის არ იქნება მათი წარმატების გამომხატველი. "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, პარლამენტში ადგილები ექნება, მაგრამ წინასწარი დაპირება თუ დაქადება, ჩვენ გავიმარჯვებთ, ოქტომბერში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდებაო, რომ არ ასრულდება, თვითონაც უნდა იცოდნენ, თუკი საკუთარ კვლევებს მაინც აქცევენ ყურადღებას. გამოდის, უნდათ ეჭვქვეშ დააყენონ არჩევნების შედეგები და ქუჩაში გამოსვლებით სცადონ ფონს გასვლა.

მარი ზანდუკელი