"სვანებთან ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყეს" - კვირის პალიტრა

"სვანებთან ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყეს"

"ის, რაც  როზა წყაბელიას დამართეს ცაიშში, ხომ იყო ძალადობა და მასთან პრეზიდენტის სტუმრობა სუპერფარისევლობა?!"

ცუდი კაცი არის ცუდი და არა აქვს მნიშვნელობა, რომელი კუთხიდანაა. მინდა ვუთხრა გია უდესიანს, - ის, რასაც მასზე ამბობენ, კარგ შედეგამდე არ მიიყვანს, - მეუბნება "სახალხო კრების" წევრი, მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი.

- ერთხელ ჩემს შუათანა ვაჟს, ლუკას ვიდეოკამერით უღებდნენ, მაშინ 7 წლის იყო და ჰკითხეს, დემოკრატია რა არისო. ბავშვი არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა, დემოკრატია ის არის, რაც კნატუნებს და გემრიელიაო. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ XXI საუკუნეში კნატუნა და გემრიელი დემოკრატია ასე სანატრელი გაგვიხდებოდა. რა ჰქვია იმას, როცა ხელისუფლება სატელიტური თეფშების დაყადაღებით ან ძალმომრეობის დემონსტრირებით ცდილობს ხალხის ნების ჩახშობას? ეს ხომ ხავსზე მოჭიდებულის ცდაა, მაგრამ, ხელისუფლებამ ძალაუფლება  რომ შეინარჩუნოს, ყველაფერზე წავა,  საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანს და ქვეყანას ნაწილებად დაშლასაც არ მოერიდება. თითქმის ყოველდღე ვხედავთ ხელისუფლების ძალადობას, რითაც მიგვანიშნებს, რომ ყოველთვის მზადაა ხალხის ნების ჩასახშობად. რა ხანაში ვართ, რომელ ეპოქაში დავბრუნდით, ისევ მონათმფლობელობაა?! ის, რაც არცთუ დიდი ხნის წინ როზა წყაბელიას დამართეს ცაიშში, ხომ იყო ძალადობა და მასთან პრეზიდენტის სტუმრობა სუპერფარისევლობა?!

ხომ გამოჩნდა, რომ ძალმომრეობა სულაც არ შეწყვეტილა და მუჯლუგუნებითა და კბილების ჩამტვრევით სხვა ქალებსაც "გაუმასპინძლდნენ"? რის შემდეგაც საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარეს, აი, როგორ ზრუნავს პრეზიდენტი მოხუცებზეო. არადა წინა კვირას თქვენც გეწერათ რა დღეში ჩააგდეს ზუგდიდში მოხუცი დედა, რომელიც პრეზიდენტთან მიახლოებას ცდილობდა.

რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია რატომ უწოდა? იმიტომ კი არა, რომ იქ ვინმეს სციოდა ან შიოდა, წყალი ან ელექტროენერგია არ ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ხალხს არ ჰქონდა სიტყვის თავისუფლება, თავისუფალ არჩევანს იყო მოკლებული.

ყველამ ვიცით, იქ, სადაც პრეზიდენტი მიდის, რამდენი ასეული კაცი იცავს მის გარშემო პერიმეტრს. აბა, სცადე და მიუახლოვდი! პრეზიდენტს თავისივე ხალხის ეშინია.

ახლახან სოფელი აჩვენეს იმერეთში, მგონი, ჭიათურისკენ იყო. იმ სოფლის მცხოვრებნი ამბობდნენ, 20 წელია, ამ სოფელში ელექტროენერგია არ შემოსულა, აქ სულ რამდენიმე კომლი შემოვრჩითო. ჟურნალისტმა ერთს ჰკითხა, არჩევნებზე მხარს ვის დაუჭერთო. იმან კი უპასუხა, ამ შეკითხვაზე ნუ მაპასუხებინებთ, მეშინიაო. ლამის გავგიჟდი. გულში გავიფიქრე, რისი გეშინია, ადამიანო! 20 წელიწადია შუქი და გაზი შენს ოჯახში არ ყოფილა, გზა არა გაქვს, შვილები მშიერი გყავს. ახალგაზრდა კაცი ასე რამ დაგაჯაბანა?! თანდათან დავრწმუნდი, რომ საქართველო ქალებს გადაურჩენიათ, განსაკუთრებით კი ბოლო 20 წლის განმავლობაში. მათ ოჯახები, ავად თუ კარგად, შიმშილისგან იხსნეს. ხშირად ნახავთ, დგანან კაცები და იკვეხნიან, ამ დროს კი მათი ცოლები, დები, დედები მუშაობენ. ბევრიც უცხოეთშია გადახვეწილი, ზოგს შვილები ჰყავს მიტოვებული და რომ წარმოიდგენ, ეს დედას რად უღირს, შეიძლება, ატირდე. ვინ იცის, რამხელა ცრემლია ჩანთხეული ამ ლუკმაპურის შოვნაში.

ფონდ "ქომაგზეც" მინდა გითხრათ: მის ანგარიშზე  ქვეყნიდან გადახვეწილი ქალები სიმწრით ნაშოვნ გროშებს გზავნიან და ხელისუფლება კი აყადაღებს და აკონტროლებს, მერე კი ისე გამოჰყავს, ეს ფული თითქოს ტერორისტულ აქტებზე უნდა დახარჯულიყო. ეს ნაძირლობა არ არის?! სპეცრაზმელები უცვივდებიან სახლებში მოქალაქეებს და ფული საიდან გაქვს ან რატომ გირიცხავენო, აწიოკებენ. რა ქვეყანა ვართ ასეთი, სადაც პრეზიდენტის ერთგული ჩინოვნიკები დამსახურებულ სპორტსმენებსა და ოლიმპიელებს ემუქრებიან, ჩვენს წინააღმდეგ თუ წახვალთ, მუხლებს დაგიხვრეტთო! როგორი პატარა და მაჯლაჯუნა უნდა იყო, რომ ეს თქვა.

- ბოლო დროს ქალებზე თავდასხმის შემთხვევებმა იმატა.

- საქართველოში, განსაკუთრებით სვანეთში, ქალი დიდ როლს თამაშობდა ოჯახში.

ქალზე უმწეო, საყვარელი და მოსაფერებელი დედამიწის ზურგზე არაფერი გაჩენილა. ქართველი ქალი კი მაგარია ყველა სიტუაციაში. კაცებმა უფრო გამოამჟღავნეს სისუსტე. ეტყობა, ამიტომაც გაბოროტდნენ მამაკაცები და სისუსტის დასაფარავად ძალადობას მიმართეს. ამით აიხსნება ბოლოდროინდელი ძალადობაც, რაც ერთგვარი გაფრთხილებაცაა. ეს ნიშნავს იმასაც, რომ თუ ხელისუფლებას დასჭირდა, არავის დაინდობს, მათ შორის - ქალებსაც. არცთუ დიდი ხნის წინ იყო, დედისტოლა ქალს  სამტრედიაში კბილები ჩაუმტვრიეს. ამის ჩამდენი დედაბუდიანად არის ამოსაძირკვი.

- როგორც ამბობენ,  გია უდესიანი, რომელიც ამჟამად სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია, ამ წინასაარჩევნო პერიოდში ვარძელაშვილთან, ნამგალაურსა და სხვებთან ერთად ხშირად დადის რაიონებში. მასთან სვანებს როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- ცუდი კაცი არის ცუდი და არა აქვს მნიშვნელობა, რომელი კუთხიდანაა. მინდა ვუთხრა გია უდესიანს, - ის, რასაც მასზე ამბობენ, კარგ შედეგამდე არ მიიყვანს. ასეთ კაცს სვანური ტრადიციების მიხედვით გამოიყვანენ და ეტყვიან, - შენ რომ იყო ჩემს ადგილას, როგორ მოიქცევი? საქმე გაირჩევა და იოტისოდენას არ აპატიებს არავინ არაფერს. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, ახლა ასეთი რამ რატომ არ ხდება. საქართველოში ძირძველ წეს-ადათებთან ბრძოლა დიდი ხანია დაიწყო. სამწუხაროდ, არა მხოლოდ სვანეთი, საქართველოში ნებისმიერი სხვა კუთხე გააბახეს! სვანეთმაც ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გადაიტანა. სვანებთან ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყეს, სცენარები "მაღლა" დაიწერა, ადამიანების დამორჩილების და დაშინების მეთოდები შემუშავდა. ამ ყველაფრის შემდეგ დემოკრატიაზე ლაპარაკი სისულელეა.