"ასეთ გარემოში მშვიდად როგორ უნდა ვიყო?" - კვირის პალიტრა

"ასეთ გარემოში მშვიდად როგორ უნდა ვიყო?"

"ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის იმედი მაქვს

არ უნდა დავუშვათ დესტაბილიზაცია, რასაც ხელისუფლება გეგმავს

"ეს ხელისუფლება გავიდა ლეგალური მოედნიდან"

ჯონდი ბაღათურია, "ქართული დასის" ლიდერი, აქამდე ფართო ოპოზიციური კოალიციის შექმნაზე ლაპარაკობდა, ჯერჯერობით მინდია გულუასა და მის პარტიასთან ("განახლებული საქართველოსთვის") ერთობას სჯერდება.

ეს ორი პოლიტიკური ძალა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 23-ე ნომრით ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. რა გახდა ამ ორი პოლიტიკური ძალის დაახლოების მიზეზი და რა სტადიაზეა ჯონდი ბაღათურიასა და "ქართული ოცნების" ურთიერთობა, ამ თემით დავიწყეთ საუბარი "ქართული დასის" ლიდერთან:

- მინდია გულუას პარტიასა და "ქართულ დასს" შორის შეთანხმება კიდევ ერთი ნაბიჯია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნისკენ. მინდია გულუამ  უძლიერესი ფინანსური იმპერია შექმნა, აქვს კავშირები და გავლენა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში.  კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან. რუსეთი კი ის სახელმწიფოა, სადაც ძევს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ბაზრის გახსნის შესაძლებლობები. მინდია გულუასთან  დაახლოება დააჩქარა ცესკოს უკანონო გადაწყვეტილებამ, რომელმაც მისი პოლიტიკური ძალა საარჩევნოდ არ დაარეგისტრირა. ახლა ერთად გამოვაცხადეთ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის იდეა. ეს იქნება ძირითადი პოლიტიკური ძალებისაგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, სადაც რეალურ ოპოზიციურ ძალებს გვექნება კოორდინაცია ყველა პოლიტიკურ საკითხზე. ვგულისხმობ მაჟორიტარულ ოლქებში თანამშრომლობასაც, რათა ჩვენ შორის კონკურენცია გამოირიცხოს. ოპოზიციურ ძალებს კოორდინირებული მოქმედება გვმართებს არა მხოლოდ 1-ელ ოქტომბრამდე, არამედ მას მერეც. ეს პოლიტიკური პროცესის გაკონტროლების საშუალებას მოგვცემს, რათა არ დავუშვათ დესტაბილიზაცია, რასაც ხელისუფლება გეგმავს.

- ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინაცია ახსენეთ, მაგრამ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ხართ თქვენ და ასევე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უსუფაშვილიც. თქვენ მოხსნით საკუთარ კანდიდატურას თუ უსუფაშვილი?

- არ მითქვამს, უსუფაშვილმა კანდიდატურა მოხსნას-მეთქი. "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის იმედი მაქვს. საბურთალოზე უნდა მოვხსნათ ეს გაუგებრობა, რისი მიზეზიც  შესაძლოა ე. წ. გაფუჭებული ტელეფონი იყოს. აუცილებელია, რომ ჩვენ შორის კონკურენცია მაჟორიტარულ ოლქებში მაინც გამოირიცხოს.

- დამიკონკრეტეთ, რა შეიძლება შეიცვალოს საბურთალოზე,  თუ რომელიმე არ მოხსნით კანდიდატურას, ხმებს გაუყოფთ ერთმანეთს და, სავარაუდოდ, ხელისუფლების კანდიდატი გაიმარჯვებს.

- თუ ყველა დავძლევთ ვიწროპარტიულ ეგოისტურ ბარიერებს, მხოლოდ მაშინ შევძლებთ უფრო მჭიდრო კოორდინაციას. ეს ჩვენი ვალდებულებაა, რადგანაც ამ ქვეყანას ღმერთისა და ერის მტერი ხელისუფლება მართავს. ოპოზიციონერი, თუ შეეცდება მეორე ოპოზიციონერის დამარცხებას, თვითონ დამარცხდება. თუ ჩვენ ერთმანეთის გამარჯვებაზე ვიფიქრებთ, მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. მზად ვარ ნებისმიერ ოპოზიციონერ ლიდერს მოვეხმარო გამარჯვებაში, მოვახმარო მათ ჩემი რეიტინგი და პარტიული რესურსი.

- როდესაც  გულუასთან თანამშრომლობა გადაწყვიტეთ, არ იფიქრეთ იმაზე, რომ შესაძლოა ამით ხელისუფლებისაგან პრორუსის იარლიყი დაიმსახუროთ?

-  რაც უნდათ, ის ილაპარაკონ. რუსეთსა და პუტინთან თუ ვინმეს კარგი ურთიერთობა აქვს, ეს ნაკლია თუ, პირიქით, გამოსაყენებელი პოტენციალი? უნდა გამოვიდეთ იარლიყების მიკერების შიშის ფაზიდან. ჩვენ იმაზე ვიფიქროთ, რა გააძლიერებს და გაამთლიანებს საქართველოს.

ამ ხელისუფლებამ ყველაფერი იკადრა და გავიდა ლეგალური მოედნიდან. რა ხერხს აღარ მიმართა ოპონენტებთან საბრძოლველად, დაწყებული ქვების სროლით, დამთავრებული საარჩევნო კამპანიაში ნასვამი უწესო ქალების გამოყენებით, რომლებსაც ოპოზიციის აქციაზე  აყვირებდნენ. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ძალადობის, უსინდისობისა და მტაცებლობის სიმბოლოდ იქცა.

თუმცა, არის ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ასევე მავნებლობს - ჩვენი ზოგიერთი კოლეგა  შიდა ბრძოლას ეწევა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გაკვეთილები ვერ მიიღეს პოლიტიკაში ყოფნის განმავლობაში. ვერ აცნობიერებენ, რომ არ შეიძლება ოპოზიციონერები ერთმანეთის დამარცხებისთვის ვიბრძოდეთ.

მიუხედავად ასეთი ფაქტებისა, ველი, რომ ოპოზიცია გაერთიანდება. მდგომარეობა გაგვხდის იძულებულს, ჩვენ შორის კოორდინაცია შედგეს. თუ ვინმე ჩემთან სწორად არ მოიქცა, მის საწინააღმდეგოდ მაინც არაფერს ვიზამ. ჩემი პასუხი ყოველთვის იქნება ერთობისკენ მუდმივი მოწოდება.

ჩვენ დღეს არ ვიბრძვით საარჩევნო პროგრამებისთვის, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, რადგან ხელისუფლებაში უსამშობლო, უწარსულო ხალხია, რომელთაც თაღლითობით, ძალადობითა და სოროსის ფულით  ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება და ყველაფერი დააყადაღეს: სახელმწიფოსაც, სიტყვის თავისუფლებასაც, სასამართლოსაც და ოპონენტებსაც ყველაფერი დაუყადაღეს. ასეთ გარემოში მშვიდად როგორ უნდა ვიყოთ?  ამას წინათ "ფეისბუკზე" სააკაშვილი როსტომ-ხანს შევადარე და მომწერეს, როსტომ-ხანს როგორ მიაყენე ასეთი შეურაცხყოფა. მას იმდენი არ დაუშავებია საქართველოსთვის, რამდენიც სააკაშვილმა დაუშავაო.