"ინვალიდ კაცს პენსია იმიტომ დამიყადაღეს, რომ ხელისუფლებაზე განსხვავებული აზრი მაქვს" - კვირის პალიტრა

"ინვალიდ კაცს პენსია იმიტომ დამიყადაღეს, რომ ხელისუფლებაზე განსხვავებული აზრი მაქვს"

საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ერთი უცნაური კაცი ცხოვრობს - სულიკო ჯამალაშვილი ბედის უკუღმართობით ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული, მაგრამ დამოუკიდებლად მართავს მანქანას, ესწრება ოპოზიციის აქციებს, წერს პამფლეტებს პოლიტიკოსებზე და ინვალიდთა მარათონშიც მონაწილეობს (ქვეყნის ფარგლებს გარეთ). ჩვენ ამ მხნე და მომავლის რწმენით აღვსილ კაცს შინ ვეწვიეთ.

- სოფელში სულიკოს მეძახიან, შინაურები - ჩიკორას, ისე კი სოლომონი მქვია.  თქვენც სულიკო დამიძახეთ. აბა, რომელი სოლომონ ბრძენი მე ვარ! თუმცა, იმას, რასაც ახლა გეტყვით, დიდი სიბრძნე და მიხვედრილობა არ სჭირდება. ქვეყნის პირველ კაცს ხომ აქვს პრეტენზია, რომ სახელმწიფოს აშენებს? თუ მართლა სახელმწიფო გვაქვს, როგორ შეიძლება ინვალიდი სოციალური დახმარების გარეშე დატოვო?! არც დაზღვევის პოლისი მაქვს და არც რაიმე შეღავათი. პენსია საარსებო მინიმუმსაც ვერ აღწევს, მაგრამ რასაც მაძლევდნენ, ისიც დამიყადაღეს.

- პენსია რატომ დაგიყადაღეს?

- იმიტომ, რომ ხელისუფლებაზე განსხვავებული აზრი მაქვს. წლების წინ სახელმწიფომ მიწა მისცა გლეხებს. ძაღლი იყოს შევარდნაძის მაქებარი, მაგრამ მის დროს მიწის გადასახადს არ ვიხდიდით და არც გვთხოვდა ვინმე. მოკლედ, ლაპარაკია ერთ ქვიან, უვარგის ნაკვეთზე. ისეთი ადგილია, გუთანი ვერ უდგება. მოვიდა ახალი ხელისუფლება და გადაუხდელი გადასახადის გამო დამარიცხა საურავები. აბა, თავის მომხრეებს თუ ადებს საურავებს? ესეც ამორჩევითაა.

გაერთიანებული ოპოზიციის აქციებს ხშირად ვესწრებოდი, რაც ხელისუფლებას აღიზიანებდა. თავიდან, მგონი, მიწის გადასახადი 230 ლარი იყო წელიწადში, მერე უფრო გააძვირეს. დავალიანება 2.000 ლარამდე რომ დამიგროვდა, გადახდა გამიჭირდა. ამის შემდეგ დამიყადაღეს პენსია (უკვე 10 თვეა, რაც აღარ ვიღებ), ავტომობილის დაყადაღებაზეც მივიღე სასამართლოს უწყება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუთხარი, თუ პენსია მთლიანად მექვითება, ავტომობილი რატომღა უნდა გამიყიდოთ-მეთქი? თანაც იმ 2.000 ლარიდან უკვე 700 მაქვს გასტუმრებული. ჯერ ისევ დავდივარ მანქანით, ალბათ იმიტომ, რომ ახლა ჩემი ავტომობილისთვის არავის სცხელა.

- მართვა არ გიჭირთ?

- რადგან ფეხებს ვერ ვამოძრავებ, ავტომატიკით მართვა ძალიან მეხმარება. 1985 წელს ავტოკატასტროფაში ნერვი დამიზიანდა... არ მეგონა, ამ განსაცდელს თუ გადავიტანდი, მაგრამ გავუძელი.

- თავს რით ირჩენთ?

- ძროხები და ღორები მყავს. ერთხანს ლაგოდეხში წავედი, სალიარი წამოვიღე სოფელში გასაყიდად და ხელისუფლებამ კონტრაბანდისტად გამომაცხადა. არადა, აზერბაიჯანიდან მე კი არ შემომქონდა, შემოტანილს ვყიდულობდი. ფორმიანები ხან ალაზნის ხიდთან დამხვდნენ, ხან გურჯაანში, საწვავი წამართვეს და არც არავითარი დოკუმენტი არ შეუდგენიათ. ერთხელაც გავიხედე და (2008 წელი იყო, საპარლამენტო არჩევნების პერიოდი), მე რომ 800 ლიტრი სალიარი წამართვეს, მერე 20-20 ლიტრად დაარიგეს სოფელში, მეც შემხვდა 20 ლიტრი (იცინის). მეზობლებს ვუთხარი, ხომ ხედავთ, როგორი პატივი გეცით, ხელისუფლება ჩემს სალიარს გირიგებთ-მეთქი.

- თქვენზე მითხრეს, ენაკვიმატია, გაჭირვებაზეც ხუმრობით ჰყვებაო.

- ვყვები, თანაც ლექსებითაც ვაშარჟებ. მაგალითად "სააკაშვილის ლექსი" დავწერე, სადაც მიშა საკუთარ საქმეებზე ვალაპარაკე. ნაწყვეტს გეტყვით:

"პადოშასაც შევუთანხმდი, მინდა ყველამ იცოდეს,/ სანამ არჩევნები მოვა, შევქმნი ახალ სიცოცხლეს./ და ამ ახალ სიცოცხლესა მოვუძებნე სახელი,/ არც მეტი და არც ნაკლები, "ჰიბრიდული ქართველი" - (ცოტა ეყოს პენსია და ცოტა ეყოს საჭმელი!)/ მყავს ჯარიმის ამტანებიც, კაი სიტყვის ბიჭები,/ "მიშა, მიშას" ძახილით რომ დაბერვიათ ფილტვები./ ნიჭი მაქვს და სითამამე, მხარდაჭერა "ნაცების",/ ორი უფრთო ვერტმფრენითა რუსთან ომში ჩავები./ მაკკეინმა მაღიარა, ხელი ხელზე დავკარი,/  არც დავითი, არც თამარი ჩემი სწორი არ არის./ ვით ერეკლეს არაგველნი, გარს მარტყია "ნაცები",/ პუტინი და მედვედევი ერთად მყვანან ნაცემი".

ბიძინაზეც მაქვს ლექსში: "როცა "ნაცებსა" ვჩუქნიდი,/ რუსული ფული არ იყო,/ როგორც კი გეზი იცვალა,/ აზრი შუაზე გაიყო"...

მოკლედ, ასე ვიჯერებ გულს და ყადაღების, ჯარიმების, უსამართლობის პასუხად ვწერ ლექსებს.

ჩემს თავზეც ვთქვი ორიოდ სიტყვა:

"ნაცებსა ბუდე ეშლებათ,/ხავსს ეჭიდება მესაჭე,/განსხვავებული აზრისთვის/მეც მოღალატედ შემრაცხეს".

- მიშა ხალხს ყურს არ უგდებს. რაღაცას "გაკრასკავს" ერთი მხრიდან, მეორიდან ინგრევა. ისე გაკეთებულსაც ძაან ნუ გვაყვედრიან! განა დაყადაღებული ფულითა და ჩვენივე გადახდილი გადასახადებით არ კეთდება ყველაფერი? არცთუ დიდი ხნის წინ მაღაზიებს ჩამოუარეს, დააკისრეს ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის. არადა, ნაგვის ყუთები არსად იდგა და ნაგავს ჯიბეში ხომ არ ჩაიდებდნენ? ჯარიმების აკრეფიდან ერთ თვეში დადგეს(?!). ეს როგორ უნდა მომეწონოს? გლეხს მუშაობის სტიმული არა აქვს, გუბერნატორსა და გამგებლებს აქვთ აღებული ჰექტრობით მიწა. გარე ბაზარი დავკარგეთ და შიდა მთლიანად ხელისუფლების ხელშია. ხელისუფლება კი რაღა ჩემს მოყვანილ პროდუქტს გაყიდის, თავისას გაასაღებს! გლეხი კი ხელისუფლებას კონკურენციას ვერასოდეს გაუწევს.

- ივანიშვილს რატომ უჭერთ მხარს?

- მგონია, რომ ბიზნესს გაათავისუფლებს და არც ფულს მოიპარავს, რადგან თავისიც საკმარისად აქვს.  სოფლის პროდუქციის ქვეყნის გარეთ გატანა და რეალიზაციაც უფრო მეტად გახდება შესაძლებელი.

- რომ ვერ გაამართლოს თქვენი იმედი, მასაც დაუპირისპირდებით?

- მაშინ ისიც უნდა გადავირჩიოთ. "ქართული ოცნების" წევრები სოფელ-სოფელ დადიან და მეც თან დავყვები. ერთგან მოვიდნენ "ნაციონალი" ქალები და ჩხუბი დაგვიწყეს, მიშასგან რა გინდათ, რომელმა პრეზიდენტმა ივარგა, რომ სააკაშვილს ამდენ რამეს სთხოვთო. რადგან არც ერთმა არ ივარგა, უკეთესზე აღარც ვიოცნებო-მეთქი? მათ კი მოგვაყარეს, ბიძინა რუსეთის კაცია, თქვენ მოღალატეები ხართო. ასეთებს რაღა უნდა ელაპარაკო, აურჩევიათ აყლაყუდა პრეზიდენტი, ზოგი ფეხებში უვარდება, ზოგი ხელებს უკოცნის  და "მიშა", "მიშას" გაიძახის. არიან ისეთებიც, არ იციან, ხვალ შვილებს რა აჭამონ, მაგრამ მაინც ამბობენ, "მიშა მაგარიაო". ეს მოვლენა ვერაფრით ავხსენი. შესაძლოა ასეთი მხარდაჭერა შიშის ფაქტორს უკავშირდება. შიში ოხერი რამ არის. მეზობელი მეზობელს რომ რაღაცას უყვება, პირზე ხელს იფარებს, აქაოდა, არავინ მომისმინოსო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსახლეობაში ოპოზიციური განწყობა მაინც გაიზარდა. განსაკუთრებით ოპოზიციურია სოფელი პატარძეული და კაკაბეთი.

მართალია, ჩემმა პრეზიდენტმა ერთი  ინვალიდი კაცი მომიცილა, მაგრამ ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს მაინც ვინარჩუნებ. სხვათა შორის, 1991-1992 წლებში კიევში ვმონაწილეობდი ინვალიდების მარათონში,  ეტლით საკმაოდ გრძელი მონაკვეთი სწრაფად გავიარე. ასე რომ, თუ ეშმაკი ხელს არ შემიშლის, ამ ეტლით ჩემი სოფლიდან თელავში უნდა ჩავიდე.