დებატები და უკულტურობა - კვირის პალიტრა

დებატები და უკულტურობა

ჩვენში პოლიტიკური კულტურის არარსებობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ლიდერთა დებატებს ვერც ერთ არჩევნებზე ვერ ვეღირსეთ. სააკაშვილს ყოველთვის თავის დამცირებად მიაჩნდა ოპონენტებთან პირისპირ დაჯდომა. ბოლოს ის, მგონი, შალვა ნათელაშვილთან დებატებში ვნახეთ, რევოლუციამდე. იმის მერე თავს აღარავის უყადრებს. არადა, არც ამერიკის, არც საფრანგეთის თუ სხვა დასავლური ქვეყნების მოქმედი პრეზიდენტები ან პრემიერ-მინიტრები ოპონენტთან პირისპირ საუბარს არ თაკილობენ, ამით თავს დამცირებულებად არ თვლიან. დებატებს ვინ ჩივის, სააკაშვილი ივანიშვილის გვარსაც კი არ ახსენებს, ისე ლანძღავს. მიიჩნევს, რომ ეს ივანიშვილისთვის დიდი პატივი იქნება. ოპონენტის უპატივცემლობა ყველაზე დიდი პროვინციალიზმია.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა სააკაშვილს უფრო მეტი არგუმენტი აქვს (ის ამბობს, რომ აღარც პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს და აღარც პრემიერობაზე), ივანიშვილთან დებატებზე მის უარს მაინც ვერ გავამართლებთ. ის ისევ არის გუნდის ლიდერი. ფაქტობრივად, ის უძღვება "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიას, ყველაზე მეტ ბრალდებას ივანიშვილს სწორედ ის უყენებს და ალბათ, კეთილი უნდა ინებოს და ეს ყველაფერი პირისპირ უთხრას.

მეორე მხრივ, ჩემთვის ასევე გაუგებარი და მიუღებელია ივანიშვილის უარი მერაბიშვილთან დებატებზე. რა თქმა უნდა, "ნაციონალების" შეთავაზებაშიც არის ლოგიკა; ისინი ამბობენ, რომ სწორედ მერაბიშვილია მათი პრემიერმინისტრობის კანდიდატი და ივანიშვილიც, როგორც პრემიერობის მაძიებელი, მას უნდა დაელაპარაკოს. რა მნიშვნელობა აქვს, მერაბიშვილი არის თუ არა რეალური ლიდერი?

ისიც პრემიერობის კანდიდატია და ივანიშვილიც. თუ ის რეალური ლიდერი არ არის, ეს "ნაციონალების" პრობლემაა და მათ იდარდონ. გინდათ დებატები? მიბრძანდით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ივანიშვილისთვის მერაბიშვილთან დებატები უფრო სასურველი უნდა იყოს, რადგან ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ისევე უჭირს საუბარი, როგორც "ოცნების" ლიდერს. ერთიც და მეორეც ახლა სწავლობს ორატორობას და თანაბარი შერკინება იქნებოდა. სააკაშვილთან კი ბატონ ბიძინას გაუჭირდება. ჩვენი პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ სისულელესაც ხშირად ამბობს, ივანიშვილსაც და მერაბიშვილსაც ერთად დაიხვევს ენაზე, დებატებში კი ეს არცთუ უმნიშვნელო ფაქტორია. საოცრების მწვერვალი მგონია ივანიშვილის კიდევ ერთი შეთავაზება: "ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ერთ წევრთან დებატებში არ დავჯდები. შვიდზე მეტნი შეიკრიბონ და მზად ვარ მათთან საკამათოდ ნებისმიერ საკითხზეო. ვერ გავიგე, დებატებს აპირებენ თუ ჭადრაკის ერთობლივ სეანსს? ან ასეთი დებატები გინახავთ სადმე - ერთი შვიდის წინააღმდეგ? ან რატომ შვიდზე მეტი და არა, ვთქვათ, ხუთზე? ან ერთ ვანო მერაბიშვილთან დებატები რატომ არის სირცხვილი და შვიდ ნაციონალთან - არა? ვერ გეტყვით, როგორც ჩანს, ორივე მხარე მიზეზებს ეძებს, რომ ლიდერების მონაწილეობით დებატები არ გაიმართოს. როგორც ჩანს, ვერც ამ არჩევნებზე ვიგრძნობთ თავს ცივილიზებული ქვეყნის მოქალაქეებად და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ დებატებზე ლიდერთა უარის გამო.

"მტერი არსობისა"

ქართველი ოპოზიციონერები ხელისუფლებასთან დაკავშირებით ხშირად ახსენებენ ბოლშევიზმს და საბჭოთა კავშირს. თითქოს ეს ეპითეტები უკვე გაცვდა კიდეც, მაგრამ როდესაც სიტყვა "ლენინიზმი" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა წარმოთქვა, ყველა უცებ გამოცოცხლდა. ოპოზიციას გაუხარდა, აი, ხომ ვამბობდით, ესენი ბოლშევიკები არიანო, ხელისუფლება შეტევაზე გადავიდა, ბატონი რიკარდო მილიორი ჩვენ კი არა, ოპოზიციას გულისხმობდა, რომელიც საარჩევნო პროგრამებს კი არ წარმოადგენს, ნგრევით იმუქრებაო. ნიკა რურუამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ნათქვამს სისულელე უწოდა, თავად მას კი - თანამდებობისთვის შეუფერებელი (ოღონდ: უზრდელი! უხეშიო! - არ დაუყოლებია). მერე კი გამოასწორა (ან გამოასწორებინეს), ჟურნალისტებმა მისი ნათქვამი არასწორად გადმომცეს, როდესაც თავად წავიკითხე, მივხვდი, რასაც გულისხმობდა და აღარ ვფიქრობ, რომ სისულელეაო, მაგრამ სკანდალი უკვე აგორებული იყო. თუმცა რურუამ კარგი გაკვეთილი მიიღო: როდესაც რაღაც ზუსტად არ იცი, თავი არ უნდა გამოიდო, თორემ ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდები.

მოკლედ, ბატონმა მილიორმა ამ ერთი სიტყვით კიდევ უფრო შეარყია ჩვენი ისედაც ზომაზე მეტად შერყეული წინასაარჩევნო მდგომარეობა. არადა, რა თქვა ამ კაცმა უცნაური? არც არაფერი: ლენინიზმია, როდესაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეში მტერს ხედავთო. გაიგეთ, რომ თქვენ ერთმანეთის მტრები კი არა, მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები ხართო. ეს იყო და ეს. შენიშვნა, ბუნებრივია, ხელისუფლებასაც ეხებოდა და ოპოზიციასაც, თუმცა თუ იმის გამოკვლევას დავიწყებთ, ვის უფრო მეტად, მაშინ რა თქმა უნდა, პასუხი იქნება - ხელისუფლებას. სააკაშვილის რიტორიკა ბოლო დროს ძალიან აგრესიული გახდა. მხოლოდ იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ ბატონი მიხეილი პოლიტიკურ ოპონენტებში თავის მტერს ხედავს. არა, იგი ცდილობს, ოპონენტები ქვეყნის მტრებად წარმოაჩინოს. ბოლშევიკებისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ისინი ოპონენტებში არა ქვეყნის, არამედ ხალხის მტრებს ხედავდნენ. ჰო, ხვრეტდნენ კიდეც მათ.

მადლობა სააკაშვილს, რომ ჯერ აქამდე არ მისულა, მაგრამ რა საჭიროა მუდამ "მგელი მოდის!" "მგელი მოდის!" ძახილი? იმის მტკიცება, რომ თუ მე არ ამირჩევთ, ქვეყანას მტერი დაეპატრონება? ეს ხომ ნიშნავს, რომ შენი ამომრჩევლისთვის რაიმე პოზიტიურის შეთავაზება არ შეგიძლია? ამომრჩეველს რომ ეუბნები: მე რაც ვარ, თქვენც იცით, მაგრამ ისინი მტერთან არიან შეკრული და ისევ შეჩვეული ჭირი გერჩივნოთო. ასეთი რიტორიკით ხომ შეგნებულად ძაბავ სიტუაციას? როდესაც შენს მომხრეებს შთააგონებ, რომ ოპოზიცია ქვეყნის გამყიდველია, მათში ხომ განსაკუთრებულ აგრესიას აღვივებ, ამით ხომ შეიძლება მათ ძალადობისკენაც უბიძგო, რადგან ქვეყნის მოღალატე ყველაფრის ღირსია? შეიძლება ვინმემ იკითხოს: რა უნდა ქნას, თუ ოპოზიცია მართლაც გამყიდველია, არ თქვას? უნდა თქვას, მაგრამ როგორ შეიძლება, 2003 წლიდან, ვინც ოპოზიციაში გამოჩნდა, ყველა რუსეთთან იყოს შეკრული? ეს ბრალდება ხომ ახალი არ არის? მან უკვე დევალვაციაც განიცადა, თუმცა, როგორც ჩანს, არა სააკაშვილისთვის, რადგან მას არსებობისთვის მტრები სჭირდება. სააკაშვილი თუ ლოცულობს, ალბათ ასე: უფალო, მომეც მე მტერი ჩემი არსობისა.