"არავინ აძალებს ზურაბ ხარატიშვილს, იყოს ცესკოს თავმჯდომარე" - კვირის პალიტრა

"არავინ აძალებს ზურაბ ხარატიშვილს, იყოს ცესკოს თავმჯდომარე"

"თუკი ერთ ან მეორეძალას ექნება უმრავლესობა, შეიძლება ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყოს"

"ივანიშვილი ვერ ჩავიდოდა რუსეთში პუტინის ხელის ჩამოსართმევად, ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა იყო რუსეთისთვის იმის ჩვენება, რომ იქნება იმაზე ლოიალური, ვიდრე საშუალო ქართველი უნდა იყოს", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა ლევან ვეფხვაძემ ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შეფასებისას. რატომ ნიშნავს ბურჯანაძისთვის ხელის ჩამორთმევა პუტინისთვის ხელის ჩამორთმევას, როგორ აფასებს საარჩევნო გარემოს და ვინ მიაჩნია ქართულ სინამდვილეში "მცირე ლენინიზმის ნიშნების" დამკვიდრების ინიციატორად, ამას ლევან ვეფხვაძესთან ინტერვიუში შეიტყობთ:

- ბოლო პერიოდში ნინო ბურჯანაძეს ორი საბრენდე ნიშანი გამოარჩევს: პირველი - ქალბატონი ნინო ფიქრობს, რომ ქვეყნის გამთლიანება და წინსვლა იქნება, თუკი ჩავალთ მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ჰიმნის თანხლებით ჩავიბარებთ აღლუმს და ჩამოვართმევთ ხელს პუტინს. მეორე - ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არ აღიარებს არანაირ არჩევნებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში,  ობიექტური არჩევნები ვერ ჩატარდება. ამიტომ, როდესაც ქალბატონმა ნინომ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, ეს იყო Mმისი შეხედულების თანამიმდევრული გაგრძელება. ეს გულისხმობს არა ხელისუფლების არჩევნების გზით, ეტაპობრივად შეცვლას, არამედ რევოლუციურ გზას.

თქვენ გაინტერესებთ რატომ დავაკავშირე ამასთან ივანიშვილი? ივანიშვილის გარშემო ძალიან ეკლექტიკური გაერთიანებაა. იქ არიან პირები, რომლებიც გამოირჩევიან აშკარა ანტიდასავლური განცხადებებით და არიან ისეთებიც, რომელთაც პროდასავლური პოზიციები აქვთ. მე ვერ დავინახე ბიძინა ივანიშვილის გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური კურსი. როდესაც უცხოელებთან ვსაუბრობთ, ისინიც გვეკითხებიან, ჩვენ ვერ ვხედავთ ივანიშვილის საგარეო კურსს გამოკვეთილად და თქვენ ხედავთო? მისი ბურჯანაძესთან შეხვედრა ამიტომაც ბუნებრივად დავაკავშირე პუტინთან. ივანიშვილს ვერ ექნება რუსებთან იმ ფორმით ურთიერთობა, როგორიც ბურჯანაძეს მოუწია, რადგან საქართველოდან ფიზიკურად ვერ გადის, მაგრამ ბურჯანაძესთან შეხვედრით გამოჩნდა, რომ არჩევანი გააკეთა იმ გზისკენ, რა გზითაც ბურჯანაძე მიდის. როდესაც ივანიშვილი ხელს ბურჯანაძეს ართმევს, ამით ამბობს, რომ ეგუება იმას, რომ შეიძლება არჩევნებში დამარცხდეს და მოუწიოს ბურჯანაძის გზის არჩევამ, რაც საშიში და სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის.

ივანიშვილის განცხადებები, დაკავშირებული საგარეო პოლიტიკასთან, ძალიან წინააღმდეგობრივია, ისევე როგორც მისი დამოკიდებულება არჩევნებისა და ჩვენ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი.

ერთხანს ამბობდა, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მივიღებო, მაგრამ უცებ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატია. ეს ნიშნავს, რომ აღიარა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, კარგი ყოფილაო.  სხვაგვარად ვერ გამოცხადდებოდა პრემიერმინისტრობის კანდიდატად.

- როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებაში ჩნდება ფრაზა - "საარჩევნო კამპანიის დროს ვხედავ ლენინიზმის მცირე ნიშნებს", ვინ არის დამნაშავე ამაში?

- ჩვენც შევხვდით ეუთოს წარმომადგენლებს და მათი განცხადებებიდან ვერ აღვიქვით, რომ ისინი მხოლოდ სააკაშვილსა და მის გუნდს გულისხმობდნენ.  რიკარდო მილიორიმ განმარტა ლენინიზმში რასაც გულისხმობდა, მტრების ძებნასა და მათი განადგურების მცდელობას, რაც ორივე მხარისთვის არის დამახასიათებელი. ქართული პოლიტიკური სივრცე საფრთხეში აღმოჩნდება, თუკი ამ ორი ძალისგან რომელიმეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება პარლამენტში. იმიტომ, რომ ორივე ერთი და იმავე ლენინისტური მენტალიტეტის მატარებელია. მათთვის გაცილებით იოლია ადამიანების მტრად გამოცხადება და მერე მათი განადგურებისთვის ბრძოლა. ამას აკეთებდა სააკაშვილი 8 წლის განმავლობაში და ამის ნიშნებია ივანიშვილის განცხადებებშიც.

- ივანიშვილის რომელი განცხადება ან ქმედება მიგაჩნიათ ლენინიზმის ნიშნად?

- მახსოვს ფრაზა მისი ინტერვიუდან, - ის, ვინც მე არ დამიჭერს მხარს, ყველა ჩემი მტერი და სააკაშვილის მხარდამჭერი იქნებაო. ლენინიზმია ასევე  ივანიშვილის განცხადება, - მე ავირჩევ, ვისთან გავმართო დებატები და ვისთან - არაო. კანონი ავალდებულებს ყველა მედიასაშუალებას, ოთხი კვალიფიციური სუბიექტი  (ქდმ, ლეიბორისტები, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა") მუდმივად ჰყავდეს დებატებში. არც ივანიშვილი და არც სხვა ვინმე თავს კანონზე მაღლა არ უნდა აყენებდეს. როდესაც ივანიშვილი აცხადებს, სააკაშვილთან დავჯდებიო, უნდა გაითვალისწინოს, რომ კანონის შესაბამისად დებატები წყვილების კი არა, კვარტეტის, ოთხი კვალიფიციური სუბიექტის მონაწილეობით უნდა გაიმართოს.

- რამდენიმე დღის წინ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა პასუხისმგებლობა მოიხსნა არჩევნების პროცესზე. ამას სოციალურ ქსელში მოჰყვა შეფასებები, რადგან ცესკოს თავმჯდომარე პასუხისმგებლობას იხსნის, სავარაუდოდ, არჩევნები გაყალბდებაო.

- ჩვენ გვახსოვს ცესკოს თავმჯდომარეები (მაგ. ჯუმბერ ლომინაძე), რომელთაც იყენებდნენ მხოლოდ მედიაკომუნიკაციისთვის, მაგრამ შავ სამუშაოს სხვა ისე ასრულებდა, ცესკოს თავმჯდომარემ არც იცოდა. თუკი რამ დაშავდება არჩევნებზე, პასუხისმგებლობა ცესკოს თავმჯდომარეს ეკისრება. არავინ აძალებს ზურაბ ხარატიშვილს, იყოს ცესკოს თავმჯდომარე, თუ ხედავს, რომ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. შეუძლია დატოვოს თანამდებობა და ის მოვა მის ადგილზე, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას.

- როდესაც ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, ბურჯანაძე გააკრიტიკა, მაგრამ მერე გადახედა თავის შეფასებას და შეხვდა. გამორიცხავთ, რომ თქვენც მოგიწიოთ ივანიშვილთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომამ?

- თუ სააკაშვილთან მოსალაპარაკებლად ვსხდებით, ასევე დავსხდებით ივანიშვილთანაც, რადგან არის თემები, რაზეც მზად ვართ ყველასთან ვითანამშრომლოთ.

- თუმცა, თქვენი შეფასება, ივანიშვილი რევოლუციისათვის ემზადებაო, ძალიან ჰგავს სააკაშვილის განცხადებას.

- რა იქნება არჩევნების მერე,  ამაზე ლაპარაკობენ არა მარტო ქდმ და მიხეილ სააკაშვილი, არამედ ყველა ექსპერტი. ხშირად ჩვენი და "ქართული ოცნების" განცხადებებიც ემთხვევა, მაგრამ რატომღაც ამას არავინ ამჩნევს.

- როგორ წარმოგიდგენიათ მომავალ პარლამენტში ძალთა გადანაწილება?

-  თუკი ერთ ან მეორე ძალას ექნება უმრავლესობა, შეიძლება ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყოს. თუ სააკაშვილი დამარცხდება, არა მგონია, ამას მარტივად შეეგუოს, იმავეს ველოდები ივანიშვილისაგანაც. ჩემთვის საინტერესო იქნება ისეთი პარლამენტი, სადაც 50%-ზე მეტი არ ექნება არც სააკაშვილს და არც ივანიშვილს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტში შესვლისთანავე ორივე დაიშლება. თუკი რაიმე საღი ნაწილი არსებობს "ქართულ ოცნებაში" და "ნაცმოძრაობაში" მზად ვართ ამ საღ ნაწილთან ერთად შევქმნათ ახალი უმრავლესობა მომავალ პარლამენტში.