საპატიო ადგილი არშემგდარი ქვეყნების რეიტინგში - კვირის პალიტრა

საპატიო ადგილი არშემგდარი ქვეყნების რეიტინგში

"ხელისუფლებამ წითელი ხაზი გაავლო მდიდრებსა და ღარიბებს შორის"

2012 წლის არასტაბილური ქვეყნების რეიტინგში, რომელიც The Fund for Peace - მა გამოაქვეყნა, საქართველო 177 ქვეყანას შორის 51-ე ადგილზე აღმოჩნდა, სადაც მაქსიმალური 120 ქულიდან, სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით, მთელი 84.8 ქულა "დაიმსახურა". აღნიშნულ რეიტინგში საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანზე არასტაბილურ ქვეყნად დასახელდა.

რეიტინგი სხვადასხვა რისკების მაჩვენებელზე დაყრდნობით და ათასობით ელექტრონული სტატიისა თუ მოხსენების გათვალისწინებით დგება. ქვეყნის არასტაბილურობის რეიტინგის შედგენისას 12 კრიტერიუმს ითვალისწინებენ: დემოგრაფიული ზეწოლა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა, საჩივრების რაოდენობა, ადამიანთა თვითმფრინავით სარგებლობა, არათანაბარი განვითარება, სიღარიბე და ეკონომიკური დაცემა, სახელმწიფოს ლეგიტიმურობა, საჯარო მომსახურება, ადამიანთა უფლებები, სპეცსამსახურების სიძლიერე, სახელმწიფო ელიტის ერთიანობა, საგარეო ინტერვენცია.

არასტაბილური ქვეყნების რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ: სომალი, კონგო, სუდანი, ჩადი, ზიმბაბვე, ავღანეთი, ჰაიტი, იემენი, ერაყი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.

2012 წლის არშემდგარი ქვეყნების რეიტინგში ბოლო ხუთეული ფინეთმა, შვედეთმა, გერმანიამ, შვეიცარიამ და ნორვეგიამ გაინაწილეს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოზე უარესი მდგომარეობა აღმოაჩნდა უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს. ხოლო ჩვენზე შემდგარ და შესაბამისად სტაბილურ ქვეყნად დასახელდნენ: აზერბაიჯანი, თურქმენეთი, რუსეთი, ბელორუსი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ლატვია, ესტონეთი და ლიტვა.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "გასული საუკუნის 70-80-იან წლებს თუ შევადარებთ დღევანდელ ვითარებას, მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდის მაჩვენებელი თითქმის ათჯერ არის შემცირებული. შეიძლება ითქვას, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში ძალიან საშიშ ზღვარს უახლოვდება. რა თქმა უნდა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი გასულია ქვეყნიდან და ამან მცირედით შეიძლება კორექტირება შეიტანოს დემოგრაფიული ზრდის მაჩვენებელში, მაგრამ ვითარება იმდენად რთულია, რომ უახლოესი 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობა 20 ათასით თუ გაიზრდება.

ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თვალსაზრისით უმძიმესი რეალობის წინაშე ვიმყოფებით. 1990-93 წლებში კონფლიქტის შედეგად დევნილებს, 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები დაემატა. აღარაფერს ვამბობ ეკომიგრანტებზე. იძულებით გადაადგილებულ პირთა ასეთი რაოდენობა უმძიმეს ტვირთად აწევს ქვეყანას, რაც ძალიან მძიმე სოციალურ ფონს ქმნის. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან საშიშ მდგომარეობაში ვართ.

რეიტინგის ერთ-ერთი კრიტერიუმია საჩივრების რაოდენობა. უნდა ვაღიარო, რომ მთლად ზუსტად ვერ გავერკვიე, რას შეიძლება გულისხმობდეს ეს კრიტერიუმი, მაგრამ თუ ზოგადად განვიხილავთ, საჩივრები შესაძლოა არსებობდეს მოსახლეობის მხრიდან უმუშევრობასთან, მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე, შეიძლება იგულისხმებოდეს სხვადასხვა საერთაშორისო თუ შიდა დავები. მაგალითად, საჩივრები, რომლის ავტორები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან, ან დავები, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოებში განიხილებოდა ან განიხილება. საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე რეალურად იწყებს რეაგირებას იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ეს კი წესით სიფხიზლისკენ უნდა მოგვიწოდებდეს. ფაქტია, რომ წლების განმავლობაში არაღიარება იმისა, რაც საქართველოში ხდებოდა, ქვეყნის საშიანაო პოლიტიკაზეც ცუდად აისახა და დასავლური პარტნიორების უნდობლობაც გამოიწვია. შეუძლებელია, პარტნიორობა გინდოდეს დასავლეთთან და ის თვალს ხუჭავდეს იმ დარღვევებზე, ადამიანის უფლებების შეურაცხყოფაზე, გამეფებულ სიღარიბეზე, რაც საქართველოშია.

რაც შეეხება არათანაბარ განვითარებას, ამ თვალსაზრისით მსოფლიო რეკორდსმენები ვართ. საზოგადოების ასეთი დიფერენციაცია, როგორიც საქართველოშია არსად გვხვდება. საზოგადოება დაყოფილია ძალიან მდიდრებად და ძალიან ღარიბებად. სხვათა შორის, ასეთი მკვეთრი სხვაობა თვალშისაცემია ასევე სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს შორისაც.  ვგულისხმობ მაღალ სახელისუფლებო ეშელონებს და მათ შემოსავლებს და სახელმწიფო სამსახურში, ქვედა რგოლში დასაქმებულებს და მათ ხელფასებს. ხელისუფლებამ ფაქტობრივად წითელი ხაზი გაავლო, რომლის ზემოთ მყოფნი სარგებლობენ ქვეყნის სიკეთეებით, ქვემოთ მყოფები კი უნდა დაკმაყოფილდნენ მცირედით. ქვეყნის მთელი დოვლათი კონცენტრირებულია ვიწრო პარტიულ წრეში და მათ შორის ნაწილდება. ასეთი ქვეყანა ყოველთვის განწირულია იმისთვის, რომ ვერ განვითარდეს. პირდაპირ გეტყვით, ეს არის საზიზღარი დიფერენციაცია, რომელიც სოციალურ ჭაობს ქმნის. ასეთ ვითარებას ქვეყნები, როგორც წესი, ვერ ნიღბავენ, ამიტომაც დავიკავეთ საპატიო ადგილი არშემდგარი ქვეყნების რეიტინგში".

ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)