რა ხდება ლოპოტას ხეობაში? - კვირის პალიტრა

რა ხდება ლოპოტას ხეობაში?

საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში მიმდინარეობს დივერსანტთა ჯგუფის დევნის სპეცოპერაცია. ყველაფერი სოფელ ლაფანყურიდან ხუთი ახალგაზრდის გაუჩინარებით დაიწყო, რომელთა ძებნაში სამართალდამცავი სტრუქტურები ჩაერთნენ, თავიდანვე გაჩნდა ვარაუდი ახალგაზრდების გატაცების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დაღესტნიდან გადმოვიდა დივერსანტთა ჯგუფი, რომელთაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 ახალგაზრდის გარდა, მძევალთა კიდევ ორი ჯგუფი ჰყავდათ დაკავებული. ოპერაცია 28 აგვისტოს, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცავებმა 5 მძევლის გარდა კიდევ ერთი ჯგუფის გათავისუფლება მოახერხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, მოკლულია ერთი დივერსანტი, არიან დაჭრილები.

სპეციალური განცხადება ამის თაობაზე გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც: "ხეობაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც ახორციელებს შს სამინისტრო", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, კარგა ხანია დაღესტნის ინტერნეტსაიტებით ვრცელდება, რომ მიმდინარეობს რუსთის ჯარების კონცენტრაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის პერიმეტრზე დაღესტნის მხარეს და აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"ერთი შეხედვით, ამ მოვლენისა და საქართველოში მიმდინარე პროცესების დაკავშირება რთულია, მაგრამ ხელისუფლებამ ჩვენი საზოგადოება ეჭვიანობას მიაჩვია, ამიტომაც ამგვარ კავშირს არ გამოვრიცხავ. გასაგებია, რომ ბიჭები დაიკარგნენ, ამგვარი რამ მომხდარა აქამდეც, მაგრამ ასეთი მასშტაბის სპეცოპერაცია არ ჩატარებულა, ინფორმაცია ძალიან მწირია, ოფიციალური წყაროები მიმდინარე პროცესებს ისეთი ინტენსივობით ფუთავენ, ისე ცდილობენ დაფარონ, რომ ბუნებრივია ჩნდება ეჭვი: შესაძლოა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ჩვენმა საზოგადოებამ იცის".

მოვლენების შეფასება ვთხოვეთ ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორს, გაზეთ "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველს ირაკლი ალადაშვილს და ექსპერტს სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძეს.

ირაკლი ალადაშვილი: - ამ დროისთვის გამოიკვეთა შემდგომი სურათი: საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის  სიახლოვეს, საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული ჯგუფის დევნა მიმდინარეობს. ამაში მონაწილეობენ: შინაგან საქმეთა და თვადაცვის სამინისტროთა დანაყოფები, ასევე ხორციელდება საჰაერო დაზვერვა. ოფიციალური ინფორმაციით, უკვე გათავისუფლებულია ხუთი ახალგაზრდა, რომლებიც სოფელ ლაფანყურიდან დაიკარგნენ. შესაძლოა, ისინი შემთხვევით გადააწყდნენ შეიარაღებულ ჯგუფს და სწორედ იმიტომ აიყვანეს მძევლებად, რომ ინფორმაცია საქართველოს ტერიტრიაზე მათი ყოფნის თაობაზე არ გახმაურებულიყო. შეიძლება ეს ჯგუფი იყოს სადაზვერვო-დივერსიული, შესაძლოა იყოს დაღესტანში მოქმედი არაფორმალური დაჯგუფებაც.

სავარაუდოდ, ეს მალე უნდა გახდეს ცნობილი, მით უფრო რომ ვრცელდება ინფორმაცია, ერთი მოკლული დივერსანტის შესახებ, არიან დაჭრილებიც. თუ ეს არის რომელიმე ქვეყნის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი, მაშინ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ჯგუფის ალყაში მოქცევა და სრული ლოკალიზაცია, რათა არ მოახერხონ საზღვარზე გადასვლა და ქართველი სამართლადამცავებისგან თავის დაღწევა. უნდა გაირკვეს: რა ჯგუფია, რითვის იყო შემოსული, რა გააკეთა ან რა ვერ გააკეთა? რაში შეიძლება გადაიზარდოს ეს დევნის ოპერაცია, რთული სათქმელია, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. რადგანაც ეს საქართვლოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, საქართველოს სრული უფლება აქვს გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა მოახდინოს ამ ჯგუფის დაკავება ან უკიდურეს შემთხევაში განაგდურებაც. ეს საქართველოს პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, გარკვეული საფრთხეები არსებობს საზღვართან მოქმდებისას, მით უფრო რომ ეს მიმდინარეობს იმ ქვეყნის საზღვართან, რომელთანაც, ფაქტობრივად, ცივი ომი გვაქვს. საბრძოლო დანაყოფების გაგზავნა და ავიაციის მოქმედება საზღვრისპირა რაიონში, ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რათა ეს მეორე მხარემ პროვოკაციად არ გამოიყენოს.

- როცა თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ხუთი ახალგაზრდის გატაცების შესახებ, საზოგადოების ნაწილი უნდობლად მოეკიდა ამას. ბევრმა მიიჩნია, რომ ეს შესაძლოა ხელისუფლების დადგმული სპექტაკლი ყოფილიყო…

- დღევანდელ რეალობაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ რაღაც რომ დაუშვა, ამისთვის გარკვეული ფაქტები და არგუმენტები უნდა გქონდეს, ჯერჯერობით ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს, ამიტომ წინასწარ რაიმე შეფასებების და დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. ამჟამად ძნელია განსაზღვრო, რასთან გვაქვს საქმე - დადგმულ სპეკტაკლთან თუ რეალობასთან. ჯერჯერობით ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც სერიოზული ხდება.

გიორგი თავდგირიძე, ექსპერტი სამხედრო საკითხებში:

- უახლოეს ხანებში, რუსული სამხედრო სწავლების მიმდინარეობის პერიოდში და ალბათ შემდგომაც ამგვარი ინციდენტები მოსალოდნელია. როგორც ჯერჯერობით გავრცელებული ინფორმაციებიდან ჩანს, რუსები გეგმავენ სერიოზული სპეცოპერაციების ჩატარებას დაღესტანში, იქ ვითარება საკმაოდ რთულია, შესაბამისად, გარკვეული არაოფიციალური ბანდფორმირებები შეეცდებიან, თავი შეაფარონ მთიანეთს. არ არის გამორიცხული მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა.

საქმე ისაა, რომ მაღალ მთიანეთში, იქ არსებული რელიეფის გათვალისწინებით, საზღვრის სრული გაკონტროლება და ჩაკეტვა ძალიან რთულია, თუმცა შეუძლებელი არ არის. არსებობს ტექნიკური საშულებები, რომლითაც შეიძლება დიდი ნაწილის გაკონტროლება, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც რჩება გაუკონტროლებელი ბილიკები, რომელთა გამოყენებითაც ეცდებიან ამგვარი ჯგუფები თავშესაფრის პოვნას.

- თუ დავუშვებთ, რომ მართლაც ამგვარმა ჯგუფმა შემოაღწია ქვეყანაში, ჩნდება კითხვა, რაში დასჭირდათ მათ მძევლების აყვანა?

- რთულია ამაზე ლაპარაკი, შეიძლება დავუშვათ, რომ მათ სჭირდებოდათ მეგზურები და სწორედ ამიტომ აიყვანეს მძევლებად ეს ადამიანები.

- რაც შეეხება რუსეთთან ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს, ამაზე რას იტყვით?

- საფრთხე არსებობს, გააჩნია, რუსეთს რა მიზნები აქვს, თუმცა ამას ამ ეტაპზე მაინც გამოვრიცხავ. რაც შეეხება იმას, რომ ეს პროცესი თითქოს საქართველოს ხელისუფლებას აძლევს ხელს გარკვეული პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება მართლაც გამოყენოს ხელისუფლებამ პიარისა და საინფორმაციო ომისთვის, მაგრამ ასეთი მასშტაბის სპექტაკლების დადგმა, ვფქრობ, რუსეთის ხელისუფლებასაც კი არ ხელეწიფება, მით უმეტეს, მის ხელში უფრო მეტი რესურსია. რაღაც რომ მოხდა, ფაქტია! არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ შემდგომში ამ ამბავს მართლაც მისცეს ინტერპრეტაცია და გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები | სიტუაცია ლოპოტას ხეობაში

- ლოპოტას ხეობაში ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია - შსს

30-08-2012

- "მოხდა გატაცება, ან გატაცების ინსცენირება" - რას ყვება ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლის მამა

29-08-2012

- ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი - შსს

29-08-2012

- შსს გათავისუფლებული მძევლების ვიდეომასალას ავრცელებს

29-08-2012