ჯერ ჩვენს თავში შევაკეთოთ სახურავები! - კვირის პალიტრა

ჯერ ჩვენს თავში შევაკეთოთ სახურავები!

"თუ დრო გექნებათ,  კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ეს ზღაპარი"

ჩემი ნათესავების სახლში წყალი ჩამოდის. უკვე მეოთხე წელია "შავ ღრუბელს" შიშით და ძრწოლით ელიან. წვიმის დროს სახლში წყალი ნაკადულივით მოედინება, ჭერიდან ბათქაში ცვივა... მოახლოვდება თუ არა არჩევნები, თამართან აგიტატორები მიდიან. დიასახლისს ისინი ოთახში შეჰყავს, თითს ჭერისკენ იშვერს და განრისხებული ეკითხება, - როდის დამთავრდება ეს უბედურება! აგიტატორები ყველაფრის შეკეთებას ჰპირდებიან...

თამარს კი პირობას ადებინებენ, რომ ის, მისი ვაჟიშვილი და რძალი სწორედ მათ კანდიდატს მისცემენ ხმას. ოჯახი დანაპირებს პატიოსნად ასრულებს, სახურავი კი კვლავ შეუკეთებელი რჩება. არადა (ღმერთმა არ ქნას), შეიძლება ჭერი თავზე დაემხოთ... მაშინ კი ბავშვები (გადარჩენის შემთხვევაში) უპატრონოთა თავშესაფარში აღმოჩნდებიან. აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: გვაქვს თუ არა ბავშვთა სახლები? მხედველობაში მაქვს კეთილმოწყობილი ბავშვთა სახლები, სადაც უპატრონოებს აღმზრდელები სიყვარულით ზრდიან, გემრიელად აჭმევენ და კარგადაც აცმევენ, და არა საბჭოეთის შემზარავი გადმონაშთები. რა თქმა უნდა, არა გვაქვს! საიდან უნდა გვქონდეს, როდესაც ქვეყანაში ამდენი სოციალური პრობლემაა: დევნილები, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი; უმუშევრები, რომლებიც მინიმალურ დახმარებას ითხოვენ; ავადმყოფები, რომლებსაც არა აქვთ მკურნალობისა და წამლების ფული; ხანში შესულნი, რომელნიც პენსიას(!) ელიან... რა დროს ბავშვთა სახლებია, როდესაც უფრო მნიშვნელოვანი სოციალური პრიორიტეტები არსებობს.

KvirisPalitra.Geაი, დავუშვათ, ჯანმრთელობის დაცვა. ამაზე ბიუჯეტიდან მილიარდი დოლარი უნდა დაიხარჯოს, რაც დღევანდელი კურსით უდრის მილიარდ შვიდას მილიონ ლარს. მე მინდა დავწერო ეს რიცხვი ციფრებით, რომ კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყოს: 1.700.000.000 - აი, ამდენს დახარჯავს ჩვენი მთავრობა მომავალ წელს ჯანდაცვისთვის. ასე რომ, წელიწადში თითოეულ მოქალაქეზე უნდა დაიხარჯოს 425 ლარი. შედარებისთვის, აშშ-ში ეს რიცხვი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით ათჯერ მეტია - 2.455 დოლარი (ანუ 4.175 ლარი). თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ცხოვრების საერთო დონეს, სამედიცინო პერსონალის ხელფასს, შენობის ქირის საფასურს და ბევრ სხვა რამეს - მაშინ სხვაობა არც ისე დიდია. უახლოეს მომავალში მოწმენი უნდა გავხდეთ დიდი და ნათელი საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების, სადაც ყველა ავადმყოფს მოემსახურება ზრდილობიანი მედდა გაქათქათებული თეთრი ხალათით, ისინი საამო ღიმილით და სრულიად უსასყიდლოდ შეასრულებენ ყველა საჭირო პროცედურას... მართალი გითხრათ, მე არ მჯერა, რომ ეს განხორციელდება. ოთხი მილიონი მოსახლეობისთვის მილიარდი დოლარი - ეს მარტო იმ ქვეყნებისათვის არის ბევრი, სადაც არავინ იპარავს. საქართველოში კი ყველა ავადმყოფს და უბედურს მხოლოდ ღმერთის იმედი აქვს.

"ვინ იპარავს აქ?" - აღშფოთდებიან ხელისუფლებაში,  - ჩვენ ხალხის ყოველ თეთრს ვზოგავთ!" რა უნდა უპასუხო მათ? ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი გიგა ბოკერია დაფრინავს ეკონომკლასით. ეს მე თვითონ ვნახე, როდესაც თბილისიდან მივფრინავდით აგვისტოს შუა რიცხვებში ერთი თვითმფრინავით. მე ბიზნესკლასით მივფრინავდი და ჩემი უფასო შამპანური ყელზე დამადგა, როდესაც გიგამ გვერდით ჩამიარა, არც კი მომესალმა და თვითმფრინავის ბოლოსკენ გაიკვლია გზა. "აი, წესიერი უპოვარი"- გავიფიქრე და შერცხვენილმა გამოვცალე ჭიქა. მერე აღმოჩნდა, რომ ტყუილად ვფიქრობდი ასე. მიუნხენში, ჩაფრენისთანავე გიგა და მთელი მისი ამალა - ასე 5 კაცი - პირველი კლასის სალონისკენ გაეშურნენ. ერთმა ჩიტუნიამ, რომელსაც ბილეთების დაჯავშნის საერთაშორისო სისტემასთან კავშირი აქვს, ამბავი მომიტანა, რომ ბატონმა ბოკერიამ მოგზაურობა გააგრძელა პირველი კლასით. არა ბიზნეს, არამედ სწორედ პირველი, ყველაზე ძვირფასი კლასით, რომელიც მრავალი ათასი დოლარი ღირს. მე არ მშურს, მე არასოდეს გადამიფრენია ოკეანეზე მოუხერხებელი სავარძლით, მაგრამ ჩემთვის ბილეთებს ყიდულობს ჩემი ფირმა, რომელსაც საკუთარი შემოსავალი აქვს, ან მაძლევენ საპრემიო ბილეთებს, როგორც ხშირ მგზავრს. გიგა კი ბილეთებზე სახელმწიფოს ფულს ხარჯავს(!).

ხელისუფლებასთან დაახლოებული პატრიოტები ხმაურს ატეხენ: რაზე მსჯელობთ, რა დროს საავადმყოფოები და ავიაბილეთებია? სამშობლო საფრთხეშია. ჩვენ უშურველად უნდა ვხარჯოთ ფული თავდაცვისთვისო. მე თანახმა ვარ: სამშობლოს მართლაც საშიშროება ემუქრება. მაგრამ ჩვენი ქვეყნის მილიტარიზაციისთვის ფულის ხარჯვა უაზრობაა და აი, რატომ. სხვა, იმ ჩიტუნიაზე, რომელმაც ავიაბილეთებზე სახელმწიფო ფულის დახარჯვის შესახებ მიამბო, უფრო დიდმა ჩიტმა აი, რა მომიყვა: ერთხელ უცხოელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რათა ქართული ჯარისთვის იარაღის ხმარება ესწავლებინათ. მასპინძლები გულუხვად შეეგებნენ და საღამოს დიდი ნადიმიც გამართეს. სტუმრები სიხარულს ვერ ფარავდნენ, რა კარგ ბიჭებთან მოგვიწევს თანამშრომლობაო... დილას უძინარი და ნაბახუსევი უცხოელები სასწავლო პოლიგონზე მივიდნენ. ჰოი, საოცრებავ! მინდორში მდიდრული სუფრა იყო გაშლილი ჩვენებური წესით და ხაშით. ეს რა ხდება? - იკითხეს სამხედრო სპეციალისტებმა. - როგორ თუ რა? - გაუკვირდათ ჩვენს მეომრებს - თითო-ოროლა ჭიქა წავაქციოთ, ნაბახუსევზე მოგვიხდება და გვეამებაო. შემცბარმა უცხოელებმა მორიდებით ჰკითხეს, - როდისღა ვივარჯიშოთო? - მოგცლიათ ერთი, ახალგაზრდებმა ირბინონ, ჩვენ კი აქ ცოტა ხნით თავი შევიქციოთო. აი, სად მიდის ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი.

ერთხელ ერთმა მაღალჩინოსანმა აგდებულად მითხრა: "რადგან თქვენ მიშას და მის გარემოცვას ასე აკრიტიკებთ, ე.ი. რუსების მხარეს ხართო."უცნაურია, - გავიფიქრე მე, - დასავლეთში კი სწავლობდა, მაგრამ ცნობიერებით საბჭოთა სამყაროში ჩარჩენილა. გახსოვთ, ძველად საერთაშორისო ძალების მყიფე ბალანსი დაფუძნებული იყო უბრალო წესზე: რაც კარგია აშშ-ისთვის, ის ცუდია სსრკ-ისთვის და პირიქით. ამას "ნულოვანი ჯამის" თამაში" ერქვა. სამწუხაროდ, ძალაუფლების დერეფნების ზოგიერთი წარმომადგენლის ცნობიერება იმ ეპოქაში გაშეშდა. სამყარო კი შეიცვალა და "ნულოვანი ჯამის" თამაში" ვერც ერთ გეოპოლიტიკურ კონსტრუქციაში ვეღარ იარსებებს. ასე რომ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ მე ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი საქართველო უკეთესი გახდეს. რუსეთთან მიმხრობა, აბა, რა შუაშია.

რუსეთის დადანაშაულება იქამდე მივიდა, რომ ჩვენმა ერთმა მინისტრმა, როგორც მითხრეს, თავისი ცხოვრებიდან ამორიცხა რუსული ლიტერატურის ყველა კლასიკოსი, რაც პუტინის ქმედების მსგავსია. ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეფარვით, მაგრამ სინამდვილეში აკრძალა ჰოფმანის ზღაპარი "ციცქნა ცახესი წოდებული ცინობერად". თუ დრო გექნებათ, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ეს ზღაპარი და მიხვდებით, რატომ არ მოსწონთ ეს ნაწარმოები რუსეთში.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ჩინოსნები ფარულად ბულგაკოვსაც არ აკრძალავენ. პროფესორ პრეობრაჟენსკის ნათქვამი ცხოვრების აღსაქმელად ძალიან გვეხმარება... გაგახსენებთ კონტექსტს: მის სახლში დაისადგურეს ბოლშევიკებმა, რომლებიც ხმამაღლა მღეროდნენ და საყოველთაო ნგრევის შესახებ წუწუნებდნენ. ბრძენი პროფესორი აღნიშნავს: "რა არის ეს თქვენი ნგრევა? დედაბერი ხელჯოხით? ალქაჯი, რომელმაც ყველა მინა ჩაამსხვრია და ყველა ჭრაქი ჩააქრო? ის არ არსებობს! როდესაც მე, იმის ნაცვლად, ოპერაციები ვაკეთო, სიმღერას წამოვიწყებ, მაშინ დაინგრევა ჩემი სახლი. თუ საპირფარეშოში უნიტაზის გვერდით მოშარდავ, ტუალეტის ნგრევა დაიწყება. აქედან გამომდინარე, ნგრევა ტუალეტში კი არა, თავში იწყება. იცით, რას გეტყვით, ყველამ თავში წაიშინოს ხელი. და როდესაც თავიდან ამოიგდებს ყველა ჰალუცინაციას და საკუთარი გომურის დალაგებას დაიწყებს, რაც მისი უპირველესი საქმეა, ნგრევა თავისთავად გაქრება".

თავს ნება მივეცი შემეკვეცა ამ გენიალური მონოლოგის ზოგიერთი დეტალი, რათა უმთავრესისთვის გამესვა ხაზი, რომელიც სულ უბრალო პრინციპით აიხსნება: ყოველი ჩვენგანი თავისი საქმით უნდა დაკავდეს: გლეხმა - დათესოს, მეცნიერმა - ახალი ტექნოლოგიები გამოიგონოს, ჟურნალისტმა - პრობლემებზე წეროს, ხელისუფლებამ კი - ეს პრობლემები გადაჭრას. თუ ხელისუფლება პრობლემებს ვერ წყვეტს, ან წყვეტს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქრთამს იღებს - ასეთი ხელისუფლება კისრისტეხით უნდა გაყარო. ჩვენ ამის ნება გვაქვს, რადგან ჩვენ ქვეშევრდომები არ ვართ, ჩვენ მოქალაქეები ვართ. ქვეშევრდომები ჰყავს ბრიტანეთის დედოფალს და ის მათ შეუდარებლად მეტ პატივს სცემს, ვიდრე ჩვენ ჩვენი ხელისუფლება. თუ ჩვენ ვირჩევთ ან უბრალოდ ვითმენთ ხელისუფლებას, რომელიც არ მოგვწონს, ე.ი. ჩვენ ეს დავიმსახურეთ. თუ ჩვენ ცვლილებები გვინდა - ამის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ. არ შეიძლება სამზარეულოებში ვისხდეთ და ვიმარჩიელოთ, ვის გამოუშვებენ ვაშინგტონიდან პრეზიდენტის ადგილზე. არავის არ გამოუშვებენ - მე ეს უკვე ვიკითხე ვაშინგტონში. ჩვენ თვითონ ვირჩევთ პრეზიდენტს, პარლამენტს, საკრებულოს და გამგებლებს. არჩევნების დღეს არ დარჩეთ სახლებში, თუ ასე მოიქცევით, თქვენ ხმას მოიპარავენ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ დაანებოთ შედეგების გაყალბება. მე ქაოსისკენ კი არ მოგიწოდებთ, არამედ იმისკენ, რომ პატიოსნად შეასრულოთ საქმენი თქვენნი და სხვებსაც იგივე მოსთხოვოთ.

ავტორიტარულ რეჟიმებს ეშინიათ იმისა, რომ ვიღაც პირველად დაიძახებს - "მეფე შიშველია!" ამის შემდეგ ხალხი მართლაც აღიარებს, რომ საკუთარი თვალით ხედავს მეფის სიშიშვლეს.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთად გადავლახავთ პატარ-პატარა შიშებს, შევძლებთ გავაკეთოთ ისე, რომ სახურავიდან წყალი ოთახში აღარ ჩამოგვივიდეს...

გიორგი ციხისელი,

საქართველოს მოქალაქე