სომხეთ-თურქეთის საზღვარი თუ გაიხსნა, ძნელია იმის თქმა, რა მოხდება ჯავახეთში... - კვირის პალიტრა

სომხეთ-თურქეთის საზღვარი თუ გაიხსნა, ძნელია იმის თქმა, რა მოხდება ჯავახეთში...

რა შედეგს მოიტანს პატრიარქების შეხვედრა...

პატრიარქის ბაქოში ვიზიტის უამრავი დეტალი გაუხმაურებელია. კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის აზრით, ამ შეხვედრაზე მშვიდობიანი კავკასიის იდეაზე საუბარი ისევ აქტუალური უნდა ყოფილიყო.

- ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა იმ ავანტიურაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტის ერთმა ჯგუფმა წამოიწყო. მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად თუთბერიძის გამოსვლა ინსპირირებული იყო იმ აქტივობით, რომელსაც საპატრიარქო იჩენდა კავკასიურ სივრცეში. პატრიარქმა მეთიუ ბრაიზასთან საუბარში წამოაყენა მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივა და ამ იდეამ ახალი ხორცშესხმა პოვა. ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შესწევდა უნარი მშვიდობა შეენარჩუნებინა ქვეყანაში და საერთოდ, კავკასიაში. პატრიარქმა ეს ფუნქცია საკუთარ თავზე იტვირთა. ახლაც ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ბაქოში პატრიარქის ამჟამინდელი ჩასვლა არ ყოფილა მხოლოდ საიუბილეო ვიზიტი. იქ იმყოფებოდა რუსეთის პატრიარქიც. სრულიად შესაძლებელია, კავკასიის სამშვიდობო ინიციატივას გაეჟღერა ბაქოშიც და ჩვენი პატრიარქი უფრო სერიოზულ დონეზე ყოფილიყო ამ იდეის ინიციატორი. ხელისუფლების ერთ ჯგუფს ძალიან აღიზიანებს მსგავსი ინიციატივები. ჩემთვის ნიშნეული იყო ისიც, რომ ახალი სახალხო დამცველის დასკვნაში ეკლესიასთან დაკავშირებით ახალი ხედვა გამოიხატა. მასში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოს ეკლესია არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ბაქოში პატრიარქმა და ფაშა ზადემ გააკეთეს განცხადება, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთნაირი მდგომარეობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ტერიტორიები აქვთ დაკარგული და მიტოვებულები არიან ერთმანეთის ამარა. ეს ძალზე სერიოზული მინიშნება იყო იმ პროცესებზე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ხდება და იმ პოზიციაზე, რომელიც დაიკავა თურქეთმა აზერბაიჯანთან დაკავშირებით. ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა "ნეიტრალურ ტერიტორიაზე". ამის შესახებ უახლოეს დღეებში შევიტყობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პატრიაქ კირილეს აზერბაიჯანში ჩასვლა რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა.

ვითარება საკმაოდ რთულია. ყველა ის ადგილი, რომელიც ქართველი მესაზღვრეების მხრიდანაც კონტროლდებოდა, ახლა მხოლოდ რუსი მესაზღვრეების მიერ არის "ათვისებული". მკითხველისთვის ნათელი რომ გახდეს, მოვიყვან მამისონის უღელტეხილის მაგალითს, საიდანაც ქართველ მესაზღვრეებს უკან დაახევინეს. ასევე, რუს მესაზღვრეებს თუშეთის ერთი მონაკვეთის 24 კილომეტრი აქვთ მიტაცებული. გარდა ამისა, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც რუსის ჯარი ისედაც დგას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობს "პოლიტიკური მიდგომა" იმისთვის, რომ გარშემო ბუფერული ზონა შეიქმნას. ეს განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ეხება. ე.ი. მიდის მუშაობა, რომ მოსახლეობამ დატოვოს შემოგარენის ტერიტორია. ბოლო დროს უკვე გადავიდნენ პირდაპირ დაკავებასა და იმის დაფიქსირებაზე, რომ ამა თუ იმ პირმა "საზღვარი დაარღვია". კანტიკუნტად, მაგრამ მაინც ხდება იგივე რაჭის მოსახლეობისადმიც. საჩხერის რაიონის სოფელი პერევი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა. მაგალითად, ის, რაც ხდება გალის რაიონის სოფლებში, ხვალ სამეგრელოში დაიწყება... გალის რაიონის იმ სოფლებში, რომლებიც ჩამოშორებულია ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს, ახალგაზრდობამ საერთოდ არ იცის ქართული ენა. მხოლოდ მეგრულად და რუსულად საუბრობენ. ე.ი. მიმდინარეობს მეგრელთა გააფხაზების პროცესი. ჯავახეთშიც რთული მდგომარეობაა, სადაც ჩვენგან განსხვავებით ჩვენი მოწინააღმდეგე მუშაობს და სერიოზულ შედეგებზეა ორიენტირებული. სომხეთ-თურქეთის საზღვარი თუ გაიხსნა, ძნელია იმის თქმა, რა მოხდება ჯავახეთში...

ასევე დამაფიქრებელი ვითარებაა პანკისის ხეობაში, რომელშიც ეკონომიკური ბერკეტები ჩვენი ხელისუფლების ადგილობრივმა რგოლებმა ვაჰაბიტებს გადააბარეს. ასეთი საფრთხეებია საქართველოში, რაც ქვეყნის დაშლის წინაპირობებს ამზადებს. რაც შეეხება ლარსის ხეობის გახსნას, ამას აქვს პლუსებიც და მინუსებიც. პლუსი აქვს მხოლოდ ყაზბეგის მოსახლეობისთვის, საზღვრის გახსნა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. მიმოსვლის აღდგენა კარგი იქნება საქართველოს იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც ჰყავს ნათესავები ჩრდილოეთ კავკასიაში და კიდევ ერთი პლუსი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველო სწორად გამოიყენებს - სომხეთი რუსეთთან დაკავშირებული იქნება ამ გზით, ე.ი. ის გარკვეულწილად საქართველოზე იქნება დამოკიდებული...

მინუსი გახლავთ ის, რომ საქართველომ უნდა გახსნას საზღვარი ქვეყანასთან, რომელთანაც პრაქტიკულად საომარ ვითარებაშია და დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს. გარდა ამისა, საქართველომ უნდა გაუხსნას საზღვარი მესამე ქვეყანას. ამ ქვეყანამ ივაჭროს, ფული აკეთოს და ჩვენ ამ ყველაფერს მშივრებმა ვუყუროთ? ჩვენთვის განსაკუთრებით სახიფათო არის ის, რომ ამასობაში ჩრდილოეთ ოსეთში შეიქმნა ორგანიზაცია "დარიალი", რომელიც დაკომპლექტებულია თრუსოს ხეობელი ოსებით, რომლებსაც ყოველგვარი იურიდიული უფლება აქვთ დაბრუნდნენ საქართველოში, მაგრამ ისეთი იდეოლოგიური დამუშავების წნეხი გაიარეს, რომ თანდათან უკვე ყოველგვარი ქართულისადმი ანტაგონისტურად არიან განწყობილნი.

მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ ოსეთის პრესაში ძალიან დიდი კამპანიაა გაჩაღებული იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის ყაზბეგის რაიონი(?!). ამტკიცებენ, რომ ეს არის ოსური ტერიტორია და საერთოდ არ გამოვრიცხავ, საზღვრის გახსნის შემთხვვევაში ამ კამპანიას უფრო სერიოზული პოლიტიკის ელფერი მიეცეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთი პრაქტიკულად ესაზღვრება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის იმ საზღვრებს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა. მაგალითად, სოფელი მლეთას მიმდებარე ტერიტორია არის უკვე სამხრეთ ოსეთი. იქიდან საქართველოს სამხედრო გზამდე 150 მეტრია. წარმოიდგინეთ, დღეს რომ მოინდომოს უცბად კოკოითიმ, დაიკავოს თავისი სამხედრო შენაერთებით ეს ტერიტორია, პრაქტიკულად ყაზბეგის რაიონი, გუდაურის ტერიტორია, კობის მონაკვეთი, თრუსო - ეს ყველაფერი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილი აღმოჩნდება.

- ორიოდე დღის წინ სომხეთ-საქართველოს საზღვართან რა ინციდენტს ჰქონდა ადგილი?

- სომხურ სოფელ ბავრასთან მესაზღვრეთა შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სომხურმა მხარემ მოინდომა საზღვრის ბოძების გადმოწევა საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულმა მხარემ კი მათ ხელი შეუშალა, მერე ქართული საჯარისო ფორმირებები გამოჩნდა იქ და რომ არა სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელობების მხრიდან დროული ჩარევა, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა. უფრო ადრე კი ქართულ მხარეს გადაუწევია სოფელ ბავრას საძოვრებზე ეს ბოძები და დაბანაკებულა... ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დემარკაცია არ მომხდარა. ამ საკითხის გადაწყვეტას კი იმ თანამდებობის პირთა ხშირ-ხშირი ცვლა უშლის ხელს, რომლებსაც აღნიშნულ საკითხთა კურირება ევალებათ.