"ფუხაევისნაირი ყველა გარეწარი ადრე თუ გვიან პასუხს აგებს"
14-08-2009

არ მჯერა იმ ზღაპრების, რომ ოსებს ან აფხაზებს რუსეთთან პრობლემები აქვთ

რაც საქართველოში ხდება, უფრო ევროპის საქმეა, ვიდრე მსოფლიოსი

აგვისტოს ომის შემდეგ წელიწადი გავიდა, ცხინვალის რეგიონში ისევ სროლის ხმა ისმის. დეოკუპაციის გზაზე საქართველოს ქმედითი ნაბიჯები ჯერაც არ გადაუდგამს. ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე მოპოვებულ დიპლომატიურ გამარჯვებებზე ლაპარაკობს, თუმც ფაქტი, რომელიც ჯიუტად გვეჩხირება თვალში, საწინააღმდეგოს მეტყველებს, - კონფლიქტის ზონები ზედიზედ დატოვეს გაეროსა და ეუთოს მისიებმა და  დაკარგული მიწების დაბრუნების საქმეში არაფერია ხელშესახები.  თუმც რეინტეგრაციის

საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ამ სფეროში მხოლოდ  მიღწევებს ხედავს.


- ბატონო თემურ, აგვისტოს ომიდან ერთი წლისთავზე რისი თქმა შეგიძლიათ. დაკარგული მიწების დაბრუნების საქმეში არის პროგრესი?

- დღეს გაცილებით მეტი სიცხადეა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში, ვიდრე ომამდე იყო. მიწებზე, რომელიც ომამდეც იყო ოკუპირებული, ახლა შეგვიძლია ოფიციალურად
გამოვაცხადოთ ოკუპირებულად. როდესაც ამ საკითხზე ვლაპარაკობდით, საზღვარგარეთ არ გვეთანხმებოდნენ, დღეს კი ყველაფერი ნათელია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო მისიების შეცვლის საკითხიც. ცუდია, რომ საქართველოში გაეროსა და ეუთოს მისიები აღარ საქმიანობენ, მაგრამ მათ ნაცვლად იმუშავებს ევროკავშირის მისია, რაც უაღრესად დადებითი მოვლენაა. რაც საქართველოში ხდება, უფრო ევროპის საქმეა, ვიდრე მსოფლიოსი. აგვისტოს ომმა დაარწმუნა ყველა, რომ საქართველოს კონფლიქტი აქვს არა თავის რეგიონებთან, არამედ რუსეთის ფედერაციასთან; რომ ეს არის  შიდა კი არა, გარე კონფლიქტი მეზობელ ქვეყანასთან. დღევანდელი რეალობა უფრო წაგვადგება ამ რეგიონების დეოკუპაციისათვის, ვიდრე ის, რომ გველაპარაკა, რუსეთი მშვიდობისმყოფელია და სამშვიდობო ძალები ჰყავს საქართველოშიო.

- დეოკუპაციის საკითხში ხელშესახები მიღწევა თუ არის?


- ხელშესახები ის არის, რომ მსოფლიოში არავინ აღიარა ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ერთეულებად. ეს რუსული დიპლომატიის დიდი მარცხია. რუსეთმა ვერ შეძლო სამხედრო გამარჯვების დიპლომატიურად გაფორმება. საქართველოს ხელისუფლებას არც ერთ დოკუმენტზე არ მოუწერია ხელი, რომლითაც უარს იტყოდა ამ ტერიტორიებზე. ეს ამ ტერიტორიების დეოკუპაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

- ოფიციალური თბილისი თუ მუშაობს ოსებსა და აფხაზებთან? ამას წინათ სერგეი შამბამ მიმართა სხვა ქვეყნებს, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან მარტოო.

- გააჩნია, რას გულისხმობს შამბა, რომ ამბობს, რუსეთთან მარტო არ დაგვტოვოთო. ისინი მარტო არ არიან. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ოს და აფხაზ ხალხს დავეხმაროთ, მაგრამ სხვაა, თუ ამ განცხადებით დამოუკიდებლობის ცნობას გულისხმობენ. საქართველოს ხელისუფლება ამზადებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ სტრატეგიას, რომლის ქვაკუთხედი იქნება იქაურ მოსახლეობასთან ურთიერთობა, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.
არ მჯერა იმ ზღაპრების, რომ ოსებს ან აფხაზებს რუსეთთან პრობლემები აქვთ. რაღაც პრობლემები არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოსები ან აფხაზები უცებ მიუტრიალდებიან რუსეთს და სილას გააწნავენ. ნუ გვგონია, რომ ანტირუსული განწყობილება მათ საქართველოსკენ მოახედებს. ისიც საკმარისია, აქამდე ილუზიით რომ ვიკვებებოდით! დროა, აფხაზებმა და ოსებმაც რეალობას თვალი გაუსწორონ და აღიარონ, რომ მათი ერთადერთი მეგობარი საქართველოა.  

- ბოლო დღეებში ცხინვალის რეგიონში სროლა განახლდა. ამას რას უკავშირებთ?

- არ განახლებულა. ერთი ინციდენტი მოხდა, როდესაც ცხინვალის მხრიდან ისროლეს. მას მერე იგონებენ რაღაცებს. ის, რასაც რუსები და მათი მარიონეტი კოკოითის მთავრობა აცხადებენ, მტკნარი სიცრუეა.

- ამ ინციდენტს იმ ოსი მილიციელის დაკავებას უკავშირებენ, რომელიც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, სოფელ ქურთას გადაწვას ხელმძღვანელობდა.

- ვადასტურებ, რომ ნამდვილად დაკავებულია ცხინვალის მილიციის მაიორი სოსლან ფუხაევი. კიდევ არაერთს დააკავებენ. ყველა გარეწარი, რომელსაც ხელი სისხლში აქვთ გასვრილი, გარეულია ქართული სოფლების გადაწვაში, ხალხის დაწიოკებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში, ადრე თუ გვიან, პასუხს აგებს. ნურავის ეგონება, რომ  ჩვენი მოსახლეობის აწიოკებას თვალს დავუხუჭავთ ან დავივიწყებთ. მოვა დრო, როდესაც ყველა სამხედრო დამნაშავე თუ ბოროტმოქმედი პასუხს აგებს კანონის წინაშე.

- რამდენიმე დღის წინ თრუსოს ხეობაზე გამოთქვა პრეტენზია კოკოითიმ...

- ბოროტმოქმედ კოკოითის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ.

- რუსულმა მხარემ ჰაიდი ტალიავინის კომისიას აგვისტოს ომზე მასალა გადასცა. როგორც რუსები ამბობენ, ეს არის მწვავე მამხილებელი დოკუმენტები.

- რუსეთის ქმედებას გამართლება არა აქვს და რა მასალებიც უნდა გადასცენ კომისიას, რაც უნდა მოიფიქრონ, თავს ვერ გაიმართლებენ. ფაქტია, რომ ისინი დაესხნენ მეზობელ ქვეყანას, დაბომბეს მისი ქალაქები, დახოცეს მოსახლეობა და დაიპყრეს ორი ქართული მიწა. როგორ შეიძლება ამის გამართლება?

- როდესაც დავით ბაქრაძე იყო ინტეგრაციის მინისტრი, მითხრა, ვოცნებობ იმ დროზე, როდესაც ეს სამინისტრო აღარ იქნება საჭიროო.

- მჯერა, რომ ეს სამინისტრო ერთ მშვენიერ დღეს გაუქმდება, რადგან რეინტეგრაცია ბუნებრივი პროცესი იქნება და არა რომელიმე სახელმწიფო უწყების საქმე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები