გახდება თუ არა ჯოჰარ დუდაევის მეუღლე ახალი კავკასიური ტელევიზიის სახე... - კვირის პალიტრა

გახდება თუ არა ჯოჰარ დუდაევის მეუღლე ახალი კავკასიური ტელევიზიის სახე...

უკვე საბოლოოდ  გადაწყდა, ახალი სატელევიზიო არხის სახელწოდება "პირველად კავკასიური" იქნება და იგი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბაზაზე შეიქმნება. კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, გვარსა და სახელს არ დავასახელებთ, მაგრამ ზოგიერთ პოლიტიკოსს ძალიან უყვარს გამოთქმა - "პირველად საქართველოში"... ახლა კი როგორც ჩანს, ამ პატარა ქვეყნის ფარგლებსაც გავცდებით ("პირველობით")... ერთი შეხედვით, ამბიციური სახელწოდების უკან გრანდიოზული მიზნები იმალება, რომელთა გარკვევასაც "კვირის პალიტრა" შეეცადა.

ეჭვი არავის ეპარება, რომ "პირველად კავკასიურის" საინფორმაციო პროპაგანდა მკვეთრად ანტირუსული, უფრო ზუსტად კი პუტინ-მედვედევის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული იქნება. მიგვიყვანს თუ არა ამგვარი საინფორმაციო ბრძოლა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის განახლებამდე, ამ საკითხის განხილვა სწორედ ახლა მიმდინარეობს და განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს.

ბადრი ნაჭყებია, ტელეკომპანია "მირ"-ის წარმომადგენელი: "ობიექტურად რომ ვთქვათ, უკვე მიმდინარეობს რუსეთთან დაპირისპირება საინფორმაციო სივრცეში. დარწმუნებული ვარ, ჩვენდამი მტრულად განწყობილი მეზობელი ქვეყნის საკაბელო ტელევიზიები "პირველად კავკასიურის" გადაცემებს ეთერში არ გაუშვებენ. თუმცა,  არ გამოვრიცხავ, ეს ტელევიზია შეიძლება რუსეთის ელექტორატის დემოკრატიულმა ძალამ გამოიყენოს. თქვენ იცით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოში უკვე გვაქვს ანა პოლიტკოვსკაიას, აგრეთვე, კონსკაიას სახელობის ქუჩები.ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ იგეგმება საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის დემოკრატიულ ძალებს შორის უფრო მეტი დაახლოება. არ გამოვრიცხავ ქართული მხარის თანამშრომლობას იმავე კასპაროვის ან კასიანოვის ფრთასთან, "მემორიალთან" და ა.შ. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ "პირველად კავკასიურის" მუშაობაში ჩართული აღმოჩნდებიან რუსეთის დემოკრატიული საზოგადოების ან პრესის წარმომადგენლები და ისინი იქნებიან კონსულტანტები... სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია, ანდრეი ნეკრასოვი იყოს ერთ-ერთი მათგანი. ეს დადებითადაც შესაძლოა შეფასდეს. პუტინისა და მედვედევის რეიტინგი მკვეთრად ეცემა რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ჩემი აზრით, დემოკრატიული ძალების გაძლიერებაა მოსალოდნელი. ამ ფონზე, ტელევიზიის მიერ კონტაქტის დამყარება ზემოთ ხსენებულ ძალებთან მეტად მომგებიანი იქნება. ერთადერთი საფრთხე შესაძლოა, წარმოშვას რუსეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირებამ. შესაძლოა, სიფრთხილე იყოს საჭირო ამა თუ იმ თემის გაშუქებისას. მაგალითად, სოჭის ოლიმპიადას ჩერქეზული საერთაშორისო ორგანიზაციები (რომლებსაც  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი გავლენა აქვთ. - ე.ა.) ბოიკოტს უცხადებენ იმიტომ, რომ  ეს ის ადგილია, სადაც ჩერქეზთა მასობრივი გენოციდი განხორციელდა.   ამ თემის განხილვას შესაძლოა რუსეთის მხრიდან სერიოზული გართულება მოჰყვეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ტელევიზია დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური კადრებით. რამდენადაც ვიცი, ამ არხის გენერალური პროდიუსერი იქნება ქართველი ჟურნალისტი ზურაბ დვალი".

ზაალ კასრელიშვილი (კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე): "კარგი იქნებოდა, ეს ტელევიზია ჩვენს ორგანიზაციას დაეარსებინა. ევროკავშირის პროექტის "აღმოსავლური პარტნიორობის" შესაბამისად წარდგენილი გვქონდა კიდეც ტელერადიო მაუწყებლობის "კავკასიის" შექმნის ინიციატივა, რომლის განხილვასაც 2010 წლის იანვრიდან ველოდით. იდეა ჩვენი იყო, მაგრამ  თუ მსგავს არხს ისედაც აკეთებენ, ამას მხოლოდ მივესალმებით... თუმცა, ხელისუფლების გარემოცვაში  არ არიან ისეთი პერსონები, რომელთაც რეალური გავლენა აქვთ კავკასიაში და შეძლებენ ინფორმაციათა პირველწყაროდან მოპოვებას. ახალი ტელევიზიით შესაძლოა კავკასიაში რეალურ გავლენათა მქონე  კავკასიელი პერსონები გავანაწყენოთ. ამიტომ არხის სამეთვალყურეო საბჭო ისეთი ხალხით უნდა დაკომპლექტდეს, რომლებსაც სერიოზული ავტორიტეტი და გავლენა ექნებათ და ამასთანავე, წლების მანძილზე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში არ იქნებიან შემჩნეულები. ვიმეორებ, შესაძლებელია, ეს ტელევიზია გახდეს ნატვრისთვალი კავკასიელებისთვის, მაგრამ ასევე შესაძლებელია, დესტაბილიზაციის წყაროდაც გადაიქცეს. ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსულ საფრთხეს არ ვგულისხმობ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ზოგადკავკასიური ერთიანობა თურქეთსაც სერიოზულ საფრთხეს უქადის. მაგალითად, თურქეთში ძალიან ბევრი ეთნიკური კავკასიელი ცხოვრობს, რომელთაც სერიოზული  პრობლემები აქვთ. მათ საკუთარი სახელისა და გვარის ტარების  უფლებასაც არ აძლევენ. ტელევიზია ასეთ პრობლემებზე თუ თვალს დახუჭავს, ამით კავკასიელთა მრავალრიცხოვან არმიას გააღიზიანებს, სიმართლის თქმა კი თურქეთის სახლმწიფოებრიობისთვის აღმოჩნდება მიუღებელი.

იმასაც გეტყვით, რომ ტელევიზიის დაკომპლექტების საკითხი ეჭვს მიჩენს, რომ ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ახალი არხი გვექნება".

ზურაბ დვალი, "პირველად კავკასიურის" გენერალური პროდიუსერი: "ჩვენი არხის მთავარი მიზანი და მესიჯი იქნება, რომ  კავკასიელი ხალხი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ყველგან ცხოვრობდეს სტაბილურად, მშვიდ გარემოში, ზოგადად, რეგიონში მშვიდობამ   დაისადგუროს..."

კულუარული ინფორმაციით, "პირველად კავკასიური" საზოგადოებრივი არხის ბაზაზე შეიქმნება და  "ბინასაც" მის ტერიტორიაზე დაიდებს. იგი იმ შენობაში განთავსდება, სადაც  გაზეთი "პრაიმ-ტაიმი", "თიბისი ტვ" და ტელეკომპანია "მირ"-ის წარმომადგენლობაა. სანდო წყაროს ინფორმაციით, შენობის გარემონტებული ნაწილის დათმობა "პრაიმ- ტაიმსა" და "ტიბისი ტვ"-ისაც მოუწევთ. საქართველოში  "მირ"-ის წარმომადგენელი ბადრი ნაჭყებია კი აცხადებს, - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ხელშეუხებელი ვარო... თუმცა ვნახოთ...

როგორც შევიტყვეთ, "პირველად კავკასიურის" გენერალური პროდიუსერის მოადგილე გახდება იანა ფრენერი, რომელიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის მეუღლე  გახლავთ. "კვირის პალიტრისათვის"  ექსკლუზიურად ისიც გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული ტელევიზიის ერთერთი მთავარი სახე შესაძლოა იყოს ჯოჰარ დუდაევის მეუღლე, ქალბატონი ალა დუდაევა. ის კვლავ საქართველოში იმყოფება. ამჯერად ხელისუფლებამ ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლისათვის თბილისის ცენტრში სამსართულიანი სახლიც დაიქირავა. წინასწარი ინფორმაციით, ქალბატონმა ალამ გადაცემა "სულის პეიზაჟები" უნდა წაიყვანოს. ჩვენ ქალბატონ ალას დავუკავშირდით.

ალა დუდაევა: "არ დაგიმალავთ, ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან მაქვს მოლაპარაკებები. ჯერ არავითარი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ე.ი. გადაწყვეტილება არ მიმიღია. აჯობებს რამდენიმე დღეში შემეხმიანოთ და ყველა შეკითხვაზე გიპასუხებთ".

კულუარული ინფორმაციით, ქალბატონი ალას ორჭოფობის მიზეზი  ლონდონში მცხოვრები ბორის ბერეზოვსკის ფინანსები გამხდარა... მოარული ხმებით,  "პირველად კავკასიურის" ტექნიკურ-ფინანსური უზრუნველყოფისთვის თანხები ბერეზოვსკიმ უნდა გაიღოს. ეს საკითხი კი  ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჯოჰარ დუდაევის მეუღლის  ურთიერთობებზე, შესაძლოა, უარყოფითადაც აისახოს და ჩეჩნეთის პრეზიდენტის ქვრივი გადაცემის წამყვანობაზე არ დათანხმდეს.

ზურაბ დვალი: "არ ვიცი, საიდან წამოვიდა ბერეზოვსკის ფინანსებზე საუბარი... მოლაპარაკება გვქვს ქალბატონ ალა დუდაევასთან იმის თაობაზე, თუ როგორი ფორმით ჩაერთვება ის ტელევიზიის მუშაობაში".

მექა ხანგოშვილი (ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი): "ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ მოვლადი უდუგოვმა შექმნა ტელევიზია "სიედა", რომელსაც ბერეზოვსკი აფინანსებდა. თუმცა, ეს ინფორმაცია დახურული იყო. ფაქტები არც ახლა გვაქვს ხელთ, მაგრამ არა  მხოლოდ მე, სხვებიც ამას გეტყვიან, - სადაც ბერეზოვსკის ხელი ურევია, იქ ყოველთვის არის ომი და სიკვდილი!  დიდი იმედი მაქვს, "პირველად კავკასიური" ბერეზოვსკისთან არ იქნება დაკავშირებული და მისი არსებობა კავკასიელ ხალხთა ერთობას მოემსახურება".

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, "პირველად კავკასიურის" საინფორმაციო გამოშვებების გასვლა ეთერში  ჩეჩნურ ენაზეც იგეგმებოდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეიცვალა და ინფორმაციები მხოლოდ  აფხაზურად,  ოსურად, აზერბაიჯანულად, სომხურად, რუსულად გავა.…სატელევიზიო არხის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ ჩეჩნურ ან ინგუშურ ენებზე  გადაცემები მომავლის პერსპექტივაა.