"ვენაცვალე ეუთოს, რომ ხმა ამოიღო" - კვირის პალიტრა

"ვენაცვალე ეუთოს, რომ ხმა ამოიღო"

"ამბობდნენ, ალყაში გვყავს ხალხიო და 6 კაცი გაექცათ..."

"მე მინდა წარსულში დაბრუნება თუ რურუას, რომელსაც მაუზერი ჰქონდა ჩამოკიდებული, მისი საძმო კი ავტომატებით დარბოდა?!"

"ახლა ამბობს, თუ მომიგებთ, გესვრითო!"

"ქართული ოცნების" ლიდერმა დემოკრატიულ სამყაროს წერილით მიმართა და აიღო ვალდებულება - "ქართული ოცნება" არჩევნების შედეგებს ხელს მოაწერს, თუკი დაკმაყოფილდება კოალიციის 6 მოთხოვნა, რაც აუცილებელია არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის. "საქართველოში 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის ბედი წყდება. თქვენზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს არჩევნები - ქვეყანა საბოლოოდ დაადგება დემოკრატიული განვითარების გზას თუ გაგრძელდება ბრძოლა ავტორიტარიზმსა და პოსტკომუნიზმთან", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი თავის მიმართვაში. "კვირის პალიტრა" კოალიცია "ქართული ოცნების" წევრს ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა:

- ვფიქრობ, ეუთოსა და სხვა ორგანიზაციების დასკვნა გაცილებით ობიექტური იქნება, ვიდრე 2008 წელს იყო. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება. გია ნოდიასა და სააკაშვილს ჰგონიათ, 20-25%-ით გაგვახარებენ, მაგრამ ჩვენ 50%-ზე მეტის აღებას ვგეგმავთ... ინკასო ადევს 6 პარტიის ანგარიშებს, რომელიც შეჩერებულია, მაგრამ როგორც კი ფულს შევიტანთ ანგარიშზე, იმწუთას ამოქმედდება. ვენაცვალე ეუთოს, რომ კონტროლის პალატის უკანონო მოქმედებაზე ხმა ამოიღო. გამამწარეს, დღესაც ჩავაბარე ანგარიში რესპუბლიკური ინსტიტუტის სახელით, რომელსაც კაპიკი არა აქვს და 25-გვერდიან ანგარიშებს მაბარებინებენ თვეში ორჯერ. იქ ნულების გარდა არაფერი წერია. ვაწერ ნულებზე ხელს და ვურტყამ ბეჭედს. ამ დროს კონტროლის პალატა ვერ ხედავს, რომ ბანერზე უწერია "ნაცმოძრაობას" 1.000-ლარიანი ვაუჩერი, ანუ მოსყიდვა(?!).

- ივანიშვილის მიერ სააკაშვილის დებატებში გამოწვევას მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" წინადადება, დებატების გამართვა მერაბიშვილთან. ივანიშვილმა რატომ თქვა უარი მასთან დებატებზე?

- კოალიციის ლიდერი იწვევდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს. ჩვენს შეთავაზებაში არ ყოფილა ლაპარაკი, ვინ რამხელა კაცია. საქართველოში არ მეგულება ისეთი ადამიანი, ვინც იფიქრებს, რომ ივანიშვილს მერაბიშვილთან დებატების (რომელიც ვიცით რა ორატორიცაა) შეეშინდა. სააკაშვილი გამოცდილი პოლიტიკური ფიგურაა. 1995 წლიდან არის პარლამენტის წევრი, ბიძინა ივანიშვილი კი პოლიტიკაში გამოუცდელია. როდესაც დებატებს გთავაზობს კაცი, რომელიც გუშინ მოვიდა პოლიტიკაში, ამას გამოცდილი პოლიტიკოსი უნდა ჩაეჭიდო. სააკაშვილი თუ გვეტყვის, მე პრეზიდენტი ვარ და დებატებს ამიტომ არ ვთანხმდებიო, მაშინ ნუღარ დარბის წაღმა-უკუღმა და ნუ ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი კი არა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა. ხალხს რომ ხვდება სოფლებში, ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ვარ და ამ პარტიას მიეცით ხმაო. ჩვენ ველოდებით პასუხს შეკითხვაზე, - სააკაშვილი დაჯდება თუ არა დებატებზე ბიძინა ივანიშვილთან.

- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თქვა, საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის მცირე ნიშნებიაო.

- 2006 წელს რესპუბლიკურმა პარტიამ დაწერა დოკუმენტი, რომელსაც ერქვა "ვარდების რევოლუციიდან" ნეობოლშევიზმამდე". ეს დოკუმენტი ჩავიტანე ევროსაბჭოში, რომლის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ვიყავი და გადავეცი საკუთარი ფრაქციის თავმჯდომარე მატიას იორშს. მატიას იორშმა რომ დაინახა სიტყვა "ნეობოლშევიზმი", ოჰ, ეს რა დაგიწერიათ, ამის დაწერა მეტისმეტიაო. ახლა არა მარტო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ჯგუფი გვიწოდებს ბოლშევიკებს და ლენინისტებს, არამედ ობიექტურობით გაცილებით საიმედო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ეს შეფასება ხელისუფლებას ეხება.

- ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ეს "ქართულ ოცნებაზე" ითქვა.

- ტერმინები "ლენინიზმი" და "ტოტალიტარიზმი" ეხება იმას, ვინც ხელისუფლებაშია. ვინც არ არის ხელისუფლებაში, იმაზე ლენინი არ ითქმის. ლენინიზმში იგულისხმება, ლენინი როგორ მართავდა ქვეყანას. თუ მიშა სააკაშვილმა ამდენი არ ისწავლა КИМО-ში, მეტი რა ისწავლა, კომუნისტური საგნების მეტს იქ არც არაფერს ასწავლიდნენ, რადგან კა-გე-ბეს ცნობილი უნივერსიტეტი იყო. ნიკა რურუას ამიტომ წამოსცდა ის შეფასება და თქვა, დამკვირვებლები მოისყიდესო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოსყიდვა თუ შეგვიძლია, არჩევნებსაც როგორმე მოვიგებთ, მაგრამ ეს კაცი იმისთვის "მოვისყიდეთ", რომ ჩვენ ვეგინებინეთ, რომ ეთქვა, ბიძინაა ლენინისტი, მიშა კი დისიდენტი, ჩაგრული, დაპატიმრებული, კონტროლის პალატისაგან ფულებწართმეული და ინკასოდადებულიო? ეს განცხადება არის საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც აზროვნება ეზარება, მაგრამ ასეთი ხალხი არ არის უმრავლესობაში. ამიტომ, რაკი ვენდობი საქართველოში უპოპულარულესი გაზეთის ფურცლებს და მის მკითხველებს, გეუბნებით, ამ შემთხვევაში ლენინი საქართველოს ხელმძღვანელია.

- როდესაც ნიკა რურუამ სისულელე უწოდა ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ნათქვამს და მერე ნათქვამი უკან წაიღო, რისი ნიშანია?

- როდესაც კულტურის მინისტრად დანიშნავ მკვლელს, ბანდიტს, რომლის კრიმინალური წარსული არ იწვევს იოტისოდენა ეჭვს, უნდა ელოდო, რომ ის რამე სისულელეს იტყვის. ბატონ რურუას, ჰაველის ქართულად გადმომთარგმნელ კაცს, სათვალე იმისთვის უკეთია, რომ ინტელიგენტი კაცის შთაბეჭდილება დატოვოს, რომ ვინმემ არ იფიქროს მასზე, ძველი "მხედრიონელი" და აღვირახსნილი ბანდიტიაო. ეს კაცი თავს უფლებას აძლევს, შეაფასოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის ნათქვამი! რატომ მოხვდათ იმ კაცის ნათქვამი გულზე, თუ ჩვენზე იყო ნათქვამი? ახლა ამბობს რურუა, ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია მომაწოდაო.

ნიკა რურუა უცბიერესი ადამიანია. მას 6 და 7-სვლიანი მკვლელობები აქვს დაგეგმილი და სხვისი ქონების დაუფლებაში ისეთი ოსტატობა აქვს გამოვლენილი, ვინ დაიჯერებს, რომ ვიღაც ჟურნალისტმა ასეთი გამოცდილი კაცი მოატყუა?

ძალიან კარგად იცოდა, რასაც ამბობდა, იცოდა, რომ სააკაშვილი სწორედ ასეთ განცხადებას ჩაუთვლიდა, ვიღაცამ ხომ უნდა შეჰბედოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ამის თქმა? ასეთ დროს უნდა გყავდეს ნიკა რურუა და კაკო ბობოხიძე! ტაქტიკა ასეთია: მიშას სათქმელს ამბობს რურუა, მერე გადათქვამს და ჟურნალისტს დააბრალებს. ბოლოს კი გაირკვევა, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალი ყოფილა. ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი სააკაშვილია და კულტურის მინისტრი ნიკა რურუა (რომლის კავშირი კულტურასთან წარსულში მხოლოდ კულტურის ნიმუშების მოტაცებას უკავშირდება), ლაპარაკობენ წარსულში დაბრუნებაზე. წარსულში იყო "მხედრიონი". მე მინდა იქ დაბრუნება თუ რურუას, რომელსაც მაშინ მაუზერი ჰქონდა ჩამოკიდებული, მისი საძმო კი ავტომატებით დარბოდა? წარსულში მე ციხეში ვიჯექი და იქ დაბრუნება როგორ მინდა?

სააკაშვილი 2013 წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და თუ მის პარტიას ავირჩევთ, ეს იქნება უკან წასვლა. ორჯერ რომ იქნები პრეზიდენტად, მერე უნდა წახვიდე. ახალგაზრდა კაცია და ცოდვაა, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით ცოდვა, რომ ახალგაზრდა მოვიდა ხელისუფლებაში და ყველა ბებერი გაყარა, 40 წლის პოლიციელი და მასწავლებელი არ მინდაო?! ახლა ამბობს, ყველა საშუალებით უნდა შევინარჩუნო ძალაუფლება თუ მომიგებთ, გესვრითო.

- პრეზიდენტმა კი, პირიქით, "ქართულ ოცნებაზე" განაცხადა, ისინი ემზადებიან... მათ ისე უნდა მოვუგოთ, უწმინდური ხელების განძრევის სურვილი არ გაუჩნდეთო.

- სახელმწიფოს გარდა იარაღი არავის აქვს. ჩვენ იარაღი კი არა, ბანკის ანგარიშზე ფულიც არა გვაქვს, ვართ შიშველი ხელებით და ჩვენ უკან არის სიმართლე. სააკაშვილის ეს განცხადება ნიშნავს, რომ მეტი ანგარიშით უნდა მოიგოს. 80% შეუკვეთეს გამგებლებსა და ცესკოს, ამ კაცს ამჟამად შეუძლებელი უნდა - საკონსტიტუციო უმრავლესობა. Mმის ადგილას ადამიანი მაქსიმუმ 51%-ზე იოცნებებდა. მისთვის 80%-ის დაწერა არ შეუძლია არც ცესკოსა და არც გამგეობას, მრავალი ათასი ამომრჩევლის ხმის წართმევა ასე ადვილი არ არის.

ჩვენ მოვუსმენთ მსოფლიოს, ეუთოს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, და თუ გვეტყვიან, ასეთი იდეალური არჩევნები არ ჩატარებულა და ხმა არ ამოიღოთო, დავფიქრდებით, სანამ ავურევთ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სხვადასხვა რანგის შეხვედრაზე ვყოფილვართ და არსად ულაპარაკიათ 2 ოქტომბერზე. ჩვენ 2 ოქტომბრისთვის კი არა, 1-ლი ოქტომბრისთვის ვემზადებით სააკაშვილისაგან განსხვავებით, რომელიც 2003 წელს ბოევიკებს ამზადებდა. კაცი, ვინც ბოევიკების მომზადებას ხელმძღვანელობდა, ისევ სააკაშვილის გუნდშია.

- ვის გულისხმობთ?

- პეტრე ცისკარიშვილი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა "შტურმავიკების" მომზადებას, რომელთაც უნდა ებრძოლათ და კარი შეემტვრიათ. "ნაციონალური მოძრაობა" ამზადებდა "კმარასაც". "ქართულ ოცნებას" არც "კმარა" ჰყავს და არც ბოევიკები, მაგრამ სააკაშვილი გვაბრალებს, რადგან თვითონ ასე ემზადებოდა 2003 წელს. არც მე მეუბნებოდა, არც ჩემს ძმას და არც ზვიად ძიძიგურს, ისე ამზადებდა ქვასროლია და სკამების მტვრეველ ხალხს...

- ივანიშვილმა ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას ავანტიურა ახსენა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

- უპირველეს ყოვლისა, მაინტერესებს: სულ ცოტა 17-მა კბილებამდე შეიარაღებულმა პირმა როგორ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი? რას აკეთებდნენ ისინი, ვისაც ევალებათ, რომ შეიარაღებული ჯგუფები არ გადმოვიდნენ საქართველოში? ვინ იყო ის ხალხი? ვვარაუდობ, რომ დაღესტნელი ბოევიკები, ტერორისტები არიან, მაგრამ არავინ ამბობს, რომელი დაჯგუფების წევრები. როდესაც ხალხი კვდება, პრეზიდენტს სინანულის გრძნობა უნდა ჰქონდეს და თავის წილ პასუხისმგებლობაზე უნდა ილაპარაკოს, მე ვერ დავიცავი ეს ხალხიო და ეს კიდევ მუშტებს იქნევს, ყველა დაცულიაო. თუ ყველა დაცულია, 3 კაცი რატომ მოგვიკვდა? თანაც იმ ადგილას, რომელზეც გაიძახიან, ყველაზე მშვიდი და დაცულიაო? გაირკვა, რომ საქართველო ტერორიზმთან ბრძოლაში აბსოლუტურად მოუმზადებელია. ჩვენ თურმე მხოლოდ დევნის ოპერაციის ჩატარება შეგვიძლია. ამბობდნენ, ალყაში გვყავს ხალხიო და 6 კაცი გაექცათ...

- დასასრულ, მინდა ივანიშვილის 6-პუნქტიან მოთხოვნაზე გკითხოთ. როგორც ირკვევა, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, არჩევნების შედეგებს არ ცნობთ. მერე რა იქნება?

- ამ მიმართვის მიზანია, გონზე მოვიყვანოთ ხელისუფლება და წამოვიყვანოთ დათმობებზე. არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ და დავიცავთ ყველა ხმას კანონიერი ნორმებით. ჩვენ დასავლეთს ვეუბნებით, ახლავე დაგვიდექით გვერდით, რომ მერე არ მოგვიწიოს მეტმა შრომამ ჩვენი ხმების დასაცავადო. ეს განცხადება არ ნიშნავს ბოიკოტს და არ ნიშნავს იმას, რაც გოკა გაბაშვილმა თქვა, თითქოს წინასწარ ვაცხადებთ ჩვენს დამარცხებას. ჩვენ პრესინგს მოვუწყობთ ხელისუფლებას ყველა კანონის დაცვით. არ გამოვრიცხავ, რომ ექვსივეზე თუ არა, რაღაც პუნქტებზე ხელისუფლება დათანხმდეს მოლაპარაკებას. ეს მიმართვა სააკაშვილზე თუ არა, დასავლელ პარტნიორებზე მაინც იქონიებს გავლენას.