ალტერნატიული აზრის საწინააღმდეგო "ვაქცინაცია" უკვე დაწყებულია - კვირის პალიტრა

ალტერნატიული აზრის საწინააღმდეგო "ვაქცინაცია" უკვე დაწყებულია

მართალია, მიხეილ სააკაშვილი მომავალ გაზაფხულზე მხოლოდ ვადამდე ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას დაგვპირდა, მაგრამ წინასაარჩევნო სამზადისის ინტენსიურობა და მასშტაბი მიანიშნებს, რომ შეიძლება ვადამდე საპარლამენტო არჩევნების მომსწრენიც გავხდეთ.

წინასაარჩევნო სამზადისი ყველაზე გამოკვეთილად იმ მედიასაშუალებებს შეეტყოთ, რომლებსაც საზოგადოება ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებულად მიიჩნევს. უფრო მეტიც, ქართულ მედიასივრცეში კიდევ ერთი ტელევიზია და ახალი ინტერნეტგამოცემა გამოჩნდა. მათმა პირველივე პუბლიკაციებმა და რეპორტაჟებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი ოპოზიციის გაქილიკებასა და კრიტიკას ეძღვნება, უმალვე ნათელი გახადა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ მედიაკოჰორტას ახალი წევრები შეემატნენ. მაგალითად, ერთ-ერთი  ფართოდ ტირაჟირებული ჟურნალისტური "შედევრი" იყო უცხოეთში, ძირითადად, რუსეთში მყოფი ფულიანი ქართველების მიერ ოპოზიციისთვის გადახდილი და ამ უკანასკნელის მიერ "შეჭმული" 47 მილიონი დოლარი. ინტერნეტგამოცემა ირწმუნება, რომ ქართულ სპეცსამსახურებს აქვთ ჩანაწერები ოპოზიციის ლიდერების მიერ უცხოეთიდან თანხის მიღების, მისი გამოყენება-დანიშნულების და საეჭვო საბანკო გადარიცხვების შესახებ.D დეტალურად არის ჩამოთვლილი არა მხოლოდ ამ პირების ვინაობა, არამედ გადმორიცხული თანხების რაოდენობაც(?!). გამოდის, რომ შსს გაზეთს ოპოზიციაზე კომპრომატებით ამარაგებს, შემდეგ ეს საზოგადოებაში რომ გავრცელდეს...

ყველამ კარგად იცის, როგორ შეიძლება საქართველოში ნებისმიერი არჩევნების მოგება მაშინაც კი, როცა პოპულარული არ ხარ. ამ ნაკლის "კომპენსაცია" იოლია, თუკი მედიასაშუალებები "ჯიბეში გიდევს" და მათი მეშვეობით საზოგადოების მანიპულირებას და ოპონენტების ინტენსიურ დისკრედიტაციას ეწევი. ამისათვის საკმარისია, თუნდაც ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და ოპოზიციის საგაზაფხულო აქციები გავიხსენოთ.

ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებულ და ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ ორ კერძო ტელეკომპანიაში წინასაარჩევნო "რეორგანიზაცია" თითქმის დასრულებულია. არასაიმედო ჟურნალისტების გამოთავისუფლებული ვაკანსიები პოლიტიკურად საიმედო კადრებმა დაიკავეს. "რეორგანიზაცია," უფრო ზუსტად კი, საკადრო წმენდა დაწყებულია "საზოგადოებრივ მაუწყებელზეც".

საქართველოში სწრაფად იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა. ბოლო მონაცემებით, ეს ციფრი უკვე 900 ათასს აღწევს და მათი უმეტესობა ახალგაზრდაა, რომლებსაც ჯერ არა აქვთ კრიტიკული ანალიზის უნარი. ამიტომაც დიდია ალბათობა, რომ   წინასაარჩევნო კამპანიისათვის ინტერნეტსივრცის გამოყენება არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გახშირდება. ბერლინში ოპოზიციის ლიდერების - გამყრელიძე-გაჩეჩილაძის კახა თარგამაძესთან შეხვედრის ამსახველი კადრები პირველად ხომ სწორედ ინტერნეტზე განთავსდა და მათი ნახვა ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ დროს ისევე შეუძლია, როგორც პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლებისა. სწორედ ეს არის ინტერნეტის უპირატესობა ტელევიზიასთან.

თუ რატომ ხდება, რომ ხელისუფლება ყოველთვის ერთი სვლით ასწრებს ოპოზიციას, თუნდაც საინფორმაციო ომში და უფრო ეფექტიანად იყენებს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ამის შესახებ ოპოზიციონერებსა და მათ მხარდამჭერებსაც მოუწევთ დაფიქრება. არჩევნები არც ისე შორს არის, ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ დაწყებულ საინფორმაციო ომის შედეგად ოპოზიციისადმი საზოგადოების ისედაც შერყეული ნდობა კიდევ უფრო მცირდება,  ოპოზიციის მხრიდან რაიმე კონტრზომებს კი, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ.

ხელისუფლების მიერ მართვადი მედიის მეშვეობით ალტერნატიული აზრის საწინააღმდეგო "ვაქცინაცია" უკვე დაწყებულია. სხვა საკითხია, საზოგადოება თუ მიიღებს ამ "ვაქცინას".