3 დღე გასროლამდე - კვირის პალიტრა

3 დღე გასროლამდე

ლოპოტის სპეცოპერაციის სავარაუდო ვერსიები

ხეობაში განვითარებული მოვლენების ორი ვერსია არსებობს - ოფიციალური თბილისის და დოკუ უმაროვის ორგანიზაცია "კავკასიის იმარატის".  საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების ცნობით, ლოპოტის ხეობაში დაღესტნიდან გადმოსული შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ჯერ მძევლები აიყვანეს და შემდეგ დანებებაზე უარი განაცხადეს. "კავკაზცენტრის"”(რომელიც "კავკასიის იმარატის" ოფიციალური ვებგვერდია) ვერსიით კი, ახალწვეული მოჯაჰედები რუს ოკუპანტებთან საბრძოლველად, დისლოკაციის ადგილისაკენ მიდიოდნენ. მათ მძევლები არ აუყვანიათ და ოპერაციის ბოლო ეტაპზე ჯგუფის მარშრუტის შესახებ ინფორმაციამ სწორედ იმიტომ გაჟონა, რომ მებრძოლებმა გაუშვეს ხუთი ქართველი, რომლებსაც შემთხვევით შეხვდნენ. "კავკაზცენტრის" ცნობით, მოჯაჰედები ქართული მხარისგან მხოლოდ  გზის გახსნას ითხოვდნენ.

მთავარი კითხვა, რაც ლოპოტის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაჩნდა, ალბათ, ის არის, შეიძლებოდა თუ არა ყველაფრის უფრო მშვიდობიანად მოგვარება, რათა მსხვერპლი თავიდან  აგვეცილებინა და ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობა არ გაგვერთულებინა. რუსეთი ამ სპეცოპერაციას აუცილებლად გამოიყენებს ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიქართული განწყობის გასაღვივებლად და არ არის გამორიცხული, ხელი შეუწყოს ათასგვარ დაჯგუფებას, რომ საქართველოზე შური იძიონ(!).

ოფიციალურმა სტრუქტურებმა, შესაძლოა,  არც არასოდეს გაამხილონ, როდის შემოვიდა შეიარაღებული ჯგუფი საქართველოში. თუმცა ვიცით, რომ 26 აგვისტოს ისინი უკვე ლოპოტის ხეობაში იმყოფებოდნენ. 26 აგვისტოსვე დაირღვა მხარეებს შორის მოქმედი დაუწერელი კანონი:“"მე შენ ვერ გხედავ, შენ მე არ მეხები!" თბილისმა ოფიციალურად შეიტყო საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პირების ყოფნის შესახებ და მეზობელ სახელმწიფოს ვეღარ დავარწმუნებდით, რომ ქართულმა მხარემ არაფერი იცოდა.

სამხედრო ქვედანაყოფები ლოპოტის ხეობაში 28 აგვისტოს, საღამოს შევიდნენ, ანუ თბილისმა სპეცოპერაცია სამი დღის შემდეგ დაიწყო, ასე რომ, შეიარაღებული ჯგუფის წევრებს სამი დღე ჰქონდათ ტერიტორიის დასატოვებლად.

შესაძლოა, სამი დღის განმავლობაში ხელისუფლება გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. თუმცა, სავარაუდოდ, ამ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა შეიარაღებული ჯგუფის წევრებს განაჩენი გამოუტანა.

როგორც ჩრდილოკავკასიური ვებგვერდები იუწყებოდა, დაღესტანში, დიდოეთში, ბოთლიხის რაიონში, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს, 26 აგვისტოს, საღამოს, რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი და დაახლოებით 70 ერთეული მძიმე ტექნიკა შევიდა. საქართველოს საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაცია (ოფიციალური მიზეზი "კავკაზ 2012"-ისთვის მზადება იყო) მანამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ ერთ რაიონში ამხელა ძალა თავმოყრილი არ იყო.

27 აგვისტოს ჩრდილოკავკასიური საიტები ავრცელებდნენ ინფორმაციას, თუ როგორ მაროდიორობდნენ რუსი ჯარისკაცები ბოთლიხის რაიონში და წერდნენ, რომ იქაურთა შეკითხვაზე, თუ რას აკეთებდნენ იმ რეგიონში, პასუხობდნენ, საქართველოსგან უნდა დაგიცვათო.

აქვე უნდა გავიხსენოთ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს განცხადება, რომელიც ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციისას გავრცელდა. რუსი მესაზღვრეები ამტკიცებდნენ, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოში შეიარაღებული ჯგუფი არ გადასულა. შესაბამისად, შეიარაღებული ჯგუფის უკან გაშვებისას რისკი იზრდებოდა, რადგან შესაძლებელი იყო რუსებს ეს საქართველოს მხრიდან პროვოკაციად მოენათლათ და დარტყმა განეხორციელებინათ.

ალბათ, ამ მოვლენებმა და სავარაუდოდ, კიდევ სხვა ფაქტორებმა, რომელთა შესახებაც ბევრი არ ვიცით, გადაწყვიტა შეიარაღებული ჯგუფის ბედი.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ალბათ, მოლაპარაკება  ქართველ ძალოვნებსა და მოჯაჰედებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ტყვეობაში მყოფი მესაზღვრე შსს-ს ოფიცერმა ჩაანაცვლა (ოფიციალური ინფორმაციით, მესაზღვრემ ლაფანყურელი ახალგაზრდები შეცვალა).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სანამ ოპერაცია დაიწყებოდა, მოჯაჰედებს სამი დღე ჰქონდათ, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. როგორც ჩანს, ისინი ქართული მხარისგან საფრთხეს არ ელოდნენ, ან ჰქონდათ გარანტია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდებოდა. არ არის გამორიცხული, რომ მომლაპარაკებელი (შსს-ს ოფიცერი) გარანტიას  დროის გაყვანის მიზნითაც აძლევდა, სანამ ოპერაციის ჩატარება-არჩატარების საკითხი გადაწყდებოდა.

ასევე, საინტერესოა, ქართველმა ძალოვანებმა მართლაც შესთავაზეს თუ არა დანებება მოჯაჰედებს, თუ მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლეს. შსს-ს გავრცელებული ვიდეოკადრები მეორე ვარიანტის ვარაუდის საფუძველს უფრო იძლევა, თუმცა, რა თქმა უნდა, დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ მთავარ ეჭვს საძილე ტომრები იწვევს, რადგან მასში არათუ ცხედრის, არამედ ცოცხალი ადამიანის მოთავსებაც კი რთულია.

ასევე იხილეთ: პირველი კადრები ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ადგილიდან