"ტყუილად მეკითხებით რაღაცებს, არაფერს გეტყვით!" - კვირის პალიტრა

"ტყუილად მეკითხებით რაღაცებს, არაფერს გეტყვით!"

სოფელი ისეა დაშინებული, არათუ მომხდარზე, არჩილ ჩოხელზე კარგი სიტყვის სათქმელადაც არავინ გაგვიჩერდა

"არც დედამ იცის რამე და არც მამამ. ორივენი ცუდად არიან. წადით აქედან, ვერავინ ვერაფერს გეტყვით და არც მე მიგიშვებთ"

"წადით აქედან, გთხოვთ, ვარძელაშვილი და მისი ხალხი უნდა მოვიდნენ."

ლაფანყურში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიღუპა 3 ქართველი: არჩილ ჩოხელი, სოლომონ წიკლაური და ვლადიმერ ხვედელიძე. ჩვენ სოფელ გალავანში ჩავედით და შევეცადეთ მეზობლებსა და ოჯახის ახლობლებს გავსაუბრებოდით, თუმცა, ჩვენი მცდელობა, რაიმე ინფორმაცია მიგვეღო, უშედეგოდ დასრულდა. სოფელი დუმს. გზად საგურამოდან სოფელ გალავნისაკენ მგზავრი ჩავისვით მანქანაში. თავდაპირველად, გვითხრა, სოფელს უბედურება დაატყდა თავს, ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპაო, თუმცა, უკვე გზის ბოლოს, როცა ჩვენს თანამგზავრს კითხვები შევაპარეთ, გვითხრა, არ ვიცი არაფერი, მე ამ სოფლიდან არა ვარო...

არჩილ ჩოხელის  პანაშვიდზე უჩვეულო სიჩუმე იყო. ეზოში სპეცსამსახურების თანამშრომლების სიმრავლე იგრძნობოდა. ჭირისუფალი მოვიკითხე, მითხრეს, დედა ცუდად არის, მამაც... თქვენ აქ არავინ არაფერს გეტყვითო. არაფრის თქმა არ მინდა-მეთქი, მინდა გაიხსენოთ ეს ადამიანი, მითხრათ, ვინ იყო, რა კაცი...

- რა კაცი იყო და ბრწყინვალე პიროვნება, არაჩვეულებრივი ვაჟკაცი და სპორტსმენი, - გვითხრა სამხედროფორმიანმა მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. როგორც ჩანს, სწორედ მას ევალებოდა ვითარების გაკონტროლება, რადგან ყველა მიმსვლელ-მომსვლელის ვინაობით ინტერესდებოდა.

მიუხედავად მისი კატეგორიული ტონისა, ისევ ვთხოვეთ არჩილ ჩოხელზე ცოტა რამ ეთქვა:

- რა არის სათქმელი და სალაპარაკო? ორგზის ევროპის ჩემპიონი იყო სამბოში, დიდი სპორტსმენი და უაღრესად კარგი კაცი. ახლა კი წადით აქედან, გთხოვთ, ვარძელაშვილი და მისი ხალხი უნდა მოვიდნენ.

- ცოლ-შვილი არ ჰყავდა?

- არა.

- დასანანია.

- დასანანი ის არის, რომ თავად აღარ არის ცოცხალი. დაიღუპა კაცი. ტყუილად მეკითხებით რაღაცებს, მეტს არაფერს გეტყვით და არც არავინ გეტყვით! არც დედამ იცის რამე და არც მამამ. ორივენი ცუდად არიან. წადით აქედან, ვერავინ ვერაფერს გეტყვით და არც მე მიგიშვებთ.

ჩვენი მოსაუბრის ტონი თანდათან გამკაცრდა და თან, რამდენიმე კუNნთმაგარი ახალგაზრდაც მოგვიახლოვდა. იძულებული გავხდით, იქაურობა დაგვეტოვებინა.

შევეცადეთ სოფელში ვინმეს გავსაუბრებოდით, მაგრამ ამაოდ. სოფელი ისეა დაშინებული, არათუ მომხდარზე, არჩილ ჩოხელზე კარგი სიტყვის სათქმელადაც არავინ გაგვიჩერდა.

არჩილ ჩოხელი

არჩილ ჩოხელი 1971 წლის 23 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში დაიბადა; იყო მსოფლიოს ჩემპიონი (1993), ორგზის მეორე (1994, 1997) და ექვსგზის მესამე (1992, 96, 98, 99, 2000, 02) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მფლობელი (1997) და მეორე პრიზიორი (1996), ევროპის ჩემპიონი (1998), მეორე (2001) და ექვსგზის მესამე (1993, 94, 97, 99, 2000, 02) პრიზიორი; ღირსების ორდენის კავალერი; საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 4 თვის წინ დაინიშნა.