ასეთ "შოუებში" მეტი ეფექტურობისთვის პაიკებს სწირავენ - კვირის პალიტრა

ასეთ "შოუებში" მეტი ეფექტურობისთვის პაიკებს სწირავენ

"საქართველოში წლების მანძილზე პროცესები კა-გე-ბეს სცენარებით ვითარდებოდა"

პოლიტოლოგი გიორგი კუჭავა ვარაუდობს, რომ ლაფანყურში ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული სცენარით განვითარდა, მივყვეთ მის მსჯელობას.

ეჭვები

- ნებისმიერი სპეცსამსახურის სასწავლო სახელმძღვანელოში წერია, რომ დივერსანტს მძევლების აყვანა ეკრძალება. თუ ადგილობრივ მცხოვრებთ შეხვდება, უნდა ამოხოცოს ისინი და გვამები ისე დამარხოს, რომ მკვლელების კვალის დაკარგვამდე ვერ იპოვონ. ლაფანყურში ბოევიკებს სამჯერ გაუცვლიათ მძევლები, თანაც - სამხედრო მოსამსახურეებში. დივერსანტი სამიზნე ქვეყნის ტერიტორიაზე შედის რაიმე ობიექტის გასანადგურებლად ან ისეთი ინფორმაციის მისაღებად, რომელსაც კოსმოსური თანამგზავრიდან ვერ იღებს. მათ კი არაფერი გაუნადგურებიათ, მძევლებს თურმე სტუმრებივით ექცეოდნენ. დივერსიულ ჯგუფში ხუთ კაცზე მეტი არ უნდა იყოს - ლაფანყურში ერთი, განსაკუთრებულად აღჭურვილი, საბრძოლო დანაყოფი შემოსულა. Gგასაკვირია, ასეთი შეიარაღებით როგორ შეძლეს რუსეთის საზღვარზე თავმოყრილი თავდაცვის, შინაგანი და სასაზღვრო ჯარების გვერდის ავლა? საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, მოკლული დივერსანტები დაკრძალეს მაჰმადიანური წესით, ანუ მზის ჩასვლამდე. როგორც წესი, უცხო ქვეყნიდან შემოსულ და ლიკვიდირებულ დივერსანტებსა თუ ტერორისტებს შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ ყოველთვის გადასცემენ თავიანთ ქვეყანას და ნათესავებს. რატომ არ აკეთებს ამას საქართველოს ხელისუფლება? იქნებ რაღაცას მალავს და დივერსანტები არც კი იყვნენ შემოსული ჩრდილოეთ კავკასიიდან?

ქურდს ქუდი ეწვის?

- ლაფანყურის ამბავი თითქმის არავის დაუკავშირებია არჩევნებთან, მაგრამ ჯერ გიგა ბოკერიამ, მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნეს, მხოლოდ სულელი თუ იტყვის, რომ ეს ამბავი არჩევნებს უკავშირდებაო... ისე გამოუვიდათ, ქურდს ქუდი ეწვისო... 1998 წელს, როდესაც საქართველოში  პირველად ტარდებოდა ადგილობრივი და თვითმმართველობის არჩევნები, შემორიგებულმა პოლკოვნიკმა აკაკი ელიავამ საპროტესტო გამოსვლა მოაწყო პოლიტიკური მოთხოვნებით. Eეს ის პერიოდია, მოქალაქეთა კავშირმა ყველგან რომ წააგო არჩევნები... მაშინ გია ბარამიძემ განაცხადა, რუსეთის სპეცსამსახურებმა მეამბოხე პოლკოვნიკის ხელით სცადეს საქართველოში წყლის ამღვრევაო... გოჩა ესებუაც მაშინ მოკლეს, როცა შემორიგებას დასთანხმდა. ორივე მოკლული დიდ ინფორმაციას ფლობდა, ამასთან, ორივე ეს მოვლენა მოხდა არჩევნების მოახლოებისას და უკავშირდებოდა რუსეთს.

გენერალი ალასანია

- ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირის უქონლობა როდი ნიშნავს, რომ მათ რაიმე დონის ურთიერთობა მაინც არ აქვთ. ამას მხოლოდ დილეტანტი თუ დაიჯერებს. ვვარაუდობ, რომ დიპლომატიური კავშირის უქონლობის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურები მაინც თანამშრომლობენ... ამ ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, გრუ-ს ყოფილი გენერალი, თუმცა, ამბობენ, რომ ამ სამსახურებში ყოფილი, თანაც გენერალი არ არსებობს. კომუნისტების დროს გრუ და კა-გე-ბე განსხვავდებოდა იმით, რომ კა-გე-ბეში იყვნენ რუსები და ყველა სხვა მოძმე ერების წარმომადგენლები, გრუ-ში კი - მხოლოდ ეთნიკური რუსები და მოძმე რესპუბლიკების "რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკეები" ანუ რუსებზე უფრო თავგამოდებული, გარუსებული მოქალაქეები. ასეთი იყო თემურ ალასანია, რომელიც დღესაც იოლად მიდი-მოდის მოსკოვში და სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობს ფართო საზოგადოებისთვის ტელეეკრანებზე საჩვენებელი ფარსის სცენარების შექმნაში. ასეთ "შოუებში" მეტი ეფექტურობისთვის პაიკებს სწირავენ. უკვე ვივარაუდე, რომ ის ე.წ. დივერსანტები საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსული მხარისთვის შეუმჩნევლად ვერ გადმოვიდოდნენ (თუ საერთოდ გადმოვიდნენ), ე.ი. გადმოუშვეს, ალბათ, იმისათვის, რომ საქართველოში დაეხოცათ. ლაფანყურის ამბავი ისე წარმოჩნდა, რომ საქართველომ რუსეთის მტერი გააუვნებლა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ქართველი საზოგადოებისთვის, შესაძლოა, არც კი იყოს ცნობილი–- 1991 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენებისას იმხანად პოლკოვნიკი თემურ ალასანია და მისი უშუალო უფროსი გენერალი გენერალოვი ГКЧП-ს აქტიური მონაწილენი იყვნენ.

ხელი ხელს ბანს

- სააკაშვილს ერთხელ წამოსცდა და პუტინს დაამადლა, რომ ჩეჩნებზე კონტროლის დამყარებაში დაეხმარა(?!). პუტინი შევარდნაძეს სთხოვდა, ჩეჩნეთში ზურგიდან შესასვლელად კორიდორი მიეცა. შევარდნაძე თანხმდებოდა, თუ ე.წ სამხრეთ ოსეთში თბილისი სრულ კონტროლს დაამყარებდა, აფხაზეთის ნაწილში, კერძოდ, სამურზაყანოში კი ქართული იურისდიქცია აღსდგებოდა. პუტინმა არ ისურვა დათმობა. შესაძლოა, სააკაშვილთან სწორედ ეს სცენარი გაათამაშა და თანხმობა მიიღო, რითაც ქართველების და ჩრდილოკავკასიელების დაპირისპირების საფრთხე გაჩნდა. რუსეთი ყოველთვის ახერხებდა, კავკასიელები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა. შევარდნაძე ამას მეტ-ნაკლებად აბალანსებდა. დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო აღარ არის შევარდნაძის დროინდელი, როდესაც ჩრდილოკავკასიელები უპრობლემოდ გადმოდიოდნენ საქართველოში და აქ ბანაკდებოდნენ. შევახსენებ ნაცმოძრაობის ლიდერს, რომ ჩეჩენი პარტიზანები საქართველოში დაბანაკდნენ მხოლოდ მას მერე, რაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ჩეჩნეთის პრეზიდენტი პოლკოვნიკი ასლან მასხადოვი. იმჟამად ჩეჩენი პარტიზანების ერთ-ერთი საველე მეთაური გილაევი აწარმოებდა მოლაპარაკებას საქართველოს ხელისუფლებასთან.

აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია, შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე და თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია და პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გია ბარამიძე. მოლაპარაკების ძირითადი თემა იყო ქართული სპეცრაზმის გაწვრთნა და ჩეჩენი პარტიზანების დახმარებით აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა. მაშინ რუსეთს არ გააჩნდა იმის რესურსი, რომ ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ წამოეწყო. ერთ-ერთი გეგმის თანახმად, ჩეჩნები მოამზადებდნენ 10-10-კაციან ჯგუფებს, რომლებიც უნდა შესულიყვნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. თითოეულ ჯგუფში უნდა ყოფილიყო ერთი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი. მოლაპარაკებები ნახევრად გასაიდუმლებულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ხსენებულ გეგმას ეწინააღმდეგებოდნენ ზურაბ ჟვანია და გია ბარამიძე, Mმაგრამ ვერაფერს გახდნენ, ამიტომ მეორე დღესვე მოლაპარაკების ზოგიერთი დეტალი და საბრძოლო გეგმაც კი, გადაიცა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ით, რომელსაც მხოლოდ ზურაბ ჟვანია აკონტროლებდა.

რუსეთს სააკაშვილი ხელს აძლევს

- პიარის დიდოსტატი სააკაშვილი გვარწმუნებს, რომ რუსებისთვის არაფერი მიუყიდია - ვერც ერთი სტრატეგიული ობიექტი ვერ ჩაიგდეს ხელშიო, აცხადებს, არადა, ყველაფერს სწორედ რუსეთი - "გაზპრომი" და "რაოესი" - აკონტროლებს. გუბაზ სანიკიძემ თქვა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველაფერს გადავხედავთო. მეზობელმა ძალიან კარგად იცის, რომ ბევრი თავსატეხი ელის; შესაძლოა, წამოტივტივდეს ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ბევრი ფარული გარიგება. ამიტომაც მას სურს, საქართველოში შეინარჩუნოს სტატუს კვო და მოახერხოს კონტროლის არეალის გაფართოება თუნდაც მაგისტრალურ გაზსადენზე. შეიძლება მოხდეს გარიგებაც - რუსეთი სააკაშვილს არჩევნებზე დაეხმარება, არსებული პოლიტიკური რეჟიმის შენარჩუნების შემთხვევაში კი საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მაგისტრალურ გაზსადენს მიჰყიდის(!).

2000 წელს რეფორმატორმა პოლიტიკოსებმა რუსი "პიარშჩიკები" ჩამოიყვანეს. ზურაბ ჟვანიას განკარგულებით, მათ ყველა გზა ხსნილი ჰქონდათ, შედიოდნენ ყველგან, ელაპარაკებოდნენ, ვისაც სურდათ, ატარებდნენ ტრენინგებს, რომლებშიც მეც ვმონაწილეობდი. ისინი არ მალავდნენ, რომ კა-გე-ბეს გაწვრთნილები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო ელენა ეგოროვა-დარტმანი. სამწუხაროდ, საქართველოში წლების მანძილზე პროცესები კა-გე-ბეს სცენარებით ვითარდებოდა, ალბათ, იგივე ხდება დღესაც.

არსებობს სიცრუის სამი სახეობა: ტყუილი, დაუჯერებელი ტყუილი და... სტატისტიკა

მარკ ტვენი