სკანდალი - დახოცილები პანკისელი ქისტები არიან?! - კვირის პალიტრა

სკანდალი - დახოცილები პანკისელი ქისტები არიან?!

რეპორტაჟი დუისიდან

უკვე ერთი კვირაა, ლოპოტის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს საზოგადოება გაფაციცებით ადევნებს თვალყურს...

27 აგვისტოს მედიით გავრცელდა ინფორმაცია 5 ლაფანყურელი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ. ლერი ხუცურაული, ლევან გარაშვილი, ბესიკ მიჯახკაშვილი, ტატო ღაღოლიშვილი, თამაზ გამიერაშვილი სოფლიდან საქეიფოდ ტყეში წავიდნენ (სოფელი ლაფანყური საქართველო-დაღესტნის საზღვრის ახლოსაა) და აღარ გამოჩნდნენ. მთელი დღის ძებნის შემდეგ თანასოფლელებმა ისინი 28 აგვისტოს შუადღისას აღმოაჩინეს უცნობ შეიარაღებულ პირებთან ერთად და ეს ამბავი აცნობეს ჯერ მესაზღვრეებს, შემდეგ პოლიციას. ბიჭები გაათავისუფლეს...

იმავე საღაAმოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდები დაღესტნიდან გადმოსულ ე.წ. "ბოევიკებს" ჰყოლიათ გატაცებული. 28 აგვისტოს ღამით ხელისუფლებამ ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო და ლოპოტის ხეობაში შინაგანი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დანაყოფები შეიყვანა. ორმხრივი შეტაკებისას დაიღუპა ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ერთი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. გაცილებით დიდი მსხვერპლი იყო "ბოევიკებში" - 11 გარდაცვლილი.

ლაფანყურის ოპერაციამ საზოგადოებაში მრავალი კითხვა გააჩინა, რომელზეც პასუხები შეიძლLება პანკისის ხეობაში ვეძიოთ. 30 აგვისტოს პანკისის ხეობაში ჩავედი. ადგილობრივების თქმით, დუისში 1-ელ სექტემბერს 7 ახალგაზრდა უნდა დაეკრძალათ. საფლავებიც კი გათხარეს, თუმცა მალე გაირკვა, რომ ხელისუფლება ჭირისუფლებს ცხედრებს არ აძლევდა.

ჩვენ მოვახერხეთ ერთ-ერთი დაღუპულის ახლობელთან საუბარი. მან გვითხრა, - ცხედრები არ მოგვცეს - მიცვალებულები თქვენი არ არისო. რას ჰქვია, არ არის?! გუშინ ჩვენები იყვნენ, საფლავებიც გაგვათხრევინეთ და დღეს აღარ არიან?!.

1-ელ სექტემბერს, როდესაც გარდაცვლილთა ოჯახებში სამძიმარზე მივედით, ოჯახის ახლობლებმა მისამძიმების უფლება არ მოგვცეს. კარებიც საგულდაგულოდ გადარაზეს. ეშინიათ, ვაითუ ცხედრები არ მისცენ. არადა, რამდენიმე დღის წინ სპეცსამსახურების თანამშრომლები (შუამავლები. - ავტ.) თავად დადიოდნენ ხეობაში და იმ ბიჭებს ჰპირდებოდნენ, ჩვენ გადაგიყვანთ საზღვარზეო. ახლა ხალხი ჯერჯერობით ხმას ვერ იღებს, რადგან ჯერ კიდევ აქვთ ცხედრების დაბრუნების იმედი. თუ ასე არ მოხდა, სიმართლე აღარ დაიმალება, აცხადებენ ადგილობრივი ქისტები.

ადგილობრივების თქმით, სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ამბოხებულების მხარეზე ასობით მოხალისე ვაჰაბიტი მეომარი იბრძვის (საველე მეთაურის, რუსლან გელაევის ვაჟი სირიიდან ორიოდე კვირის წინ ჩამოასვენეს და დუისში დაკრძალეს). ადგილობრივების თქმით, პანკისის ხეობიდან ახალგაზრდა ვაჰაბიტების ოცკაციანი ჯგუფის სირიაში გამგზავრება იგეგმებოდა. ერთი მათგანი ავსტრიიდან საგანგებოდ ჩამოვიდა, რომ ჯგუფს შეერთებოდა. ხეობის მცხოვრებნი არ მალავენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ამის შესახებ ყოველთვის იცოდა“საჭირო ხალხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხელა არსენალით მოძრაობა სარისკო იქნებოდა. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, მეომართა ჯგუფს მართლაც ახლდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, თუმცა ის მათი მძევალი (როგორც აცხადებენ) არ ყოფილა, არამედ გამცილებელი იყო. ლაფანყურელ ახალგაზრდებსაც ისინი შემთხვევით გადააწყდნენ (მეორე ვერსიით, ბიჭები მათ ტვირთის გადატანაში დაეხმარნენ), სავარაუდოდ, ვაჰაბიტი მეომრების ჯგუფს სპეცდანიშნულების რაზმი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა (ტყეში სამხედრო პირების ყოფნას ართანის მოსახლეობაც ადასტურებს). შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა, გამცილებელმა ტელეფონზე საუბარი ითხოვა და მას ორი მეომარი გაჰყვა, რათა საუბრისას ზედმეტი არაფერი ეთქვა. სწორედ ამ დროს ემსხვერპლა ერთი მეომარი სნაიპერის ტყვიას. როგორც ხეობაში ამბობენ, არანაირი შეთავაზება დანებებაზე არ ყოფილა, უბრალოდ, მეომრები გაანადგურეს.

31 აგვისტოს გადარჩენილები ლაფანყურელი მეცხვარეების კარვებთან გამოჩნდნენ. როგორც სოფელ ლაფანყურში ამბობენ, მეომრების დანახვაზე მწყემსები იქაურობას გაეცალნენ. უკან დაბრუნებულთ მხოლოდ პური და ყველი დახვდათ წაღებული. ხეობელების ინფორმაციით, ორი მეომარი დაჭრილი იყო და დაიღუპა, დანარჩენები საზღვრისკენ მიიწევენ.

P.S. სამწუხაროდ, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში გათხრილი საფლავების ფოტოს გადაღება ვერ მოვახერხე - მუსლიმანური ტრადიციების მიხედვით, ქალებს სასაფლაოსთან მისვლა ეკრძალებათ. გარდა ამისა, სოფელში შექმნილი სიტუაციის გამო, ამის მოხერხება ისედაც შეუძლებელი იყო. თუმცა მოგვიანებით, წინასწარ გათხრილი საფლავებისთვის ფოტოს გადაღება ჩემმა კოლეგამ, გელა მთივლიშვილმა მოახერხა.

გელა მთივლიშვილი: - სოფელ დუისში მეჩეთთან ადგილობრივმა ვაჰაბიტებმა მუშაობის საშუალება არ მოგვცეს, აგრესიულადაც იქცეოდნენ. თუმცა მანამდე შევიტყვეთ, რომ გარდაცვლილთაგან ოთხის ვინაობა ცნობილია და ისინი ადგილობრივი ქისტები არიან. სოფელში 6 საფლავს უმიზეზოდ არავინ გათხრის. გარდაცვლილთა ოჯახებში სამძიმარზე მისული ხალხიც დავინახეთ. სამწუხაროდ, მხოლოდ ამ ფოტოს გადაღება შევძელით და იქაურობა იძულებით დაგვატოვებინეს.

ასევე იხილეთ: შსს-ს ინფორმაციით, დევნის ოპერაციისას მოკლულია დივერსანტი

შსს - სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე

სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის შსს-მ საქართველოს ორი მოქალაქე დაასახელა

თბილისი-პანკისი