"მე მაქვს კითხვა: გიყვართ სამშობლო?" - კვირის პალიტრა

"მე მაქვს კითხვა: გიყვართ სამშობლო?"

"თუ რუსეთის მოქალაქეებს უნდათ საქართველოში ჩამოსვლა, შეუძლიათ ჩამოვიდნენ ტურისტებად და არა ავტომატებით"

"ჩვენი სია ნამდვილად ჯობს "ქართული ოცნების" სიას"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებს მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღებამ, რათა უფრო დიდი საფრთხე აეცილებინათ ქვეყნისთვის.

გასულ კვირას "ქართული ოცნების" ლიდერმა საერთაშორისო საზოგადოებრიობას და ხელისუფლებას მიმართა. Aამ თემით დავიწყეთ საუბარი მიხეილ მაჭავარიანთან:

- ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში 6 პუნქტი ხელისუფლებას ეხებოდა. აპირებს ხელისუფლება ამ მოთხოვნების შესრულებას?

- ხელისუფლება ერთ წელზე მეტია ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს. ჩვენ შევქმენით საარჩევნო კომისიასთან მომუშავე ჯგუფი, დავწერეთ ახალი საარჩევნო კოდექსი, შევქმენით კანონმდებლობა, რომელმაც მედიასივრცე უფრო დემოკრატიული გახადა. ჩვენს მოქალაქეებს გაეზარდათ სატელევიზიო არხების ხელმისაწვდომობა მას შემდეგ, რაც მასტ-ქერი შემოვიდა. ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება აქვთ თვალი ადევნონ სატელევიზიო დებატებს. ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბეთ მკაფიო კანონმდებლობა, რომ არც ერთ ფინანსურ ჯგუფს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, იყიდოს პოლიტიკური პარტიები. ესეც მკაფიო, ტრანსპარენტული და ევროპულ სტანდარტებთან მორგებულია. შევქმენით დეკლარაცია, რომლითაც მოვუწოდეთ სხვადასხვა პარტიას, რომ არ ყოფილიყო ხმების მოსყიდვა, ერთმანეთის ღონისძიებებში ჩარევა და ხელის შეშლა, ძალადობისკენ მოწოდება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და არჩევნების შედეგების არაღიარება, თუკი მას აღიარებს საერთაშორისო და არა საეჭვო წარმომავლობისა და დაფინანსების მქონე ორგანიზაციები. ჩვენ ვაღიარებთ  IRI-ს, NDI-ს და იმ ორგანიზაციების კვლევებს, რომლებიც შეესაბამებიან საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

თუ რაიმე პრეტენზია ჩნდება ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ, პასუხს ვცემთ და როცა დასაჯარიმებლები ვართ, ვჯარიმდებით. ერთ-ერთი პირი, რომელიც დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებოდა, ჩამოვაშორეთ საარჩევნო კამპანიას, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ჯერ არ იყო დაწყებული. როდესაც ჩვენი დონორების მიმართ გამოითქვა ეჭვი, თანხა უკან დავაბრუნეთ და დავჯარიმდით კიდეც. რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, რატომ გაქვთ განცდა, რომ ეს ხალხი ვერ ატარებს მასობრივ შეკრებებს, შეხვედრებს ამომრჩეველთან და არ ჩანან ტელეეთერში?

- ბიძინა ივანიშვილმა მიმართვაში აღნიშნა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

- თუ ეს არის წინასწარ მზადება წაგებისთვის, ეს მათი პრობლემაა. მთავარია, ჩვენს ამომრჩევლამდე მივიტანოთ რა გვინდა. ჩვენ გვინდა მეტი დასაქმება, მეტი ჯანდაცვა ყველასთვის, სოფლის მეურნეობის განვითარება. ქვეყანა წინ წავიდა, მოგვარდა ბევრი რამ, მაგრამ ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ  ჩვენი მოქალაქეები ამ წინსვლას ვერ გრძნობენ. ამიტომაც ჩვენი მთავარი ამოცანაა, მეტი სარგებელი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. არჩევნები შეჯიბრებაა და გამოჩნდება, ვინ უკეთ გაართმევს დასახულ ამოცანას თავს.

- რას იტყვით "ქართული ოცნების" სიაზე?

- მე სუბიექტური ადამიანი ვარ და ჩემი პარტიის სიაზე გავაკეთებ კომენტარს. ჩვენი სია საინტერესოა. იქ არიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც და ის ადამიანებიც, რომელთაც თავი წარმოაჩინეს აქტიურ, კომპეტენტურ, განათლებულ ადამიანებად. გვინდა მათი გამოცდილება მოვახმაროთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი სია ნამდვილად ჯობს "ქართული ოცნების" სიას. ჩვენ არ გვინდა პოლიციაში იყვნენ თამაზ თამაზაშვილისთანა ტიპები, ჩვენ არ გვინდა საპენსიო რეფორმა ხუფენიას დაწერილი სცენარით. გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს და არა უკან.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლოპოტის ხეობაში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპნენ ადგილობრივი ქისტები და არა ბოევიკები...

- არ არის ასე. ვინ ამბობს ამას, არ ვიცი. შს სამინისტროს აქვს ინფორმაცია ამ პირთა შესახებ და ამბობს რომ არ არის ასე. არის თემები, რაშიც ოპონენტებიც ერთიანი უნდა ვიყოთ. ჩვენი ოპონენტების პოზიცია, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, არასერიოზული და არასოლიდურია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პარლამენტში "ქართულ ოცნებასთან" ერთად მუშაობა მოგვიწევს და არის თემები, რაშიც ერთნაირი პოზიცია უნდა გვქონდეს.

მოგეხსენებათ, რა პროცესები მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, დაღესტანსა და ინგუშეთში. ამიტომ ბოევიკების ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე მოხვდა. ეს რომ არ გამხდარიყო შემდგომი პროვოკაციის საფუძველი, დაიგეგმა სპეცოპერაცია. უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში ავტომატებით ვერ შემოვლენ და ვერ დაამყარებენ ტყეებში თავიანთ წესრიგს. თუ რუსეთის მოქალაქეებს უნდათ საქართველოში ჩამოსვლა, შეუძლიათ ჩამოვიდნენ ტურისტებად და არა ავტომატებით. ამ პირებმა დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა და ქართული სახელმწიფო ვალდებული იყო, რეაგირება მოეხდინა. ზოგიერთმა დადგმული სპექტაკლი უწოდა იმას, რაც ლოპოტის ხეობაში მოხდა. მე მაქვს კითხვა ამის მთქმელთან - გიყვართ სამშობლო? ეს არის სამშობლოს სიყვარული? ავანტიურაა, ადამიანს რომ ტერორისტი გაიტაცებს და შს სამინისტრო გაათავისუფლებს?!

- როგორ აღმოჩნდა შეიარაღებული 17 პირი საქართველოს ტერიტორიაზე, თუკი ჩვენი საზღვარი დაცულია?

- მიმდინარეობს ძიება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ვისაც რაღაც ეჭვი აქვს, კარგად დახედოს რუკას; გაიხსენოს, რა ხდებოდა 27-28 აგვისტოს მეზობელ კავკასიის რესპუბლიკებში.

- ბოევიკების საქართველოში გადმოსვლაში რუსეთის ინტერესს ხედავთ?

- ამასაც ვარკვევთ. Pპირველი ინფორმაციით ჩანს, რომ ესენი იყვნენ ბოევიკები, მაგრამ გამოიყენებდა თუ არა მათ ვინმე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაჭრელად, ამის შიში არსებობდა.

ბევრი იფიქრეს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ძალოვანმა სტრუქტურებმა ბევრი სცენარი განიხილეს. ერთ-ერთი იყო მათი განდევნა ჩვენი ტერიტორიიდან, მაგრამ გაჩნდა ვარაუდი, ეს ხომ არ გამოიწვევდა რუსეთის განცხადებას, საქართველოდან ბოევიკები შემოდიანო და ამის გამო ხომ არ შემოიჭრებოდნენ ჩვენს ტერიტორიაზე.

ბევრი ვიფიქრეთ ამ თემაზე და, ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, ბოევიკები ალყაში რომ მოვაქციეთ. ეს ოპერაცია ჩატარდა იმისათვის, რომ არავისთვის მიგვეცა პროვოკაციის საფუძველი...

- როგორც ცნობილია, ალყაში მოქცეული 6 ბოევიკის აყვანა ვერ მოხერხდა, თუ ისინი გადავლენ რუსეთის ტერიტორიაზე, გამოდის, ისევ იქნება პროვოკაციის საფუძველი.

- ნისლის გამო ვერ მოხერხდა მათი აყვანა. რუსეთის მხარე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ, ამიტომაც ძებნა ისევ გრძელდება. დარწმუნებული ვარ, მათ დააკავებენ.

ბოევიკების ლიკვიდაციამდე მათ შესთავაზეს დანებება, იყო სხვა წინადადებებიც, მაგრამ როცა არ დათანხმდნენ, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.

- უცნაურია, რომ მძევლებს ფული და ტანსაცმელი მისცეს.

- ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება. მერწმუნეთ, სიმართლე მალე გაირკვევა.