მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

პასუხი ბიძინა ივანიშვილს

მაშინ, როცა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში შალვა რამიშვილს დილის გადაცემაში ბიძინა ივანიშვილზე გაჩენილ კითხვებს ვახმაურებდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ "ქართული ოცნების" ლიდერს ამაზე ასეთი მწვავე რეაქცია ექნებოდა. მესამე დღეს იგი იმავე გადაცემაში ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სპეციალურად მივიდა (ეს თავად თქვა). სულაც არა ვარ საკუთარ თავზე ისეთი დიდი წარმოდგენის, რომ ვიფიქრო, ეს ჩემთვის დიდი პატივი არ არის-მეთქი. დადებითად მეჩვენება ისიც, რომ კითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ მისი გაღიზიანებული ტონი, ჩემი მოხსენიება სიტყვებით "ის ვაჟბატონი" და თქმა, რომ მასზე ასეთი კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს, არასწორი მგონია. მე რომ ეს კითხვები არ დამესვა, უამრავ ადამიანს დარჩებოდა ეჭვი მის განცხადებაზე, რომელშიც დემოკრატიის დამყარებისთვის ორი ათეული წლის საჭიროებაზე იყო ლაპარაკი. თერჯოლაში გამოსვლის დროს მან თქვა: "ჩვენ ძალიან... სწრაფად გპირდებით...

ასწლეულები მოანდომეს ევროპის ქვეყნებმა ნორმალურ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული ნორმალური დემოკრატიული ქვეყნების აშენებას. ჩვენ მოვახერხებთ და ევროპის მსგავს ქვეყანას ორ ათეულ წელიწადში ავაშენებთ", - ეს განცხადება იმ შეხვედრაზე დამსწრე ჟურნალისტებმაც ისე გაიგეს, რომ ბატონი ივანიშვილი სიტყვაში "ჩვენ" საკუთარ თავსა და "ქართულ ოცნებას" გულისხმობდა. მაგალითად, სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ამ ინფორმაციას ასეთი სათაური გაუკეთა: "ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიული ქვეყნის აშენებას 20 წლის ვადაში აპირებს". აქედან გამომდინარე გამიჩნდა კითხვები: რას ნიშნავდა ეს განცხადება? იმას, რომ როგორც ადრე დაგვპირდა, ორ წელიწადში წავალო, გადაიფიქრა, ან თავად წავა და "ქართული ოცნება" უნდა იყოს 20 წელი ქვეყნის სათავეში? თუ ყველანი ვთანხმდებით, რომ დემოკრატიული ქვეყნის აშენებას 20 წელი სჭირდება, მაშინ სააკაშვილს რაღას ვერჩით და მისგან რატომ ვითხოვდით, ეს 8 წელიწადში გაეკეთებინა? ვფიქრობ, აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები იყო, თუმცა, ბატონმა ივანიშვილმა მაინც უწოდა "ზედაპირული".

მისი განცხადებით, მე უნდა მცოდნოდა მისი პლატფორმა, რომელიც 2-3 წელიწადში ხელისუფლებიდან მის წასვლასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას გულისხმობს. თუ ბატონი ივანიშვილი ფიქრობს, რომ ჟურნალისტები მის სიტყვას უპირობოდ უნდა ვენდოთ და არც ერთში ეჭვი არ შევიტანოთ, ასე არ გამოვა. ვფიქრობ, არც ერთი პატიოსანი ჟურნალისტი არც ერთი პატიოსანი პოლიტიკოსის სიტყვას ბოლომდე არ უნდა ენდოს და დაზუსტებისთვის კითხვებიც უნდა დასვას.

და კიდევ: არსებობს ტექსტი და არსებობს ქვეტექსტიც. პოლიტიკოსების გამონათქვამებში ჟურნალისტები ყოველთვის ვეძებთ ქვეტექსტებს. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა თქვა, დავით აღმაშენებელს ქვეყნის გასაერთიანებლად 30 წელი დასჭირდაო. ამის იქით მას მსჯელობა არ გაუგრძელებია, მაგრამ მე მაინც დავწერე, რომ მისი ამ ნათქვამის ქვეტექსტი სწორედ ხელისუფლებაში 30 წლით დარჩენის სურვილს გულისხმობდა. თუ ივანიშვილის ლოგიკას გავყვებით, სააკაშვილს იოლად შეეძლო პრეტენზიების წამოყენება და იმის თქმა, რომ იმ გამოსვლაში საკუთარი პერსონა არსად უხსენებია და მხოლოდ ისტორიული ფაქტი შეგვახსენა.

სიტყვა გამიგრძელდა, ამიტომ მოკლედ ვიტყვი: "ბატონო ბიძინა, მადლობელი ვარ ჩემი პიროვნებისადმი ასეთი ყურადღების გამოჩენით (მგონი, ყველა ჩემი კოლეგა იმ დღეს მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდა), მაგრამ ვერაფრით მივიღებ შენიშვნას, რომ მე და ჩემნაირები მხოლოდ იმიტომ გაკრიტიკებთ, რომ ობიექტურობას "ვცდილობთ" და კომპლექსი გვაწუხებს. რა ვქნა, რამე თუ არ მომწონს, არ ვთქვა? კითხვა თუ გამიჩნდება, არ დავსვა? მაგალითად, არ მომეწონა თქვენი საქციელი, როდესაც ჩიორა თაქთაქიშვილს დასცინეთ მისი სახელის გამო. არა მგონია, პოლიტიკური ოპონენტის დაცინვა, მით უმეტეს, ქალის, კარგი საქციელი იყოს. არადა, თქვენ თქვით, რომ ამ ქალბატონს არ იცნობთ და ძალიან გაინტერესებთ მისი ნახვა მისი სახელის გამო და დასძინეთ, ჩიორამ ჭიკჭიკიც რომ დაიწყოს, "ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი ეშველებაო. ბარემ გეთქვათ, ეგ ის ჩიორა ხომ არ არის, ჩემს პინგვინს ყელში რომ გაეჩხირაო. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ უშეცდომო არავინაა და აიტანეთ კრიტიკა, მიიღეთ შენიშვნები. მერწმუნეთ, ეს თქვენზე მხოლოდ დადებითად იმეტყველებს.

P. S. რამიშვილის გადაცემაში თქვით, რომ სიამოვნებით შემხვდებით და ინტერვიუს მომცემთ. გელოდებით რადიო "პალიტრისა" და პალიტრატვ-ს ეთერში.

სპეცოპერაცია და პასუხისმგებლობის ნაკლებობა

ლაფანყურის სპეცოპერაციამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ჩვენი საზოგადოების პრობლემები: ოპოზიციის უმწიფრობა და ხელისუფლების ნდობის დაბალი დონე. სპეცოპერაციის განხილვას არ შევუდგები, ეს სამხედრო ექსპერტების საქმეა. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ასეთი მწვავე საკითხებისადმი მეტი პასუხისმგებლობით გვმართებს მიდგომა. ეს ითქმის როგორც საზოგადოებაზე, ისე ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე. ჩვენ სპეცოპერაციის დაწყებისთანავე დავიწყეთ შეთქმულების თეორიების შედგენა, შევთხზეთ რაღაც დაუჯერებელი თუ მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ვერსიები, დავიწყეთ სპეკულაციები და ყველაფერში ხელისუფლების დადანაშაულება. ხოლო მას შემდეგ, რაც ინტერნეტში მოჯაჰედების მუქარა გავრცელდა, სოციალურ ქსელებში უამრავი შიშნარევი კომენტარი გაჩნდა: "ახლა მაგათი გადაკიდება გვინდოდა?" ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მოჯაჰედების განცხადების გამო მთელი საზოგადოება შიშმა აიტანა.

ამ სპეცოპერაციამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, თუ რა დაბალია ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლების პრობლემა მის მიმართ უნდობლობაა, რომელიც ზოგჯერ ისეთ მასშტაბს აღწევს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მზადაა ყველგან და ყველაფერში დამნაშავედ ის გამოაცხადოს, მის ერთ სიტყვასაც კი არ ენდოს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ბევრი მიზეზის გამო დაიმსახურა ასეთი უნდობლობა.

მარტო 2008 წლის არჩევნების დროს ხურჩის ინციდენტი რად ღირს, როდესაც გაირკვა, რომ, დიდი ალბათობით, სწორედ ხელისუფლებამ დაწვა ორი ავტობუსი და მერე სეპარატისტებს დააბრალა, რათა არჩევნების წინ საფრთხის არსებობის იმიტაცია შეექმნა.

თუმცა, იქ მსხვერპლი არ ყოფილა. ლაფანყური უკვე სხვა ამბავია, რადგან აქ 3 ქართველი სპეცრაზმელი და 11 მოჯაჰედი დაიღუპა. აქ უკვე დადგმულ სპექტაკლზე ლაპარაკი ცოტა უპასუხისმგებლობა მგონია. არადა, სწორედ ასე მოიქცა ჩვენი ოპოზიციის ნაწილი. შეიძლება თეორიულად ყველაფრის შანსი არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ბრალდება წამოაყენო, უტყუარი მტკიცებულებები უნდა გქონდეს. ერთია მოსახლეობის ან თუნდაც ექსპერტების განცხადებები და მეორე - ოპოზიციის ბრალდებები. როდესაც ასეთ ბრალდებას უტყუარი მტკიცებულებების გარეშე აყენებ, ყოველთვის რისკავ, რომ ავნო ქვეყნის ინტერესებს, ხოლო თავად სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდე, თუ საწინააღმდეგო გაირკვევა, ოპოზიციონერობა არ ნიშნავს ვალდებულებას, რომ ხელისუფლება აუცილებლად ყველაფრისთვის გააკრიტიკო.

რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, ხელისუფლება რაღაცას გვატყუებდეს, გვიმალავდეს, მაგრამ ისიც ხომ შესაძლებელია, ამჯერად არ ცრუობდეს; ან ცრუობდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სჭირდება ქვეყნის უსაფრთხოებას? რატომ არ შეუძლია ოპოზიციას მოითმინოს და მერე, როდესაც მეტი ინფორმაცია გაჩნდება, ვნებები დაცხრება, ცივი გონებით გააკეთოს გააზრებული შეფასება?

დასასრულ: რა თქმა უნდა, ჩვენ, ჟურნალისტებსაც ასეთი საკითხების გაშუქების დროს მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ყველას კარგად გვახსოვს შევარდნაძის დროს, როდესაც პანკისის ხეობაში ჩეჩნები იმალებოდნენ, როგორ გააკეთა "რუსთავი 2"-მა რეპორტაჟი მათი ადგილსამყოფლის შესახებ და მერე რუსეთმა როგორ დაბომბა ჩვენი ტერიტორია.