დუისის სასაფლაოზე ადგილობრივები 4 საფლავს მიწით ავსებენ - კვირის პალიტრა

დუისის სასაფლაოზე ადგილობრივები 4 საფლავს მიწით ავსებენ

დუისის სასაფლაოზე ადგილობრივები 4 საფლავს მიწით ავსებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი დუისიდან იუწყება, დუისელები ვარაუდობდნენ, რომ ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას 6 ადგილობრივი იყო ლიკვიდირებული და,  შესაბამისად, 6 საფლავი იყო გათხრილი.

თუმცა,  სოფელში წუხელ მხოლოდ ასლან მარგოშვილისა და ბაჰაუდინ ქავთარაშვილის ცხედრები ჩაასვენეს და წუხელვე დაკრძალეს. ამასთან, დუისელების ცნობით, ქავთარაშვილი დედის გვარზეა და მას სოფელში ალდამოვად იცნობდნენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცხედრების ჩამოსვენება გვიან ღამით, ფარულად მოხდა და დაკრძალვას ოჯახის წევრები არ დასწრებიან. მათივე განმარტებით, თავდაპირველად იგეგმებოდა სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ჩამოსვენებაც, თუმცა ის დუისში არ ჩაუსვენებიათ. ბაღაკაშვილი, საქართველოს შსს-ს ცნობით, გოროზნოშია დაბადებული და ნათსავები ჰყავს პანკისის  ხეობაში.

საქართველოს შსს-ს განცხადებით, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა - 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი.

დანარჩენი 5 პირი კი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან. მათგან ერთ-ერთი - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.

დანარჩენი იდენტიფიცირებულები კი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – ჩეჩნეთში 1968 წელს დაბადებული დუკვახა დოშუევი, ასევე ჩეჩნეთში 1991 წელს დაბადებული სალამ ზაურბეკოვი, ინგუშეთში 1989 წელს დაბადებული ხაშიევ ჯაბრაილი და გროზნოში 1981 წელს დაბადებული მუსა ადუევი.

იხილეთ ვიდეო: დუისის სასაფლაოზე ადგილობრივები 4 საფლავს მიწით ავსებენ