"უნივერსიტეტში გამეფებული ბოლშევიზმის წინააღმდეგ ჩემს ხელთ არსებული ყველა მექანიზმით ვიბრძოლებ" - კვირის პალიტრა

"უნივერსიტეტში გამეფებული ბოლშევიზმის წინააღმდეგ ჩემს ხელთ არსებული ყველა მექანიზმით ვიბრძოლებ"

"მეგობრებო, უნივერსიტეტიდან გამომაგდეს!" - ეს ინფორმაცია ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" საბჭოთა პლაკატთან ერთად გამოაქვეყნა და იქვე მოაყოლა შემდეგი შინაარსის განმარტება: "ბოლშევიზმი ყვავის, მეგობრებო, უნივერსიტეტში, სადამსჯელო ოპერაციებით, მიშა იუგენდით და ყველა საჭირო ატრიბუტით!" მოგეხსენებათ, ქალბატონი ლელა საზოგადოებრივი აქტიურობით გამოირჩევა, ის თავის პოლიტიკურ შეხედულებებს ყოველთვის საჯაროდ გამოხატავს და შესაბამისად, საკუთარ გათავისუფლებას სწორედ ამას უკავშირებს. ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ ლელას და შევეცადეთ გაგკვერკვია, რა ხდება უნივერსიტეტში.

- ქალბატონო ლელა, იქნებ, უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ, რა ფორმით მოხდა თქვენი უნივერსიტეტიდან გათავისუფლება?

- უნივერსიტეტის სოციალ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე გამოცხადდა კონკურსი ასოცირებული პროფესორის პოზიციის დასაკავებლად (ამის თაობაზე ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზე ქვეყნდება). მეც გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა - ყველა მოთხოვნა, რასაც კონკურსი ითვალისწინებდა, დავაკმაყოფილე და შევიტანე საბუთები. კონკურსი ორეტაპიანია - პირველ ეტაპზე პრეტენდენტს შეაქვს საბუთები და კომისია იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადაიყვანს  შემდეგ ეტაპზე, მეორე ეტაპი კი გასაუბრებაა. მეორე ეტაპზე გადამსვლელთა სიაში არ აღმოვჩნდი. მართალი გითხრათ, შეცდომა მეგონა, რადგან ვერ წარმოვიდგინე, რომ ამგვარი ბოლშევიკური მეთოდებით იხელმძღვანელებდნენ და პროცესების განვითარებას დაველოდე. აღმოჩნდა, თითქოს მე კონკურსი ვერ გავიარე, რაც დამიდასტურა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

- აგიხსნათ ვინმემ, რატომ ვერ გადალახეთ პირველი ეტაპი?

- არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუციათ, ესენი არავის არაფერს უხსნიან.

- როგორც ვიცი, ახალი კონკურსის გამოცხადებამდე თქვენ გეკავათ ეს თანამდებობა.

- დიახ, 2009 წლიდან ვმუშაობდი ამ პოზიციაზე, 2001 წლიდან კი ვარ უნივერსიტეტის პედაგოგი ხელშეკრულებით.

- რას ფიქრობთ, რატომ გაგათავისუფლეს?

- გათავისუფლების ერთადერთი ვერსია ჩემი პოლიტიკური პოზიციაა. ჩემს ადგილას მიიღეს ვინმე კახა ქეცბაია, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ მას არც უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, არც პედაგოგობის გამოცდილება აქვს და ამიტომ, ვერც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილებით და ვერც სხვა კვალიფიკაციით ამ პოზიცაზე ჩემზე უკეთესი ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, ვაკეთებ დასკვნას, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს პოლიტიკური ნიშნით.

- როგორ ფიქრობთ, რა დონეზე გადაწყდა თქვენი უნივესიტეტიდან გაშვება?

- ეს გადაწყდა კომისიის დონეზე, რომლის ხელმძღვანელიც ანდრო ბარნოვია. ის სულ რაღაც ერთი თვის დანიშნულია ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე და როგორც ჩანს, გარკვეული დავალებები მისცეს. ძველი დეკანი კი ალბათ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ "წმენდას" კარგად ვერ ატარებდა.

- რას აპირებთ?

- აუცილებლად ვიჩივლებ და ამასთანავე, უნივერსიტეტში გამეფებული ბოლშევიზმის წინააღმდეგ ჩემს ხელთ არსებული ყველა მექანიზმით ვიბრძოლებ!

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)