"არ გვინდა მესიის მოლოდინი" - კვირის პალიტრა

"არ გვინდა მესიის მოლოდინი"

"არ შემიძლია ჯოხი ვიქნიო, როდესაც ჩემს ღირსებას ეხება საქმე"

"უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლებას ისევე ვქირაობთ, როგორც სახლის დამლაგებელს"

ბოლო დროს საქართველოში შემოქმედთათვის ხელისუფლების მსახურებაზე უარის თქმა პროფესიული საქმიანობის შეზღუდვის პროპორციული გახდა და დირიჟორმა გოგი ჭიჭინაძემაც იმ ხელოვანთა ხვედრი გაიზიარა, რომელთაც სამშობლოს გარეთ უწევთ მოღვაწეობა. გოგი ჭიჭინაძეს ვარშავაში გასტროლამდე რამდენიმე დღე დარჩა. ვასწრებ და ინტერვიუსთვის ვხვდები. ვიცი, რასაც განიცდის...

- აქტიური ადამიანი ბრძანდებით და ზოგიერთ კოლეგასავით საზოგადო პრობლემებს თავს არ არიდებთ.

- აქტიური არ მეთქმის, მაგრამ პოზიციას ყოველთვის გამოვხატავ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა, რა პროფესიისაც უნდა იყოს, საკუთარი პოზიცია ყოველთვის უნდა გამოხატოს. ძალიან მაღიზიანებს, არ მომწონს, ზოგიერთი ხელოვანი რომ ხელისუფლების სამსახურშია, ნაცვლად იმისა, ხალხს ემსახუროს. როგორ შეიძლება ხელოვანი ხელისუფლების მომხრე და ტაშის დამკვრელი იყოს? ადამიანს მოქალაქეობრივი პოზიცია უნდა ჰქონდეს, გამოხატავდეს საკუთარ აზრს.

2009 წელს, საკნების აქციის დროს, როდესაც ხალხი რუსთაველის პროსპექტზე საკნებში იჯდა, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მთავარმა დირიჟორმა ზაზა აზმაიფარაშვილმა და მე უარი ვთქვით სპექტაკლებზე. რამდენიმე სპექტაკლი მოიხსნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანადგომა.

გეხსომებათ, 2008 წელს საოცარი შეტევა იყო პაატა ბურჭულაძეზე იმის გამო, რომ როგორც მშვიდობის ელჩი, მოსკოვში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა. ამის შემდეგ პაატამ კონცერტის გამართვა ფილარმონიაში გადაწყვიტა და მიუხედავად იმისა, კულტურის სამინისტრო წინააღმდეგი იყო, ზაზა აზმაიფარაშვილმა მაინც იდირიჟორა. საოცარი კონცერტი გამოვიდა... მაგრამ ამის მერე ზაზა, რომელიც აბსოლუტურად აპოლიტიკურია, თეატრიდან გაუშვეს, მიზეზად დასახელდა, რომ ყველა თეატრში გაუქმდა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა (რომელიც სინამდვილეში არსად გაუქმებულა).

ამის გამო საშინელი პროტესტი მქონდა. თეატრიდან წამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ მეგობრებმა მითხრეს, არ ათქმევინო, რომ შენით წახვედი, თუ გაგაგდებენ, გაგაგდონო. რამდენიმე თვე გავიდა და კონტრაქტი აღარ გამიგრძელეს. საბაბად დასახელდა, თეატრს ვარემონტებთ და არ სჭირდება არც სამხატვრო ხელმძღვანელი და არც შტატში დირიჟორებიო. სასაცილოა, რომ ამის გამო მხოლოდ მე და ზაზა გაგვათავისუფლეს. როდესაც ამას გამოძახილი მოჰყვა, ოპერის დირექტორმა დათო საყვარელიძემ სამარცხვინო რამ თქვა, საქართველოში დირიჟორების დაბალი დონეაო. მე საქართველოში დირიჟორობის საშუალება არა მაქვს, სამაგიეროდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიწვევენ, რომ მათ ორკესტრებს ვუდირიჟორო.

- როგორც ვიცი, ოპერაში მუშაობისას მოსკოვში გასტროლზე უარი თქვით.

-  სანამ ჩემს ქვეყანაში რუსული ტანკები და ჯარი დგას, რუსეთში კონცერტს არ გავმართავ. ამისთვის არ მჭირდება ვიღაც კულტურის მინისტრის ან ოპერის დირექტორის მითითება. ეს ჩემი პოზიციაა და არავის აქვს უფლება, რამე მიბრძანოს. ყველა ადამიანს და განსაკუთრებით ხელოვანს უნდა ჰქონდეს ღირსების განცდა. არ შემიძლია ჯოხი ვიქნიო, როდესაც ჩემს ღირსებას ეხება საქმე. იმ ხელოვანებზე, ვინც 26 მაისის დარბევიდან რამდენიმე საათში მედლები ჩამოიკიდეს, ამას წინათ ტელევიზიით ვთქვი, ნაძირალები არიან-მეთქი. შეიძლება გადავაჭარბე, მაგრამ ცუდად მხდის კონფორმიზმი. ზოგიერთი იძულებულია, წავიდეს კონფორმიზმზე, მათ გვერდით დადგნენ ან იმუშაონ, ვისაც უღირსებად თვლიან. ამას უმეტესად იმისთვის აკეთებენ, რომ ოჯახები არჩინონ, მაგრამ მე ასე ვერ მოვიქცევი. ოპერის ხელფასი მეც მომიხდებოდა, ჩემს ოჯახსაც სჭირდებოდა, მაგრამ ვერ გავაკეთებ იმას, რაც ჩემთვის მიუღებელია, რადგან შეიძლება საკუთარი თავი შემზიზღდეს. მეუბნებიან, ყველას ნუ სთხოვ გმირობასო, მაგრამ პოზიციის გამოხატვა გმირობა არ არის.

- პრობლემას საზოგადოებაშიც ხედავთ?

- ჩვენს საზოგადოებას ძალიან აკლია სოლიდარულობა. როდესაც ვინმეს აივანს უნგრევენ, გვერდით სადარბაზოში მცხოვრები გვერდში არ უდგას, მიუხედავად იმისა, რომ იცის, მეორე კვირაში მის აივანსაც მოანგრევენ. რატომღაც იმ ორ კვირას ხარბდება, სანამ მის აივანს მოანგრევენ. ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთში ძალიან სოლიდარულია საზოგადოება. იქ ვიღაც მწვანეთმიანი რომ მოკლან, რამდენიმე წუთში ათასობით კაცი გამოვა და თავს მწვანედ შეიღებავს. იქ საზოგადოება აპროტესტებს იმას, რაც მიუღებელია. ჩვენი პრობლემების სათავე საზოგადოების ინდიფერენტულობაა. მუდამ ველით, რომ ვიღაც მოვა და გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. არ გვინდა მესიის მოლოდინი.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლებას ისევე ვქირაობთ, როგორც სახლის დამლაგებელს და არ შეიძლება მესიად შევრაცხოთ.

ზოგჯერ მესმის, ამ ხელისუფლებამ რაღაც მაინც ხომ გააკეთაო. რა გააკეთა? უნდა ვისწავლოთ ხელისუფლების საქმიანობაში ქვეტექსტების, მათი ინტერესების დანახვა. ხელისუფლების ქმედებებს თანამიმდევრულობა აკლია. არ არის გააზრებული, რის მერე რა უნდა გაკეთდეს. მაგალითად, ავტომობილებში ღვედები რომ შემოიღეს, ითქვა, ეს კარგია, ამით მეტად დაცული იქნება მგზავრიო, მაგრამ, როდესაც ხელისუფლებას ღვედები შემოჰქონდა, ალბათ, უფრო ბიუჯეტის შევსების ახალ წყაროზე ფიქრობდა. თუ მართლა მგზავრების უსაფრთხოება იყო მნიშვნელოვანი, ღვედებამდე ავტომობილების ტექდათვალიერებაზე უნდა ეზრუნათ, რომელიც 2004 წლიდან გაუქმებულია. ვინ იცის, რანაირი ტრანსპორტი დადის ქუჩაში და ამის გამო გარემო ბინძურდება. ტექდათვალიერება რომ ჩატარდეს, მანქანების ნახევარი ქუჩაში ვერ გაივლიდა, მაგრამ ეს ხელისუფლებას ხელს არ აძლევს. მათ უნდათ მეტი მანქანა იყოს და მეტი ბენზინი გაიყიდოს, რადგან ამ სფეროში დიდი ინტერესი აქვთ.

- თქვენ ვერც იმ აღმშენებლობას ხედავთ, რაზეც გამუდმებით ლაპარაკობს ხელისუფლება?

- რომელ აღმშენებლობაზე ლაპარაკობენ, ამათ ხომ მხოლოდ ფასადების შეღებვა შეუძლიათ. ახალაშენებულ და გალამაზებულ აღმაშენებლის პროსპექტზე იცით, რომ ფასადები გიფსომუყაოთი გააკეთეს? მიაწებეს და შეღებეს. ხელს რომ მოჰკიდებ, ფასადი ორცხობილასავით იფშვნება.

ამათი რეფორმების შედეგია დანგრეული განათლების სისტემა. რა დღეში ჩააგდეს მეცნიერება?! მუსიკალური განათლება მოსპეს. კონსერვატორიაში კადრები აღარ მოდის, რეგიონებში თითო-ოროლა მუსიკალური სკოლაღა დარჩა.

იაპონიაში, ქალაქ ოკინავაში ახალი ორკესტრი შეიქმნა და მთავარი დირიჟორის თანამდებობა შემომთავაზეს. ეს 4-წლიანი კონტრაქტია, მაგრამ მუდმივად დაკავებული არ ვიქნები. პედაგოგიურ საქმიანობას განვაგრძობ. თბილისში პერიოდულად ჩამოვალ და სტუდენტებთან ვიმუშავებ. მათთან მუშაობა ჩემთვის სიამოვნებაა.

- ვარშავაში დაგეგმილი კონცერტები საქართველოში დანიშნულ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებს  ემთხვევა. გამოდის, მოქალაქეობრივ ვალს ვერ მოიხდით?

- იმედია, პოლონეთში გახსნიან საარჩევნო უბანს და ხმას იქ მივცემ. ვინც ახლა მოვა ხელისუფლებაში, მინდა ვუთხრა, თქვენი მოსვლის მერე არ ვიქნები თქვენი მხარდამჭერი. ისევ ოპოზიციაში დავრჩები, რადგან ეს ხელოვანისთვის ყველაზე ბუნებრივ პოზიციად მიმაჩნია.