რაში გაცვალა სააკაშვილმა ობამასთან შეხვედრა - კვირის პალიტრა

რაში გაცვალა სააკაშვილმა ობამასთან შეხვედრა

გთავაზობთ ბრიტანელი ჟურნალისტის, კავკასიის საკითხების მკვლევრის, თომას დე ვაალის სტატიას:

"მოკავშირესთან ურთიერთობა ადვილია, ყველაზე რთული საგარეო პოლიტიკური პრობლემაა არაპროგნოზირებად პარტნიორთან ურთიერთობა. მან ზიანიც შეიძლება მოგაყენოს და კარგიც გაგიკეთოს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ კატეგორიას განეკუთვნება. სააკაშვილი ახალგაზრდა, დინამიკურ, დასავლური განათლების მქონე მთავრობას უდგას სათავეში. ეს მთავრობა სამოკავშირეო ძალისხმევისთვის ავღანეთში ჯარს გზავნის და რამდენიმე შთამბეჭდავი რეფორმის ავტორიცაა. საქართველომ ისეთ საჯარო სტრუქტურებში, როგორიცაა პოლიცია და უნივერსიტეტები, კორუფცია გაანადგურა და ეს ფაქტი მისი პოსტსაბჭოთა მეზობლებისთვის შთამბეჭდავი მაგალითია. მაგრამ სააკაშვილი არასტაბილური ლიდერია, ისეთი, რომელიც მუდმივ ყურადღებას ითხოვს. 2008 წელს მან მცდარად გაიგო ვაშინგტონის გზავნილები, რომლის თანახმადაც მას აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო მოსალოდნელი კონფრონტაციისგან მოსკოვთან თავი შორს უნდა დაეჭირა. შედეგად, მან საქართველო რუსეთთან კატასტროფულ და იმთავითვე წამგებიან ომში ჩააბა. როდესაც მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა, გასაგები მიზეზების გამო, მის დასახმარებლად ბრძოლაში ჩაურევლობა არჩიეს, სააკაშვილი ღალატზე ალაპარაკდა.

2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის რეპუტაცია შეილახა და დასავლეთის დედაქალაქებში მას მაღალ დონეზე აღარ იღებდნენ. მაგრამ ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ შინაც და გარეთაც რეაბილიტაციისთვის მიეღწია... მას ოვალურ კაბინეტში მიიღებენ, დიდწილად მადლიერების ნიშნად, რადგან საქართველომ უარი თქვა ვეტოს უფლებაზე მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებისას. ამ ორგანიზაციაში შესვლას მოსკოვი დიდხანს ცდილობდა...

თეთრ სახლში შეხვედრა პრეზიდენტ ობამას შესაძლებლობას მისცემს, სააკაშვილის ნატურის საუკეთესო მხარეს მიმართოს და პოლიტიკური გარდატეხის წელს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდოს...

დღევანდელი საქართველო, ისევე როგორც რუსეთი, არსებითად ერთპარტიული ქვეყანაა, სადაც მცირერიცხოვანი ელიტა აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს, რეგიონულ მთავრობებსა და სამ ნაციონალურ ტელეარხს. სასამართლო სისტემა თავისუფალი არ არის. ანტიკორუფციული და ანტიკრიმინალური კამპანიის ბნელი მხარე საქართველოში ის არის, რომ მან ფართო ძალაუფლება გადასცა მრავალრიცხოვან პოლიციურ ძალებს, რომლებიც ანგარიშვალდებული არ არიან. ქვეყნის ციხეები სავსეა უდანაშაულო პატიმრებით; 2011 წელს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გათვლით პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

ბოლო დრომდე მმართველ ელიტას არ ჰყავდა სერიოზული ოპოზიცია და ის მშვიდად ელოდა გამარჯვებას წლევანდელი და მომავალი წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ გასულ წელს ის მოულოდნელი პრობლემის წინაშე დადგა, - პოპულარულმა ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში, ოპოზიციაში მიდის. მისმა დემარშმა მობილიზება გაუკეთა ქართველთა იმ დიდ სეგმენტს, რომელიც დაღალა დღევანდელი ადმინისტრაციის ეკონომიკურმა პოლიტიკამ და მისმა დომინირებამ პოლიტიკურ არენაზე.

ბიძინა ივანიშვილთან, ექსცენტრიკულ ბიზნესმენთან, რომელმაც ფული გასული საუკუნის 90-იანი წლების რუსეთში იშოვა და პოლიტიკაში ჯერ არავის გამოუცდია, ნამდვილად არის კითხვები, მაგრამ მთავრობის რეაქციამ ივანიშვილის გამოჩენაზე მისი უმახინჯესი ინსტინქტები გამოამზეურა - ივანიშვილს იურიდიული ფორმალობის საფუძველზე ჩამოართვეს პასპორტი, მის ბანკს ფულის გათეთრების ბრალდებით სასტიკად დაესხნენ თავს. პროსამთავრობო მედია უხეშად მოიხსენიებს ივანიშვილს რუსეთის მარიონეტად, რაც ნაკლებად სარწმუნოა, რადგან მან თავის მთავარ პოლიტიკურ მოკავშირეებად საქართველოს ყველაზე პროდასავლელი პოლიტიკოსები აირჩია.

სააკაშვილმა დღემდე ვერ ჩააბარა დემოკრატიის ეს გამოცდა. მალე უფრო დიდი გამოცდა ელის. 2004 წელს სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუცია საკუთარი აღმასრულებელი ძალაუფლების განსამტკიცებლად შეცვალა. გასულ წელს, მაშინ როდესაც მოახლოვდა მისი მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის დრო (2013 წლის დასაწყისი), სააკაშვილმა ისევ შეცვალა ქვეყნის ძირითადი კანონი იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს, მისი ძალაუფლების უმეტესი ნაწილი ახალ და ძლიერ პრემიერ-მინისტრს გადაეცეს. შინაც და გარეთაც ვარაუდობენ, რომ სააკაშვილი ცდილობს, პუტინს მიჰბაძოს და პრემიერ-მინისტრის პოსტი ჩაიბაროს. კითხვაზე, აპირებს თუ არა თანამდებობის გაცვლას, სააკაშვილი პასუხს  თავს არიდებს.

საქართველოს ელიტა მოდერნიზატორია და არა დემოკრატი. ისინი აცხადებენ, რომ ვერ მისცემენ თავს მეტი დემოკრატიის უფლებას, რადგან ეს "რეფორმებს შეაჩერებს", ძალაუფლებას ხელში ოპოზიცია ჩაიგდებს და საქართველო უკან წავა. ეს მაცდუნებელი მესიჯია, მაგრამ მცდარი. ბალანსის სისტემა და მმართველობის ვადების ლიმიტი იმისთვის არსებობს, რომ ელიტებმა თავი მოქალაქეებზე მაღლა არ დააყენონ.

აი, ასეთია საქართველოს მორიგი დიდი გამოცდა. თუ სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ თანამდებობის ლამაზად დატოვებას მოახერხებს და მის შემდეგ უფრო პლურალისტური ხელისუფლების ჩამოყალიბების შესაძლებლობას გააჩენს, მაშინ ის მთელ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, რუსეთის ჩათვლით, კარგ მაგალითს მისცემს, თუ არა, ვაშინგტონს საქართველოში პრობლემატური პარტნიორი ეყოლება".

"ვაშინგტონ პოსტი", 2012 წლის 28 იანვარი

პეტრე მამრაძე: - თომას დე ვაალის ეს სტატია "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა და მასში ბევრი საგულისხმო რამ არის. დე ვაალი იხსენიებს საქართველოს თანხმობას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე. ავტორმა სტატიაში აშკარად მიუთითა, რომ სააკაშვილმა რუსების მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე თანხმობა ობამასთან შეხვედრაზე გაცვალა, არადა, პრინციპულად აცხადებდა, რომ არ მოაწერდა ხელს...

"რუსეთს ეკუთვნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა", - საზეიმოდ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ მედვედევთან ერთად 2010 წლის 24 ივნისს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"რა ჩემ ფეხებად ("ნა ხრენა") სჭირდებათ მათ ჩვენი მიღება მსო-ში, თუ ისედაც ყველა პირობას ვუსრულებთ? არაფერსაც აღარ შევუსრულებთ, სანამ არ გავხდებით მსო-ს სრულყოფილი წევრები", - თქვა რუსეთის პრემიერმა პუტინმა 8 თვის შემდეგ, (მსურველს შეუძლია პუტინის კოლორიტული ტირადის მოსმენა "იუთუბში").

"გადავცეთ მათ, რომ არავითარი მსო არ გვჭირდება, უამისოდაც კარგად ვართ, არაფერი გვესაქმება მსო-ში", - ბრძანა მედვედევმა და დასძინა, ვხუმრობო.

ცნობილი დასავლელი ექსპერტები ერთხმად ამბობდნენ, რომ აშშ და დასავლეთი უფრო იყვნენ დაინტერესებული რუსეთის გაწევრებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ვიდრე პუტინი და მისი გუნდი.

2010 წლის ივნისში ობამა საჯაროდ დაჰპირდა მედვედევს, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებდა, რომ რუსეთი მსო-ს წევრი გამხდარიყო. Amso-ს 153 წევრი სახელმწიფოსგან მხოლოდ ერთი - საქართველო ეწინააღმდეგებოდა რუსეთის გაწევრებას, მას ვეტო ჰქონდა დადებული ამ საკითხზე. სააკაშვილისა და მისი ჯამბაზების თეატრის პოზიცია არაადეკვატური იყო. ისინი რუსეთისაგან მოითხოვდნენ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ფსოუსა და როკის გამშვებ პუნქტებზე ქართული საბაჟო სამსახურების დაშვებას. ყველასათვის ცხადი იყო, რომ რუსეთისთვის ამ მოთხოვნის შესრულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმის ტოლფასი იყო და რუსეთი ამას არც კი განიხილავდა. სამაგიეროდ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების ჩარევით შესაძლებელი იყო ბევრი სასიკეთო და საჭირო რამის მიღება ქვეყნისთვის. ამაზე კულუარებში იყო კიდეც ლაპარაკი.

პირად საუბრებში სააკაშვილს ეუბნებოდნენ, რომ მას ამ დოკუმენტზე ხელმოწერის სანაცვლოდ შეეძლო დაეყენებინა ადეკვატური პირობები, მაგალითად, რუსეთთან საზღვრების გახსნასა და ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნაზე. ამას სთავაზობდნენ მას უცხოელი მაღალი რანგის დიპლომატები, მაგრამ ერთადერთი, რასაც სააკაშვილი დაჟინებით ითხოვდა, ის იყო, რომ ობამას თუნდაც ათი წუთით ოვალურ კაბინეტში მიეღო. მხოლოდ და მხოლოდ ამას ითხოვდა, მეტს არაფერს!

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები ჩვენს ხელისუფლებას მიუთითებდნენ, რომ დაინტერესებული იყვნენ რუსეთის მსო-ში გაწევრებით და იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთი და საქართველო ბოლოს და ბოლოს, შეთანხმდებოდნენ. სააკაშვილის გუნდის წევრები კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმის მტკიცებაში, რომ პოზიციის "შერბილება და უკან დახევა" არ შეიძლებოდა. არადა, რეალობას მოწყვეტილი მოთხოვნები მხოლოდ აძლიერებდა საქართველოს მარგინალიზაციას დასავლეთში. "საქართველო შეიძლება გახდეს პრობლემების წყარო, რაც მას იზოლაციით ემუქრება", - დელიკატურად ამბობდა საერთაშორისო ექსპერტი სვანტე კორნელი და ამ აზრს დასავლეთში ყველა იზიარებდა.

დასავლურ პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ დასავლეთის მოთმინება სააკაშვილის უაზრო სიჯიუტეზე იწურებოდა. მალე გვაცნობეს, რომ თუ საქართველო პოზიციას არ შეიცვლიდა, რუსეთს მიიღებდნენ მსო-ში საქართველოს თანხმობის გარეშე, მით უმეტეს, რომ მსო-ს წესდება მართლაც ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას. რუსეთმა კი მაშინვე განაცხადა, რომ ასეთი ვარიანტი ხელს არ აძლევს(!) და თუ დასავლეთი დაინტერესებულია რუსეთის გაწევრებით მსო-ში, მაშინ დაითანხმოს საქართველო. და უცებ ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი დათანხმდა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას, თუმცა, არა ქვეყნისათვის სასიკეთო და სტრატეგიული პირობით, არამედ საკუთარი ინტერესების გამო.

სააკაშვილმა ჩათვალა, რომ საარჩევნო წელს ობამასთან შეხვედრას საქართველოს მოსახლეობა ამერიკის პრეზიდენტის მისადმი მხარდაჭერად აღიქვამდა. არადა, ბარაქ ობამამ მსოფლიოს გასაგონად თქვა: "მინდა წარსულში შესრულებულ სამუშაოს მაღალი შეფასება მივცე და ველი, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, საქართველოში ძალაუფლება დადგენილი წესით შეიცვლება, რაც გაამყარებს უკვე ჩატარებულ მრავალ რეფორმას", - აი, ზუსტი თარგმანი ობამას გახმაურებული ფრაზისა.

ადეკვატური და კონსტრუქციული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ჩვენ ბევრი რამის მიღება შეგვეძლო რუსეთისაგან. ეს დასავლეთის სრულ მხარდაჭერას მოგვაპოვინებდა და რუსეთის ხელისუფლებას არ დაუტოვებდა უარის თქმის საბაბს. ვგულისხმობ როგორც ჩვენი პროდუქციის რუსულ ბაზრებზე ეტაპობრივ დაბრუნებას, ასევე, საზოგადოდ, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რის გარეშეც ვერ დავიწყებთ დიალოგს აფხაზებსა და ოსებთან... სააკაშვილმა ყველა პერსპექტივა დაგვაკარგვინა საკუთარი თავის წარმოჩენის გამო. ჩვენში ბევრმა ვერ გააცნობიერა, რა ჩაიდინეს სააკაშვილმა და მისმა ჯამბაზებმა ჯერ თავისი ახირებული პოზიციით, შემდეგ კი რუსეთთან ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით...

სააკაშვილმა რუსეთის მსო-ში გაწევრებას ხელი მოაწერა მხოლოდ ობამასთან შეხვედრის სანაცვლოდ, არ გაითვალისწინა ხელშეკრულების პირობები და ლანგრით მიართვა რუსეთის ხელისუფლებას ის, რაც რუსეთს არ მოუთხოვია... ხოლო თუ რას მოაწერა ხელი სააკაშვილმა, ამას მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

(გაგრძელება იქნება)