რა უნდა მიშას? - კვირის პალიტრა

რა უნდა მიშას?

გორი გადარჩენილია, მუცოს ვკარგავთ

ცოტა ხნის წინ ახალციხეში, განახლებული რაბათის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ მერაბიშვილს, როგორც მეფემ პირველ ვეზირს, უბრძანა, ასეთი ციხე მინდა გორშიო! თქმა და ქმნა ერთი აღმოჩნდა! პრემიერ-მინისტრი მეორე დღესვე ამალის თანხლებით ავიდა გორის ციხეზე, რომელიც, როგორც ამბობენ, საიმედოდ არის რესტავრირებული და მას საფრთხე არ ემუქრება.

ამიტომ გორში ბევრს უკვირს, რაღა ამ ციხეს მიაწყდნენ გასაახლებლად, სხვა გასაკეთებელიც ხომ ბევრიაო. უცხოელ ტურისტებსაც კი გაუკვირდათ, რას ერჩის თქვენი პრეზიდენტი უნიკალურ სიძველეებს, ასე თუ განაგრძო, უძველესი ისტორიის კვალი წაიშლება და განახლებული ციხე-კოშკები და ტაძრები ისეთ იერს მიიღებს, თითქოს საუკუნეების წინ კი არა, ახლახან აშენდაო.

ასეთი ციხე მინდა მე!

ოპონენტების თქმით, სააკაშვილს დავით აღმაშენებლის ლანდი უკარგავს მოსვენებას და უნდა, დიდ მეფეზე დიდი თუ არა, მასავით დიდი მაინც იყოს. იმის გამო, რომ თავიდანვე სამეფოდ არ გაუზრდიათ, ის უფრო და უფრო ემსგავსება ჭირვეულ მონარქს, რომელიც შემთხვევით მოხვდა ტახტზე... პრეზიდენტს სურს, ჰქონდეს საკუთარი გელათი, მაგრამ იცის, ახალს ვერ ააშენებს, ლაზიკა კი გელათის საპირწონედ ვერ გამოდგება, ამიტომ გამოსავალი მოძებნა - განახლების სახელით "ევრორემონტი" ჩაუტაროს უძველეს ნაგებობებს და ასე, ძველი ისტორიის წაშლით, თავისი სახელი განადიდოს! ამიტომ მიადგა ბაგრატის ტაძარს, ახალციხის რაბათს და ახლა გორის ციხეს - ამბობენ მისი ინიციატივების  მოწინააღმდეგენი... ბაგრატის ტაძართან დაკავშირებული აჟიოტაჟი ჩაცხრა; ახლა რაბათის შესახებ გაისმის, ისტორია წაშალესო, ამბობენ, განახლების პროცესში უძველესი სათოფურებიც კი მოანგრიესო... ამას სპეციალისტები უკეთ შეაფასებენ, რეალობა კი მოწმობს, პრეზიდენტი არც ერთ მეფეს არ ჰბაძავს. მეფეები ციხე-კოშკებს პირველ რიგში საზღვრებთან ამაგრებდნენ, სააკაშვილმა კი პრეზიდენტობის მეორე ვადაშიც ვერ შეძლო, ქვეყანას დაცული საზღვარი ჰქონოდა...

ლაფანყურიდან მუცომდე

ლაფანყურის ამბის შემდეგ გულისყური მუცოსკენ გამექცა. ორივე "მიმზიდველი" ადგილია მეზობელი ქვეყნიდან გადმოსული ბოევიკებისთვის, ორივე სასაზღვრო ტერიტორიაა, მაგრამ მუცო, უბრალოდ, ტერიტორია არ არის. უძველესი ციხე-კოშკები  იმის უტყუარი მოწმეა, რომ ეს მიწა ოდითგან ჩვენი იყო და ამ ციხე-კოშკების აღმშენებლები გოჯსაც არ უთმობდნენ მტერს. პირიქითა ხევსურეთის უძველესი ციხე-ქალაქი მომხდურს ჯერ 1769 წელს გადაუწვავს, ბოლოს კი, 1820 წელს, შამილის მოლაშქრეებს აუოხრებიათ. 1918 წელს საბოლოოდ დაცლილა ციხე-ქალაქი. კაცისგან მიტოვებულს დრო ანადგურებს. კონსტანტინე გამსახურდიას უთქვამს, თუ შეიძლებოდა სინამდვილეში ეარსება ქაჯეთის ციხეს, იგი აუცილებლად მუცო იქნებოდაო. საუკუნეთა განმავლობაში დაუმარცხებელი ციხესიმაგრე ახლა მხოლოდ შორიდან მოჩანს ზვიადი, ახლოდან შესაბრალისი სანახავია. ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2003 წლის გაზაფხულზე დაწყებულა, მაგრამ მის განხორციელებას საშველი არ დაადგა...

2008 წელს მუცოს რეაბილიტაციის ახალი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დააფინანსა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არც მაშინ დაწყებულა. იმის გამო, რომ იქ მანქანა ვერ მიდის, მუცოს აღდგენა ძვირად ღირებულ პროექტად მიიჩნიეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, რეაბილიტაცია 2012 წელს უნდა დაწყებულიყო. ერთი თვეც და გზები ჩაიკეტება, გაზაფხულზე კი მუცო კიდევ უფრო დაჩოქილი დახვდება მნახველს. "მუცო რომ ხალხმრავალი იყოს, ხელისუფლებისთვის არჩევნების წინ მაინც აღმოჩნდებოდა საინტერესო, როგორც გორი, სიღნაღი და  სხვა ქალაქები ან სოფლები, მაგრამ პრეზიდენტს ურჩევნია, გორის ციხე ჰქონდეს, ვიდრე მუცო ან სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ციხეები ხევსურეთსა თუ საქართველოს სხვა მთიან მხარეებში," - ამბობენ ხევსურები.

უპატრონო მიწას ეშმაკები ეპატრონებიან

მუცოს ციხეებიდან ორ ნაბიჯში, ენარში, სასაზღვრო პოსტია. ეს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთია. 15-კაციანი რაზმი 12-კილომეტრიან მონაკვეთს აკონტროლებს. მესაზღვრეები ხევსურები არიან და შიშობენ, ხევსურეთი საბოლოოდ არ დაიცალოსო.  "ფიჭვნისში ხალხი რომ ყოფილიყო, რუსი საზღვარს ვერ გადმოსწევდა. სასაზღვრო სოფელი არჭილოც დაიცალა. ჩვენღა ვაკითხავთ ხოლმე დაცარიელებულ სახლებს. გვეშინია, ვაითუ, მტერი ჩამოვიდეს და ჩაგვისახლდეს. ღამის გასათევი არ დახვდება თუ სახლი ექნება ასაშენებელი? ააგიზგიზებს ცეცხლს კერაზე და უმტკიცე მერე, რომ მის წინაპარს აქ არ უცხოვრია!" - ჩივიან მესაზღვრეები.

გზად მოხუცი ხევსური მხვდება.

- საით მიდიხართ, აქ ცხოვრობს ვინმე? - ვეკითხები ზურგზე ბარგაკიდებულ მოხუცს. - ავალ, დავხედავ, მტერი არ ჩადგეს ციხეებში, აგე, ლაფანყურს რა ამბავი ქნეს, ვაითუ აქაც გაგვიწყრეს ღმერთი. მთელი ჩვენი ხეობის მეომრები იცავდნენ აქაურობას და მტერი მაინც შემოდიოდა. ახლა კი მტერი ხედავს, ვის როგორ ახსოვს მუცო... ეჰ, ჩვენებს აღარ უნდათ ეს მიწა, ჰოდა, გამოჩნდება ვინმე... - ხელი ჩაიქნია მოხუცმა და გამცილდა.

P.S. ვითომ ეს უნდა ხელისუფლებას?