"ჩვენ სამჯერ მეტი მხარდამჭერი გვყავს, ვიდრე მთავარ ოპოზიციურ ძალას" - კვირის პალიტრა

"ჩვენ სამჯერ მეტი მხარდამჭერი გვყავს, ვიდრე მთავარ ოპოზიციურ ძალას"

"ასეთ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც მოინდომებს საქართველოში იარაღით შემოსვლას"

"1-ლი ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის განაჩენი პუტინის მიმდევრებისა და საქართველოში უკანასკნელი რუსული ბასტიონისა", - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურმა, რომელსაც არაერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე ვესაუბრეთ:

-  NDI-ს კვლევის შედეგს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 37%-ია, ეჭვით უყურებს ოპოზიცია. ამბობენ, რომ მოსახლეობა დაშინებულია და აქედან გამომდინარე, არაგულწრფელი. არჩევნებზე სულ სხვა შედეგი იქნებაო.

- არჩევნების შედეგებზე ვისაუბრებთ არჩევნების მეორე და მესამე დღეს. ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევა, როგორიც NDI-ია, ნებისმიერი პარტიისთვის მნიშვნელოვანია. ვერ დავეთანხმები შეფასებას, რომ მოსახლეობა დაშინებულია და განწყობას მალავს. როდესაც კითხვა დაისვა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა-არჩამორთმევის შესახებ, მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა უპასუხა, რომ არ ემხრობოდა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას. შეუძლებელია, ერთ კითხვაზე პასუხის გაცემისას მოქალაქე არ იყოს შეშინებული და მეორე კითხვაზე შიშმა შეიპყროს. NDI-ს ახალი კვლევებით ოპოზიციურ პარტიებს ცუდი შედეგი აქვთ და მიზეზების მოძებნას ცდილობენ. ჩვენ სამჯერ მეტი მხარდამჭერი გვყავს, ვიდრე მთავარ ოპოზიციურ ძალას.

- სენატორი მაკკეინი შეშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ შესაძლოა არჩევნების შედეგი შეუთანხმებლობის მიზეზი გახდეს.

- ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ "ქართული ოცნება" ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და არ აღიარებს არჩევნების შედეგს. შეშფოთება, რომელიც ამერიკელმა სენატორმა გამოხატა, სწორედ ამ უპასუხისმგებლო განცხადებებს უკავშირდება. უკანასკნელი 2-3 თვის განმავლობაში მკაფიოდ გამოიხატა, თუ რაზეა ორიენტირებული "ქართული ოცნება". იქ არიან შევარდნაძის ხელისუფლების წევრები, რომელთა აზროვნება 90-იანი წლების უმძიმესი წლების აზროვნებაა.

- თქვენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით და, ალბათ, გაწუხებთ ის, რომ რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ხმას ვერ მისცემენ ამ არჩევნებზე.

- მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა. რუსეთში საარჩევნო უბნები იმიტომ არ არის გახსნილი, რომ საქართველოს იქ არ ჰყავს წარმომადგენლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რუსეთში ქართველები არ არიან დაცული იმისაგან, რომ მათ პოლიტიკურ ნებაზე უხეში ზეწოლა არ მოახდინონ. რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ტოტალურად აყალბებს თავის არჩევნებს და როდესაც ის საქართველოს განიხილავს მთავარ მტრად, როდესაც მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, უპასუხისმგებლობა იქნებოდა ხელისუფლებისაგან, რომ დაეწყო ზრუნვა რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნაზე. შეუძლებელია რუსეთის ხელისუფლების ქმედებების მონიტორინგი საარჩევნო უბნებზე.

ის პირები, რომლებიც აპელირებენ რუსეთით, ვფიქრობ, იმის იმედზე იყვნენ, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელოვნურად გააყალბებდა იქ არჩევნების შედეგს თავისი სატელიტი პოლიტიკური ძალის, "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად. ჩვენი ოპონენტები ლაპარაკობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველებისათვის ხმის მიცემის შეზღუდვაზე და ამაზეც გავეცით პასუხი: საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც შეუძლია წარადგინოს დოკუმენტი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, შეეძლება არჩევნებში მონაწილეობა. რადგან არჩევნები სამუშაო დღეს არის გამოცხადებული, მათ რომ არ ჰქონდეთ ამის გამო დისკომფორტი, ჩვენი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ გაიხსნება გაცილებით ადრე, სანამ სამუშაო დღე დაიწყება და დაიხურება სამუშაო დღის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. არის მეორე საკითხიც - საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია "ქართული ოცნების" იმ ქმედებათა გაკონტროლება, რასაც უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში ამომრჩევლის მოსასყიდად სჩადის. ეს ცხადი შეიქნა საქართველოში ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი ფაქტით, რის გამოც სახელმწიფო ორგანოებმა დააჯარიმეს კიდეც. რასაც ეს ორგანიზაცია აკეთებდა საქართველოში, მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ უცხოეთში გაცილებით მეტ არალეგალურ საქმიანობას ეწევა.

- "ქართული ოცნების" მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები ახსენეთ და იქნებ დამიკონკრეტოთ, რა იგულისხმეთ?

- რამდენიმე თემა იყო და ამ ინტერვიუში ხომ არ დავიწყებ გახსენებას.

- ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციის შემდგომ, გაიხსენეს თქვენი ლოიალური დამოკიდებულება ჩერქეზებისადმი. ითქვა, ნუგზარ წიკლაურს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა ხალხისადმიო.

- ამას უპასუხისმგებლო და უმეცარი ხალხი ამბობს. ჩვენ გული შეგვტკივა ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩრდილო კავკასიაში სახლობს. განსაკუთრებით იმ ვითარების გამო, რაც იქ რუსეთის ფედერაციამ შექმნა. ამიტომაც საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების გარდა, სამიოდე თვის წინ ჩვენმა კომიტეტმა შეიმუშავა და პარლამენტმა დაამტკიცა ჩრდილო კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო კონცეფცია. მასში ლაპარაკია ყველა იმ მიმართულებაზე, რასაც პრიორიტეტად ვთვლით.

ქართული სახელმწიფო კეთილგანწყობილია ყველა მშვიდობიანი ადამიანის მიმართ, მაგრამ ვინც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ავტომატით, ნაღმსატყორცნით, მძევლად აჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მოკვლით ემუქრება, ასეთ ადამიანებთან, რა წარმოშობისაც უნდა იყვნენ, ქართულ სახელმწიფოს ექნება ადეკვატური და ღირსეული პასუხი. ჩვენმა სპეციალური დანიშნულების რაზმმა ამ ჯგუფს რამდენჯერმე შესთავაზა იარაღის დაყრა, მაგრამ ქართული სახელმწიფოს კანონიერი მოთხოვნა უარყოფილ იქნა. როდესაც ეს ოპერაცია მიმდინარეობდა უშუალოდ რუსეთის საზღვართან, როდესაც დაღესტანში თავმოყრილი იყო რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი და საბრძოლო ტექნიკა, როდესაც ნებისმიერ ვითარებას შეეძლო გამხდარიყო საბაბი საქართველოს არაკეთილმოსურნეებისთვის, რომ ზიანი მიეყენებინათ ქართული სახელმწიფოსა და მისი სუვერენიტეტისათვის, ქართული სახელმწიფო ლოდინს ვერ დაიწყებდა და საფრთხის წინაშე ვერ დააყენებდა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. ასეთ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც მოინდომებს საქართველოში იარაღით შემოსვლას.

ხელისუფლება საკმარისად მძლავრია იმისთვის, რომ წაგართვათ ის, რაც გაგაჩნიათ

ჯერალდ ფორდი