მოდის "მატარებელი", ხალხის დამტარებელი - კვირის პალიტრა

მოდის "მატარებელი", ხალხის დამტარებელი

8 სექტემბერს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს გამოუცხადეს, ამ დღეს ყველანი ნაციონალური მოძრაობის შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეთო. "თუ შეხვედრაზე არ მოხვალთ, ოქტომბრიდან შემცირებული სამუშაო განაკვეთის გამო წუწუნი არ დამიწყოთ. თქვენი მოუსვლელობის გამო მე დამსჯიან, მე კი თქვენ არ გაპატიებთ ჩემს ღალატსო, დაგვემუქრა ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი. ამ დღეშია პედაგოგების უმრავლესობა. ნაციონალურ მოძრაობას მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ შეხვედრაზე მაინც მივდივართ, სხვა გზა არ გვაქვს", - ამბობენ ქუთაისელი მასწავლებლები.

"გორში ქუდზე კაცს გვიხმეს. არ გამოხვალთ და თქვენი აჯობებსო. ეგრეც იზამენ, სამსახურებიდან დაგვხსნიან; ამიტომაც მივდივართ, განა მხოლოდ გორიდან, ხაშურიდანაც წამოიყვანენ პედაგოგებს. სახელმწიფო სექტორში ვინც მუშაობს, ყველას ისე ექცევიან, როგორც პირად საკუთრებას: გეტყვიან, იყვირე "მიშა! მიშა!" - უნდა იყვირო, ტაში დაუკარი - უნდა დაუკრა, კომუნისტების პერიოდი დაგვიბრუნდა, რა..." - ჩივიან გორელები.

"სააკაშვილთან შეხვედრებზე რომ ხალხს საგანგებოდ დაატარებენ ერთი ქალაქიდან მეორეში, ნათელია. რიკოთზე ასეულობით ყვითელი ფერის მიკროავტობუსმა ჩამოიარა. გვეგონა, დასავლეთ საქართველოს ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკს ანახლებდნენ, სინამდვილეში, ეს ავტობუსები მიშას ხალხის დამტარებელი ყოფილა. მძღოლებმა თქვეს, ხალხის ერთ ნაწილს ქუთაისიდან წავიყვანთ და მერე ყველა ქალაქში თანდათან შევიმატებთ ახალ ჯგუფებსო," - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც მძღოლებთან გასაუბრება მოახერხა. შევეცადეთ, თბილისელი მძღოლებისგან გაგვეგო, სად და რატომ მიდიოდნენ მათი კოლეგები და რა კავშირი ჰქონდა ამ ქარავანს ნაციონალური მოძრაობის ყრილობასთან. თბილისელი მძღოლების თქმით, მათი კოლეგებიM ზუგდიდში ხალხის "გადასაზიდად" წაიყვანეს. ფულს ვინ იხდის-მეთქი? ჩავეძიე. რა ფული, როდის იყო "ნაციონალები" თავიანთ ტრანსპორტში ფულს იხდიდნენო.

როგორც ვიცი, ყვითელი მიკროავტობუსი არა "ნაციონალური მოძრაობის", არამედ კერძო კომპანიის, შპს "თბილისის მიკროავტობუსის" საკუთრებაა.

კომპანიის წარმომადგენელმა თეონა ნიორაძემ განაცხადა, რომ მიკროავტობუსები "ნაციონალურ მოძრაობას" მიაქირავეს.

- თეონა, მძღოლებმა თქვეს, რომ ქუთაისიდან ზუგდიდში ხალხის წასაყვანად მიდიოდნენ...

- ასეთი დეტალები ჩვენ არ ვიცით, მიმართეთ ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ  ვართ მიკროავტობუსების მფლობელი კერძო კომპანია, რომლსაც იურიდიული უფლება აქვს, გააქირავოს სარეზევრო მიკროავტობუსები, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე მგზავრთა გადასაყვანად არ გამოიყენება და ელექტრონული გადახდის აპარატითა და ელექტრონული ტაბლოებით აღჭურვილი არ არის. ვიმეორებ, ავტომობილები გავაქირავეთ.

- მძღოლები ამბობენ, რომ ხელფასს არ იღებენ...

-  სიცრუეა. იღებენ და ძალიან საწყენია, თუ ასე თქვეს.

- რა თანხას?

- ვერ გეტყვით, რა თანხას, მაგრამ ფულს ნამდვილად იღებენ.

8 სექტემბერს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისსა და საქართველოს 10 ქალაქში: ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ამბროლაურში, ახალციხეში, ქუთაისში, გორში, თელავში, რუსთავსა და მცხეთაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყრილობა გამართა. "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, წინასწარ გათვლილი იყო, რომ ყრილობას სპორტის სასახლეში მხოლოდ თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებოდნენ, საქართველოს სხვა ქალაქებში კი შეხვედრები ღია ცის ქვეშ გაიმართებოდა. ყრილობაზე მიწვეულები იყვნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ალბათ, იმისათვის, რომ არჩევნებამდე ენახათ, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას". ახალგაზრდების მისაზიდად და იმისათვის, რომ შეკრებილი საზოგადოება თვალშისაცემად მრავლად გამოჩენილიყო, ყველა ქალაქში ყრილობები საკონცერტო პროგრამით დაიწყო, შემდეგ კი ნაცმოძრაობის ლიდერებმა კიდევ ერთხელ იქადაგეს, რომ მართალია, ჯერ არ აქვს, მაგრამ აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხალხს "მეტი სარგებელი"(!).

(სპეციალურად საიტისთვის)