"სულ მცირე, ადგილობრივი არჩევნების შედეგს გავიმეორებთ" - კვირის პალიტრა

"სულ მცირე, ადგილობრივი არჩევნების შედეგს გავიმეორებთ"

"ნაციონალები თბილისელებს გადასახადებით კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებენ"

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საკრებულოს წევრებმა საპარლამენტო სიაზე უარი განაცხადეს და თბილისის სხვადასხვა უბნის მაჟორიტარობას აპირებენ. საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია ნაძალადევის რაიონში იყრის კენჭს:

- ნაძალადევში დავიბადე და გავიზარდე. ამიტომ, როდესაც დადგა საკითხი, რომ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას მაჟორიტარობის კანდიდატები დაესახელებინა, ვთქვი, რომ ნაძალადევში ვიყრიდი კენჭს. თუ ვინმემ იცის ნაძალადევის პრობლემები, მეც ვიცი. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საკრებულოს ფრაქციის წევრებმა უარი ვთქვით პარტიულ სიაზე. მე უარი ვთქვი დეპუტატის გარანტირებულ მანდატზე იმის გამო, რომ 2 წელია თბილისელების უფლებების დასაცავად ვიბრძვი და ამბიცია მქონდა პირდაპირ თბილისის მოსახლეობისაგან მიმეღო დეპუტატის მანდატი. თუ ნაძალადევის რაიონი ჩამთვლის ღირსად, ვიყო არჩეული ნაძალადევში, მხოლოდ მაშინ შევალ პარლამენტში.

ორი წლის განმავლობაში ჩვენს სამკაციან ფრაქციას საკრებულოში მიღებული ჰყავს სხვადასხვა პრობლემის მქონე იმდენი თბილისელი, რამდენიც 38-კაციან "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას არ მიუღია. ამან გაგვიჩინა ამბიცია, რომ მაჟორიტარებად გვეყარა კენჭი და არ ვყოფილიყავით დამოკიდებული სარეზერვო პარტიულ სიაზე.

- ნაძალადევში "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს იყრის სამი მოწვევის პარლამენტარი მერაბ სამადაშვილი, "ქართული ოცნებიდან" - თეა წულუკიანი. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავთ.

- მთავარი ოპონენტი ჩემთვის არის ხელისუფლება, რომელსაც ბატონი სამადაშვილი წარმოადგენს. სამადაშვილმა ნაძალადევში წინა არჩევნების დროს 250 ათასი ამომრჩევლისგან 23 ათასი ხმა მიიღო. ეს არცთუ შთამბეჭდავი შედეგია და არა მგონია, მისი დამარცხება არ შეიძლებოდეს.

მერაბ სამადაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ არსებობს მონაცემები, ვინ როგორ საქმიანობს საქართველოს პარლამენტში წლების განმავლობაში. ბატონ სამადაშვილთან დაკავშირებულ საინტერესო სტატისტიკას ნახავთ: პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტი გაცდენილი აქვს. მე მზად ვარ მოვისმინო ყველა ნაძალადეველის პრობლემა, ყველას შეეძლება ჩემთან დაკავშირება.

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისელებს გადასახადებს უძვირებს და კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს.

ჩვენ სამართლიანი ტარიფებისთვის ვიბრძვით. მაგალითად, ყველა თბილისელი იხდის წყლის გადასახადს - 3 ლარსა და 15 თეთრს. ეს ნიშნავს, რომ დღე-ღამის განმავლობაში ვხარჯავთ 200-300 ლიტრ წყალს. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი თვის განმავლობაში ერთი სული მოსახლე 7 ტონა წყალს ხარჯავს. ოთხსულიანი ოჯახი თურმე Dდღე-ღამეში ტონაზე მეტ წყალს ხარჯავს, რაც აბსურდია.

დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიისაზე მიბმა ქრისტიან-დემოკრატებმა კატეგორიულად გავაპროტესტეთ და გადავეცით "ნაციონალურ მოძრაობას" ცოცხზე დამაგრებული მრიცხველი. ამ ქმედებით ადამიანის უფლებები დაირღვა. ხელისუფლება აცხადებდა, დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახდების ერთმანეთზე მიბმით თბილისელების 80%-ს გადასახადი გაუიაფდებათო, მაგრამ პირიქით მოხდა, უმეტესობას 2-3-ჯერ გაზრდილი დასუფთავების გადასახადი აქვს. ეს იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ახრჩობს მოსახლეობას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწესებული გადასახადები.

- მმართველ პარტიას, რომელსაც ასე აკრიტიკებთ, NDI-ს კვლევის თანახმად, 37%-იანი რეიტინგი აქვს, თქვენს პარტიას კი 3%.

- მე საეჭვოდ მიმაჩნია არა NDI-ს კვლევები, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" 37%. ეს ამომრჩევლის ბრალია და არა იმის, ვინც გამოკითხვას ატარებს. დარწმუნებული ვარ, ბევრი ამ 37%-ისგან "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ მისცემს, მაგრამ გამოკითხვისას შიშის გამო ამბობს, რომ ხმას აძლევს. ასევე არსებობს ამომრჩევლის 21%, რომელსაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა, ან პასუხს არ სცემს ამ კითხვას. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა ერთად 40%-ზე მეტია. ესაა სწორედ ის ამომრჩეველი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ხმას. ქრისტიან-დემოკრატები კბილებით დავიცავთ ყველა ხმას. ჩვენი მთავარი მოთხოვნა სამართლიანი არჩევნებია. ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნებზე, სულ მცირე, გავიმეორებთ ადგილობრივი არჩევნების შედეგს, როდესაც 12% ავიღეთ.