რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ივანიშვილის დეპორტაცია? - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ივანიშვილის დეპორტაცია?

"არა მგონია, ივანიშვილი რევოლუციის მომხრე იყოს"

10 ოქტომბერს "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ყოფნის ვადა ეწურება. არსებობს თუ არა ივანიშვილის ქვეყნიდან დეპორტაციის საფრთხე, ამის  შესახებ საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორს, კახა კახიშვილს ვესაუბრეთ.

- თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველოში დარჩენა, ხვალ რომც გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი, ვერავინ ეტყვის უარს საქართველოში შემოსვლაზე, რადგან დიდი პოლიტიკური პრობლემა გახდება ხელისუფლებისათვის, თუ ივანიშვილს არჩევნებამდე საზღვარზე არ გადმოუშვებენ. ივანიშვილს შეუძლია გავიდეს თუნდაც სადახლოზე, გადაკვეთოს საზღვარი და შემდეგ გადმოკვეთოს უკან. ამის მერე თავიდან დაიწყება დროის ათვლა ერთი წლის განმავლობაში. არ არის საჭირო მაინცდამაინც ბოლო დღის ლოდინი, თუ უნდა საქართველოში იყოს და განაგრძოს პოლიტიკური საქმიანობა მიუხედავად არჩევნების შედეგისა. არჩევნების შემდგომ რა მოხდება, რთული სათქმელია. ამიტომ ჯობს, არჩევნებამდე გადავიდეს საზღვარზე.

- როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები 1-ლი ოქტომბრის შემდეგ?

- არა მგონია, ივანიშვილი რევოლუციის მომხრე იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ასეთი იმიჯი შეუქმნან. მისი სიის პირველი ოცდაათეულიც ამაზე მეტყველებს. რევოლუციურ პროცესებს არ ველი. ხალხი რომც გამოვიდეს, ეს იქნება მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" მხარდაჭერის დემონსტრაცია და არა რევოლუციური პროცესებისთვის. ივანიშვილს რომ რევოლუციური პროცესების დაწყება ნდომოდა, სიის პირველ ოცდაათეულს სხვაგვარად დააკომპლექტებდა.