დევნილების დაბრუნება აფხაზეთში რეალურია? - კვირის პალიტრა

დევნილების დაბრუნება აფხაზეთში რეალურია?

"აფხაზებს უნდა შევთავაზოთ ისეთი რამ, რასაც რუსები ვერ სთავაზობენ"

ბიძინა ივანიშვილი დევნილებს აფხაზეთში დაბრუნებას დაჰპირდა

გასულ კვირას "ქართული ოცნების" ლიდერმა დევნილებს უთხრა, რომ  შესაძლებელი გახდება მათი დაბრუნება აფხაზეთში. "კოალიციის საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე მოვყევი, თუ როგორ დავთვალე, რამდენი ფული დასჭირდება იმას, რომ თქვენს სახლებში დაბრუნდეთ. ამისთვის არანაკლები 4 და არა უმეტეს 6 მილიარდი დოლარია საჭირო, რისი შესაძლებლობაც არის. ეს თანხა იქნება მოძიებული არა მხოლოდ პირადი სახსრებით, გარედან დახმარებაც იოლი იქნება. რეალურ პროექტს დავდებთ არა იმისთვის, რომ ვიღაცას ხელები ამოვუგრიხოთ ან ახალ დაპირისპირებასა და წინააღმდეგობაში შევიდეთ, არამედ იმ მიზნით, რომ იმ ადამიანების დაბრუნება მოხდეს აფხაზეთში, ვისაც ამის სურვილი აქვს".

რამდენად რეალურია დევნილების დაბრუნება, ამ საკითხზე ვესაუბრეთ წყალტუბოს მაჟორიტარ კანდიდატს, "ქართული ოცნების" წევრს, პაატა ზაქარეიშვილს:

-  მთავარია, აფხაზ ხალხს შევუქმნათ განწყობა მათი იდენტურობის გადარჩენისა და ქართველებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისა. ჩვენ მათ კონცეფციას შევთავაზებთ, რომელიც ჯერ კიდევ 2003 წელს განიხილებოდა (სხვათა შორის, ამ პროცესში მონაწილეობდნენ დავით ბაქრაძეც, დავით დარჩიაშვილიც, კოტე კუბლაშვილი და სხვები), მაგრამ "ვარდების რევოლუციის" გზით სააკაშვილმა გაიმარჯვა და უარი განაცხადა ამ კონცეფციაზე. უფრო მეტიც, არც კი დაელაპარაკა აფხაზებს, რომლებიც ჩვენგან რაღაც წინადადებას ელოდნენ და ვერაფერი მიიღეს. სააკაშვილი თითქმის ყოველი არჩევნების წინ ჰპირდება დევნილებს, რომ ძალიან მალე დააბრუნებს აფხაზეთში. მან სცადა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება, რითაც რუსეთის პროვოკაციას წამოეგო და კიდევ უფრო დიდ პოლიტიკურ ჩიხში მოექცა. დრო მოვიდა, რომ მშვიდობიანად ვცადოთ პრობლემის მოგვარება. აფხაზებთან უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება, რაც გადაიზრდება ყოველდღიურ ურთიერთობაში, შევთავაზებთ უამრავ წინადადებას, რაღაცას მიიღებენ, რაღაცას - არა და აზრთა შეჯერება გახდება საჭირო.

ჩვენ ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაზე ვერ გადავალთ, თუკი უსაფრთხოების საკითხებს ვერ გადავწყვეტთ. მაგალითად, აფხაზებს აინტერესებთ, სად იკარგებიან ადამიანები ადმინისტრაციულ საზღვრისპირა ზოლში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ამ საქმეების ობიექტურად გამოძიებაში. აფხაზებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ადამიანების უგზო-უკვლოდ გაუჩინარება სწორედ ადგილობრივი ბოროტმოქმედების ბრალია, იმ შემთხვევაში, თუკი სადმე ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა, ესეც უნდა ვაღიაროთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა აფხაზებსა და ქართველებს შორის, მხოლოდ ამ გზით მივალთ საკითხის ეკონომიკურ გადაწყვეტამდე. მაგალითად, ადრე იყო ლაპარაკი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ სამეგრელოში, რაც აფხაზებს პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანის საშუალებას მისცემდა.

- რისი გაკეთება შეიძლება 6 მილიარდი დოლარით? ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთში 100 ათასი სახლის აშენებას გეგმავს.

- 6 მილიარდი დოლარი იმხელა ფულია, არა მხოლოდ დევნილებს, არამედ აფხაზებსაც აუშენებს სახლებს. უფრო მეტიც, ეს თანხა მთლიანად აფხაზეთს ააყვავებს. რაც მთავარია, კარგად უნდა ავუხსნათ აფხაზებს, თუ რას ვთავაზობთ, რა უპირატესობა გვაქვს რუსებთან შედარებით. იცით, ახლა როგორი ვითარებაა? როცა ქართველი აფხაზს ხვდება, აფხაზი ეუბნება, ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - რუსიფიკაცია და გრუზინოფიკაცია. ჩვენ ვირჩევთ რუსიფიკაციას. რატომ? იმიტომ, რომ რუსული ენა შედარებით ნაცნობია საერთაშორისო წრეებისთვის, ვიდრე ქართული, თანაც ქართული თქვენთვისაც კი აღარ არის პრიორიტეტული, თქვენ ინგლისური ენის სწავლება ლამის სავალდებულო გახადეთო. ჩვენ აფხაზებს ვეუბნებით, ნახეთ, რა ლამაზია ჩვენი ბათუმი!... ისინი გვპასუხობენ, დიახ, ლამაზია, მაგრამ ჩვენ მაინც სოჭი გვირჩევნია. და როცა რუსული ბაზარი უფრო დიდია, ვიდრე ქართული და კიდევ შეიძლება ათასი სხვა არგუმენტის მოყვანა, რატომ ავირჩიოთ გრუზინოფიკაციაო? ამიტომაც აფხაზებს უნდა შევთავაზოთ ისეთი რამ, რასაც რუსები ვერ სთავაზობენ. მაგალითად, ის, რომ ჩვენი სახელმწიფო მოემსახუროს მათ აფხაზურ ენაზე, ყველა რაიონის გამგეობასა თუ სასამართლოში გვყავდეს აფხაზური ენის მცოდნე სპეციალისტი, ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას, მივცეთ საშუალება, ისარგებლონ თავიანთი პასპორტებით, მივანიჭოთ ამ პასპორტებს საქართველოს პირადობის მოწმობის ძალა, რათა აფხაზებს მიეცეთ საშუალება, აიღონ პენსიები, სხვადასხვა სოციალური დახმარება და ა. შ. ქართულ ლარზე გავაკეთოთ წარწერა როგორც სახელმწიფო ენაზე, ასევე აფხაზურად...

- ხომ არ დააზუსტებთ, საიდან მოიზიდავთ 6 მილიარდს?

- ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, რომ ეს თანხა მთლიანად მისი ჯიბიდან დაიხარჯება, თუმცა, ის გაიღებს საკუთარ ფულსაც. თანხას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოვიზიდავთ. მაგალითად, გაეროში არაერთი სამსახურია მოწადინებული, თანხა გამოყოს წარმატებული პროექტებისთვის. ევროკავშირის, ეუთოს წარმომადგენლები ბედნიერი იქნებიან, თუკი ფულს მშვიდობისთვის დავხარჯავთ...

რამდენად რეალურად ეჩვენებათ დევნილებს ბიძინა ივანიშვილის დაპირება? შესაძლებლად მიაჩნიათ თუ არა აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის აღდგენა? - ამ საკითხზე დევნილ ნადეჟდა ცირდავას ვესტუმრეთ. ქალბატონი ნადეჟდა სამთვიან ტყვეობასა და სიკვდილს აფხაზეთში აფხაზებისავე ხელით გადაურჩა.

- ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში ვცხოვრობდი. კულტურის სახლის დირექტორი ვიყავი, ჩემი ქმარი კი აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. ომის დროს შევარდნაძის ბრძანებით ახალდაბა განაიარაღეს. არადა,  ძალიან ახლოს, სოფელ ათარასთან, ფრონტის წინა ხაზი იყო.  ჩემი მეუღლე ჩვენი სოფლის დაცვას ცდილობდა, 10.000 დოლარად გადამთიელებისგან იარაღი იყიდა და სოფელში ახალგაზრდებს დაურიგა. ერთ დღესაც აფხაზებმა შემოგვითვალეს, ვინმე გამოუშვით და შერიგებაზე დავილაპარაკოთო. ვერავინ გაბედა წასვლა.  ჩემმა ქმარმა თქვა, უნდა წავიდეო. ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ შეიძლებოდა ტყვედ აეყვანათ და ძვირფასეულობის შეგროვება დავიწყეთ, ტყვედ თუ ჩავარდებოდა, იქნებ გამოხსნა მოგვეხერხებინა, მაგრამ საოცრება მოხდა, - ჩემი მეუღლე აფხაზებმა პატივით მიიღეს, ხარი დაუკლეს, გაუმასპინძლდნენ და მეორე დღეს უკან გამოაცილეს. თითქოს შეთანხმება შედგა, მაგრამ მალე ცეცხლის განუახლებლობის შესახებ მოლაპარაკება დავიწყებას მიეცა. ერთ დღეს ალყა შემოგვარტყეს.

ჩემმა ქმარმა მითხრა, იქნებ ბავშვები მაინც გადაარჩინო, მე აქ დავრჩები, მაგრამ აფხაზების ზურგში ნასროლი ტყვიით მაინც არ მოვკვდებიო. მეზობლის სახლთან უამრავი ტანკი იდგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალდაბის აღებას წინ არაფერი დაუდგებოდა. მაინც იბრძოლეს ჩვენმა კაცებმა, მაგრამ 4 დღეში ტყვია-წამალი გამოელიათ და შეიძლება ითქვას, თოხებით და ნამგლებით იცავდნენ საკუთარ სახლებს. 4 დღეს გაძლეს, მერე კი მოწინააღმდგემ (სხვადასხვა რჯულისა და წარმოშობის ჯგუფებმა) ჩვენი სახლები გადაწვა. მომხვდურები 36-მეტრიან ჭებში ბავშვებსა და მოხუცებს ყრიდნენ, ჭიდან კვნესა-გმინვა ისმოდა. შვილიშვილებთან ერთად ახალდაბიდან გაქცევა ვცადე... გზად მიმავალმა დავინახე ჩემი ქმრის ცხედარი, ირგვლივ ყელგამოღადრული ბიჭები ეყარნენ...

იმ ჯოჯოხეთიდან მე და ჩემმა შვილიშვილებმა აფხაზების დახმარებით გამოვაღწიეთ. ჩემს აფხაზეთსა და აფხაზებზე ცუდს ვერავინ მათქმევინებს. სულ ვამბობ, რომ ჩვენს დაპირისპირებაში მესამე ძალაა დამნაშავე, თორემ ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი. ნდობის აღდგენას კი ჩვენისთანა ადამიანები სჭირდება, რომლებსაც ახსოვთ ძველი ურთიერთობა. მინდა ყველამ იცოდეს, აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენა შეიძლLება. ჩვენ ერთმანეთი არასოდეს გვძულდა და არ შეიძლება ამ სიყვარულზე ომით გამოწვეულმა სიძულვილმა გაიმარჯვოს ("კვირის პალიტრა" შემდეგი ნომრიდან იწყებს ბეჭდვას ლია ტოკლიკიშვილის მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობისა "მიწა", რომელიც რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით აფხაზეთის ომსა და ცირდავების ოჯახის ტრაგედიაზე მოგვითხრობს).

- რამდენად რეალურად გეჩვენებათ ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ 6 მილიარდ დოლარს დახარჯავს დევნილების აფხაზეთში დაბრუნებისთვის?

-  როგორ შეიძლება ვთქვა, რომ ასეთი ინიციატივა მისასალმებელი არ არის? თუმცა, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ამგვარი ინიციატივებში რუსეთის ხელი არ ურევია. მე პირადად რუსის ჩექმის ქვეშ ყოფნას სიკვდილი მირჩევნია. იმედია, ეს ასე არ არის და ივანიშვილის დაპირებაც რეალურია.

P.S.გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ბიუჯეტი მხოლოდ 4.435 მილიონ რუბლს შეადგენს. ექსპერტთა შეფასებით, 6 მილიონი დოლარს აფხაზეთის ეკონომიკურად აყვავება შეუძლია.

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში