რა ხდება დერეფნის ბოლოში... - კვირის პალიტრა

რა ხდება დერეფნის ბოლოში...

"დიდი გამარჯვება" თუ მოღალატური ხელშეკრულება?!

ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას შარშან დათანხმდა. თუ თანხმობამდე ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდებოდა რუსეთის მსო-ში გაწევრებას, დათანხმების შემდეგ ეს ქმედება მის მორიგ გამარჯვებად შეფასდა. მაშინ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით რუსეთი აიძულეს, დათმობაზე წასულიყო. ოფიციალური თბილისის ასეთი აღფრთოვანებისა და მორიგი "დიდი გამარჯვების" ფონზე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა განაცხადა, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით საქართველომ დე ფაქტო აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

პეტრე მამრაძე: "სიმართლე ის არის, რომ სააკაშვილმა და მისმა ჯამბაზებმა მოღალატურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და არავითარ დიდ გამარჯვებასა და კონტროლის მექანიზმების მოპოვებაზე არ შეიძლება ლაპარაკი. ალბათ, გახსოვთ, სააკაშვილის მთავრობა რუსეთისაგან საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ფსოუსა და როკის გამშვებ პუნქტებზე ქართული საბაჟო სამსახურების დაშვებას მოითხოვდა. ცხადი იყო, რომ რუსეთისათვის ასეთი მოთხოვნის შესრულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმის ტოლფასი იყო და რუსეთი ამას არც კი განიხილავდა. მაშ, რა დათმობაზე წავიდა რუსეთი? ამ ხელშეკრულებით რუსეთ-საქართველოს საზღვარზე (მხოლოდ რუსეთის მხარეს) ჩატარდება ტვირთების მონიტორინგი, მაგრამ ამას ექნება სიმბოლური ხასიათი. ჯერ ერთი, მონიტორინგს კერძო კომპანია ატარებს, მეორე და მთავარი კი ის არის, რომ შეთანხმებაში აღნიშნულია რუსეთისა და აფხაზეთის და რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრები და არსად არის ნახსენები, რომ ეს საზღვრები საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთებია (ეს ფაქტორი ხელმოწერილ შეთანხმებას იმ სიმბოლურობასაც აცლის, რომელსაც დიდი ხალისით ებღაუჭება ხოლმე სააკაშვილი). ამ დოკუმენტის თანახმად, ახლა საქართველო ვალდებულია საბაჟო პუნქტები გახსნას გორსა და ზუგდიდთან.

- ხელშეკრულებაში გორისა და ზუგდიდის ხსენებაც არ არის.

- სწორედ ამიტომ არის მოცემული ხელშეკრულებაში კოორდინატები და მეტი არაფერი, რომ საზოგადოებას ვერ გაეგო, სინამდვილეში რას ნიშნავს ეს. ხელშეკრულებში დაფიქსირებულია დერეფნის კოორდინატები. შეთანხმების თანახმად, პირველი დერეფანი (მიაქციეთ ყურადღება და არა საბაჟო პუნქტი) იწყება ფსოუდან და მთავრდება ზუგდიდში, მეორე დერეფანი კი იწყება როკის გვირაბთან და მთავრდება გორში, მესამე კი ყაზბეგში და Mმთავრდება ზემო ლარსში. ქართულმა მხარემ საბაჟო - დერეფნის ბოლოს უნდა გახსნას. დერეფნის ბოლო კოორდინატი კი სწორედ ზუგდიდსა და გორშია (ჩვენ გადავამოწმეთ ეს კარტოგრაფებთან და აღმოჩნდა, რომ დერეფნის ბოლო კოორდინატი ზუგდიდში, რკინიგზის ხიდთან ფიქსირდება. - ავტ.). ამ დოკუმენტზე ხელმოწერით საქართველომ დე ფაქტო ცნო თავისი სავაჭრო ურთიერთობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, როგორც ექსპორტ-იმპორტული ოპერაციები და არა შიდა ვაჭრობა. საქართველო ვალდებულია, როგორც კი ტვირთი ზუგდიდს ან გორს გასცდება, ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას აცნობოს. სწორედ ასე შეაფასა ეს ხელშეკრულება მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა და სამწუხაროდ ეს სრული სიმართლეა.

მაქსიმ მედვედკოვი (ციტატა ინტერვიუდან): ,,წარმოიდგინეთ, რომ აშშ-მ აიღოს ვალდებულება, სავაჭრო ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია ალასკისა და კოლუმბიის ოლქს შორის ვაჭრობის შესახებ. მეტიც, ახლა საქართველო ვალდებულია გახსნას საბაჟო პუნქტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან საქართველოს მხრიდან. ეს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში დამოუკიდებელი სტატუსის ფაქტობრივი აღიარებაა", - ეს არის სიმართლე მორიგ დიდ გამარჯვებაზე!"