მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ავტორიტარიზმი თუ ტოტალიტარიზმი?

მგონი, დროა, ბიბლიოთეკებში მარქსის, ენგელსისა და ლენინის ტომები მოვიძიოთ - საქართველოში კლასობრივი ბრძოლა იწყება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს პრემიერ-მინისტრს ერთი კონკრეტული კლასის გაქრობის სურვილი ნამდვილად ჰქონია. ”ჩვენი ამოცანაა, გაქრეს კლასი, რომელიც საქართველოს უკან დაბრუნებას ცდილობს,” - ეს სიტყვები ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის. ამ ხელისუფლებისგან რა არ მოგვისმენია, მაგრამ მთელი კლასის გაქრობის სურვილი ასე სახალხოდ პირველად გაამჟღავნეს. მართალია, შემდეგ ბევრი განმარტება მოვისმინეთ, რომ ბატონი ვანო სხვა რამეს გულისხმობდა, რომ ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, რომ აქ მხოლოდ მათი პოლიტიკისგან ჩამოშორება იგულისხმებოდა და ა. შ., მაგრამ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და სიტყვებს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა არჩევდეს თუ, რა თქმა უნდა, არ სურს, თავისი პარტიის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს დაემსგავსოს, რომელიც სიტყვებს რიყის ქვებივით ისვრის და არ აინტერესებს, თავში ვის დაეცემა. ახლა ჩვენ რა ვქნათ, ვიმარჩიელოთ, რა იგულისხმა ვანო მერაბიშვილმა? მაშინ ეთქვა ბატონ პრემიერ-მინისტრს: ჩვენი ამოცანაა, პოლიტიკიდან გაქრეს კლასი, რომელიც საქართველოს უკან დაბრუნებას ცდილობსო. ეს გასაგები იქნებოდა, თუმცა არა - მისაღები. ხელისუფლებას არავინ ეკითხება, ვინ იქნება პოლიტიკაში და ვინ - არა. ამას ხალხი წყვეტს. ვანო მერაბიშვილის განცხადება ყველა თვალსაზრისით არადემოკრატიული იყო. ახლა ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ იმაზე ვიმსჯელოთ, ტოტალიტარულ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც მიუღებელ კლასებს აქრობენ, თუ ავტორიტარულს, სადაც ხელისუფლება განსაზღვრავს, ვინ იყოს პოლიტიკაში და ვინ - არა.

მიშაა თუ ქამელეონი?

სააკაშვილი ნამდვილი ქამელეონია. არა მგონია, დედამიწის ზურგზე მოიძებნებოდეს პოლიტიკოსი, ვისაც ასე სწრაფად შეუძლია, ფერი იცვალოს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, ის და მისი გუნდი რა ეპითეტებით აღარ შეამკო სააკაშვილმა: მუმიები, წარსულის აჩრდილები, 90-იანი წლების დინოზავრები, პუტინის ბოლო ფალავანი, ათასი ჯურის ქურდბაცაცები და სამშობლოს გამყიდველები, მნგრეველები და მღრღნელები... ეს ოპოზიციის მისამართით წარმოთქმული ეპითეტების მხოლოდ ნაწილია. ჰოდა, რომ გვეგონა, სააკაშვილს ვეღარაფერი გამოასწორებს და არჩევნებამდე მაინც ასეთი არაკორექტული და აგრესიული იქნებაო, ნურას უკაცრავად! ვერ მოგართვით! კვირის ბოლოს ბატონი პრეზიდენტი ბაგრატის ტაძრის ეზოში დადგა და განაცხადა: ”შეიძლება მკაცრად არ ეთანხმებოდე მეორის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა წავიყვანოთ ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ვხდებით მოწმე იმისა, რომ პოლიტიკაში ჩართული ადამიანები იდეების ჭიდილისა და ჯანსაღი პოლემიკის ნაცვლად ღვარძლისა და შეუწყნარებლობის ენას იყენებენ. ხშირად ისეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებენ, თითქოს ერთი ქვეყნის შვილები კი არა, ერთმანეთის მოსისხლე მტრები ვიყოთ. სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი ხშირად პოლიტიკურ თუ პარტიულ წარმატებას ქვეყნის წარმატებაზე წინ აყენებს. არც ერთი პოლიტიკური მიზანი, არც ერთი პარტიული ამბიცია არ ღირს იმად, რომ ამას ქვეყნის ერთიანობა და, შესაბამისად, პერსპექტივა ვანაცვალოთ!"” ამის შემდეგ მან ყველა პოლიტიკურ ძალას ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა: ”"ჩვენ შორის მრავალი განსხვავების მიუხედავად, ყველა ძალას მოვუწოდებ, იყოს ერთიანი, უპირველესად, როგორც ქართველები და როგორც საქართველოს პატრიოტები!”

მხოლოდ ორი შეკითხვა:

1. ბატონო პრეზიდენტო, ვისთან აპირებთ გაერთიანებას, ვისაც ჯერ კიდევ ორი დღის წინ რუსეთის დამქაშებს, მოღალატეებს, მუმიებს, მღრღნელებს და კიდევ ვინ იცის, რას არ უწოდებდით?

2. თუ ესენი მართლა რუსეთის დამქაშები, მოღალატეები, მუმიები, მღრღნელები, წარსულის აჩრდილები, ქურდბაცაცები არიან, ასეთ ხალხთან რა მიზნის ირგვლივ ერთიანდებით?!

რატომ გვაღიზიანებს კრიტიკა?

წინა ”კვირის ფიქრებში” ივანიშვილი და ”ქართული ოცნება” მხოლოდ იმის გამო გავაკრიტიკე, რომ ჩემი აზრით, წინასაარჩევნოდ ბევრ შეცდომას უშვებენ და ასე გამარჯვება გაუჭირდებათ. ვფიქრობდი, მათ შეცდომებზე მითითებით კარგი საქმე გავაკეთე-მეთქი, თუმცა ივანიშვილის მომხრეების აგრესია მაინც გამოვიწვიე. ჯერ იყო და, ”მაესტროს” ეთერით გოგა ხაინდრავა მომდგა: შენ რომელი საარჩევნო ექსპერტი ხარ, ასეთ რაღაცებს რომ წერო! მერე კიდევ - ”კვირის პალიტრის” საიტზე ისეთი კომენტარები მომივიდა, ვიფიქრე, საერთოდ ხომ არ დავანებო თავი ჟურნალისტობას-მეთქი. რამდენიმე კომენტარს თქვენც გაგაცნობთ. ერთი, მაგალითად, ასეთია: ”მერაბ, ბოლო დროს კარგი ჟურნალისტიდან კარგ ინტრიგანად გარდაიქმენი. შენი სტატიები იმდენ ქვეკითხვას სვამს, რომ მგონი, შენც გადარეფორმირდი. დროებით მაინც შეინახე შენთვის შენი აზრები, ცოტა ხნით გვერდიდან შეხედე შენს თავს და იმედია, ძველ სტილს დაუბრუნდები.” აი, კიდევ: ”ჩვეულებრივ ”მოყვითალო” ჟურნალისტს ემსგავსებით, სამწუხაროდ!” ”ბ-ნო, მერაბ, მე მგონი, უკვე თავი მოგწონთ ამ მატრაკვეცობით, შემომხედეთ, ყველას ვაკრიტიკებო! ნინია კაკაბაძე ხართ, ოღონდ - კაცი.” ერთმა, საერთოდ, ”ოცნებასთან” ფარული თანამშრომლობა მომთხოვა: ”ბატონო მერაბ, ყველაფერში მართალი ბრძანდებით. ოღონდ რამდენად წაადგება თქვენი კრიტიკა ”ოცნების" საარჩევნო კამპანიას, სხვა საქმეა. ისე, ჯობდა, ეს მოსაზრებები ”ქართული ოცნების" ლიდერებისთვის პრივატულად მიგეწოდებინათ...” იყო ბრალდებებიც. ვიღაცას გაახსენდა, რომ ერთ დროს ტელეკომპანია ”იმედში” ვმუშაობდი და ამის გამო ”ქრისტიან-დემოკრატების” მხარდამჭერად გამომაცხადა: ”ტიპური ფარისეველია ეს კაცი, წერს და რას წერს, თვითონ არ იცის! რა ქნას, უნდა, თარგამაძემ გაიმარჯვოს, მაგრამ ვერ მოგართვით, ბატ. მერაბ...” და ყველაფრის გვირგვინი: ”ბატონო მერაბ, იმიტომ აკრიტიკებ, რომ გგონია, ორიგინალური იქნები და გგონია, რომ ყველა უნდა აკრიტიკოს დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა... მაგრამ რასაც აკეთებ, არის სრული უნიჭობა და მატრაკვეცობა... დამოუკიდებელ ჟურნალისტს არ ევალება შეფასებების და კრიტიკების წერა, უბრალოდ, მიაწოდე ხალხს ინფორმაცია და მოკეტე, შეფასებით ჩვენ თვითონ შევაფასებთ ყველას.”

უკვე მეოთხე წელია, ”კვირის პალიტრაში" ამ რუბრიკას ვუძღვები და ნამდვილად არ მეგონა, თუ კიდევ სჭირდებოდა ვინმეს იმის ახსნა, რომ ”კვირის ფიქრები” მხოლოდ ჩემი სუბიექტური მოსაზრებების კრებულია და არა - ჩვეულებრივი სტატია, სადაც მხოლოდ ფაქტები უნდა იყოს ასახული. რატომ არის კრიტიკა მიუღებელი და რატომ ეძებენ ამის მიღმა რაღაც მიზეზებს? რატომ ვერ გაუგია ზოგიერთს, რომ ობიექტურობის სურვილი პოზა კი არა, ჟურნალისტის ბუნებრივი მდგომარეობაა. რატომ სურს ყველა მხარეს, ჟურნალისტი თავის სამსახურში იხილოს? რატომ ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს, თუნდაც მას არ ეთანხმებოდნენ? ყველას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ამ რუბრიკას ”მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები” ჰქვია და მე ვერ დავწერ იმას, რასაც არ ვფიქრობ. სულ ესაა! თუ რაღაც არასწორად მიმაჩნია, ყოველთვის ვიტყვი. თუ ვინმე გაითვალისწინებს, ხომ კარგი, თუ არა - ეს ჩემი საზრუნავი აღარ არის. ზოგი მწერს, თავს ნუ იმართლებო. თავს კი არ ვიმართლებ, უბრალოდ, ჯერ კიდევ ვცდილობ, ამ ხალხს ელემენტარული რაღაცები ავუხსნა და გავაგებინო. არ მიყვარს ყველაფრის ფეხებზე დაკიდება, თუმცა უკვე აღარ ვიცი, ღირს კი? რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას, მაპატიეთ, მაგრამ ვერავის კრიტიკას ვერ მოვიშლი, რადგან კრიტიკა ყველაზე სასარგებლო რამ მგონია. თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს მისი მიღება და გაგება შეუძლია.

როგორ არ გავაკრიტიკო?!

არ მესმის, როგორ არ უნდა გავაკრიტიკო პოლიტიკოსი, რომელიც არჩევნების წინ რამდენიმე კვირით ადრე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ კოალიციის დაშლა გამორიცხული არ არის, შემდეგ კი თავისივე განცხადების განმარტება და შესწორება უწევს? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ნორმალურია? და თუკი ვანო მერაბიშვილს მოვუწოდებ, დაფიქრდეს, სანამ რამეს იტყვის, იგივე რატომ არ უნდა ვურჩიო ივანიშვილს? იქნებ გონივრული მიზეზი დამისახელოთ, თავი რატომ უნდა შევიკავო? მერე, თუ ივანიშვილი არჩევნებში დამარცხდება და ხალხს იმედი კიდევ ერთხელ გაუცრუვდება, ხომ ყველა დაიწყებს მის ლანძღვას? მერე კრიტიკას რაღა აზრი ექნება?