"სააკაშვილმა ერთ მაჯის საათში გამცვალა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა ერთ მაჯის საათში გამცვალა"

"სააკაშვილმა ერთ მაჯის საათში გამცვალა" - აცხადებს კომპანია "ვაკე 5"-ისა და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი, რომელიც ამჟამად ჟენევაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ მან იმ 90 საჯარო მოხელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი თქმით, მისი და მისი კომპანიების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. სიაში მოხვდნენ მინისტრები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და თავად საქართველოს პრეზიდენტიც.

- ეს 90-კაციანი სია, რომელიც იურისტებთან ერთად შევადგინე, ფაქტებით არის გამყარებული. ამ სიაში მოხვედრილი ზოგიერთი პირის დანაშაული მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებით დასტურდება. ამ სიაშია მოსამართლე, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებას იღებდა, ის პირები, რომლებიც ფაქტებსა და დოკუმენტებს აყალბებდნენ (მაგალითად, საჯარო რეესტრსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროში).

უპირველესად კი ვადანაშაულებ საქართველოს პრეზიდენტს. როდესაც დამაკავეს და რამდენიმე დღე კუდ-ში ვიყავი, ეს შეიტყვეს ჩემმა პარტნიორებმა (ჩემი კომპანია 30 ბრენდის წარმომადგენელი იყო საქართველოში) და მსოფლიოში აღიარებულმა რამდენიმე ბრენდმა წერილი მისწერა პრეზიდენტსა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მოსთხოვეს სიტუაციის გარკვევა. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა უყურადღებოდ დატოვა მათი წერილები, პასუხი არ გასცა არც შვეიცარიისა და გერმანიის ელჩებს და მათი წერილები პროკურატურაში გადაგზავნა. ამიტომაც ვადანაშაულებ პრეზიდენტს უმოქმედობასა და ჩემს წინააღმდეგ შეთქმულებაში.

- მითხარით, რომ თქვენი კომპანია ქართულ ბაზარზე სომხურმა კომპანიამ ჩაანაცვლა, რომლის უკანაც ქართველები არიან. ვის გულისხმობთ?

- დამტკიცებული ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ითქვა, რომ ეს ბიზნესი ვანო მერაბიშვილისა და პრეზიდენტის ინტერესის საგანია. ისიც კი გავიგე, რომ ახალმა კომპანიამ, რომელსაც სომეხი ხელმძღვანელები ჰყავს, პრეზიდენტს საათი აჩუქა იმისათვის, რომ ქართულ ბაზარზე ჰქონოდა კარტ-ბლანში. გამოდის, სააკაშვილმა 25 წლის ქართული კომპანია ერთ საათში გაყიდა.

ახალი კომპანია სომხურად არის გასაღებული, დირექტორებიც სომხები არიან, დარეგისტრირებულია საქართველოში, თუმცა, დაფუძნებულია ოფშორულ ზონაში, თუ არ ვცდები, ბაჰამის კუნძულზე და მფლობელები არ ჩანან.

- რომელი ფირმის საათი აჩუქეს სააკაშვილს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო?

- როგორც მითხრეს, BREITLING-ის. არც ისე ძვირად ღირებულია. ამ ფირმის საათების ფასი 5-დან 10 ათას ევრომდე მერყეობს, მაგრამ სააკაშვილი საათების ისეთი ხამია, ერთ მაჯის საათში გამცვალა. ბევრისგან მსმენია, საათის გამო სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებსო. იყო შემთხვევები, რომ ჩემთანაც უყიდიათ მისთვის საათი და ცოტა ხანში ამ პირებს თანამდებობებზე ნიშნავდნენ. 25 წელია ბიზნესში ვარ და ასეთ რამეში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია. ამიტომაც ხელისუფლება რომ იცვლებოდა, ჩემ მიმართ რევანში არ ყოფილა. ახლაც ვფიქრობდი, რომ ჯობდა ნეიტრალური ვყოფილიყავი, მაგრამ შევმცდარვარ.

ასევე იხილეთ: 5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანში "შოპინგობდა"