"დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმის გამო, რომ საქართველოს სერიოზული პროვოკაცია ააცილეთ თავიდან" - კვირის პალიტრა

"დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმის გამო, რომ საქართველოს სერიოზული პროვოკაცია ააცილეთ თავიდან"

"კვირის პალიტრის" პუბლიკაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"პუბლიკაციიდან ორ დღეში აზერბაიჯანმა სპეცოპერაცია ჩაატარა"

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს "რუსული სპეცსამსახურების თვალსაწიერში ამჯერად ისევ პანკისი მოექცა" საქართველოს ფარგლებს გარეთ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. კავკასიის საკითხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი აცხადებდა, რომ რუსული სპეცსამსახურების ხელით ახალი, დიდი პროვოკაცია ეწყობოდა:

ერთ დროს სხვადასხვა მიმართულებით  გაფანტული ბოევიკები აზერბაიჯანიდან პანკისში გადმოსვლას აპირებდნენ და იქიდან ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ და რომ იგეგმებოდა კადიროვის ლიკვიდაცია. კასრელიშვილი ადასტურებდა, რომ რამდენიმე მებრძოლი პანკისის ტერიტორიაზე მართლაც იმყოფებოდა. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს სთხოვა, მეტი ყურადღება გამოეჩინა ამ საკითხისადმი, ვინაიდან ბოევიკების დევნის საბაბით რუსები შესაძლოა, ამ ტერიტორიაზეც შემოჭრილიყვნენ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მებრძოლებმა კასრელიშვილის მოწოდება თავადაც გაფრთხილებად მიიღეს და მათი ნაწილი უკან გაბრუნდა, რათა რუსეთის სპეცსამსახურების თამაშში მონაწილეობა არ მიეღოთ. ასეა თუ ისე, სტატიის გამოქვეყნებიდან ორ დღეში აზერბაიჯანულმა მხარემ სპეცოპერაცია ჩაატარა და საკუთარ საზღვარზე, პანკისთან ახლოს, აიყვანა ბოევიკები (ორი დაჭრილია, არიან დაღუპულებიც). ამის შემდეგ რუსულ საინფორმაციო საშუალებებშიც აღნიშნულმა თემამ დიდი ყურადღება მიიპყრო, «მოსკოვსკიე ნოვოსტიმ» გადათარგმნა და გამოაქვეყნა «კვირის პალიტრაში» გამოქვეყნებული ინტერვიუ, «ნეზავისიმაია გაზეტამ» და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა კასრელიშვილთან ინტერვიუს ვრცელი პუბლიკაციებიც მიუძღვნეს.

ზაალ კასრელიშვილი: - პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო «კვირის პალიტრას» იმისთვის, რომ საქართველოს ერთი სერიოზული პროვოკაცია ააცილა. ჩვენი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც «კვირის პალიტრის» მასალა ითარგმნა (იყო ზარები ბელგიიდან, თურქეთიდან), კავკასიელი ლტოლვილები დამიკავშირდნენ და ყველა გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდნენ რუსული სპეცსამსახურების პროვოკაციას და არ ეფიქრათ, თითქოს საერთო სახალხო აჯანყება იწყება რუსეთის წინააღმდეგ. ამ გაფრთხილების შედეგად რამდენიმე სერიოზულმა და ავტორიტეტულმა პირმა დაგვიჯერა. ჩვენ  გავგზავნეთ ჩვენი ორგანიზაციის წევრებიც და აქტივისტებიც პანკისის ხეობაში. მათი თქმით, ბოევიკები იქ აღარ არიან. მოკლედ, პროცესში ჩავერთეთ, თუმცა როგორც ჩანს, ჩვენი ხმა ყველასთან ვერ მივიდა, რისი შედეგიც იყო ის, რომ ბოევიკების ნაწილი აზერბაიჯანიდან პანკისში გადმოსვლას მაინც ცდილობდა და სწორედ ამ დროს განხორციელდა მათ წინააღმდეგ  სპეცოპერაცია.

- აზერბაიჯანმა ამ შემთხვევაში ვისი თამაში ითამაშა?

- შესაძლოა, მან საკუთარი თამაში ითამაშა, ყველას თვალში ქულები დაიწერა. დასავლეთს, საქართველოს, რუსეთს, ჩეჩნეთს, ყველას საკუთარი ძალა აჩვენა და დემონსტრირება მოახდინა, რომ აზერბაიჯანს თავის ნებაზე ვერავინ  გამოიყენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კადიროვი სახლიდანაც კი არ გამოდის... საქართველოს ხელისუფლების ადვოკატი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეს ის კადიროვია, რომელიც პრეზიდენტს დასცინოდა, - ომიდან გაიქცაო, ახლა კი თავად მოწმენდილი ცის ქვეშ წუთ-ნახევარიც ვერ ძლებს, ექვსტონიან   დაჯავშნულ მანქანაში იმალება. მოგეხსენებათ, მისი შეკვეთით ააფეთქეს დოკუ უმაროვი და გადარჩა, იამადაევი ააფეთქეს და ისიც გადარჩა. ამ ორიდან ერთმა კადიროვს შემოუთვალა, - ახლა ჩემი ჯერიაო, მეორემ კი - სროლა არ გცოდნია და მე გასწავლიო. ახლა თუ არა, შემოდგომისთვის კადიროვს მაინც აუცილებლად მოიშორებენ.

- ბატონო ზაალ, «კვირის პალიტრაში» გამოქვეყნებულმა მასალამ რატომ გამოიწვია ასეთი ინტერესი?

- მართლაც დიდი აჟიოტაჟი ატყდა. «იზვესტია» და  «ნეზავისიმაია გაზეტა» თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუს სტატიებით გამოეხმაურნენ. "რუსკოე რადიოდან" როცა დამირეკეს, მგონი, ხმა უკანკალებდათ. გვითხრეს, - თქვენს ინტერვიუსთან დაკავშირებით გვინდა გესაუბროთო. «მოსკოვსკიე ნოვოსტიმ» თარგმნა "კვირის პალიტრის" ინტერვიუ, რომელსაც ვეყრდნობითო. ვიფიქრე, თარგმნისას ტექსტი ხომ არ დაამახინჯეს-მეთქი და კითხვებს ყურადღებით მოვუსმინე. ჯერ მკითხეს, - საიდან გაქვთ ინფორმაცია პანკისში მოსალოდნელ პროვოკაციასთან დაკავშირებითო. ვუპასუხე, რომ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის შიდა უსაფრთხოების სამსახურიდან მაქვს აღნიშნული ინფორმაცია. - ახლა როგორ არის საქმეო, - დაინტერსდა ჟურნალისტი. - ჩავედით, ვნახეთ ხეობა და ბოევიკები იქ აღარ არიან-მეთქი, - ვუპასუხე. ჟურნალისტი ქალი იყო, უეცრად კი მამაკაცის ხმა შემომესმა, - როგორ, იქ ბოევიკები აღარ არიან?! შევატყვე, მათ სკანდალის აგორება ამაზე უნდოდათ. - ყველა ბუჩქი და ხე ხომ არ გინახავთ და რა იცითო, - მკითხეს. ჩემი პასუხი კი ასეთი იყო: - ბოევიკებმა ჩვენი გაფრთხილება მიიღეს, უკან გაბრუნდნენ და ბუჩქების ნახვა საჭირო სულაც არ არის. საკმარისი კონტაქტები გვაქვს საიმისოდ, რომ ხმა მათთან კავშირზე მყოფ ადამიანებს მივაწოდოთ. ბოევიკები ხეობაში ე.წ. გამცილებლებს გზის კარგად მცოდნე ხალხს სათითაოდ შემოჰყავდათ. ბოლო დღეებში მათ იქ ყოფნას აღარავინ ადასტურებდა. სადაც უნდა გაევლოთ, ის ბილიკებიც დავათვალიერეთ და ახლომახლო პროდუქტების ნარჩენებიც არ იყო-მეთქი. ბოლოს, რუსმა ჟურნალისტმა მკითხა, - ვინ აწყობდა პროვოკაციასო და პირდაპირ ვუპასუხე, რომ ეს შეიძლებოდა რუსეთის სპეცსამსახური ყოფილიყო. - რუსულ სპეცსამსახურს კადიროვი ყელში ჰყავს ამოსული და მისი თავიდან მოცილება უნდა! - განვაცხადე პირდაპირ ეთერში.

- ეს არ გააპროტესტეს?

- სხვათა შორის, არა! ისინი მშვენივრად მიხვდნენ, რაც ვუთხარი. პუტინის ხელდასხმული კადიროვი ძალიან «გაჯეჯილდა» ბოლო დროს, რაც მედვედევის წრეს აღარ მოსწონს. ეს რომ ვუთხარი, პაუზა გააკეთეს. ალბათ, შინაგანად დამეთანხმნენ, თორემ რუსი ჟურნალისტები როცა ვინმეს არ ეთანხმებიან, კითხვას კითხვაზე უსვამენ... რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ისინი ცდილობდნენ, ობიექტურები ყოფილიყვნენ და საუბარს ბოლომდე მაცდიდნენ. ბოლოს კი  ისიც განვაცხადე, - მართალია, ახლა კადიროვი გადარჩა, მაგრამ შემოდგომაზე მისი ლიკვიდაცია მაინც მოხდება-მეთქი. ვფიქრობ, «კვირის პალიტრაში» გამოქვეყნებული ინტერვიუთი და ჩემი პიროვნებით დაინტერესება გრუ-ს და ეფ-ეს-ბეს შორის დაპირისპირებით იყო გამოწვეული... რამდენადაც ცნობილია, საზღვრებს მხოლოდ გრუ აკონტროლებს, რის გამოც მედვედევსა და პუტინს შორის უკმაყოფილება მატულობს...