საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი მიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი მიმართვას ავრცელებს საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ძვირფასო თანამემამულეებო! თავს მოვალედ ვთვლი მოგმართოთ იმ საყოველთაო აღშფოთების ფონზე, რითაც გამსჭვალულია დღევანდელი საზოგადოებრივი ატმოსფერო და რომელიც გამოწვეულია პენიტენციარულ სისტემაში მომხდარი იმ შემაძრწუნებელი ფაქტებით, რაც საჯარო გახადა მედიამ.

სამეფო სახლი უმკაცრესად გმობს იმ დანაშაულს, რომელიც არა მარტო ცდება ზნეობრიობის საზღვრებს, არამედ ატარებს იმ ნიშნებს, რომლებიც განეკუთვნება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას. დამნაშავეთა, მათ ხელშემწყობთა და მფარველთა კანონის შესაბამისად უმკაცრეს დასჯას, სამართლიანობის მოთხოვნის საპროტესტო ტალღას ჩვენ გულწრფელად ვუერთდებით.

ყოველივე ამან კიდევ უფრო დაძაბა ისედაც მძიმე საარჩევნო გარემო, გაამწვავა ვნებები, გააშიშვლა საზოგადო ტკივილები, შექმნა სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება.

ამასთან, საზოგადოებას ზოგადად და, კონკრეტულად, პოლიტიკურ ორგანიზაციებს და არსებულ ხელისუფლებას მოვუწოდებთ და ვაფრთხილებთ, რომ საჭიროა მეტი თავშეკავება, მეტი თვითკონტროლი, რათა ემოციებმა არ გვიბიძგონ რადიკალური ქმედებებისკენ, რაც აშკარად ჩაშლის მოახლოებულ არჩევნებს. ეს კი დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

მხოლოდ არჩევნებით, ხალხის ნებით, დემოკრატიული, თავისუფალი ნების გამოხატვით უნდა მივაღწიოთ უმთავრეს მიზანს – ახალი, დემოკრატიული თავისუფალი, ძლიერი საქართველოს აშენებას.

ქართველი ხალხი, რომელსაც მრავალი ქარტეხილი გადაუტანია, არის ღირსი იმისა, რომ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რასაც ის იმსახურებს და როგორიც მას უნდა!

ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი", - აღნიშნულია მიმართვაში.