მიწა - კვირის პალიტრა

მიწა

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #38)

ეს ამბავი აფხაზეთში მოხდა. მასში აღწერილი ყველა ამბავი დოკუმენტურია და თვითმხილველთა მიერ არის მოთხრობილი. სოფელ ახალდაბას, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში წმენდდნენ ქართველებისგან, კარგა ხანს აფხაზები ვერ ეკარებოდნენ იქ მოწყობილი გენოციდის შედეგად გავრცელებული ინფექციური დაავადებების გამო. ფაქტების ერთი ნაწილი თავად შევკრიბე ოჩამჩირის დაცემის დღეებში.

ლია ტოკლიკიშვილი

დაღამდა. სოფელში ჯოჯოხეთური ბნელი გამეფდა. აღრენილ და დაძაბულ სიჩუმეს მხოლოდ ცეცხლის ტკაცუნი და ალმოდებული სახლების ლეწვის ხმა არღვევდა. საღამოს სოფელს თვითმფრინავებმა გადაუფრინეს. არხში მყოფებმა ვერ გაიგეს, ქართველები იყვნენ თუ რუსები. ჯარისკაცების სიმშვიდის მიხედვით ივარაუდეს, რომ რუსები უნდა ყოფილიყვნენ. დაღამებამდე სოფლიდან სროლები კანტიკუნტად ისევ ისმოდა. მერე კი რამდენიმე ენაზე მოლაპარაკე ჯარის ხმაც მიწყდა. წასვლის დრო იყო.

წინ კაცები წავიდნენ. არხი კაცის სიმაღლეზე იყო გაჭრილი, მაგრამ ფეხზე დადგომის მაინც ეშინოდათ.  მთვარიანი ღამე იყო და შეიძლება ჩრდილები შეემჩნიათ. წელში მოხრილები მიდიოდნენ. ფეხები შლამში ეფლობოდათ. ნადეჟდამ ჩანთა კისერზე დაიკიდა. ბავშვები აქეთ-იქით დაიყენა და ხელები მაგრად ჩასჭიდა. უკვე გადავიდნენ მეორე ყურაშვილის ეზოში. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. უცებ ნადეჟდამ მარცხენა მხარეს, საითაც ბიჭი ედგა, იგრძნო, რომ ხელს სიმძიმე მოემატა. რამდენიმე წუთი იქნება, ბავშვებისთვის აღარ დაუხედავს. მარტო მოხრილი ხერხემლისა და მუხლებამდე შლამში ჩაფლული ფეხების ტკივილს გრძნობდა. ელდანაკრავივით დახედა ბიჭს. ბიჭი წელში მოხრილიყო და მუცელზე ხელს ისვამდა.

გზის მხრიდან ჯერ ავტომანქანის ხმა გაიგონეს, მერე ამ ხმას ეზოს სიღრმისკენ მომავალი ჯარისკაცების ნაბიჯების ხმა მოჰყვა. ნაბიჯები ჯერ კიდევ შორიდან ისმოდა. დევნილებს გადარჩენის ერთადერთი შანსი რჩებოდათ - მეორე ეზოში გადასვლა უნდა მოესწროთ.

ბიჭს გული ერეოდა. ნადეჟდა მიხვდა, რომ ის და მისი ბადიშები გზას ვეღარ გააგრძელებდნენ. მეზობლები ცოტა ხანს შეჩერდნენ და და ქალს კითხვითა და დაფარული ბრაზით შეხედეს.

- წადით, - თქვა ნადეჟდამ. ხელები მაღლა ასწია და ჯერ ბიჭი ამოსვა არხიდან, მერე გოგო. ბოლოს თვითონაც ამოფორთხდა. ზურგს უკან რამდენიმე წამში შლამის შეუმჩნეველი ტკეპნის ხმა შემოესმა. მეზობლები წავიდნენ.

ბავშვები არხს მოაშორა. რაც შეიძლება, შორს უნდა გაეყვანა არხიდან, რომ სხვები არ დაეღუპა. ეზოს შუაგულს მიაღწია. ბალახში დაწვა. ბიჭი გულზე დაიწვინა და ხელით ჭინთვისგან დაძარღვული, გახურებული შუბლი დაუჭირა, რომ რამით დახმარებოდა ღებინებისგან გატანჯულს.

იწვა და ელოდა, როდის მიუახლოვდებოდნენ ჭიშკრიდან წამოსულები. მერე ქვემოდან სამი წყვილი გაჩაჩხული ფეხი და ამდენივე მწვანე გალიფე დაინახა.

- ქორთხინთ გომიტეთ უდეშა, - ბიჭის ამონაღებით სახემოთხუპნილმა ამოიხრიალა, - გთხოვთ, შინ გამიშვათო, ითხოვდა. ფეხზე ადგომაში დაეხმარნენ. ერთმა, სხვებზე მაღალმა, მეგრულად უთხრა:

- დეიდა, მე ხოჭავა ვარ, აფხაზი. გაიყვანე ბავშვები და ეზოდან გადი. შტაბისკენ არ წახვიდე, არც ქუჩაში იაროთ. რამდენიმე წუთში "პალაჩები" შემოვლენ და დაგხვრეტენ.

ნადეჟდას გული მოეცა. მტერი პირველად დაელაპარაკა ძველ, საერთო ენაზე. იქნებ რამე გამოუვიდეს.

- ქორთხინთ გომიტეთ უდეშა, - თითქოს სხვა სათხოვარი არ ჰქონდა და არც სხვა სიტყვა არსებობდა. აფხაზმა ჯარისკაცებს რაღაც გადაულაპარაკა და ნადეჟდას უთხრა, წადიო.

ეზოდან გამოვიდნენ და სახლისკენ გასწიეს. ბავშვებს კაბის კალთაზე ისე ჰქონდათ ხელები ჩაბღუჯული, რომ მოგეჭრა, ხელს ვერ გააშვებინებდი... გზაზე გავიდნენ, ყველგან ჯარისკაცები ირეოდნენ. ირგვლივ დახოცილი ქართველები რიყის ქვებივით ეყარნენ. უმეტესობა თავის ღობესთან იწვა.

ისიდორე ბენდელიანი, ქალის შორეული ნათესავი, 70 წლის მოხუცი, თავისი სახლის წინ სკამზე დაუსვამთ ჯარისკაცებს, მკერდზე თეთრი ნაჭერი აუფარებიათ და გაზით ოქროს კბილებს აძრობენ. ისიდორე დასაკოდი ღორივით ყვირის, ფეხებს პატარა ბავშვივით მონაცვლეობით ურტყამს მიწას, პირიდან სისხლი გადმოსდის.

მევლუდ გაბისკირია თავის ღობესთან გდია, პირი აქვს დაღებული. წვრილთვალებიანი ტანდაბალი ჯარისკაცები ირევიან მის ირგვლივ და რაღაცაზე იცინიან. ნადეჟდას წინ, გზაზე, ნიჩბიანი ჯარისკაცი გადარბის. ნიჩაბზე ძროხის ნაკელი დაუდვია, ცხელს, ოხშივარადენილს, მიარბენინებს ჯარისკაცებისკენ. ნადეჟდა თვალებს მთელი ძალით ატრიალებს მევლუდის ღობისკენ, თავი კი ისევ წინ აქვს მიმართული და ხედავს, ცხელ ნაკელს როგორ უტენიან პირში მომაკვდავ გაბისკირიას.

კაბით მიათრევს ბავშვებს, რომლებიც ბებიას ძლივს მისდევენ. თავ-თავიანთ ჭიშკრებთან ყრიან ქართველები: ლერი მირცხულავა, ვალია გოლეთიანი, შალვა ხვადაგიანი, გრიშა ხაინდრავა.

იოსებ ბერიას ჯარისკაცების ერთი ჯგუფი ცეცხლმოკიდებული სახლისკენ მიათრევს. გაურკვეველ ხმებში ნადეჟდა არკვევს მხოლოდ მოხუცი იოსების გვარს, რომელსაც ჯარისკაცები რამდენჯერმე იმეორებენ. იოსები ასწრებს და ჭიშკრის ბოძს ეჭიდება, მისი ხმა არ ისმის, თორემ ნადეჟდა აუცილებლად იცნობდა. მოხუცი მარტო ხელებით იბრძვის, მერე ნადეჟდამ შემაძრწუნებელი, აქამდე არგაგონილი ღრიალი გაიგონა. თავი მიაბრუნა და თვალნათლივ დაინახა, როგორ ჩამოცურდა ჭიშკრის ბოძიდან მიწაზე მაჯაში გადაჭრილი ხელი, მერე როგორ ასწია ოთხმა ჯარისკაცმა ჭიშკრიდან აღლეტილი იოსები, რამდენიმე თვლაზე წინ და უკან გააქანა და ორიოდე ნაბიჯში აალებული სახლისკენ ისროლა.

ოფლში გახვითქულმა ნადეჟდამ თავი ჩაღუნა და ნაბიჯს მოუმატა. ქუჩა სასაკლაოს ჰგავს. სისხლიანი და ხორცის სუნით აქოთებული. გვამების ირგვლივ ღორი და ინდაური ირევა, რომლებსაც ძაღლები არ უშვებენ გვამებთან. ჯარისკაცები თავიანთ მკვდრებს სატვირთოზე აწყობენ და სოფლიდან გაჰყავთ. ღორებს ავტომატის ჯერით მიცვალებულების გვერდზე აწვენენ. არც მათ სიამოვნებთ ადამიანის მჭამელი ღორების ყურება.

ცირდავების სახლი გამოჩნდა.  ნადეჟდას გულმა რამდენჯერმე ისე ღონივრად დაარტყა, რომ შეეშინდა, სხვებმაც არ გაიგონონო. ავთანდილი თავისი ღობის წინ იწვა. აწეულ ხელში ჩაბღუჯულ იარაღს რუსი აცლიდა. ეტყობა, ტყვია მაშინ მოხვდა, როცა სროლას აპირებდა. ეს ყველაფერი ნადეჟდამ შორიდან დაინახა. კისერზე ჩამოკიდებულ ჩანთაში ოფლის წვეთები წკაპუნით ჩადიოდნენ. როცა თავის ღობეს გაუსწორდა, რუსი უკვე რამდენიმე მეტრზე გასულიყო. ქმართან შეჩერება მაინც არ ივარგებდა. რამდენიმე ნაბიჯზე, ყველგან, ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ ფორმიანები და შეიძლება, შეემჩნიათ. "ალბათ "პალაჩები" არიან, როგორც ხოჭავამ თქვა". ქმარს გვერდით ჩაუარა, მერე "პალაჩებისკენ" თვალი გააპარა და ავთოსგან რამდენიმე მეტრით დაშორებულ სისხლის დიდ გუბეს, საიდანაც თავისიანების გვამები უკვე აკრეფილი ჰყავდათ ჯარისკაცებს, გზაზე დაგდებული თუნუქის დიდი ნაჭერი დააფარა, რომ სისხლის სუნზე ღორები აქეთ არ წამოსულიყვნენ. სახლს გვერდი აუარა და თავისი ჭიშკრიდან მესამე მოსახლის ეზოში შევიდა. იცოდა, მათი სასიმინდე ყანის ბოლოში, მოფარებულში იდგა და ბავშვები იქით წაიყვანა. როცა ჭას ჩაუარა, რომელიც მთლად გზის პირზე იყო, იქიდან ძლივს ამოღწეული ხმა გაიგონა, მიშველეთო. Aმიწიდან ხმა კიდევ რამდენჯერმე განმეორდა, ეტყობა, იქაც იგრძნეს, რომ ახლოს ადამიანებმა ჩაიარეს და უკანასკნელი იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ. ქალი არ შეჩერებულა, "პალაჩები" რამდენიმე მეტრში იდგნენ და ხმაურზე მათ ყურადღებას მიიქცევდა.

დაღამდა. ისევ მიწყდა ყაყანი, ადამიანებით გამძღარი ღორების ღრუტუნი და ინდაურების რუყრუყი. ბავშვებს ერთი პური სასიმინდეში შესვლისთანავე აჭამა. სულმოუთქმელად ჭამდნენ. მეორე პური ხელიდან გამოჰგლიჯა გამგელებულებს და დაღამებულზე აჭამა. ორი პურიღა რჩებოდა. არ იცოდა, რა იქნებოდა ხვალ. როგორმე სახლში უნდა შეპარულიყო და სამზადში”წინაღამეს მოცომილი პური გამოეცხო.

შუაღამისას ბავშვები ფრთხილად გააღვიძა. მუნჯებივით ლაპარაკობდნენ. ხელებით. უცნაური ის იყო, რომ სამი წლის გოგოც კი უხმოდ ემორჩილებოდა სინამდვილეს - ეტყოდნენ, გაჩუმდი და ჩუმდებოდა. ეტყოდნენ, ადექი და დგებოდა. წამოდი - მიდიოდა. გაჩერდი - ჩერდებოდა. გადარჩენისა და სიცოცხლისთვის ბრძოლაში დიდივით იქცეოდა.

თავის ეზოში მეზობლის ღობიდან გადაიპარნენ. დამწვარი სახლი ეზოს სიღრმეში ჯერ ისევ ხრჩოლავდა. სამზადისკენ გაემართნენ. ცომი გობიდან გადმოსულიყო და ირგვლივ სიმშვიდის ძველ სუნს აყენებდა. რკინის დიდ ღუმელში იქვე მიწყობილი შეშა შეყარა. სწრაფად ირჯებოდა. ცეცხლი უცებ დაანთო. მიხვდა, რომ კვამლს შეიძლება გაეცა და შავი, დაკუპრული მილის ქვემოთ ჩამოწევა სცადა. დამდნარი კუპრი ხელზე ჩამოეღვარა და ტკივილისგან სახედამანჭული ქალი იატაკზე დააგდო. ბავშვები ბებიას მისცვივდნენ და ფეხზე წამოსაყენებლად დაეჭიდნენ. ნადეჟდამ ღონე მოიკრიბა, მარცხენა ხელს დაეყრდნო და ტანჯვით ადგა. განჯინიდან არყის ბოთლი გამოიღო და დამწვარ ხელზე დაისხა. მერე არყით ჭიქა გაავსო და სულმოუთქმელად დალია. ტკივილმა თითქოს უკლო. ღუმელში შეწყობილი კეცები გახურდა. შიშმა, რომ ბავშვები შეიძლება უპუროდ დარჩენოდა, ტკივილი ცოტა კიდევ გაუყუჩა. ცომი მარცხენა ხელით ამოზილა და მარცხენითვე ამოგუნდა პატარა მაგიდაზე. მერე გუნდები გახურებულ ტაფაზე დააწყო და დაელოდა. ოდნავ შეცხვება თუ არა, გადმოყრის. მერე მეორე პარტიას შეაწყობს და იმასაც ცოტა ხანს დაელოდება. სულ 30-40 წუთი უნდათ. მერე წავლენ. გარიჟრაჟამდე უკვე სასიმინდეში იქნებიან.

გათენდა. ნადეჟდამ ბავშვები სასიმინდეში დატოვა და ბოსტანში გამოვიდა. ხელის ტკივილი გონებას აკარგვინებდა. მიწაზე დაწვა და გრილ მიწას დაადო გახურებული ხელი. მიწა ესიამოვნა და პირიდან რაღაც შვების გამომხატველი ბგერები ამოუშვა. რამდენიმე ნაბიჯზე მკვახე, შემრეშილი პამიდორი დაინახა. ხელი გადაყო და ორი ცალი მოწყვიტა. მოუთმენლად ჩაკბიჩა და ისევ ესიამოვნა. ახლა ფიქრის გაგრძელება შეეძლო. პური ბავშვებისთვის 2-3 დღის სამყოფი აქვს. მერე კიდევ რაღაცას მოიფიქრებს. მაგრამ ისე ვერ წავა, კაცი ქუჩაში დაგდებული რომ დატოვოს. ზის და ფიქრობს, რა უნდა ქნას? ჯერ კიდევ არხში უამბეს ავთანდილის უკანასკნელი წუთების ამბავი. მეზობელმა მამია დანელიამ უთხრა:

- ნადეჟდა, შენს ქმარს ცოცხალს ვეღარ ნახავ. ავთანდილი თავის ჭიშკართან იყო გამაგრებული, მე - ჩემთან, ვართაგავა - თავისთან. რუსები რომ შემოვიდნენ, დიდხანს მოდიოდნენ ზემოთ. ქვედა ჭიშკრები ერთმანეთის მიყოლებით ჩააჩუმეს. ავთანდილს ვუთხარი, სროლას აზრი აღარ აქვს, ეზოებით გადავიდეთ, სოფლიდან წავიდეთ-მეთქი. ვართაგავამაც ეს უთხრა. თქვენ გაიქეცით, მე ვერ წამოვალ, ჩემები არხში იმალებიან, სროლა რომ შეწყდეს, ეზოებში შევლენ და ბავშვებს არხში ჩახოცავენო. სამი საფარი მოაწყო:L ბაღის მხარეს ერთი ავტომატი ჰქონდა დამაგრებული, შუა ღობეში - მეორე, ჭიშკართან სანადირო თოფითა და რევოლვერით იდგა. სამივე საფრიდან აპირებდა გადარბენით სროლას.

როცა კაბაზე გამობმული ბავშვებით გამოიარა გზაზე, ნადეჟდამ უკვე იცოდა ეს ამბავი და მაშინვე მიხვდა, რატომ იდგა მისი ღობის გასწვრივ სისხლის გუბეები - ბაღის მხარესაც, შუა ღობესთანაც და ჭიშკართანაც, ან ავთანდილს რატომ ჰქონდა აწეული მარჯვენა ხელი თავს ზემოთ, საიდანაც რუსი იარაღს გლეჯდა.

ავთანდილის დამარხვის გადაწყვეტილებით სიმინდებიდან გამოვიდა და ბავშვებთან ერთად გზისკენ გაემართა. გოლეთიანის ჭიშკართან ჯარისკაცებს სატვირთო მანქანა მიეყენებინათ და სახლს ცლიდნენ. როგორც ხანძრის ჩასაქრობად თავშეყრილი ხალხი გადასცემდა შორეულ დროში ერთმანეთს ხელიდან ხელში წყლით სავსე ჭურჭელს, ისე გადასცემდნენ სახლიდან სატვირთომდე ჩამწკრივებული ჯარისკაცები ხელიდან ხელში სკამს, ნოხს, ჭურჭელს, ლოგინს, თეთრეულს. თეთრეული! აი, რა გამოადგება ავთანდილის დასამარხად. კაბაზე ხელჩავლებული ბავშვები მანქანისკენ წაიყვანა. ბავშვები საცოდავი შესახედავნი გამხდარიყვნენ. გოგოს ძაღლის სისხლით დასვრილი გრძელი თმა გასჩეჩოდა. სისხლი თმაში ჰქონდა ჩამხმარი. ბიჭს ფეხები ჭუჭყიანი და გადატყავებული ჰქონდა. ქალი მიხვდა, რომ ამ ბავშვებთან ერთად "პალაჩებთან" გამოჩენაც კი არ იქნებოდა სახიფათო. ძარასთან ახლო მივიდა და გაუბედავი ხმით ითხოვა;

- რებიატა, დაიტე ოდნუ პროსტინუ.

ძარიდან ერთი ზეწარი ესროლეს. როგორც დიდი წვალებით მოპოვებული ფასდაუდებელი სიმდიდრე, ისე მოხვია ზეწარს ორი ხელი და სახლისკენ ძუნძულით წავიდა. Mდამწვარ ხელს ცივი ზეწარი მოხვდა და გაუგრილა. უფრო კარგად მიიდო იარაზე. ზეწარი წუთში გათბა. ქსოვილის ცივი ადგილი მოანაცვლა ხელისკენ.

გზა ორმა ჯარისკაცმა გადაუჭრა. გუმანმა უკარნახა, რომ აფხაზები იყვნენ. გაბედა და მეგრულად დაელაპარაკა:

- დამეხმარეთ, შვილო, ჩემი ქმარი გდია ქუჩაში მკვდარი და სახლში შემაყვანინეთ.

აფხაზები ქალს უსიტყვოდ გაჰყვნენ. ავთანდილის ცხედართან მივიდნენ. გვამი, მეორე დღე იყო, მზისგულზე ეგდო და უსიამოვნო სუნი ასდიოდა. შეიძლება, სუნს მზეზე შედედებული სისხლის გუბეები უშვებდნენ. ქალს შეეშინდა, სუნდაცემული გვამის ხელის ხლება არ იუკადრისონო. და პირველმა თვითონ მოჰკიდა ავთანდილს ფეხებში ხელი. აფხაზმა გააშვებინა და კაცის სქელლანჩებიან ბატინკებს მაგრად ჩაეჭიდა. მეორემ მიცვალებული მხრებით ასწია. მიწასთან სულ ახლოს, დაშვებული ხელების სიმაღლეზე აწეული მიჰქონდათ ავთანდილი თავისი სახლისკენ. ქალი ჯარისკაცებს სამზადისკენ წაუძღვა და სუფთად და კარგად მოწყობილ ოთახში, რომელსაც აქაურები სასადილოდ იყენებენ, ტახტზე დაასვენებინა. როცა აფხაზები გარეთ გამოვიდნენ, ხელები დაიკაპიწეს, უბიდან საპნები ამოიღეს და ხელებს დიდხანს და გულდასმით იბანდნენ. მერე წავიდნენ. ჭიშკრამდე არმისული ერთ-ერთი აფხაზი უკან დაბრუნდა. საპონი ქალს გაუწოდა და უთხრა:

- გქონდეს, დეიდა. დაგჭირდება.

მერე სისხლით, ჭუჭყითა და მიწით თმააზელილი გოგოსკენ წაიღო ხელი, თითქოს შეხება უნდაო, გოგომ სისხლიანი პირით გაუღიმა, ჯარისკაცმა ხელის შეხება გადაიფიქრა, შეტრიალდა და წავიდა.

ბავშვები მკვდართან დატოვა და ისევ გზაზე გავიდა. როგორმე ფილიების სახლამდე უნდა მიაღწიოს. ისინი აფხაზური სოფლიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვიდნენ აქ. ფილია დიდ პატივს სცემდა ავთანდილს, უარს როგორ ეტყოდა მკვდრის მიწისთვის მიბარებაზე.

ფილიას სახლამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, როცა ჯარისკაცების ახალ ჯგუფს გადაეყარა. პირი ადიუბჟისკენ ჰქონდათ. ჯგუფის წინ სწრაფად მიმავალ კაცში წლების განმავლობაში მათი საბჭოს თავმჯდომარე და ავთანდილის კარგი მეგობარი ედიკ ჟვანია იცნო. მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ომის დაწყებიდან ჟვანია აფხაზებს შტაბის უფროსად ჰყავდათ დანიშნული. ჯგუფს, რომელსაც ჟვანია მიუძღოდა, ქართველების შტაბის უფროსი გოლე|იანი ჩაეყენებინა შუაში და ადიუბჟაში მიჰყავდა.

ნადეჟდამ გვერდის ავლა დააპირა, მაგრამ ნაცნობმა ხმამ უკან მოატრიალა:

- ნადეჟდა, ეტო ტი?

- კაკ ი ვიდიშ, ედიკ!

ქმრის მეგობარს რამდენიმე ნაბიჯიდან ისე უპასუხა, რომ მისკენ არ მიუხედავს. ედიკი ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა. ქალის წინ გაჩერდა. არც ხელი ჩამოურთმევიათ, არც გამარჯობა უთქვამთ ერთმანეთისთვის. საქმეზე ლაპარაკობდნენ. ედიკმა ქალს ხელი გადახვია და გვერდზე გაიყვანა. მეგრულად უთხრა, რუსებს რომ არ გაეგოთ:

- ჩემთან წამოხვალ, იქ უსაფრთხოდ იქნები.

- ვერ წამოვალ. ავთანდილი მკვდარია. უნდა დავმარხო.

ნადეჟდა მოლოდინით გაიტრუნა. იქნებ შესთავაზოს დახმარება. ერთი ბიჭი მაინც რომ გააყოლოს სამარის გასათხრელად...

აფხაზმა ჯიბეში ჩაიყო ხელი. ჭუჭყიანი ქაღალდი ამოიღო. ჩაჯდა, ქაღალდი მუხლზე დაიდო და დაწერა: "ნე ტროგაიტე! ედიკ ჟვანია".

ქალს არ გამომშვიდობებია. შეტრიალდა და წავიდა.

მესამედ დაღამდა. არავინ. სულ არავინ. თვითონ უნდა შესჭიდებოდა თავის მიწას. დაღამებამდე ისევ მესამე მოსახლის სასიმინდეში მოიცადა. შებინდდა თუ არა, ბავშვები ჯერ მეზობლის აბანოში შეყარა და სამი დღის წანწალში თმებით, კანით, ფრჩხილებით აკრეფილი ჭუჭყი, მიწა და ძაღლის სისხლი დაბანა, მერე ორი ეზო გაიარეს და თავის მიწაზე ისევ ქურდებივით შეიპარნენ. მკვდარი სამზადის ტახტიდან ფრთხილად ჩამოაცურეს ძირს გაშლილ ზეწარზე. ავთანდილს თვალები ღია, ხელი კი მაღლა აწეული გაშეშებოდა. ქალი მკვდარს წინიდან მოექცა და  მარცხენა საღ ხელში ზეწრის ერთი მხარე მოიქცია. ბავშვები მეორე ბოლოში მარცხნივ და მარჯვნივ დააყენა და ზეწარი კუთხეებით დააჭერინა. დაიძრნენ. სამზადის ორსაფეხურიან კიბეზე ავთანდილის გაშეშებულმა სხეულმა ყრუ ბრაგვანი მოიღო. გულგაქვავებულმა ქალმა თრევა განაგრძო. ცდილობდა, მოკლე გზა მოეძებნა ბეტონიანი ეზოდან რბილ მიწამდე, საიდანაც ბოსტანი იწყებოდა.

მიწის თხრა გაძარცვას გადარჩენილი გრძელი სოლით დაიწყო. ბავშვებს კრამიტის ნატეხები მისცა და ისინიც მიწაზე მიუშვა. მთელი ღამე თხრიდნენ რბილ, გრილ მიწას. მტკივანი ხელი ჯანმრთელს შუა საქმეში ღალატობდა. დუნდებოდა, ძირს ვარდებოდა და პატრონს ოფლითა და თვალებიდან სიმწრით წამოსული მლაშე სითხით უსველებდა სახეს. გამთენიისას თხრა შეწყვიტეს. ერთი მეტრიც არ ექნებოდათ გათხრილი. მიწაში რამდენიმე კრამიტი და თუნუქის ნაჭერი ჩააწყო და ქმარი ორმოს პირამდე მიაცურა,  ხელით უბიძგა და მიწაში ჩააგდო. მერე თვითონაც ჩავიდა. პირქვე დამხობილი გადმოატრიალა, სახესა და მკერდზე ერთი ჩაყოლებით ჩამოუსვა დამწვარი ხელი და მაღლა ამოვიდა.

მიწა ფაცხაფუცხით მიაყარეს. ხმა ისეთი არ ჰქონდა მიწას, როგორიც დიდ, ნამდვილ საფლავებში ჩაყრისას. ეტყობა, ასეთი რიხისთვის მანძილი არ ჰყოფნიდა და ჩუმად, უხმაუროდ ეყრებოდა პატრონს. ამოვსებულ საფლავს ქვიშა მოაყარეს და სიმაღლის მიხედვით დაწყობილი ერთი დიდი და ორი პატარა მესაფლავე ბოსტნიდან გამოვიდნენ. მეზობლის ეზოში აპირებდნენ გადასვლას, რომ თავისი ჭის ვედროს რახუნმა ნადეჟდას მუხლები მოკვეთა. უკვე ნათელი იყო ირგვლივ. და ამ ნათელში ხუთი ჯარისკაცი ასვეტილიყო.

- სტოიატ! - ავტომატის საკეტმა გაიჩხაკუნა... არც ნადეჟდა და არც ბავშვები არ განძრეულან.

ქალმა გვიან მოიფიქრა და ნაბიჯი გადადგა წინ, ბავშვებს ხელი მოუსვა და ზურგს უკან გადაიყვანა.

ეზოს ნაცრისფერი ედო. დამწვარი სახლის ჭვარტლიანი ფანჯრები დათხრილი თვალებივით იყურებოდნენ ზემოდან და ბრმების გაცხოველებული ინსტინქტით გრძნობდნენ ხიფათს. ნადეჟდას ხელებზე მიწა ჰქონდა აკრული. პირი დამუწა. ჯარისკაცებს შეხედა და მიხვდა, რომ მათში აფხაზებიც ერივნენ. ერთს, რომელიც მაშინვე აფხაზად ჩათვალა, მოშვებული წვერი მკერდამდე სცემდა. წვერიანი ავტომატმომარჯვებული წამოვიდა მათკენ. ნადეჟდას ხელი ჰკრა, გვერდზე მიაგდო და ბიჭს ავტომატის კონდახი მკერდში ჩაარტყა.

- იქით გაიხედე, ძაღლიშვილო, შენებმა სვანეთში სამი შვილი ამომიწვეს თვითმფრინავში. გვანჯია ვარ. ცოლი მეგრელი მყავს და ამაზე რომ ვფიქრობ, ზოგჯერ ისიც სიკვდილივით მეჯავრება.

ბიჭი შტერივით მისჩერებოდა აფხაზს. ნადეჟდამ ბავშვს თვალებზე ხელი ააფარა. მეორე ხელი გოგოს დაადო თვალებზე. რომელიც ციებიანივით კანკალებდა და ჩუმად, კნავილით ტიროდა.

გვანჯიამ ავტომატი გადახსნა. უკან დაიხია, სასროლ მანძილზე რომ დამდგარიყო. ქალმა გულში გადათვალა ავთანდილის საფლავამდე მანძილი. სხვა არაფერი გახსენებია. დახუჭული თვალები მაშინ გაახილა, როცა ჯერ ავტომატის ჯერმა მათ თავზემოთ ვაზის უკვე სავსე მტევნები გადაცხრილა და წითელი წვენი გადაასხა თავზე, შემდეგ კი ღრიალი გაისმა:

- ამათი სიკვდილით შენს შვილებს ზეცა არ მიიღებს, ტაიფ!

მეორე ჯარისკაცი აფხაზს ხელებში ჩაფრენოდა და ანჯღრევდა. აფხაზმა მას ხელი ჰკრა და ეზოდან გავარდა. მეორეც მიჰყვა. ნადეჟდა და ბავშვები სამი ცხვირპაჭუა რუსის წინ დარჩნენ.

"პალაჩებს" თეთრი, მაგრამ მზისგან კარგად ჩამუქებული სახეები ჰქონდათ. საქმიანად, თითქოს პროფესიული სიდინჯით ირჯებოდნენ, რის თანახმადაც, დასახოცებთან კავშირის დამყარება იკრძალება. ღონიერი, დაკუნთული ხელები მოჰკიდეს ქალსა და ბავშვებს და სამზადში შეყარეს. ქალი რაღაცას ყვიროდა. სამზადის ყველა მხარეს გაღებულ ფანჯრებზე თოვლივით თეთრი ფარდები აფრიალდა. "პალაჩს" ფარდის დანახვამ გადაწყვეტილების მიღება გაუიოლა. ფარდასთან მივიდა. ასანთს გაჰკრა და კუთხიდან მოუკიდა. ფარდის კიდემ ჯერ უხალისოდ დაიწყო შავ-წითლად ხრჩოლა, თითქოს ეზარება ადგილიდან დაძვრა და ცეცხლად ქცევაო. მერე კი, გეგონება, ცხვირპაჭუა, დაძარღვული "პალაჩის" შეეშინდაო, ამოიქშინა, უნივთო და უსაგნო, იკლიბიკლო წითლად იქცა და, როგორც ყველაფერი არანივთიერი და ლამაზი, მაღლა წავიდა. მწარე კვამლით, ჯოჯოხეთური ცხელი და ზარდამცემი სიჩუმით გაიტენა ოთახი.

"პალაჩები" სამზადის შესასვლელთან ავტომატებით დადგნენ და ერთმანეთს დროის გასაყვანად ლაპარაკი დაუწყეს. დრო უნდა ყველაფერს. ჯერ მხოლოდ ერთი ფარდა ჩამოიწვა და მეორეზე რამდენიმე წამის წინ გადავიდა ალი. მთელი ოთახისა და ხალხის ამობუგვას ერთი საათი მაინც დასჭირდება. "პალაჩებიც" ადამიანები არიან. ჯიბიდან ერთმა "ჩეკუშკით" არაყი ამოიღო, მოსვა და მეგობარს გადასცა.

ნადეჟდამ ფიქრი იმ წუთიდან შეწყვიტა, როგორც კი კვამლის პირველი ტალღა ჩაისუნთქა. გრძნობას არ კარგავდა, რადგან ბავშვები, განსაკუთრებით - ბიჭი, მთელი ძალით უჭერდნენ ფრჩხილებს ხელისგულზე.

დანებებას არ აპირებდა. "უფრო მაგრად ჩამარჭვე ფრჩხილები!"–- ეუბნებოდა ბიჭს, რომ გონება არ დაეკარგა. ფიქრი კი იმიტომ შეწყვიტა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მისი შეცვლა აღარ უნდოდა. რუსს ჭკუით მოუგებს. იცოდა, რომ ჯერ სამზადის წინა მხარე დაიწვებოდა, რადგან რუსმა წინა ფარდას მოუკიდა ცეცხლი. როგორც კი წინ ალი აეფარებათ, ბავშვებს უკანა ფანჯრიდან გადაყრის. ეს მოიფიქრა თუ არა, თავს გადაწყვეტილის აწონ-დაწონა აუკრძალა.

"პალაჩებთან" რაღაც ხმაური ატყდა. არაფერი ჩანდა, მაგრამ ყური რომ მიუგდო, გაიგო, რომ კარებთან რუსები ვიღაცას ეყაყანებოდნენ. მერე ეტყობა, წავიდნენ, ოთახში კი ის აფხაზი შემოვარდა, ცოტა ხნის წინ გვანჯია რომ გაიყვანა ეზოდან. ჯერ ბავშვებს მოჰკიდა ხელი და თითქმის მიწის პირთან გაჭრილი ფანჯრებიდან სათითაოდ ისროლა. მერე ქალს დაუყვირა:

- გადახტი!

ქალი ვერ ინძრეოდა. საწყლად გაიღიმა, რადგან იგრძნო, რომ გონებას კარგავდა. ჯარისკაცმა ფანჯრამდე მიათრია, ხელი ჰკრა და გადააგდო. მერე თვითონაც გადახტა...

იხ. დასაწყისი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)