"ამ ვიდეოფირით ბევრი სიამოვნებას იღებდა" - კვირის პალიტრა

"ამ ვიდეოფირით ბევრი სიამოვნებას იღებდა"

"ხელისუფლებას ახლა ხელს არ აძლევს არჩევნების ჩატარება... ყველაფერს გააკეთებს არეულობის პროვოცირებისთვისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის", - ამბობს ფსიქოლოგიის პროფესორი მარინა ჩიტაშვილი.

- ჩვენ ვნახეთ წამების, ტერორის, ყოველგვარი უზნეობის ამსახველი შემზარავი კადრები და ხალხს, ბუნებრივია, გაუჩნდა პროტესტის გრძნობა. თუ მის ესკალაციას ხელს შეუწყობ, მიხვალ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, რაც ძალიან სჭირდება ხელისუფლებას... თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების მოთხოვნებში გაერია დესტრუქციული მოთხოვნები, - არ დავიშლებით და უნდა ავიღოთ რომელიმე დაწესებულებაო, მიეცემათ საბაბი, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ.

- სააკაშვილმა მომხდარს სისტემური მარცხი უწოდა. თქვენ რას დაარქმევთ?

- ეს სისტემის კი არა, სახელმწიფოს კრახია. ეს არის სახელმწიფო ტერორი.

- ეს შეიძლება გააკეთოს ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანმა?

- დიახ. მეტსაც ვიტყვი, როდესაც ასეთი საქციელი არის წახალისებული (და ეს იყო წახალისებული ზემდგომი ორგანოების მიერ), ადამიანი პროფესიონალი სადისტი ხდება.

- სააკაშვილი ამბობს, რომ არ იცოდა, რა ხდებოდა პენიტენციარულ სისტემაში?

- ტყუილია! ის ისმენდა სახალხო დამცველის მოხსენებებს, იცოდა, რაც ეწერა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში. სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა. მან შექმნა ეს სისტემა მხოლოდ იმისათვის, რომ განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონოდა. ამიტომაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უპირველესად ქვეყნის პრეზიდენტს ეკისრება. სააკაშვილია პასუხისმგებელი არა მარტო იმაზე, რაც მოხდა ციხეში, არამედ იმაზეც, თუ ვის ნიშნავდა მინისტრებად. როდესაც სახელმწიფოში პოლიტიკური ტერორი მძვინვარებს, როდესაც ხელისუფლება ადამიანებს წამების დანადგარებად გადააქცევს, ეს ბევრად მეტია, ვიდრე ომის დროს ჩადენილი დანაშაული, ვიდრე პოლიტიკური პროტესტის დარბევა. ის პირები, რომლებიც ამ ვიდეოფირში ვნახეთ, არ გამოსულან პოლიტიკური პროტესტით.

ისინი იყვნენ იზოლირებული და დასჯილი იმ კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქართველოში. სიკვდილით დასჯა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ აწამო ადამიანი არა იმისათვის, რომ მოკლა, არამედ დაამცირო, ეს ღირსების შეურაცხყოფაა. ის, რაც ვნახეთ, ტიპური სადიზმია. როგორც ფსიქოლოგი, ვაცხადებ, - ნაწამებ პატიმრებს მიყენებული აქვთ ისეთი უმძიმესი ტრავმა, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. ვგულისხმობ არა მხოლოდ გაუპატიურებას, არამედ იმასაც, კაცს 20 კაცის რიგში რომ ატარებენ და სცემენ მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმარია. გამაოგნებელი იყო იმის ნახვა, როდესაც კაცს აიძულებენ, საკუთარი ანუსიდან გამოღებული სიგარეტი მოწიოს და მერე ეკითხებიან, გსიამოვნებს თუ არაო? შესაძლოა ეს კადრები ამ პატიმრების კომპრომეტირებისთვის გადაიღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ვიდეოფირის ნახვით ბევრი სიამოვნებას იღებდა...

ეს სისტემა ცდილობს ჩვენს იმდენად დეგრადირებას, რომ ლინჩის წესამდე მივიდეთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მწამებლების დონეზე დავდგებით. ამიტომაც უნდა დავიცადოთ არჩევნებამდე. ეს ხელისუფლება ჩემთვის ორჯერ დამთავრდა, - პირველად 2008 წლის 8 აგვისტოს, საბოლოოდ კი, როდესაც  ცნობილი გახდა ფაქტობრივი მასალა, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ტერორი. ვისწავლეთ თუ არა ჩვენი ღირსების დაცვა, ეს არჩევნებზე გამოჩნდება.